"35 წლის ასაკში ჰქონდა პირველი ტორტი... ქუჩაში იდგნენ და მოწყალებას ითხოვდნენ. ნაქირავებ ბინამდე სულ ცოტა მანძილი ჰქონდათ დარჩენილი, როცა ეს მძიმე ავა - კვირის პალიტრა

"35 წლის ასაკში ჰქონდა პირველი ტორტი... ქუჩაში იდგნენ და მოწყალებას ითხოვდნენ. ნაქირავებ ბინამდე სულ ცოტა მანძილი ჰქონდათ დარჩენილი, როცა ეს მძიმე ავარია მოხდა"

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მე-11 სკოლის მიმდებარედ, წუხელ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია ქვეითად მოსიარულე, 35 წლის ცისმარი მრელაშვილი. ავტომობილი მას მაშინ დაეჯახა, როცა გზის გადაჭრას ცდილობდა. როგორც ცნობილი ხდება, ამ ტრაგედიას გარდაცვლილის დედაც შეესწრო, სავარაუდოდ, ამ დროს ისინი სახლში ერთად ბრუნდებოდნენ.

დედა ამ შემზარავი ავარიის თვითმხილველი გახდა, თურმე შვილის საშველად გაიქცა და ამ დროს, არსებული ინფორმაციით, სასოწარკვეთილ დედას მეორე ავტომობილი დაეჯახა. იგი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი და როგორც ცნობილია, რეანიმაციაში იმყოფება. ხოლო შვილი, ცისმარი მრელაშვილიც შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფოს ბრიგადამ წაიყვანა, მაგრამ სავარაუდოდ, ის გზაში გარდაიცვალა.

ცხედარს ექსპეტრიზა ჩაუტარდება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 276- ე მუხლით, დაკავებულია ერთი პირი.

"ორი მანქანა დაეჯახა ორ ქვეითს, აივანზე ვიყავი, როგორ და რანაირად ვერ გავიგე, ისე უცებ მოხდა ყველაფერი. მერე რაც იყო, ის საშინელება თვალებიდან არ ამომდის... დედა-შვილს ამ ტერიტორიაზე მანამდეც ვხედავდი, როგორც თქვეს, იქვე ახლოს ცხოვრობდნენ...", - წერს ერთ-ერთი თვითმხილველი სოციალურ ქსელში.

ძალიან განიცდიან მომხდარს ის ადამიანები, ვინც დედა-შვილს იცნობდა. როგორც ირკვევა, ისინი ქუჩაში იდგნენ და მოწყალებას ითხოვდნენ. ნაქირავებ ბინამდე სულ ცოტა მანძილი ჰქონდათ დარჩენილი, როცა ეს მძიმე ავარია მოხდა.

"ძალიან განვიცდი ცისმარის დაღუპვას. კეთილი და ჰუმანური ადამიანი იყო. ორივე დედა-შვილს ვიცნობდი. დედა, ლალი მრელაშვილი, როგორც მითხრეს, რეანიმაციაშია. შემთხვევით გავიგე გუშინ საღამოს ეს საშინელი ამბავი და ძალიან განვიცადე. ვერასდროს წარმოვიდგენდი ამ საშინელებას, უსაყვარლესი ადამიანი იყო ცისმარი.

როგორც ვიცი, ჰყავს მოხუცი ბებია და ბიძა. მაგრამ ისინი ამათთან ერთად ცხოვრობდნენ თუ არა, ეს არ ვიცი. ვიცი, რომ დედა-შვილს ნაქირავები ჰქონდათ ნახალოვკაში ბინა, ეტყობა სახლში ბრუნდებოდნენ, როცა ეს ავარია მოხდა. ცისმარი ადგილზეა გარდაცვლილი, იმედია, დედა მაინც გადარჩება, გული მიკვდება მათი საცოდაობით.

წვალებით გაჰქონდათ ცხოვრება. ორივე ითხოვდა მოწყალებას, სხვადასხვა ადგილას იდგნენ ხოლმე.

პარალელურად, მუშაობდნენ, სადაც შეეძლოთ, ხან მეზობელს ეხმარებოდნენ ნაგვის გატანაში და ასე შემდეგ, მცირედი ანაზღაურების სანაცვლოდ ასრულებდნენ იმ სამუშაოებს, რაც შეეძლოთ. არაფერს თაკილობდნენ. ძალიან კეთილი ადამიანები იყვნენ, ცხოველები უყვარდათ და თავიანთ ლუკმას უნაწილებდნენ.

ცისმარი ცხოვრებისგან და გარშემო მყოფი ადამიანებისგან ზედმეტად დაჩაგრული იყო და ძალიან დასანანია მისი ასე ტრაგიკულად დაღუპვა", - ამბობს ჩვენთან საუბარში მათი ნაცნობი.

კიდევ ერთი ქალბატონი გვიდასტურებს, რომ დედას სხვა ავტომობილი შეეჯახა და შვილს სხვა:

"ვიცნობდი მათ. ბევრჯერ გამიწვდია მათთვის დახმარების ხელი. ადრე, მარჯანიშვილზე ვხედავდი, ბოლოს, ერთ-ერთი მაღაზიის წინ და სულ ვეხმარებოდი, როგორც შემეძლო. ძალიან კეთილი ადამიანები იყვნენ. მათ სულ ერთად ვხედავდი. წვალებით გაჰქონდათ ცხოვრება და ეს უბედურება დაატყდათ თავს".

"ამ ასაკში ჰქონდა პირველი ტორტი და ასეთი ბედნიერი იყო. არიან ადამიანები, ვინც მხოლოდ წვალებისთვის მოდიან ამქვეყნად და პირველი ტორტი ამ ასაკში ასე აბედნიერებს…. მაგრამ ფინალიც ტკივილიანი…

რაზე ვწუწუნებთ ადამიანები?!", - წერს ნაცნობი.

როგორც ცნობილი ხდება, დედა-შვილი წლების განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილ ცხოველებსაც უვლიდნენ, ამიტომ, ხშირი კომუნიკაცია ჰქონდათ მათ ცხოველთა დამცველებთანაც. როგორც ირკვევა, ნაქირავებ ბინაში მათ შეფარებული ჰყავდათ ათობით მიუსაფარი ცხოველი. სოციალურ ქსელში ცხოველთა დამცველი გვერდი "მარი'ემ ცხოველებისთვის“ წერს, რომ მათი ფონდი თვეების განმავლობაში ეხმარებოდა ამ ოჯახს ცხოველების კვების ხარჯების დაფარვაში.

სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ცისმარი მრელაშვილის ფოტოსაც აქვეყნებენ და ასევე ცხოველთა მოყვარულებს სთხოვენ დახმარებას, რომ გადაინაწილონ დედა-შვილის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ცხოველები:

"მინდა ასეთი ბედნიერი მახსოვდეს, არ მინდა იმ რეალობის დაჯერება, რაც მოხდა... წუხელ დედა-შვილს ნახალოვკაში დაარტყა მანქანამ და ადგილზე დაიღუპა შვილი, ცისმარი... დედა რეანიმაციაშია, თუმცა გადარჩენის შანსი ძალიან დაბალია. ეს ის ოჯახია, ვის ცხოველებსაც, უკვე თვეებია ჩემი ფონდი ეხმარება. მათ შეფარებული ჰყავდათ ათობით მიუსაფარი ცხოვრელი. ზოგი გავაჩუქე, ნაწილი დაიღუპა, ნაწილი მე წამოვიყვანე და ნაწილი ცუგა-ფისოები ჯერ კიდევ მათთან არიან...

მე ყოველ თვე ვფარავდი მათი კვების თანხას. დღეს მათ აღარ ყავთ პატრონები... კნუტები, კატები და რამოდენიმე ძაღლი უპატრონოდ დარჩა.

მეგობრებო, როგორც არასდროს ისე უნდა გავერთიანდეთ. გთხოვთ, გამოჩნდით. დასაბინავებლები არიან. აქედან ერთი ძაღლი უსინათლოა. ამ უდიდესი ტრაგედიის ფონზე, განწირულები არიან ეს ცხოველები.

გთხოვთ, გემუდარებით, ვისაც ერთი კნუტის, კატის ან ცუგას შეფარება შეგიძლიათ გამოჩნდით. ასევე, დასაბინავებლები არიან ზღვის გოჭი, თითიყუშები და მტრედები, გთხოვთ, გააზიარეთ პოსტი" - წერს "ფეისბუქის" გვერდზე "მარი ემ ცხოველებისთვის" ორგანიზაცია.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. რა გახდა ავარიის მიზეზი, ამას სამართალდამცველები დაადგენენ.

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ახლობლებს მომხდარ ტრაგედიას.