"არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი თავდასხმების საფრთხის შესახებ არ ჰქონიათ" - სუს-ი
"არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არ ჰქონიათ და შესაბამისად, არც არავისთვის გაუზიარებიათ", - ამის შესახებ სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი.
"ჩვენ კავშირზე ვართ ისრაელის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან, რომლებმაც გაკვირვება გამოთქვეს გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო. ძალიან სამწუხარო და ნიშანდობლივია, რომ ასეთი ინფორმაცია ქართული მედიის ნაწილის მიერ ჩვენთან გადამოწმების გარეშე ვრცელდება.
კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საქართველოსთვის დამაზიანებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან" - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გამოცემა Arutz Sheva-ს ინფორმაციით, პოტენციური ტერორისტული თავდასხმის შესახებ გაფრთხილების შემდეგ ისრაელის პარლამენტის წევრებმა საქართველოში ვიზიტი გააუქმეს.
გამოცემის ცნობით, ქნესეთმა უსაფრთხოების დირექტივა გასცა, რის შედეგადაც დეპუტატებმა საქართველოში შაბათ-კვირას დაგეგმილი „ისრაელის კვირეულის“ კონფერენციის ფარგლებში ვიზიტი გააუქმეს.
„ქნესეთის წევრების მიერ დაგეგმილი ნებისმიერი მოგზაურობის წინ ჩატარებული ვითარების შეფასების შემდეგ, ქნესეთის გვარდიამ დეპუტატებთან საუბარი გამართა. უსაფრთოხების მიზეზების გამო დამატებითი დეტალების შესახებ ვერ ვისაუბრებთ“, - განუცხადა გამოცემას ქნესეთმა.
კონფერენცია, რომლის ორგანიზატორიც ისრაელ-საქართველოს სავაჭრო პალატაა ხუთშაბათს დაიწყება. სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ კონფერენციაში მონაწილეობას მერები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ბიზნეს ლიდერები მიიღებენ.
ამასთან, მოშემ აღნიშნა, რომ სამი წლის წინ თბილისში მისი მკვლელობა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან დაკავშირებულმა ტერორისტულმა ჯგუფმა უკვე სცადა.