რა მოხდა აშხაბადში?! - საქართველო რეგიონული ინტერესების გზაჯვარედინზე - კვირის პალიტრა

რა მოხდა აშხაბადში?! - საქართველო რეგიონული ინტერესების გზაჯვარედინზე

აშხაბადში გამართულ "მშვიდობისა და ნდობის ფორუმში", რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30-ე წლისთავს ეძღვნება, საქართველოს პრემიერის მონაწილეობამ ქვეყანაში აჟიოტაჟი გამოიწვია. ამის მიზეზად კი ამ ფორუმში პუტინის მონაწილეობა სახელდება. თუმცა, თუ ცოტა ხნით გვერდით გადავდებთ ამ ფაქტორს, მით უმეტეს, რომ ის ამ ფორუმზე­ არც მასპინძელი იყო და არც ინიციატორი, გამოჩნდება, რომ ეს ფორუმი საქართველოსთვის მხოლოდ საიუბილეო ღონისძიება არ არის. ეს არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა რეგიონული გეოპოლიტიკური გადალაგების ფონზე, თუნდაც "შუა დერეფნის" პერსპექტივის თვალსაზრისით.

თურქმენეთს აქვს ბუნებრივი აირის მსოფლიო მარაგების დიდი ნაწილი. რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად ევროპის მიერ ენერგორესურსების დივერსიფიკაციის ცდებმა ცენტრალური აზია და კასპიის ზღვის აუზი სტრატეგიულ პრიორიტეტად აქცია. შესაბამისად, საქართველოს ამ ფორუმში მონაწილეობას რამდენიმე მნიშვნელოვანი სარგებელი აქვს: ენერგეტიკული უსაფრთხოება და ტრანზიტი - თურქმენული გაზის ტრანსპორტირება აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით (ე.წ. ტრანსკასპიური მილსადენის პროექტი). ეს საქართველოს აქცევს არა მხოლოდ მომხმარებლად, არამედ ევროპის ენერგოუსაფრთხოების გარანტორად; ლოჯისტიკური ჰაბის სტატუსი - ფორუმზე დასწრება აძლიერებს­ კავშირებს ყაზახეთთან, უზბეკეთსა და თურქმენეთთან, რაც ზრდის ტვირთბრუნვას საქართველოს პორტებსა (ფოთი, ყულევი,­ ანაკლიის პერსპექტივა) და რკინიგზაზე; პირდაპირი კომუნიკაცია - მაღალი დონის შეხვედრები ლიდერებთან, მაგალითად, თურქეთის ან უზბეკეთის პრეზიდენტებთან, იძლევა ორმხრივი ეკონომიკური პროექტების დაჩქარების შესაძლებლობას. საერთო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში აშხაბადის ფორუმი შეიძლება იქცეს საფუძვლად "ახალი აბრეშუმის გზის" რეალური კონტურებისთვის.

თუმცა არის რისკებიც, რაც რუსულ ფაქტორს უკავშირდება, უპირველესად კი იმ თვალსაზრისით, რომ ამ ფორუმში რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობა და კრემლის მზარდი ინტერესი ცენტრალური აზიის მიმართ ქმნის პოლიტიკურად არცთუ მიმზიდველ გარემოს. აქ შემოდის მეორე მთავარი საკითხი, როგორ გადაწონის კობახიძის მონაწილეობის პოტენციური შედეგები ამ რისკებს, რაც, წესით, მალე გამოჩნდება... თურქმენეთი, ერთი მხრივ, უდიდესი რესურსების მქონე, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩაკეტილი ქვეყანაა. ამას ემატება აზერბაიჯანის ინტერესები, რადგან, ცხადია, ნებისმიერი ქვეყანა საკუთარი რესურსის უკონკურენტოდ გამოყენებას შეეცდება. ამ ვითარებაში კი, როდესაც ფორუმს ესწრებოდა ნატოს წევრი თურქეთის პრეზიდენტიც, რომელიც ასევე დაინტერესებულია აზიური ენერგორესურსების ევროპაში გატარებით, საქართველოს პრემიერის ამ ფორუმზე დასწრება, უმნიშვნელო არ არის. რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამ ფორუმს საქართველოსთვის, ამ საკითხზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორ თორნიკე­ შარაშენიძეს­ ვესაუბრებით.

sharashenize.jpg

- უნდა გვახსოვდეს, რომ საქმე ეხება შუა აზიას, ამ ხალხის კულტურა კი ცოტა განსხვავებულია. აზიაში პირადი ურთიერთობები ბევრ რამეს წყვეტს - ეს ცერემონიალები, პროტოკოლები, მათთან საჭიროა მეტი დროის გატარება. საქართველოს აქვს ერთ-ერთი სიმდიდრე - გეოგრაფია. ტრანზიტული ფუნქციის გამყარება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და შუა დერეფანიც­ ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო მეტი გაზი, ნავთობი, ტვირთი გაივლის საქართველოზე, მეტი ხეირია, ხომ? მით უმეტეს, ოდესმე ხომ გაიხსნება ზანგეზურის დერეფანი, იქნება სხვა რაღაცებიც, რაც, ცხადია, შეამცირებს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას. ხომ ვნახეთ, ორი კვირის წინ აზერბაიჯანმა რა ამბავი­ აგვიტეხა. ეს ნიშნავს, რომ საქართველომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს შუა აზიას, რათა იქიდან წამოსულმა ტვირთებმა ჩვენს ტერიტორიაზე გაიაროს. ცხადია, მარტო ჩვენზე ვერ გაივლის. ვერ ვიქნებით მონოპოლისტები მას შემდეგ, რაც შერიგდებიან აზერბაიჯანი და სომხეთი, მაგრამ ჩვენზეც რომ გავიდეს, ამისთვის მუშაობაა საჭირო. ზღვა გვაქვს, ბოლოს და ბოლოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

- როგორია თურქეთის როლი ამ ენერგორესურსების გატარებაში?

- ტვირთები და ენერგორესურსები შეიძლება ჩვენგან გავიდეს თურქეთზე ან შეიძლება ჩვენგან პირდაპირ ზღვით გავიდეს მსოფლიო ბაზარზე. თურქეთი იმხელაა, მასთან ბრძოლა სიგიჟე იქნება, მით უმეტეს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პირველი ორი დიდი პროექტი - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზრუმი - თურქეთის გავლით გადის. თავის დროზე, ამან აქცია საქართველო სატრანზიტო­ ქვეყნად. როგორ შეიძლება ახლა თურქეთთან ჭიდაობა? თუ მოხერხდება, რაღაც წილი პირდაპ­ირ შავი ზღვით გავიდეს, ძალიან კარგი იქნება.

- თურქეთის როლში­ ვიგულისხმე პოზიტიური კონტექსტი აზერბაიჯანთან ურთიერთობების "დალაგების" თვალსაზრისით.

- ხომ შეხვდა ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს? ასე რომ, იმედია, არ გაგრძელდება­ ეს ამბავი. ისიც უნდა აღინი­შნოს, რომ თურქეთს­ არ აწყობს ახლა დაძაბუ­ლ­ობა საქართველო-აზერბაიჯანს შორის და როგორც ვიცი, თურქები გამოდიან მოწოდებით, დაჩქარდეს აზერბაიჯანისა და სომხეთის შერიგება. ეს არის ქვეყანა, რომელსაც უფრო დიდი სატრანზიტო პოტენციალი აქვს და აქედან გამომდინარე, ის დაინტერესებულია მშვიდობითა და თანამშრომლობით რეგიონში და არ აწყობს კონფლიქტი მეზობლებს შორის.

- კობახიძის ჩასვლა აუცილებელი იყო თუნდაც სამომავლო პერსპექტივისთვის, რადგან იქ იყო პუტინი?

- სამ-ოთხ დღეში პუტინთან ფოტო ყველას დაავიწყდება. სამაგიეროდ, დარჩება საუბრები ყაზახეთის, თურქმენეთის ლიდერებთან და ურთიერთობები, რაც ძალიან გვჭირდება. პუტინი ვინც არის, გასაგებია, მაგრამ თუ მე შანსს დავკარგავ იმის შიშით,­ იქ პუტინი იქნებაო, და არ დაველაპარაკები იმ ხალხს, ვინც მჭირდება, რუსეთის ინტერესების უფრო მეტად გატარება არ გამოვა?

- უკრაინამ ამ კვირაში ორი მნიშვნელო­ვანი ნაბიჯი გადადგა - დაიბრუნა კუპიანსკი, რომელიც პუტინმა ცოტა ხნის წინ აღებულად გამოაცხადა, და ზელენსკიმ თქვა, რომ არჩევნებზე თანახმაა. ეს ზელენსკის რა მანევრია?

- თუ ჩაატარებს არჩევნებს, არის შანსი,­ რომ ამერიკის ზეწოლა შესუსტდეს და კიდევ გააგრძელონ ომი. თუ ამერიკის ზეწოლა გაიზრდება და უკრაინა არაფერს დათმობს, შეიძლება ამერიკამ შეწყვიტოს სადაზვერვო მონაცემების მიწოდება და უკრაინას ბრმად მოუწევს ომი. ამ მხრივ ამერიკას ევროპული სახელმწიფოები ვერ ჩაანაცვლებენ.

- ბოლო დღეებში უკრაინა-ამერიკის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა, მაშინ როდესაც ევროპელები გააქტიურდნენ. ტრამპმა ისიც კი თქვა, ზელენსკის შეთანხმების გეგმა არა აქვს წაკითხულიო. ასეთი გადაქაჩვა-გადმოქაჩვა მოლაპარაკებების პროცესზე რა გავლენას ახდენს?

- უკვე მერამდენე წრეზე მიდიან, რაღაცაზე მოილაპარაკებენ ამერიკა-რუსეთი­, ეს პირობები კი არ მოსწონს უკრაინას და მიდის ევროპელებთან.­ ევროპელები ეუბნებიან, ჩვენ ამერიკას დაველაპარაკებითო. ელაპარაკებიან ამერიკას, შეასრულებინებენ რაღაც პირობებს და ხელახლა იწყება ყველაფერი. ამ დროს გრძელდება საომარი მოქმედებები. დღეს კუპიანსკთან ჰქონდა უკრაინას წარმატება, მაგრამ, ვფიქრობ, ის მხოლოდ ტაქტიკურია, რადგან უკრაინას არ შეუძლია სერიოზული­ გარღვევა მოახდინოს ფრონტზე. იგებს ის, ვისაც­ მეტი რესურსი აქვს. კი, რუსეთი ძალიან ნელა მიიწევს წინ, მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - უკრაინის ტერიტორიის 1%-იც კი დიდი ტერიტორიაა - ეს ერთი. მეორე - ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინის გამაგრებულ რაიონებში, მიმდინარეობს ბრძოლები ფორტიფიკაციებთან. აი, ისინი თუ გაარღვია რუსეთმა, მერე გაცილებით რთული იქნება უკრაინისთვის რუსეთის შეკავება.

- გეგმის ბოლო ჩასწორებულ ვარიანტში,­ ლაპარაკია ფრონტის ხაზზე ბუფერის შექმნაზე - ანუ ჯარი უნდა გაიყვანოს რუსეთმაც­ და უკრაინამაც. ამაზე წამსვლელია რუსეთი?

- არ არის წამსვლელი, რადგან კრემლი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან აიღებენ დონეცკს. დონეცკის აღება ნიშნავს, რომ ფორტიფიკაციებსაც აიღებენ და მერე უკვე გაცილებით რთული იქნება მათი გაჩერება. დონეცკი თუ აიღეს, მაშინ უფრო მძიმე პირობებს წაუყენებენ უკრაინას.

- რუსეთის პოზიცია გასაგებია - ახლაც­ რომ დაიდოს შეთანხმება, მისთვის მომგებიანია,­ ხოლო რაც უფრო გადაიწევს, მისთვის უფრო მომგებიანი იქნება. უკრაინის მხრიდან თუ შევხედავთ, გასაგებია, რომ ტერიტორიების დათმობა არ უნდა, მაგრამ დრო რის იმედზე გაჰყავთ?

- ძნელია, ასეთ სიტუაციაში ხელი მოაწერო შეთანხმებას, რომლითაც ჩააბარებ ტერიტორიებს. კაცმა ამდენი რამ გაიღო, თავისი სიცოცხლე, რეპუტაცია დადო სასწორზე და თავიდან ეგონა, გამარჯვებული იყო. მხოლოდ მას კი არა, ნახევარ მსოფლიოს. იმედი არსებობდა, მაგრამ მერე ყველაფერი სხვანაირად შეტრიალდა.

- არჩევნები იქნება გამოსავალი მისთვის?

- კი, შეიძლება იყოს. თუ წააგებს არჩევნებს, წავა და მერე სხვას მოუწევს ხელის მოწერა. შეიძლება ამას ფიქრობს კიდეც.

- მედიაში იწერება, რომ მოსახლეობის დაახლოებით 70% უჭერს ზელენსკის მხარს.

- თუ კიდევ მოგებას აპირებს, მაშინ იგივე გაგრძელდება. უბრალოდ, იტყვის, აჰა, ჩავატარე არჩევნებიო, ამერიკისგან კრიტიკას აღარ მიიღებს, მაგრამ ეს ბრძოლის ველზე შეცვლის ვითარებას?

- ევროპისთვის რას ცვლის, ერთი ვარიანტიც და მეორეც - ახლა დაიდება შეთანხმება თუ მერე, ვთქვათ, მომავალ წელს?

- ევროპის მეინსტრიმი ამბობს, რომ უნდა მოემზადონ რუსეთთან ომისთვის და ამისთვის დრო სჭირდებათ - ანუ ეს ხსნის­ იმას, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს ომი, რათა მათ ჰქონდეთ დრო რუსეთის დასახვედრად. არ ვიცი, ნამდვილად აპირებს თუ არა რუსეთი თავდასხმას ევროპაზე. თუ მათ სჯერათ ამისი, შეიძლება დაზვერვის რაღაც მონაცემები აქვთ და ა.შ., თუმცა იმავე ევროპაში ბევრს არ უნდა ომისთვის მზადება რუსეთთან, რადგან ფიქრობენ, რომ რუსეთი არ აპირებს თავდასხმას. შეიძლება რუსეთმა ბალტიისპირეთი დატესტოს, მაგრამ, ჩემი აზრით, თუ ამერიკელი ჯარისკაცები იდგებიან ბალტიისპირეთში, მაშინ რუსეთი ვერ გაბედავს თავდასხმას.

- ამერიკის პირდაპირი განცხადება, რომ ნატო ვეღარ გაფართოვდება, სამომავლო უსაფრთხოებაზე რა გავლენას მოახდენს.

- 2008 წლის შემდეგ არ მჯეროდა არასოდეს, რომ ნატოში ჩვენი ინტეგრაცია რეალური იყო. ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა, აქ ამერიკული სამხედრო ბაზა გახსნილიყო, მაგრამ ტრამპი ამას არ იზამს! უკრაინაში ომის დაწყებამდე ალიანსივით რაღაც რომ იქმნებოდა, უკრაინა-ინგლისი-პოლონეთის მონაწილეობით და აქ ატყდა ისტერიკა, ჩვენ სად ვართო. ის ალიანსი ვიღას ახსოვს, ან ამ ქვეყნიდან რომელია ჩვენი რუსებისგან დამცავი? პოლონური ჯარი ჩადგება, ინგლისური თუ უკრაინული, რომ რუსებისგან დაგვიცვას.

- ნატოს გაფართოების შეჩერება გამოიწვევს თუ არა ნატოს საერთოდ დაშლას.

- ნატო რეალურად ამერიკაა და არა მგონია, ის ახლა ნატოდან გავიდეს. ასე რომ, ნატოს დაშლა არ მეჩვენება რეალისტურად. როგორც ჩანს, ახლა არის ამ სცენარის შიში ევროპაში, ვაითუ დაესხას თავს რუსეთი ბალტიისპირეთს, ამერიკამ ყური არ შეიბერტყოსო და ასეთ შემთხვევაში არ იმუშავებს მეხუთე მუხლი. მაშინ იქ ყველაფერი დამთავრებული იქნება.

რუსა მაჩაიძე