რშემდგარი დიდი სკანდალი ანუ რა ხდება სინამდვილეში საქართველოსა და ისრაელს შორის?! - კვირის პალიტრა

არშემდგარი დიდი სკანდალი ანუ რა ხდება სინამდვილეში საქართველოსა და ისრაელს შორის?!

უკვე რამდენიმე დღეა, საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში „უცნაურ მოძრაობებს“ ვხედავთ და შთაბეჭდილება რჩება, რომ ორივე ქვეყნის სახელისუფლებო ინსტიტუტების მიერ გაკეთებულმა ოფიციალურმა განცხადებებმა, თითქოსდა, სულ სხვა საკითხების გამო არსებული ურთიერთფარული პრეტენზიები უნდა გადაფაროს. სიმართლეს გეტყვით: დღეს შინ და გარეთ იმდენი პრობლემაა, რომ ისრაელის ელექტრონული და ბეჭდური მედიის ინფორმაციის სისტემატური და ღრმა შესწავლა/ანალიზისთვის დრო ფაქტობრივად არ რჩება. ამიტომ იყო, რომ 10 დეკემბერს ისრაელის მასმედიით გავრცელებულმა მცირე მოცულობის ტექსტმა თავიდან განსაკუთრებული ყურადღება არ მიიქცია.

ინფორმაცია საქართველოში ისრაელის ქნესეთის (პარლამენტის) რამდენიმე წევრის ამ შაბათ-კვირას დაგეგმილი ვიზიტის გაუქმებას ეხებოდა. ისრაელის მასმედიამ ქნესეთიდან მიღებული შემდეგი ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა: ქნესეთის წევრების მიერ თითოეული ვიზიტის წინ ჩატარებული სიტუაციის შეფასების შესაბამისად, ქნესეთის უსაფრთხოების სამსახურმა ქნესეთის წევრებთან საუბარი გამართა, რომლის დროსაც განმარტეს, რომ უსაფრთხოების მიზნით, საქართველოში მათი ვიზიტი შეუძლებელი არისო. შედეგად ებრაელმა დეპუტატებმა საქართველოში შაბათ-კვირას დაგეგმილი „ისრაელის კვირეულის“ კონფერენციის ფარგლებში ვიზიტი გააუქმეს. ოფიციალურ მიზეზად პროირანული ძალების მხრიდან პოტენციური ტერორისტული თავდასხმა დასახელდა. ჟურნალისტებს ქნესეთში, თურმე, ისიც განუცხადეს, რომ უსაფრთხოების მიზეზების გამო დამატებითი დეტალების შესახებ ვერ ვისაუბრებთო. თბილისში გასამართი კონფერენცია ისრაელსა და საქართველოს შორის ერთობლივი ეკონომიკური და დიპლომატიური პროექტების პრეზენტაციის პლატფორმად უნდა ქცეულიყო.

ისრაელის მედიაში ისიც აღნიშნეს, რომ ვიზიტის გაუქმების გადაწყვეტილება აჩვენებს, თუ რამდენად სერიოზულად ეკიდებიან უსაფრთხოების სამსახურები ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეს. ისრაელის გარშემო არსებული გეოპოლიტიკური სიტუაცია და პროირანული ჯგუფების აქტივობა სხვადასხვა რეგიონში ასეთ მოვლენებს უფრო დაუცველს ხდის, ამიტომ ამ შემთხვევაში, სიფრთხილეა საჭიროო. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ისრაელის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია ამგვარია: ისრაელის სპეცსამსახურებს ჰქონდათ სადაზვერვო ინფორმაცია საქართველოში შესაძლო ტერაქტების შესახებ და ამიტომ გაუქმდა ქნესეთის დეპუტატების ვიზიტიო. „ტერორისტული საფრთხის არსებობა“ კი უკვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის „ბოსტანში“ ნასროლი ლოდი აღმოჩნდა და უმწვავესმა რეაქციამაც არ დააყოვნა.

გუშინ, 11 დეკემბერს, რამდენიმესაათიანი ინტერვალით, სუს-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ორი განცხადება დაიდო. მაქსიმალური ობიექტურობისთვის ორივე ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. პირველი განცხადება ამგვარი იყო: „არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არ ჰქონიათ და, შესაბამისად, არც არავისთვის გაუზიარებიათ. ჩვენ კავშირზე ვართ ისრაელის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან, რომლებმაც გაკვირვება გამოთქვეს გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო. ძალიან სამწუხარო და ნიშანდობლივია, რომ ასეთი ინფორმაცია ქართული მედიის ნაწილის მიერ ჩვენთან გადამოწმების გარეშე ვრცელდება. კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საქართველოსთვის დამაზიანებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგანო“.

ქართულმა მედიამ თუ ებრაელი კოლეგების მიერ გავრცელებული ქნესეთის ოფიციალური ინფორმაცია (!) გაიმეორა, ამის გამო „ყურის აწევას“ ნამდვილად არ იმსახურებს და მათზე ჯოხის გადატეხა არამართებული იქნება. სუს-ის მეორე განცხადებას ქვემოთ შემოგთავაზებთ, მანამდე კი რამდენიმე კვირის წინ განვითარებული მოვლენები გავიხსენოთ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2025 წლის 18 ნოემბერს იტყობინებოდა, რომ ისრაელის სახელმწიფოში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა ისრაელის ქნესეთის სპიკერს ამირ ოჰანას, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის ისტორიულ კავშირებს, ასევე, ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებსო. საუბარი, ასევე, ყოფილა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას და სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობასო, - ნათქვამი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სავარაუდოდ, სწორედ ამ შეხვედრაზე შედგა შეთანხმება დეკემბრის შუა რიცხვებში ისრაელის ქნესეთის წევრების საქართველოში ვიზიტის შესახებ.

ჩემი აზრით, შემდეგ, დეკემბრის დასაწყისში განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად განაპირობეს ებრაელი დეპუტატების საქართველოში ვიზიტის გაუქმება. 4 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტთან კოორდინაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ხელბარგში მალულად განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი სხვადასხვა მედიკამენტი გამოავლინეს. შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს.

ხომ არ იყვნენ ისინი ისრაელის მოქალაქეები? ამ ეჭვს განსაკუთრებით აძლიერებს ამ ფაქტიდან ექვსი დღის შემდეგ, 10 დეკემბერს, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული სასწრაფო გაფრთხილება: „ბოლო დროს იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ისრაელელი ტურისტები დააკავეს, საქართველოში შესვლისას, მათ ბარგში ქვეყანაში იმპორტისთვის აკრძალული მედიკამენტების ან დიდი რაოდენობით მედიკამენტების, მათ შორის - ისრაელში ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების აღმოჩენის გამო. საქართველოს სასაზღვრო სამსახური მკაცრად იცავს მედიკამენტებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას და აკრძალული მედიკამენტების ქონამ შეიძლება გამოიწვიოს სასაზღვრო კონტროლის ზონაში დაკავება, დაპატიმრება, დიდი ჯარიმები, ადგილობრივ მონაცემთა ბაზაში შეტანა და მომავალში საქართველოში შესვლის აკრძალვაც კი“.

შემდეგ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამგვარ რჩევებს აძლევდა პოტენციურ ტურისტებს: „მოგზაურობამდე გადაამოწმეთ, რომ საქართველოში შეტანილი ნებისმიერი მედიკამენტი დაშვებულია; რომ აბების რაოდენობა არ აღემატება დაშვებულ რაოდენობას; თუ მედიკამენტების მიღება გჭირდებათ, უნდა გქონდეთ ექიმის რეცეპტი ინგლისურ ენაზე, თუნდაც ეს ისრაელში ურეცეპტოდ გაყიდული პრეპარატისთვის იყოს (რეცეპტის თარგმანი უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული). რეკომენდებულია მედიკამენტების თან ატანა ხელბარგში, შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციასთან ერთად. საგარეო საქმეთა სამინისტრო გირჩევთ, რომ ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართოთ ისრაელში საქართველოს საელჩოსო“ .

დიდი ალბათობით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს „სასწრაფო გაფრთხილება“ თბილისში უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქის დააკავების გამოძახილი უნდა იყოს. ხომ არ უკავშირდება, ასევე, 4 დეკემბრის ფაქტს ისრაელის ქნესეთის დეპუტატების ვიზიტის ჩაშლაც? ისრაელის მასმედიაში 10 დეკემბერს გავრცელებულმა ინფორმაციამ განსაკუთრებით ბევრი კითხვა იმ გარემოების გამო წარმოშვა, რომ საქართველოში ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ შესაძლო ტერაქტების და ამის გამო ისრაელის ქნესეთის დეპუტატების ვიზიტის მიზანშეუწონლობა არა ამ ქვეყნის უმთავრესი სპეცსამსახურების: საგარეო დაზვერვის (“მოსადი”), კონტრდაზვერვის (“შინ-ბეთი”) ან თუნდაც სამხედრო დაზვერვის (“ამან-“ი), არამედ ქნესეთის უსაფრთხოების სამსახურის სახელით გავრცელდა. მკითხველს წარმოდგენა, რომ შეექმნას, მოკლედ ვიტყვი: ეს სამსახური, რომელსაც ხშირად ქნესეთის გვარდიასაც უწოდებენ, 1959 წლის იანვარში შეიქმნა და მისი

knesetis-dacvis-tanamshromeli-1765524966.jpg

ქნესეთის დაცვის თანამშრომელს ბევრი უკლია „მოსადელ“ კოლეგამდე

ძირითადი ფუნქცია ქნესეთის ადმინისტრაციული შენობისა და იქ განთავსებული (!!!) დეპუტატებისა და პერსონალის დაცვაა. ამ სამსახურს არანაირი სადაზვერვო ფუნქცია და ამიტომაც შესაბამისი ( ადამიანური, ფინანსური და ტექნიკური) რესურსები არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, ძნელად დასაჯერებელია, რომ მას თბილისში შესაძლო ტერაქტების შესახებ ინფორმაცია ჰქონოდა. თუ ეს ინფორმაცია „მოსადს“ ან „შინ-ბეთს“ ჰქონდა, ისინი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს შესაბამისი არხებით აცნობებდნენ, რაც ადრე არა ერთხელ გაუკეთებიათ. ისრაელისა და საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლობის მაგალითად 2022 წლის ნოემბერში ჩატარებული ერთობლივი სპეცოპერაცია შეიძლება გავიხსენოთ, როდესაც გავრცელებული ინფორმაციით, თავიდან იქნა აცილებული ტერაქტი, რომლის მსხვერპლი საქართველოში დაბადებული ცნობილი ებრაელი ბიზნესმენი და პოლიტიკური მოღვაწე იციკ მოშე უნდა ყოფილიყო (უფრო დაწვრილებით იხილეთ 2023 წლის 21 და 24 ნოემბრის ბლოგი).

icik-moshe-1765524979.jpg

იციკ მოშე

საინტერესოა, რომ ამჟამინდელ მოვლენებშიც ისრაელ-საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე იციკ მოშე კვლავ ყურადღების ეპიცენტრშია. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ მეორე განცხადებაში აღნიშნულია: „გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში ტერორისტული თავდასხმების საფრთხეებია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებულმა იციკ მოშემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ქნესეთის წევრისგან მიიღო ინფორმაცია, რომელსაც, თავის მხრივ, ეს ინფორმაცია მიაწოდა ქნესეთის ეთიკის კომისიის რომელიღაც წარმომადგენელმა. ინფორმაციის უფრო კონკრეტული და სერიოზული წყარო იციკ მოშემ ვერ დაასახელა. კითხვაზე, თუ რატომ უთხრა მედიის წარმომადგენლებს, რომ საფრთხის შესახებ გაფრთხილებულია ქართული მხარე, იციკ მოშემ ეს ფაქტი საერთოდ უარყო. მისი განმარტებით, ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ საფრთხე რეალური იქნებოდა, ამის შესახებ აუცილებლად შეატყობინებდნენ ქართულ მხარეს. კიდევ ერთხელ, კატეგორიულად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ ასეთი აბსურდული, არასერიოზული, ქვეყნისთვის დამაზიანებელი და, ამავე დროს, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგანო“.

ასევე დაგაინტერესებთ: "ზვიად გამსახურდია მოგონებებში იხსენებს: "მაშინ ხელისუფლებამ ჩემი დაკავება მაინც ვერ გაბედა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვშიც იგივე სულისკვეთებით გავაგრძელე საქმიანობა"... კა-გე-ბეს მიზნად ჰქონდა ქართველი დისიდენტები "იმპერიალიზმის აგენტებად", "ფაშისტების მეხოტბეებადაც" წარმოეჩინა"

სახელმწიფო გადატრიალება საბჭოთა კავშირში და ლეგენდარული მე-5 სამმართველოს დაბადება, რომელსაც წითელი იმპერია უნდა გადაერჩინა

გიჟური დღეები: ილჰამ ალიევის შეტევა რუსულ "მეხუთე კოლონაზე", კირილ ბუდანოვის "სიურპრიზი" თბილისს და ალეკო ელისაშვილის თავსატეხი

როგორ მოაწყვეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ თბილისი-მოსკოვის "საჰაერო ხიდი" და რატომ ეთამაშებოდა კა-გე-ბე ქართველ დისიდენტებს კატათაგვობანას?!

ასე რომ, იციკ მოშემ, რომელიც საქართველოზე ყოველთვის პოზიტიურად საუბრობს, ისრაელის ქნესეთის წევრების წინააღმდეგ საქართველოში შესაძლო ტერაქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ავტორობა კატეგორიულად უარყო. ისე, ხომ არ ჯობდა, უშუალოდ ქნესეთის ხელმძღვანელობისთვის მიემართათ?

ამგვარი ლაბირინთი ხელოვნურად მაშინ იქმნება, როდესაც ცნობილ დიპლომატიურ ფანდს: "მულო, შენ გითხარი და რძალო, შენ გაიგონეო", – იყენებენ. ისრაელის ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების საქართველოში დაკავების შესაძლო შემთხვევებს ქნესეთის დეპუტატების ვიზიტის ჩაშლის საშუალებით ხომ არ აპროტესტებს და ტერორიზმი მხოლოდ საბაბი ხომ არ არის?