„რა კანონებიც არ უნდა მიიღონ, საპროტესტო განწყობები არ გაქრება...“ - კვირის პალიტრა

„რა კანონებიც არ უნდა მიიღონ, საპროტესტო განწყობები არ გაქრება...“

გასულ კვირას, თურქმენეთში წელს უკვე მესამე ვიზიტის დროს, "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა ფორუმში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ეს ღია გზავნილია ოკუპანტი ქვეყნისთვის იმის თაობაზე, რომ "ოცნება" მზად არის აღადგინოს ურთიერთობა რუსეთთან.

"ეს სპეკულაციები აბსოლუტურად არასერიოზულია და მეტყველებს საერთო არასერიოზულობაზე, რომელიც დღეს ოპოზიციასა და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში სუფევს. აქ სიღრმისეული კომენტარის გაკეთება არ ღირს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ამ თემაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

აშხაბადში გამართული ფორუმი "მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის" მიეძღვნა გაეროს მიერ თურქმენეთის ნეიტრალიტეტის აღიარების 30-ე წლისთავსა და გაეროს მიერ 2025 წლის "საერთაშორისო მშვიდობისა და ნდობის" წლად გამოცხადებას. "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, ასეთ ფორმატებში მონაწილეობა. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას და დღეს აქ წარმოდგენილია ხუთივე სახელმწიფოს ლიდერი. ასევე აქ არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნები - აზერბაიჯანის, სომხეთის წარმომადგენლები", - უთხრა აშხაბადში ყოფნისას კობახიძემ ჟურნალისტებს, გაამახვილა რა ყურადღება პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსგან განსხვავებით, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოებს ფორუმზე პირველი პირები არ წარმოადგენდნენ. აზერბაიჯანიდან ჩასული იყო პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი, ხოლო სომხეთიდან - პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი. სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ანალიტიკოს გიორგი მელაშვილთან:

- "ქართული ოცნების" პრემიერის ჩასვლა თურქმენეთის ნეიტრალიტეტისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიმბოლური გზავნილია, როგორც საქართველოსთვის, ისე მის საზღვრებსგარეთ იმის თაობაზე, რომ "ოცნება" მზად არის დაამყაროს ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და წლების განმავლობაში რუსული აგრესიისგან თავის დაცვა უზარმაზარ ფასად - უამრავი ადამიანის სიცოცხლედ დაგვიჯდა.…

აქამდე "ქართული ოცნება" ერიდებოდა პუტინთან ერთად გამოჩენას, ახლაც შეიძლებოდა ამის თავიდან არიდება. მე არ ვამბობ, რომ არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა, მაგრამ შეიძლებოდა უფრო დაბალი რანგით ვყოფილიყავით წარმოდგენილი, მაგალითად, დელეგაციით საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე, მაგრამ "ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი ჩასულიყო აშხაბადში. მოკლედ რომ ვთქვათ, მიზანმიმართულად წავიდნენ ამაზე.

ცოტა პარადოქსულია, რომ "ქართული ოცნება", რომელსაც გაფუჭებული აქვს ურთიერთობა ევროკავშირთან და ამასთანვე, ვერაფრით ახერხებს ტრამპის ადმინისტრაციასთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებას, ფაქტობრივად, იმავე პრობლემის წინაშეა რუსეთთანაც.

მიუხედავად აქტიური მცდელობებისა, მიუხედავად ოკუპანტის მიერ ეკონომიკური ექსპანსიისა და რუსი ე.წ. ტურისტებისთვის საუკეთესო გარემოს შექმნისა, ჯერჯერობით ვერ ახერხებენ რუსეთთან მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და გაჭედილი არიან ივანიშვილის რუსულ პროექტში. ფაქტობრივად, ჩვენ დღეს მივიღეთ სრული საგარეო პოლიტიკური იზოლაცია ყველა მიმართულებით - დასავლეთი საერთოდ ამოღებული აქვთ საკომუნიკაციო სივრციდან. რჩებათ რუსეთი, თუმცა დღემდე ვერ შეძლეს კრემლის მაღალი ეშელონების ყურადღების სათანადოდ მიქცევა და როგორც ჩანს, აშხაბადში სცადეს კრემლთან პირდაპირი ურთიერთობა, რამდენად მოახერხეს ეს, გაიმართა, თუ არა კულისებს მიღმა შეხვედრა, ამას ჯერ ვერ გავიგებთ, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ვფიქრობ, აუცილებლად გამოჩნდება.

ამ ეტაპზე ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ "ქართულ ოცნებას" არ ეპატიჟებიან ევროკავშირისა და აშშ-ის ინვესტირებულ პროექტებში, რომელიც შეეხება ცენტრალურ აზიასა და კავკასიას.

მიუხედავად ამისა, წელს მესამედ ჩავიდნენ ცენტრალურ აზიაში, რათა როგორმე გაარღვიონ ეს იზოლაცია, რომელშიც თვითონ ჩაიგდეს თავი, და თურქმენული რეჟიმის გამოყენებასაც კი ცდილობენ საკუთარი საგარეო-პოლიტიკური ლეგიტიმაციისთვის, თუმცა ესეც დიდად არ გამოსდით.

- ამ თემაზე საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა: "თუკი ამაში მონაწილეობს პუტინი, ეს არ ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრი არ უნდა შეხვდეს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს. თავის მართლება საჭირო არაა, ზუსტად ამიტომ წავიდა პრემიერ-მინისტრი იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება და იგეგმება".

- საქართველოს ბედი ბოლოს ცენტრალურ აზიაში გადაწყდა, თემურ-ლენგის დროს, და მეეჭვება ამით ვინმე იყოს კმაყოფილი. საქართველოს ხვალინდელი დღე უნდა გადაწყდეს საქართველოში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე. ცოტა არ იყოს, სარკასტულია, რომ "ქართული ოცნება", რომელიც თავს დებს სუვერენიტეტის დაცვაზე, ეროვნულობაზე, ახლა გვეუბნება, რომ თურმე ჩვენი ხვალინდელი დღე სხვაგან უნდა გადაწყდეს.

ცენტრალური აზია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რეგიონია იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეოპოლიტიკური ფუნქცია - ეს არის ევროპისა და აზიის დაკავშირება. განსაკუთრებით ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებით საქართველოს შენარჩუნებული აქვს დიდი სატრანზიტო როლი, მაგრამ ტრანზიტი მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ ორივე წერტილი - დასაწყისიც და დასასრულიც ერთდროულად მუშაობს. ამ ეტაპზე "ქართულმა ოცნებამ" გამოთიშა დასავლეთი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია ნორმალურად ვერ განხორციელდება. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ჩვენი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა მცირდება, ხოლო იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც ახლა მიმდინარეობს სომხეთ-აზერბაიჯანსა და სომხეთ-თურქეთს შორის, გვაჩვენებს, რომ შუა დერეფნის სამხრეთი განშტოება, რაც გადის სომხეთზე და არა საქართველოზე, მალე ამოქმედდება, რის პარალელურადაც შემცირდება ჩვენი გეოპოლიტიკური როლი. ერთადერთი, რითაც შეგვეძლო კონკურენტული უპირატესობის მოპოვება, იყო ანაკლიის პორტი, რომელიც არ აშენებულა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე იბადება კითხვა: რას აკეთებს "ქართული ოცნება" იმისთვის, რომ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია კი არ შემცირდეს, არამედ გაიზარდოს?

- გასულ კვირას პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში დაგეგმილ მორიგ ცვლილებას, რომლითაც დადგინდება შს სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას გაიმართება. ამასთან, სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ცხადია, ეს ცვლილებები რუსთაველზე ხელისუფლების ოპონენტების პერმანენტულ აქციებს უკავშირდება.

- "ქართული ოცნება" კარგა ხანია ცდილობს დრაკონული, არაჰუმანური კანონების მიღებას, მაგრამ ამის მიუხედავად, ვერ შეძლო რუსთაველზე პროტესტის ჩახშობა. თვალსაჩინოა, რომ მათი ელექტორალური მხარდაჭერა მკვეთრად არის შემცირებული. აქედან გამომდინარე, რა კანონიც არ უნდა მიიღონ, წინააღმდეგობა აშკარად გაგრძელდება, ეს საპროტესტო განწყობები არ გაქრება. "ქართული ოცნება" ამას მშვენივრად ხვდება, ამიტომ ნერვიულობენ და იღებენ ამ შემზღუდავ კანონებს, რაც სრულიად ჯდება ავტორიტარული მმართველობის ლოგიკაში. თუმცა მე მჯერა, რომ სრული ავტორიტარიზმის დამყარება საქართველოში ვერ მოხერხდება. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ამ ხნის განმავლობაში, ათასგვარი შეზღუდვის მიუხედავად, პროტესტის ჩახშობა ვერ მოახერხეს.

- ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვისაუბრია, თუ რატომ ვერ ხერხდება ამ წინააღმდეგობისა და კრიტიკული განწყობების კონსოლიდაცია და ამის მთავარი მიზეზი მაინც ის არის, რომ ოპოზიცია ვერ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს, არა აქვს სტრატეგიული თუ ტაქტიკური გეგმა. მაგალითად, საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც კობახიძის აშხაბადში ვიზიტის პარალელურად ხალხს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა, კითხვაზე რა გეგმა ჰქონდა, უპასუხა, მე გეგმაზე ნუ მეკითხებითო.

- უკვე კარგა ხანია პოლიტიკის ანალიტიკოსები ვამბობთ, რომ ოპოზიცია უნდა მოქმედებდეს ერთიანი სტრატეგიული გეგმით. ეს არ უნდა გაიგოს ვინმემ როგორც ერთ ბლოკად ან ერთ პარტიად გაერთიანება. ეს უნდა იყო ერთობა, რომლითაც ოპოზიცია აჩვენებდა საზოგადოებას, რომ მას შეუძლია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინტერესების გამო ერთობლივად მუშაობა. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს ადეკვატური ალტერნატივის აღქმა, რათა საზოგადოებამ დაინახოს და დაიჯეროს, რომ ოპოზიციას შეუძლია მართვა და ამ პროცესში ქვეყნის საკეთილდღეოდ ერთმანეთთან თანამშრომლობა. სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში ეს ვერ მოხერხდა. იმავეს გავიმეორებ დღესაც - აუცილებელია ოპოზიციონერმა აქტორებმა დაიწყონ ერთმანეთთან თანამშრომლობა, გამონახონ საერთო ენა, გვერდზე გადადონ პირადი, ვიწრო ინტერესები და დაიწყონ მუშაობა ტოტალიტარიზმისა და რუსული გავლენებისგან ქვეყნის გადასარჩენად.

ამ საპროტესტო მოძრაობის ულიდერობა იყო ერთდროულად კარგიც და ცუდიც: კარგი იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ მოახერხა კონკრეტული ლიდერის იდენტიფიკაცია, მისი გათიშვა და შესაბამისად, პროცესის ჩაკვლა, თუმცა, ცუდია ის, რომ ვერ მოხერხდა კონსოლიდაცია გამაერთიანებელი ფიგურის ირგვლივ. ამ პარადოქსული ვითარების გამო ვართ იქ, სადაც ახლა ვართ.

"ქართული ოცნების" ცდები, რომ ხალხი გაჩუმდეს და რუსული გავლენების ასეთ გაზრდას შეაგუოს, ჯერჯერობით უშედეგოა. "ოცნების" პროპაგანდა უკიდურესად არის გაზრდილი, თუმცა მისი გავლენა აშკარად არ არის ისეთი, რასაც მმართველი პარტიის ბოსები ისურვებდნენ. ასევე არის იმედი, რომ ოპოზიციური სპექტრი მოახერხებს მაინც გაერთიანებას, ყოველ შემთხვევაში, საფრთხეების არსებობის გამო მაინც.

- გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება გეგმავს არსენალის მთაზე სამთავრობო კვარტალის აშენებას. როგორც კობახიძემ თქვა, "კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს, რათა იმავე ფასად ახალი აშენდეს".

- გაუგებარია ამ ინიციატივის არსი ან რა ეკონომიკურ სარგებელს გეგმავს ხელისუფლება ამისგან. არსენალის მთაზე სამთავრობო კვარტალის გადატანა ცოტა კომიკურიც კი არის - თუ ეს მართლაც გაკეთდა, საქართველო შესაძლოა გახდეს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელსაც ექნება პარლამენტის სამი შენობა. ეს შეიძლება არც იყოს ცუდი იდეა, მაგრამ არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაში რამდენად არის ამის საჭიროება? არ გამორიცხოთ, რომ ეს მოეგონებინათ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების გადასაფარად. საზოგადოდ, ახალი ქალაქების მშენებლობა დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმებისთვის. ამის კარგი მაგალითია ეგვიპტე, სადაც ახალი სამთავრობო ქალაქის მშენებლობამ ლამის მთელი ქვეყანა გააკოტრა. მოკლედ, გაუგებარია, რისთვის დასჭირდათ უზარმაზარი თანხების ხარჯვა ახალ სამთავრობო კვარტალზე, განსაკუთრებით იმ კორუფციული სკანდალების შემდეგ, რისი მოწმენიც გავხდით სულ ცოტა ხნის წინ.

- მოგეხსენებათ, ამ ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია, რომელშიც აღწერილია ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები, რაც, როგორც კომენტატორები აღნიშნავენ, არაერთ მნიშვნელოვან საკითხში განსხვავდება წინა ადმინისტრაციის ხედვისგან. 33-გვერდიანი დოკუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად, შეიცავს აშშ-ის რამდენიმე პარტნიორის, მათ შორის ევროკავშირის, კრიტიკას. მასში ლაპარაკია რუსეთთან ურთიერთობებში სტრატეგიული სტაბილურობის აღდგენის აუცილებლობაზე. სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ შეერთებულ შტატებს, როგორც წამყვან მსოფლიო ძალას, არ შეიძლება არ აინტერესებდეს სხვა სახელმწიფოების საქმეები, მაგრამ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიპყრობენ ვაშინგტონის ყურადღებას, თუ ამ ქვეყნების ქმედებები პირდაპირ შეეხება ამერიკის ინტერესებს. ასევე აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები სხვა ქვეყნებს არ მიუდგება დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებული საკუთარი სტანდარტებით. თქვენი აზრით, რას მოასწავებს აშშ-ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია თავისუფალი სამყაროსთვის?

- ეს სტრატეგია არის ტრამპის ადმინისტრაციის იმ პოზიციის გაგრძელება, რაც ჯეი დი ვენსმა ჯერ კიდევ ა.წ. თებერვალში გაახმაურა მიუნხენის კონფერენციაზე. რამე განსაკუთრებული სიახლე იმ პირებისთვის, რომლებიც აკვირდებიან აშშ-ის ბოლო წლების პოლიტიკას, ვფიქრობ, არ ყოფილა. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ტრამპის ადმინისტრაციას, ეს პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ ობამას პერიოდში. მას შემდეგ აშშ დიდ ყურადღებას უთმობს წყნარი და ინდოეთის ოკეანეების არეალს. ეს სტრატეგია კი არის ამ პროცესის დოკუმენტური ვერსია. ნიშანდობლივია ევროკავშირის კრიტიკა, ესეც გასაგებია, რადგან ესეც იყო ტრამპის საგარეო პოლიტიკური ხედვის ნაწილი მანამდეც. საინტერესოა, რას იზამს ევროკავშირი, როგორ მოიქცევიან ევროპის ქვეყნები, რომლებიც უკვე ცდილობენ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. ასევე საინტერესოა, როგორ განვითარდება ნატოს საკითხიც. ვფიქრობ, ევროპელებს მოუწევთ საკუთარ უსაფრთხოებაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება. ევროკავშირმა უნდა შეძლოს, რომ იყოს არა მხოლოდ უძლიერესი ეკონომიკური ბლოკი, არამედ ძლიერი გეოპოლიტიკური მოთამაშე. ამის პირველი ნიშნები უკვე ჩანს.

- შეიძლება ითქვას, ჩვენთან ყველაზე დიდი გამოხმაურება მაინც მოჰყვა ჩანაწერს ნატოზე, რომელშიც ლაპარაკია, რომ აუცილებელია უარი ითქვას "მუდმივად გაფართოებად ალიანსად" მის აღქმაზე...

- ეს ფრაზა, ვფიქრობ, უფრო მიმართულია უკრაინისკენ, თუმცა აშკარაა, რომ საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით ეს ჩანაწერი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა, საქმე ისაა, როგორც ჩვენ, ისე უკრაინას მიღებული გვაქვს უკვე პირობა, რომ გახდებიან ნატოს წევრები. აქედან გამომდინარე, სურვილისა და პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ამგვარი მიდგომა ჩვენზე შეიძლება არც გავრცელდეს.

- დასასრულ, რუსეთ-უკრაინის ომსაც მინდა ორიოდე სიტყვით შევეხოთ. რას ფიქრობთ მისი დასრულების შესაძლებლობაზე? მოგეხსენებათ, ამისთვის ტრამპის ადმინისტრაციამ მორიგი რაუნდი წამოიწყო, აშშ-ის პრეზიდენტმა კი ახალი ვადაც დათქვა ამ შეთანხმების მისაღწევად - მომავალი შობა...

- ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევა დასაფასებელია, თუმცა 25 დეკემბრამდე მშვიდობის მიღწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. უბედურება ის არის, რომ რუსეთს არ სურს გრძელვადიანი მშვიდობა. ბურთი და მოედანი იყო და დღესაც არის რუსეთის მხარეს. რუსეთმა დაიწყო ომი და მას რომ სურდეს, ერთ დღეში შეუძლია სისხლის ღვრის შეჩერება.