"დედისერთა ბიჭი იყო, ეკლესიური, ნიჭიერი" - რას ჰყვებიან 29 წლის ახალგაზრდაზე, რომელიც 3 დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს დიდ დიღომში?
სამი დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ ოჯახის წევრები 29 წლის სერგო შტააძეს თბილისში. სამწუხაროდ, ის დიდ დიღომში მიტოვებულ შენობაში 11 დეკემბერს გარდაცვლილი იპოვეს.
ახალგაზრდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილიდან იყო, მაგრამ ის თბილისში, დიდ დიღომში ცხოვრობდა და აქ მუშაობდა. როგორც ირკვევა, ოჯახი მას ტელეფონზე ვერ უკავშირდებოდა, ამიტომ ძებნა დაიწყეს. ახლობლებმა ბინის კარიც შეამტვრიეს და ვერც ბინაში იპოვეს, ამის შემდეგ მომხდარი პოლიციასაც შეატყობინეს.
სოციალურ ქსელშიც გამოქვეყნდა სერგის ფოტო და საზოგადოებას დახმარებას სთხოვდნენ. როგორც ირკვევა, გამორთული იყო მისი მობილური ტელეფონი, რომელიც ქუჩაში გამვლელმა თურმე შემთხვევით იპოვა, მოგვიანებით ჩართო ტელეფონი და ამის შემდეგ შსს-ს თანამშრომლებმა ის ადგილები შეისწავლეს, სადაც მობილური იყო ნაპოვნი. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ამოიღეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და ამის შემდეგ მიტოვებულ სახლში იპოვეს სერგი შტააძის ცხედარი. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და ბიჭი მის მშობლიურ სოფელში, ბრილში ჩაასვენეს.
როგორც გადაცვლილის ახლობლები ირწმუნებიან, მამაკაცს მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა. ამბობენ, რომ ცხედარი დეტალურად დაათვალიერეს და მრავლობითი დაზიანებები მართლაც აქვს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, გამოძიება ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული. რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ახლობლები კი საქმის მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას და დამნაშავეების გამოვლენას ითხოვენ.
"ნათესავთან იყო, საღამოს იქიდან ფეხით წავიდა თავისი სახლისკენ, ბოლოს ამ ნათესავს ესაუბრა, ახლოს ვარ უკვე და მალე ვიქნები სახლშიო. მეორე დღეს რომ კონტაქტზე აღარ გამოვიდა, 112 გამოიძახეს და სახლის კარი შეამტვრიეს, იქ არ იყო. მოგვიანებით ტელეფონი "გუდვილის" მიმდებარედ იპოვეს, იქ ეგდო. 2 დღე ეძებდნენ და ბოლოს დიდ დიღომში ერთ-ერთ მიტოვებული შენობის ნანგრევებთან ნახეს. ძვლები აქვს დამტვრეული და ნაცემიაო, ასე ამბობენ" - აცხადებენ სოფელ ბრილში.
ადგილობრივების თქმით, სერგი შტააძე ტაქსის მძღოლად და მიტანის სერვისზე მუშაობდა.
“ძალიან დიდი ტრაგედიაა მომხდარი, მთელი სოფელი განიცდის ამ ამბავს. გლოვაა სოფელში. წუხელ უნდა გენახათ რამდენი ადამიანი იყო შეკრებილი, როცა სერგის ცხედარი მოუსვენეს ოჯახს. სერგი დედისერთა ბიჭი იყო. ჩვენს თვალწინ გაიზარდა. ნათესავები ვართ, თან ჩემი შვილის თანაკლასელია. ჩემი შვილის გვერდზე იჯდა. ძალიან კარგი მეგობარი, არაჩვეულებრივად აღზრდილი, სათნო, საოცრად ნიჭიერი ბიჭი, საოცრად კარგი ადამიანი იყო. გარკვეული წლები ჯარში იმსახურა, კონტრაქტით მსახურობდა და იქ ყველას სიყვარული დაიმსახურა. იქ ჯარში დედაჩემიც მომსახურე პერსონალი იყო, სამზარეულოში მუშაობდა და არაერთხელ შემოუთვალეს მის დედას მადლობა ასეთი შვილის აღზრდისთვის. დედაჩემმა უთხრა კიდეც დედამისს და ძალიან უხაროდა, ამბობდა, დედისთვის ეს მადლობა რად ღირსო. მერე ჯარიდან წამოვიდა და რამდენიმე წელია თბილისში ცხოვრობს. ამ სოფელშიც სერგი ყველას უყვარს, ეკლესიური ბიჭი იყო, ნიჭიერი, არ ვიცი, კიდევ როგორ შეიძლება დაახასიათო ადამიანი. ძალიან ზრდილობიანი ახალგაზრდა, შრომისმოყვარე. თბილისში ბინა შეიძინეს, მამამისი ხელოსანია, ერთად მოაწყვეს ყველაფერი. როგორც გავიგე შეყვარებული ჰყოლია და ქორწილსაც აპირებდა, ამ დროს ეს უბედურება ხდება. ბინა მას დიდ დიღომში ჰქონდა და როგორც გავიგეთ, იქვე ახლოს, მიტოვებულ შენობასთან უნახავთ მისი ცხედარი. ბინაში მარტო ცხოვრობდა, მშობლები პერიოდულად ჩადიოდნენ და მოდიოდნენ, ძირითადად სოფელში არიან, სოფლის მეურნეობას მისდევენ და შრომობენ. წინა კვირას, ამ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოსულა სერგი და შეშა დაუჩეხავს, დაულაგებია ყველაფერი ზამთრისთვის. მამას გულის პრობლემები აქვს და ეხმარებოდა ყველაფერში. მართლა არაჩვეულებრივი ბიჭი იყო. მამა ხელოსანია და თბილისში გააკეთეს ყველაფერი თავისი ხელით. მშენებარეში ჰქონდა შეტანილი და ბედნიერად უნდა ეცხოვრა იმ ბინაში. როგორც ვიცი, "ბოლტზე" მუშაობდა, ტაქსაობდა. იმ დღეს ყოფილა ახლობლებთან და ერთად უქეიფიათ, მერე ტელეფონზე რომ არ პასუხობდა და არ გამოჩნდა, ძებნა დაიწყეს. 9 დეკემბრიდან ეძებდნენ სერგის. თვითონ დედასაც არა აქვს ინფორმაცია ზუსტად როდის მოხდა ფაქტი. ჯერ კიდე აგონიაშია, ერთადერთი, ორმეტრიანი, უსიმპათიურესი შვილი არ ჰყავთ. როგორც ამბობენ, გუშინ დილის საათებში რომ იპოვეს, ჯერ კიდევ თბილი იყო ისევ ცხედარიო. იმაზე ყველაზე მეტად მტკივა გული, არავინ იცის რამდენ ხანს იწვალა, იქნებ ვინმეს ენახა და გადარჩენა შეიძლებოდა. ახალი დაღუპული იყოო, ეს არ არის თვითმკვლელობა, ნაწვალებია, ნაცემია სერგი, როგორც მითხრეს, სულ დამტვრეული აქვს მთელი თითები, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა არ აღენიშნება, მაგრამ ძალადობის კვალი ეტყობა. ნაცემია უსაშველოდ. დაზიანებები აქვს მუცლის ღრუში, ფეხის თითებიც, ფეხი აქვს მოტეხილი, სახეზე დაზიანება არ ეტყობა, ანგელოზივით წევს, გეგონება სძინავს. ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და გაირკვევა რა დაზიანებები ჰქონდა. ნამდვილად არ შემეძლო მე მისი დათვალიერება, მაგრამ ვინც ცხედარი ნახა, ის ამბობს, რომ დაზიანებები აქვს. ვინ გაიმეტა და რატომ, ამაზე პასუხი არ მაქვს. სერგი არ იყო კონფლიქტური. თვითმკვლელობას გამოვრიცხავთ, რატომ უნდა მოეკლა თავი? ცოლი უნდა მოეყვანა, ბედნიერად ეცხოვრა და ახლა ამ მწარე რეალობის წინაშე ვართ. ისეთი გეგმები ჰქონდა, ისეთი კარგი ბიჭი იყო, არ ვიცი რა ვთქვა, თვითონ არც თაკილობდა არაფრის გაკეთებას. შრომა არ ეზარებოდა. ისეთი მარჯვე და მშრომელი, ენერგიული იყო, არ ეწეოდა, არ სვამდა. პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობდა. ცოტა მანძილი ჰქონდა დარჩენილი სახლამდე, ამბობენ, ახლოს არის ბინასთან, მიტოვებული სახლის ნანგრევებშია ნაპოვნი. ტელეფონი დავარდნია, რომელიც იპოვა გამვლელმა, ის ამბობს, ძაღლს ვასეირნებდი და ტელეფონი ვიპოვეო, სახლში წაუღია, დამჯდარი იყო ეს ტელეფონი და დატენა, რომ ჩაირთო დაურეკავთ იმ ნომერზე და იმ ქალს უთქვამს, ვაგზალზე ვარო, მერე აჩვენა პოლიციას ის ადგილი, სადაც იპოვა და ასე გავიდნენ იმ ადგილამდე, კამერების ჩანაწერებიც არის ამოღებულიო. უკვე იქ დახვდათ მიცვალებული. ამხელა ბიჭი, ულამაზესი, ვინ გაიმეტა. იმასაც ამბობენ, ტანსაცმლის ჯიბეებიც გადმოტრიალებული ჰქონდაო, შეიძლება რამეს წართმევა დაუპირეს და შეეწინააღმდეგა, არ ვიცით რა ვიფიქროთ. ერთადერთი შვილი არ ჰყავს ოჯახს. განადგურდა ოჯახი. მთელი სოფელი თავზარდაცემულია ამ ამბით. გლოვაა სოფელში. 28 წლის არის, პირველ თებერვალს 29-ის გახდებოდა. ძნელია რაიმე სანუგეშო უთხრა მის ოჯახს”, - ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.
“სერგი იყო ძალიან პატიოსანი და კარგად აღზრდილი ბიჭი. ძმასავით მყავდა. კარგი ოჯახის კარგი შვილი. გული ძალიან გვატკინა ყველას. ადრე ჯარისკაცი იყო, ახლა აღარ მსახურობდა ჯარში. კურიერად მუშაობდა და ტაქსაობდა. მეტის თქმა არ შემიძლია”, - მითხრა მისმა ერთმა ახლობელმა.
სოციალურ ქსელში ბევრ ტკივილიან სტატუსს. ერთ ერთი ქალბატონი ჟურნალისტებს ამ საქმით დაინტერესებას სთხოვს. “ჩადით და ნახეთ რას ლაპარაკობს მთელი სოფელი, ის იყო უკეთილშობილესი, ვაჟკაცი ბიჭი, მშრომელი, მშობლებისა და ხალხის მოყვარული ადამიანი, თქვენ რომ შვილები კალთის ქვეშ გყავთ შეფარებული, ის სამშობლოს კონტრაქტით ემსახურებოდა, რა ვერსიებს თხზავთ, აღარ იცით როგორ "გააპრავოთ" მკვლელები, საქმეს მიხედეთ ნორმალურად, ეს არ უნდა შერჩეთ მკვლელებს, ღმერთი მაინც მიხედავს ამ სიბოროტეს, მაგრამ ჩვენ ვერ გავიგებთ. დიახ უნდა გაგვაგებინოთ ვინ მოკლა სერგო შტააძე”,- წერს ქალბატონი სოციალურ ქსელში.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და იმედია საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს პასუხს სამართალდამცავები გასცემენ და გაირკვევა რა გახდა 29 წლის ახალგაზრდა ბიჭის სიკვდილის მიზეზი.
"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს ახალგაზრდის ოჯახს მომხდარი ტრაგედიის გამო.