"მოხარული ვიქნები, რომ ძილისთვის ცოტა მეტი დრო მქონდეს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი ტრამპზე, ომზე და მწვავე საკითხზე: ჩამოართმევენ თუ არა პუტინს 150 მილია - კვირის პალიტრა

"მოხარული ვიქნები, რომ ძილისთვის ცოტა მეტი დრო მქონდეს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი ტრამპზე, ომზე და მწვავე საკითხზე: ჩამოართმევენ თუ არა პუტინს 150 მილიარდ ევროს?

რამდენიმე დღის წინათ ჩვენთან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკავშირი მწვავედ გააკრიტიკა - მას „დამპალი და ხრწნადი ქვეყნების“ ჯგუფი უწოდა, ხოლო მათ ლიდერებს - „სუსტები“ და „სულელები“. ბოლო დრომდე ევროკავშირის ლიდერებს აშშ-ის პრეზიდენტის გამონათქვამებზე საჯაროდ რაიმე მნიშვნელოვანი კომენტარი არ გაუკეთებიათ, ახლა კი გადავწყვიტეთ გაგაცნოთ ინტერვიუ ურსულა ფონ დერ ლაიენთან - ევროკომისიის თავმჯდომარესთან“ - წერს აშშ-ის გამოცემა „პოლიტიკო“ (Politico), რომელიც აქვეყნებს ვრცელ მასალას სათაურით: „როგორ გავიგოთ, რეალურია თუ არა სამშვიდობო გეგმა უკრაინის მიმართ?“

პუბლიკაცია საკმაოდ ვრცელია: ინტერვიუში ურსულა ფონ დერ ლაიენი ეხება როგორც ევროკავშირის მიმდინარე პოლიტიკას (რომელმაც 27 წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ „ძლიერია და მთების შეძვრა შეუძლია“), ასევე, რუსეთ-უკრაინის ომს და, რაც მთავარია - აშშ-ისთან ურთიერთობის საკითხებს, დონალდ ტრამპის სკანდალური ინტერვიუს ფონზე.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება მტკიცედ ითქვას, რომ უკრაინა სამომავლოდ უზრუნველყოფილი იქნება ფინანსურად ანუ რუსეთთან ომის გასაგრძელებლად? - ევროკომისიის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ევროკავშირი ინტენსიურად მუშაობს როგორც სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის მისაღწევად, ასევე - უკრაინისათვის ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად, რომ მან რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს. ამ მხრივ ძალზე მნიშვნელოვანია რუსული აქტივებით სარგებლობა, რომელიც „სარეპარაციო ფონდში“ უნდა გადაირიცხოს. რუსული აქტივების ყველაზე მეტი რაოდენობა - თითქმის 150 მლრდ. ევრო - განთავსებულია ბელგიურ დეპოზიტარ კომპანიაში - Euroclear-ში. „რასაკვირველია, აქტივების კონფისკაცია ბევრ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ამიტომ მხედველობაში ვიღებთ რისკების გაზიარებას და ბელგიის შეშფოთებას. ასეთი რამ ადრე არასოდეს მომხდარა, ეს აბსოლუტურად ინოვაციური მიდგომაა“.

ასევე დაგაინტერესებთ: "ტრამპმა ევროპა შოკში ჩააგდო": აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის სკანდალური ეპიზოდები - Deutsche Welle

ომი და შოუბიზნესის ვარსკვლავი: რატომ დუმს სოფია როტარუ?! - "მერწმუნეთ, მას ძალიან უნდა ლაპარაკი, მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც ხელს უშლის..."

მოულოდნელი დასკვნა პუტინზე: კრემლის ბინადრის ფსიქოლოგიური "ტრიუკები", სხეულის ენა და შეცვლილი ტაქტიკა - "მოხრჩობა სიყვარულით"

უკრაინის "მწვანე კარდინალი": რატომ შერისხა ზელენსკიმ თავისი "მარჯვენა ხელი" - 100-მილიონიანი კორუფციული სკანდალი, რომელმაც ერმაკის თანამდებობა შეიწირა

ურსულა ფონ დერ ლაიენმა უარყო მასმედიაში გავრცელებული ცნობები, რომ ევროკავშირი უკრაინას არასაკმარისად ეხმარება: ომის განმავლობაში ევროპა უკრაინას 185 მილიარდი ევროთი დაეხმარა, რომლიდანაც 66 მილიარდი - სამხედრო მხარდაჭერაში გამოიხატა. ევროკავშირი უფრო ინტენსიურად გააგრძელებს დახმარებას, ვიდრე რუსეთი საომარ მოქმედებებს არ შეწყვეტს. ევროკავშირი რეალურად დგას უკრაინის მხარეს და მის ინტერესებს მტკიცედ იცავს. ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ უკრაინის სამშვიდობო გეგმა, კიევის ევროპელი მოკავშირეების მიერ მომზადებული, რეალურია და მიზანი მიღწეული იქნება.

კითხვაზე, რომელიც დონალდ ტრამპის „აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას“ ეხება და რომელშიც ამერიკის პრეზიდენტი ევროკავშირს აკრიტიკებს, ურსულა ფონ დერ ლაიენი ასე პასუხობს: „როცა საქმე ეხება არჩევნებს, თუ ვინ უნდა იყვნენ ქვეყნების ლიდერები, როგორები უნდა იყვნენ, ამას მოსახლეობა და ამომრჩევლები წყვეტენ. ეს სრული ჭეშმარიტებაა, შესაბამისად, არავინ არ უნდა ჩაერიოს [ევროპის საშინაო საქმეებში].

"იცით, მე ყოველთვის ძალიან კარგი საქმიანი ურთიერთობა მქონდა შეერთებული შტატების პრეზიდენტთან და დღესაც ასე გრძელდება. სულის სიღრმეში მტკიცე და დარწმუნებული ტრანსატლანტისტი ვარ. მაგრამ რა არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი? - ის, რომ ჩვენ, ევროკავშირს, საკუთარი პოზიცია გვაქვს. ჩვენ ვამაყობთ, რომ ევროპის კავშირი გვქვია და რომ ჩვენს ძალებში დარწმუნებულნი ვართ.

ვუმკლავდებით იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენ წინაშე დგანან. რასაკვირველია, ჩვენი ურთიერთობები აშშ-ისთან შეიცვალა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენც ვიცვლებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ არ დავივიწყოთ, თუ რაშია ჩვენი ძალა. საამაყო ნამდვილად გვაქვს. კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ერთიანი ევროპა, ეს ჩვენი ამოცანაა. სარკეში სხვებს კი არ უნდა ვუყუროთ, არამედ - საკუთარ თავსაც და ამით უნდა ვიამაყოთ.

- თქვენი აზრით, მომავალში - 2026 წელს, თუ გადავხედავთ, მაინც რა გსურთ, რომ ევროკომისიამ მიაღწიოს?

- თუ ხუმრობით და არასერიოზულად ვიტყვი, მე მოხარული ვიქნები, რომ კომისიამ შესაძლებლობა მომცეს და ძილისთვის ცოტა მეტი დრო მქონდეს... ხოლო თუ სერიოზულად, მაშინ ევროკომისიას, რომელიც ევროკავშირის ხელშეკრულების დამცველი და მზრუნველია, ვუსურვებდი მეტ კონკურენტუნარიანობას, უფრო მეტ აყვავებას და დემოკრატიას... უფრო ფართოდ რომ გამოვხატო ჩემი სურვილები, ვიტყვი, რომ მთელი სულით და გულით ვუსურვებ მშვიდობას უკრაინელ ხალხს. მე დღედაღამ ვფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც უკვე მეოთხე წელია გაშირვებაში იმყოფებიან და საშინელებას განიცდიან, ვფიქრობ მათ გაბედულებაზე, მამაცობაზე და სულის სიმტკიცეზე, რასაც ისინი ყოველდღიურად აჩვენებენ მსოფლიოს. მოკლედ, მე 2026 წლისათვის მშვიდობას ვისურვებ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო