"სახლში იმის ადგილიც არ არის, რომ მიცვალებული დაასვენონ" - ტრაგიკულად დასრულებული მძიმე ცხოვრება
ამ დრომდე კლინიკაში რჩება თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მე-11 სკოლის მიმდებარედ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ლალი მრელაშვილი. სამწუხაროდ, ამ მძიმე ავარიას მისი შვილის, 35 წლის ცისმარი მრელაშვილის სიცოცხლე შეეწირა. ავტომობილი მას მაშინ დაეჯახა, როცა გზის გადაჭრას ცდილობდა. როგორც ცნობილია, ამ ტრაგედიის თვითმხილველი დედა შვილის საშველად გაიქცა და ამ დროს მას მეორე ავტომობილი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ლალი მრელაშვილი ღია გულის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია. ხოლო შვილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია, 276-ე მუხლით, დაკავებულია ერთი პირი. ძალიან განიცდიან მომხდარს ის ადამიანები, ვინც ამ დედა-შვილს იცნობდა. როგორც ცნობილი ხდება, ბოლო დროს ისინი ნახალოვკაში, მაღაზიის წინ ისხდნენ და მოწყალებას ითხოვდნენ.
ფიქრია იმერლიშვილი: დედა-შვილი ცისმარი და ლალი ორი წლის წინ გავიცანი. ერთ უბანში, პარალელურ ქუჩაზე ვცხოვრობდით. წლებია, ქუჩაში ვხვდებოდი მათ, როცა მოწყალებას ითხოვდნენ, მაგრამ ამჯერად ჩვენ ცხოველების სიყვარულმა დაგვაკავშირა. მე ქუჩის მიუსაფარ ცხოველებზე ვზრუნავ. ერთ დღეს შევიტყვე, რომ ამ დედა-შვილის მეზობელმა ცუგა გამოაგდო სახლიდან. ისინი ძალიან კარგად ექცეოდნენ ცხოველებს. ის ცუგა მოხვდა თავშესაფარში. ეს ამბავი ერთ-ერთმა ცხოველების მოყვარე გოგონამ შემატყობინა. შენ უბანში ასე მოხდა და გეხვეწები, იქნებ თავშესაფრიდან დაიხსნაო. მაშინვე დავრეკე თავშესაფარში, მოვითხოვე, ეს ძაღლი არ დაეძინებინათ ან სადმე არ გადაეყვანათ და მოეყვანათ უკან, რომ მე მიმეკედლებინა. მოვძებნე ის ოჯახიც, რომელმაც გააგდო ცუგა, მათაც ვეხვეწე, ოღონდაც დააბრუნეთ სახლში და მე გამოვკვებავ-მეთქი. მათ წინ ცხოვრობდა ეს დედა-შვილი, ნაქირავებში, ცისმარმა შეიყვანა თავის სახლში. მითხრეს, შენ არ ინერვიულო, ჩვენთან არის ისედაც ხშირად და არ მივატოვებთო...
საოცრად თბილები იყვნენ, უჭირდათ მატერიალურად, სოციალური დახმარებაც ჰქონდათ, მაგრამ იმდენად კეთილები იყვნენ, ამ თავიანთ საჭმელს ცხოველებს უნაწილებდნენ. ფიზიკურადაც ძალიან ბევრს შრომობდნენ, ტვირთს ეზიდებოდნენ, არაფერს თაკილობდნენ. ერთხელ შემხვდა, ურიკით მიჰქონდა რაღაცები და მითხრა, მაღაზიიდან გამომატანეს გადასაყრელად და რომ გადავყრი, 5 ლარს მომცემენო. ასე წვალობდნენ..
იმედია, გოგოს დედა მაინც გადარჩება. კლინიკაში წევს.დღეს მივედით, მაგრამ რადგან ნათესავები არ ვართ, არ გვითხრეს, როგორია მისი მდგომარეობა. ძალიან შეგვტკივა მათზე გული...
იტალიური ეზოსმაგვარ სახლში ცხოვრობდნენ, სახლიც კი არ ჰქვია ამას... ნახალოვკაში, მთის ძირშია, მიწა იშლება და ბევრი წვიმისგან შეიძლება, ერთ დღეს საერთოდ დაიძრას და წამოიღოს ის ფერდობი. შეშას აგროვებდნენ, სახლში ეზიდებოდნენ, რომ გამთბარიყვნენ. კარიც კი არ ჰქონდათ და ამიტომ ცუგები ქუჩაში გადიოდნენ (რამდენიმე ცხოველი ჰყავდათ შეფარებული), ეს კი მეზობლების პროტესტს იწვევდა.
არაჩვეულებრივმა ახალგაზრდებმა ერთ დღეს დაალაგეს იქაურობა, ჩამოუკიდეს კარიც და ცუგები აღარ გამოდიან გარეთ. კონფლიქტურები არ ყოფილან. უბრალოდ, უვლიდნენ მიუსაფარ ცხოველებს, ფრინველებს.
როგორც ვიცი, რაჭაში აქვთ სოფელი, იქ მიდიოდნენ ხოლმე, იქაც წყალი ჩამოდიოდა, სახურავი მოუწესრიგებელი იყო. საცხოვრებელი პირობები არ ჰქონდათ. როგორც ვიცი, განცხადება შეიტანეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტში და გადახურვაში დახმარებას ითხოვდნენ. რაღაცნაირად უნდოდათ კიდეც, რომ სოფელში დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ თავის რჩენა იქ არ არის ადვილი, აქ წვალებით გაჰქონდათ თავი. ცისმარს მამა გარდაცვლილი ჰყავს, დედა ახლა კლინიკაშია მოთავსებული. მათთან ერთად ცხოვრობდა, ასევე, ცისმარის ბებია, მამის დედა. ახლა ეს ბებო მარტოა სახლში, ამდენ ცხოველთან ერთად. ბებო მოვინახულეთ და ამხელა ტრაგედიის შემდეგ, წარმოიდგინეთ, არ აღმოჩნდა თუნდაც ერთი მეზობელი, რომელიც მოხუცს საჭმელს მიაწოდებდა. მშიერი მოხუცი დაგვხვდა, რომელიც ისევ იმ ცხოველებს დაფოფინებდა თავზე.
ძალიან განვიცდი მის ასე ტრაგიკულად დაღუპვას. რა გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ. როგორც ამბობენ, ჯერ შვილს დაეჯახა მანქანა და მის დასახმარებლად მისულ დედას - მეორე მანქანა. ორი დღეა, თვალზე ცრემლი არ შემშრობია.
წელს დაბადების დღე გადავუხადეთ ცისმარს, მისი ცხოვრების პირველი ტორტი იყო და ბედნიერებისგან ლამის შოკში ჩავარდა, მე ასეთი რაღაც არასდროს მქონიაო. ახლაც მეტირება, რომ მახსენდება. ერთ ფაქტსაც გავიხსენებ, მათ ადრე ჰყავდათ ოთხი ცუგა, იმდენი ქნეს მეზობლებმა, მაინც წაართვეს, იცით, როგორ ტიროდნენ? მერე ამ ძაღლებზე ძალიან ვიბრძოლეთ, რომ დარჩენილიყვნენ ამ მზრუნველ ხალხთან.
ჩემი ვარაუდით, ავარიის მიზეზი სიჩქარეა. ვფიქრობ, სხვანაირად ასეთი მძიმე შედეგი არ დადგებოდა. ამბობენ, მოისროლა მანქანამო. ყველა, ვინც ამ ავარიას შეესწრო, შოკშია...
სახლში იმის ადგილიც არ არის, ისეთ დღეშია, რომ ცხედარი დაასვენონ. ჩემი თხოვნა იქნება, დაგვეხმარონ ადამიანები, რომ ის ცხოველები, რომელსაც უვლიდნენ, მზრუნველი ხალხის ხელში აღმოჩნდნენ. მოხუცი ბებო კი ამბობს, არ დავტოვებ ამათ და ჩემს პენსიას გავუნაწილებო, მაგრამ ახლა საჭიროა ზრუნვა მათზე. ბებო ტიროდა, ლალი მაინც გადამირჩესო, ერთმანეთის პატრონი მაინც ვიქნებითო, იმედი გვაქვს, რომ ის მაინც გადარჩება. ჯერ არ ვიცით სიცოცხლესთან რამდენად თავსებადია ის დაზიანებები, რაც მას აქვს.