ჰაერში გასროლილი მილიარდები: ბრიტანული „ჯავშანსირცხვილი“- ტანკის სამშობლოში ჯავშანტექნიკის კეთება დაავიწყდათ?!
ბრიტანეთი მსოფლიოში პირველ ქვეყნად იქცა, რომელმაც ტანკების საბრძოლო გამოყენება დაიწყო 1916 წელს, პირველ მსოფლიო ომში, მაგრამ იგივე ბრიტანეთი ერთი საუკუნის შემდეგ დიდ სკანდალში გაეხვია ახალი ქვეითთა საბრძოლო მანქანების - Ajax-ის კონსტრუირება/წარმოების/შეიარაღებაში მიღების პროცესთან დაკავშირებით...
ამ სამხედრო ბლოგის ერთგულ მკითხველთა ნაწილი, ან ჩვენი ომების დროს, ან კიდევ სავალდებულო სამხედრო სამსახურის პერიოდში ერთხელ მაინც მჯდარა საბჭოთა წარმოების БМП-1-ის ან БМП-2-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების სადესანტო ნაკვეთურში და დამეთანხმებიან, როგორი არაკომფორტული მდგომარეობაა, როდესაც ეს ჯავშანმანქანა ოღროჩოღრო გრუნტის გზაზე 30-40 კმ/სთ სიჩქარით „მიჰქრის“ და მის სადესანტო ნაკვეთურში ბურთივით ეხეთქები, მაგრამ ვალდებული ხარ, „კალაშნიკოვის“ ლულა სათოფურში გქონდეს გაყოფილი, აკონტროლო გარემო, ერთი ბეწო ტრიპლექსიდან და თუ საჭიროა, ცეცხლიც გახსნა (რამდენად ზუსტი იქნება ეს "ჯერები" , სხვა საქმეა) და სწრაფი დესანტირებაც განახორციელო ანუ, მიუხედავად ყველაფრისა, შეინარჩუნო საბრძოლო მდგომარეობა!
და მაშინ, როდესაც 1960-იან წლებში შექმნილ ამ საბჭოთა ჯავშანტექნიკას „უძლებ“, აღმოჩნდა, რომ 21-ე საუკუნის უახლეს და ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული ბრიტანული „აიაქსიდან“ ასეთი „რბოლის“ შემდეგ გადმოსულ ჯარისკაცებს თავბრუსხვევა და გულისრევა ეწყებათ - ისინი საბრძოლველად კი არა, საჰოსპიტალოდ არიან გამზადებულნი...
არადა, დასავლური ჯავშანტექნიკა ყოველთვის გამოირჩეოდა საბჭოთა ანალოგებიდან უფრო მეტი კომფორტულობით, მისი ეკიპაჟისა და დესანტისთვის, რასაც მეტყველებს თუნდაც ის ტექნიკური ნიუანსი, რომ ამერიკული და ევროპული ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და ჯავშანტრანსპორტიორების კორპუსების სიმაღლე უფრო მეტი იყო, რომ მათში მებრძოლები უფრო გამართულად და თავისუფლად მოთავსებულიყვნენ მაშინ, როდესაც საბჭოთა ჯავშანტექნიკა ყოველთვის გამოირჩეოდა დაბალი სილუეტით მოწინააღმდეგის ყუმბარმტყორცნელებისა და ტანკსაწინააღმდეგო არტილერიისთვის დამიზნების გასართულებლად... და მერე რა, თუ საბჭოთა ჯარისკაცები ამ „ბე-ემ-პეებში" ისე იყვნენ ჩაწყობილნი, როგორც შპროტის თევზი კონსერვის ქილაში...
ცნობილი ამერიკული საირაღო კორპორაციის ბრიტანულმა განყოფილებამ General Dynamics UK-მა 2014 წლიდან დაიწყო გრანდიოზული მასშტაბის პროექტის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებდა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალებისთვის ყველა უახლესი Ajax-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების მიწოდებას, რის შემდეგაც ბრიტანელი სამხედროები მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ჯავშანმანქანებზე „ამხედრდებოდნენ“ - 38-ტონიან „აიაქსს“ 40 მმ კალიბრის ავტომატური ქვემეხით, 7,62 მმ-იანი ტყვიამფრქვევითა და „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით მტრისთვის მუსრი უნდა გაევლო, განევითარებინა 70 კმ/სთ-ის სიჩქარე ასფალტირებულ გზაზე და მის შიგნით მჯდომი ეკიპაჟი და დესანტი უნდა დაეცვა 30 მმ ჭურვების წინიდან და 14,5 მმ ტყვიების გვერდიდან მოხვედრის შემთხვევაში...
ბრიტანელი გენერლები ისე მოიხიბლნენ „აიაქსის“ სარეკლამო საბრძოლო შესაძლებლობებით, რომ 2014 წელსვე 5,5 მლრდ ფუნტი სტერლინგის ღირებულების 589 ერთეული „აიაქსი“ შეუკვეთეს და მათ შეიარაღებაში მიღების დაწყებას 2017 წლიდან ელოდნენ...
თუმცა ამ პროექტს პრობლემები თავიდანვე დაეწყო - პირველი „აიაქსები“ ბრიტანულმა არმიამ მხოლოდ 2025 წლის შემოდგომაზე მიიღო და მაშინვე შეაჩერა მათი ექსპლუატაცია, რადგან „აიაქსიდან“ დესანტირებულ ჯარისკაცებს ბრძოლის გაგრძელება არ შეეძლოთ, ისინი ავტომატურ შაშხანებს მიწაზე ყრიდნენ... გულისრევა ეწყებოდათ...
ამის მიზეზი კი გახდა უდიდესი კონსტრუქციული ნაკლი -„აიაქსის“ 800 ცხ.ძ-ის სიმძლავრის ძრავისა და ტრანსმისიის მუშაობისას წარმოიქმნებოდა ძლიერი რეზონანსული რყევა, რაც დიდ ზეგავლენას ახდენდა „აიაქსში“ მჯდომი ადამიანების ვესტიბულურ აპარატზე, რის შემდეგაც ისინი კარგავდნენ სხეულის მოძრაობის აღქმას, აგრეთვე, მდებარეობის და წონასწორობის შენარჩუნების უნარს ანუ, ფაქტობრივად, თავად „აიაქსს“ გამოჰყავდა მწყობრიდან თავისივე ეკიპაჟი და დესანტი, მტერთან შეტაკების წინ...
ასევე დაგაინტერესებთ: ზელენსკიმ პუტინს მაგრად დასცხო ანუ ღამე, რომელიც მილიონობით რუსს დიდხანს ემახსოვრება - უკრაინის ყველაზე მასშტაბური საჰაერო შეტევა რუსეთზე
შავი დღე რუსებისთვის - ყველაზე დიდი ტურბოხრახნიანი ბოლო „ანტეიც“ ჩამოვარდა
რუსულმა თვითმფრინავმა თავისიანები მოკლა - ბომბდამშენის კატაპულტმა ეკიპაჟი ანგარის ჭერს მიაჭყლიტა
და იცით, როგორ სცადეს ამ ურთულესი კონსტრუქციული პრობლემის მოგვარება მისმა კონსტრუქტორებმა, რომელებსაც უკვე მილიარდობით ფუნტი ჰქონდათ „შეჭმული“? მათ „აიაქსის“ მედესანტეებს სკამებზე დამატებით რბილი ბალიშები დაუდეს და დამცავი ყურსასმენები დაურიგეს, რამაც, რა თქმა უნდა, ვერ უშველა ძირეულ პრობლემას და რამდენიმე კმ-ის გავლის შემდეგაც „აიაქსიდან“ ჯარისკაცები დარეტიანებულები გადმოდიან...
პრობლემა შეიძლება შეამსუბუქოს რეზინისშემცველი მუხლუხოების დაყენებამ, მაგრამ „აიაქსის“ კონსტრუქციას მაინც სჭირდება ძვირფესვიანი გადაკეთება, რაც შეიძლება, უფრო ძვირი სიამოვნება აღმოჩნდეს, ვიდრე - ზოგადად ახალი ქვეითთა საბრძოლო მანქანის დაპროექტება და სერიული წარმოების დაწყება...