"ზოგიერთ ყალბ კოსმეტიკაში აღმოჩენილია ტოქსიკური ნივთიერებები: ტყვია, პარაბენების მაღალი დოზები, მძიმე მეტალები და მავნე ქიმიკატები" - რა პრობლემებს იწ - კვირის პალიტრა

"ზოგიერთ ყალბ კოსმეტიკაში აღმოჩენილია ტოქსიკური ნივთიერებები: ტყვია, პარაბენების მაღალი დოზები, მძიმე მეტალები და მავნე ქიმიკატები" - რა პრობლემებს იწვევს ფალსიფიცირებული კოსმეტიკა?

რა პრობლემებს იწვევს ფალსიფიცირებული კოსმეტიკა?

"ბავშვის კანი ძალიან ნაზი და მგრძნობიარეა, ამიტომ, მოზარდისთვის კოსმეტიკის გამოყენება სასურველი არ არის"

ყველამ ვიცით, რომ საქართველოში ფალსიფიცირებული კოსმეტიკა ყოველ ნაბიჯზე იყიდება. ასეთ კოსმეტიკას უკვე ბავშვებსაც ჩუქნიან და არ ფიქრობენ, რომ უხარისხო პარფიუმერიის ხშირი გამოყენება ადამიანს სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

ამ საკითხზე გვესაუბრება კოსმეტოლოგი ანა ნიშნიანიძე:

- ქალბატონო ანა, რა საფრთხეს შეიცავს ფალსიფიცირებული კოსმეტიკა?

- საეჭვო ხარისხის, ფალსიფიცირებული კოსმეტიკის გამოყენება ნამდვილად არ არის სახუმარო საქმე: ასეთი კოსმეტიკა ხშირად იწვევს კანის გაღიზიანებას, რაც ალერგიული რეაქციითაა განპირობებული. ფალსიფიცირებულ პროდუქტებში ხშირად გამოიყენება იაფი, უცხო, ან აკრძალული ინგრედიენტები, რის შედეგად ადამიანს შეიძლება დაეწყოს კანის წვა, სიწითლე, გამონაყარი, შეშუპება, ასევე, ინფექციები: არაჰიგიენურ პირობებში დამზადებულმა პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიული ინფექციები, თვალის, ან კანის ანთება. ეს იმიტომ ხდება, რომ ზოგიერთ ყალბ კოსმეტიკაში აღმოჩენილია ტოქსიკური ნივთიერებები: ტყვია, პარაბენების მაღალი დოზები, მძიმე მეტალები და მავნე ქიმიკატები. ეს ნივთიერებები ორგანიზმში თუ დაგროვდება, ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს. გარდა ამ საფრთხისა, ასეთი პროდუქტი უბრალოდ არ "მუშაობს" - კანს ვერ კვებავს, ვერ ატენიანებს, მზისგან არ იცავს და ა.შ.

km0y43gj-1766601227.jpg

- როგორ დავიცვათ თავი გაყალბებული კოსმეტიკისგან?

- კარგია თუ საიმედო კოსმეტოლოგი გყავთ, რომელსაც ენდობით და იცით, რომ ყველაფერს ხარისხიანი, საიმედო ინგრედიენტებით ამზადებს, მაგრამ თუ ასე არ არის, ყველაზე გონივრული გზაა, კოსმეტიკური ნაწარმი ოფიციალური დისტრიბუტორებისგან შეიძინოთ, მაღაზიები, რომლებსაც ბრენდთან ოფიციალური პარტნიორობა აკავშირებს, გაცილებით უსაფრთხოა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ფასს - თუ პროდუქტი ბრენდის ოფიციალურ ღირებულებასთან შედარებით იაფია, დიდი შანსია, რომ ის ყალბია.

არანაკლებ საყურადღებოა შეფუთვა: ყალბი შეფუთვის დროს ხშირია დაბალი ხარისხის, არასწორი წარწერები, რომელსაც საეჭვო შეფერილობა და სხვადასხვა ზომის შრიფტი აქვს.

შეძენამდე აუცილებლად უნდა შეამოწმოთ პროდუქტის ტექსტურა, ფერი და სუნი - თუ პროდუქტს უჩვეულო, მძაფრი სუნი აქვს, ხოლო მისი ფერი და კონსისტენცია საეჭვოდ გეჩვენებათ, ჯობია არ გამოიყენოთ. ბრენდების უმეტესობას აქვს უნიკალური კოდი, რომლის გადამოწმებაც შესაძლებელია ოფიციალურ ვებგვერდზე. თუ პროდუქტი საეჭვოდ გამოიყურება, არ გამოიყენოთ. უხარისხო სუნამო, ფრჩხილის ლაქი, ან სახის მალამო, უმჯობესია გადააგდოთ, ვიდრე რისკზე წახვიდეთ და ალერგიული რეაქცია დაგეწყოთ.

- თუმცა, ზოგიერთი პროდუქტი იმდენად ოსტატურად არის შენიღბული, რომ ფალსიფიკაციის ამოცნობა რთულია...

- სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ: ფალსიფიცირება ანუ ცნობილ ბრენდად თავის გასაღება საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ალბათ, მკითხველისთვის საინტერესოა, როგორ ახერხებენ ამას ფალსიფიკატორები:

ისინი რამდენიმე მეთოდს იყენებენ - პირველი შეფუთვის კოპირებაა - ყალბი საწარმოები ამზადებენ ყუთებს, ბოთლებს, ან ტუბებს, რომლებიც ძალიან ჰგავს ორიგინალს. ხშირად, ტექსტი ოდნავ შეცვლილია: შეცვლილი ასო, მაგალითად: CHANEL- ის ნაცვლად წერია CHANELL, რასაც გამოუცდელი თვალი ვერ ამჩნევს და არც აკვირდება.

აღსანიშნავია მცირედი სხვაობა შრიფტის ფერსა და სისქეს შორის. ფალსიფიკაციის ყველაზე გავრცელებული ხერხია ცნობილი ბრენდის სახელის უკანონო გამოყენება, რითაც მომხმარებელი იბნევა და მოტყუებული რჩება.

პარფიუმერული ნაწარმის ფალსიფიკაციის დროს, გავრცელებული პრაქტიკაა იაფი ინგრედიენტების გამოყენება: ორიგინალის ნაცვლად, იაფ საღებავებს და საეჭვო ხარისხის ნედლეულს იყენებენ. ფალსიფიკატორის მიზანი მხოლოდ ერთია: დიდი მოგება მიიღოს მინიმალური დანახარჯით.

- ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ონლაინ-გაყიდვის შედეგად არ დაზარალებულა. ღირს თუ არა პარფიუმერიის და კოსმეტიკის შეძენა ონლაინ-მაღაზიებისგან?

- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საიმედოა, რადგან გაურკვეველი წარმოშობის ონლაინ-მაღაზიები არაერთ ადამიანს აზარალებს, ეს მომხმარებელთა მოტყუების ყველაზე მოხერხებული გზაა. ამიტომ, უნდა გავითვალისწინოთ, სად ვყიდულობთ: კარგია თუ ოფიციალურ მაღაზიას, ან სერტიფიცირებულ დისტრიბუტორს მივმართავთ. მოერიდეთ საეჭვო ინსტაგრამ და ფეისბუკ-გვერდებს, ან უცნობ ონლაინ-პლატფორმებს.

- ყველაზე მეტად, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ვიდრე პროდუქტს შევიძენთ?

- პირველ ყოვლისა, გაყალბებაზე ფასი მიუთითებს, რადგან შეუძლებელია ქართულ ბაზარზე პროდუქცია იმაზე ნაკლები ღირდეს, ვიდრე მისი თვითღირებულებაა. ხშირად კოდი არ ემთხვევა, დამზადების ვადა არ აწერია, ან თავსახური აქვს განსხვავებული. ეს ნიუანსები რთულად შესამჩნევია და მყიდველი არ აკვირდება, არ ფიქრობს, რომ ყალბი პროდუქტი შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მისი ჯანმრთელობისთვის.

შეფუთვაზე ზემოთ უკვე გითხარით:

ფალსიფიკატორებს უჭირთ დეტალების ზუსტად გამეორება. ამიტომ, შრიფტის სისქეს, ფერს და ბეჭდვის ხარისხს განსაკუთრებით უნდა დავაკვირდეთ. მნიშვნელოვანია ტექსტურა და სუნი: სუნამოს არ უნდა ჰქონდეს ალკოჰოლის, ან რომელიმე ქიმიური ნივთიერების მძაფრი სუნი, ხოლო ტუჩსაცხს გლუვი ზედაპირი და თანაბარი ფერი უნდა ჰქონდეს.

როდესაც ბრენდულ ნაწარმს ვყიდულობთ, მისი ყუთი უფრო დახვეწილია, ქაღალდიც, წარწერებიც და ბოთლიც მაღალი ხარისხისაა. ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ თითქმის ყველა ბრენდს აქვს უნიკალური სერიული კოდი, რომლის გადამოწმება ინტერნეტით თავისუფლად შეიძლება. ფალსიფიცირებულ ნაწარმს ასეთი კოდი ხშირად, არა აქვს, ან თუ გადავამოწმებთ, პროდუქტის წარმოების თარიღი არ ემთხვევა.

- და ბოლოს, ზოგჯერ კოსმეტიკას ბავშვებისთვისაც ყიდულობენ, თქვენი აზრით, ეს რამდენად მისაღებია?

- ამ შეკითხვაზე ბანალური ფრაზით უნდა გიპასუხოთ:

"ვადროოთ ჩვენს შვილებს ბავშვობა"!

ბავშვის კანი ძალიან ნაზი და მგრძნობიარეა, ის ქიმიურ ნივთიერებებზე განსაკუთრებულად რეაგირებს, ამიტომ, მოზარდისთვის კოსმეტიკის გამოყენება სასურველი ნამდვილად არ არის. შესაძლოა, ბავშვს ეს ძალიან უხაროდეს, მაგრამ კოსმეტიკის გამოყენებას ნაადრევად არ უნდა შეეჩვიოს. თუ საბავშვო კოსმეტიკა ხარისხიანია, შეიძლება ერთჯერადად ტუჩსაცხიც წავუსვათ და გრიმიც გავუკეთოთ, მაგრამ ჩემი აზრით, ამას სისტემატური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)