"700 ლარი წინასწარ გადამახდევინა, კაბის შეკერვა არც კი დაუწყია..." - რას ჰყვებიან სულიკაშვილზე, მისგან "გადაგდებული" კლიენტები
ცნობილი დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი ორი დღის წინ შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს. როგორც Ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, დიზაინერს აღკვეთის ღონისძიების სახით ორი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლო პროცესი გუშინ საღამოს გაიმართა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას. დათუნა სულიკაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
პატიმრობა და ნარკოდამოკიდებულებაზე ეჭვები
როგორც დიზაინერის მეგობარი Ambebi.ge-ს უყვება, სულიკაშვილი ქუჩაში 10 დეკემბერს დააკავეს. დაკავების შემდეგ, სულიკაშვილის მეგობრების ნაწილმა, მომხდარზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს, ნაწილმა კი მედიის საშუალებით გაიგო დიზაინერის დაკავების შესახებ. თუმცა, პირად საუბრებში რამდენიმე მათგანმა დაგვიდასტურა, რომ ბოლო დროს დიზაინერს ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა.
"ძალიან გთხოვთ, მოეშვით ჭორების გავრცელებას! დათუნა სულიკაშვილი არის მომხმარებელი. დააკავეს შეძენის ფაქტზე! პროკურატურამ შეუფარდა შეძენა-შენახვა!“- წერს ერთ-ერთი მეგობარი.
"გადაგდებული“ კლიენტები და შანტაჟის ბრალდებები
სულიკაშვილის დაკავების ფაქტს წინ უძღოდა სოციალურ ქსელში გავრცელებული არაერთი სკანდალური პოსტი, რომლებშიც მომხმარებლები დიზაინერს თანხის მითვისებასა და თაღლითობაში ადანაშაულებდნენ.
სექტემბერში ერთ-ერთმა გოგონამ "სასოწარკვეთილი მომხმარებლების“ ჯგუფში დიზაინერზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ სულიკაშვილმა მას კაბის შეკერვის სანაცვლოდ 700 ლარი წინასწარ გამოართვა, თუმცა შეკვეთა არ შეასრულა და არც თანხა დაუბრუნა.