"რუსების დაკრულზე ქართულად ცეკვა შეუძლებელია"
როგორია წინააღმდეგობის მოძრაობის შესაძლებლობები და რა პირობების შესრულებაა აუცილებელი რეალური პოლიტიკური ცვლილებისთვის, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "თავისუფლების მოედნის" ლიდერი ლევან ცუცქირიძე საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს.
- ძალაუფლებასა და ფულზე შეშლილი ხელისუფლების საპირწონედ დგას დემოკრატიული წინააღმდეგობა, რომელიც გადის ერთგვარი ადაპტაციის ეტაპს და სწავლობს იმ გამოცდილებაზე, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უწყვეტი და ძალზე მნიშვნელოვანი პროტესტის პროცესში დაგვიგროვდა. ამ ვითარებაში ოპოზიციური პარტიების წინაშე რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა დგას: პირველი - "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოცილება და ეს პირობა დიდწილად უკვე შესრულებულია. გასული წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ხელისუფლების შეცვლა და მისი დემოკრატიული კოალიციით ჩანაცვლება სურს. დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს საკმარისი იქნებოდა, თუმცა საქართველო დღეს ასეთ პირობებში არ არის. ამიტომ საჭიროა დამატებითი პირობების შესრულება, რათა რეალურად შეიცვალოს ხელისუფლება; მეორე - მნიშვნელოვანი პირობაა, რომ საზოგადოებამ დაიჯეროს პოლიტიკური ბრძოლის გზა, რომელსაც "თავისუფლების მოედანი" და ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი უჭერს მხარს. აუცილებელია გაჩნდეს და გაძლიერდეს რწმენა, რომ მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლით შესაძლებელია შედეგის მიღწევა. შემდეგი პირობაა ალტერნატივის დანახვა, საზოგადოებამ უნდა დაინახოს ძლიერი და სანდო ძალა, რომელიც მისთვის მისაღები იქნება ხელისუფლებაში. მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ იცოდნენ, ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა მოვიდეს, არამედ ჰქონდეთ მკაფიო წარმოდგენა, თუ რა შეიცვლება ქვეყანაში. ეს ცვლილება არ უნდა იყოს მხოლოდ სახელებისა და გვარების შეცვლა, ის უნდა იყოს სწრაფი და სისტემური. ერთი მხრივ, უზრუნველყოს დაცვა იმ პროცესებისგან, რაც დღეს ხდება, ხოლო მეორე მხრივ, არ დაუშვას უდანაშაულო ადამიანებზე პოლიტიკური შურისძიება. ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი პირობაა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის შენარჩუნება და გაძლიერება საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად. საზოგადოების მოთხოვნაა ცვლილება, საერთაშორისო მხარდაჭერაც არის, თუმცა ეს არ არის საკმარისი. საჭიროა მეტი ძალისხმევა და სწორედ ამ მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს ჩვენ, "თავისუფლების მოედანი", და ვფიქრობთ, იგივე უნდა გააკეთონ სხვა ოპოზიციურმა ძალებმაც.
- ერთ-ერთ გამოწვევად ხშირად სახელდება ოპოზიციონერ ლიდერებს შორის დაპირისპირება, რომელიც ზოგ შემთხვევაში კრიტიკის ფარგლებს გაცდენილია. რამდენად ხედავთ ამ ვითარებაში კონკრეტულ სტრატეგიაზე შეთანხმების შესაძლებლობას და თუ ეს შეთანხმება ვერ შედგა, რეალურია თუ არა არსებულ პირობებში ხელისუფლების დამარცხება?
- ის ფაქტი, რომ ამ ბრძოლაში არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატებას, ჩემი აზრით, ჩვენი სისუსტე კი არა, სიძლიერეა. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი, რომელმაც აჩვენა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი მუშაობითა და მჭიდრო თანამშრომლობით შეძლეს, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობამ მონაწილეობა არ მიიღო და შედეგად "ოცნებამ" კატასტროფული შედეგი აჩვენა.
- თუმცა საბოლოოდ მაინც "ქართულმა ოცნებამ" მოიგო არჩევნები.
- "ქართულმა ოცნებამ" რეალურად გამარჯვება გაიფორმა და ესეც უკიდურესად მყიფეა, რადგან არჩევნები თავად ხელისუფლებამ გამოაცხადა ნდობის რეფერენდუმად. მიუხედავად ამისა, კახა კალაძემ, რომელიც მათი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია თბილისში, მიიღო თბილისელი ამომრჩევლების დაახლოებით 20 პროცენტის მხარდაჭერა, თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ მაჩვენებელშიც მნიშვნელოვანი იყო იძულების ფაქტორი. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ კოორდინირებული საქმიანობა შესაძლებელია და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. "თავისუფლების მოედანმა" პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო მოძრაობებსა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს შევთავაზეთ საგარეო პოლიტიკის საბჭოს შექმნა, რათა საგარეო არენაზე ერთობლივად მუშაობა და კოორდინაცია გავაძლიეროთ. მთელ რიგ საკითხებში თანამშრომლობა უკვე არის, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ხედვები ბუნებრივია. სწორედ ამ ლოგიკით შევიმუშავეთ "თავისუფლების მოედნის" ათპუნქტიანი გეგმა - ხედვა იმისა, თუ როგორ წარმოგვიდგენია სამომავლო ბრძოლა. ვისაც ეს გეგმა მოსწონს და იზიარებს, მათთან მჭიდროდ ვიმუშავებთ; ვისაც განსხვავებული ხედვა აქვს, ამის გამო არავის ვლანძღავთ. ჩვენი პოლიტიკა სწორედ ამ პრინციპებზე დგას. ჩვენ არ ვითანამშრომლებთ ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც ქადაგებენ სიძულვილსა და შეუწყნარებლობას. არ ვითანამშრომლებთ პრორუსულ და პროკრემლისტურ პოლიტიკურ ძალებთან, ასევე იმ პარტიებთან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ბრძოლაში რაიმეს მიღწევა შესაძლებელია პრინციპებზე უარის თქმის გზით. გარდა ამისა, არ ვთანამშრომლობთ პარტიებთან, რომლებიც "ქართული ოცნების" სატელიტებად გვევლინებიან. ჩვენ ვთანამშრომლობთ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც ჩვენს ხედვას იზიარებენ ან კონკრეტულ საკითხებზე გვაქვს თანხვედრა. მაგალითად, ბოიკოტის ორგანიზებისას ვთანამშრომლობდით იმ ძალებთან, რომლებიც ამ იდეას მხარს უჭერდნენ. ასევე, უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ საგარეო პოლიტიკის საბჭოს შეკრებას და ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომლებიც ამ ინიციატივაში ჩაერთვებიან, მზად ვართ თანამშრომლობის გასაგრძელებლად. "თავისუფლების მოედანი" უფრო მჭიდროდ თანამშრომლობს იმ სამოქალაქო და საპროტესტო მოძრაობებთან, რომლებიც "რუსული კანონის" ინიცირების გამო დაწყებული პროტესტიდან წარმოიშვნენ. მათთან ვხედავთ განსაკუთრებულ სიახლოვეს, რადგან ჩვენც პროტესტიდან წარმოშობილი პოლიტიკური ძალა ვართ. ჩვენი ამოცანაა ეს პროტესტის ენერგია გარდავქმნათ პოლიტიკურ ორგანიზაციად და მკაფიო პოლიტიკურ გეგმად.
- ამ პროცესში როგორ ხედავთ სალომე ზურაბიშვილის როლს, მით უფრო, რომ ის პოზიციონირებს როგორც პრეზიდენტი და აცხადებს, რომ აქვს რესურსი გამაერთიანებელი ფუნქციის შესასრულებლად?
- სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს ბოლო ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი და მას მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ, განსაკუთრებით დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ მას ჩართვა საგარეო პოლიტიკის საბჭოში და თანამშრომლობა ამ ფორმატში. ზოგადად, ყველა ადამიანი, რომელიც ამ ბრძოლაში მონაწილეობს, ღირებულია, იქნება ის სალომე ზურაბიშვილი თუ ის მოქალაქეები, რომლებიც ყოველდღიურად დგანან რუსთაველის გამზირზე.
- პრემიერმა განაცხადა, რომ 20 ივნისსა და სამართალდამცავი სტრუქტურების მაშინდელი ხელმძღვანელების მოქმედებაზე, მათაც აქვთ კითხვები და სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განაახლეს გამოძიება. როგორ გესახებათ გიორგი გახარის ადგილი დღევანდელ პოლიტიკურ სურათში.
- გიორგი გახარია ამ ხელისუფლების ნაწილი იყო და მონაწილეობდა იმ სისტემის, იმ მონსტრის შექმნაში, რომელიც საბოლოოდ მას თავადვე შეუტრიალდა. ეს გადაწყვეტილება ვერ მოეწონებოდა "ქართულ ოცნებას", თუმცა ისინი ცდილობენ პროპაგანდაში ისე წარმოაჩინონ, თითქოს კმაყოფილები არიან და ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური იარაღად იყენებენ. რეალურად, ეს გადაწყვეტილება "ქართულ ოცნებას" ავალდებულებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, მათ შორის ახალი რეგულაციებისა და კონტროლის დაწესებას დემონსტრანტების წინააღმდეგ სხვადასხვა საშუალებისა და მეთოდის გამოყენებისას. ეს საბოლოოდ ერთი პირის პასუხისმგებლობა არ არის. პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ გიორგი გახარიას, არამედ მთლიანად იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც მაშინ იყო და ახლაც ძალაუფლების სათავეშია. თავად "ქართული ოცნება" ამბობს, რომ ერთი გუნდია და ამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ადამიანს ისე არ უყვარდეს საკუთარი მოქალაქე, რომ მის წინააღმდეგ ქიმიური საშუალებების გამოყენება გაბედოს. რამდენად განსხვავებული შეხედულებებიც არ უნდა გვქონდეს, რამდენადაც არ უნდა ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, ის ხომ შენი თანამოქალაქეა. გაბრაზებული ახალგაზრდა, რომელიც ქუჩაში გამოდის, იმსახურებს საუბარს, მოსმენას, დიალოგს და არა ძალადობას, რუსული პოლიციური მეთოდების ან ქიმიური საშუალებების გამოყენებას. მაღალი ალბათობით, ის, რაც ბი-ბი-სიმ აჩვენა, რეალობას შეესაბამება და თუ მართლაც ქიმიური საშუალებები გამოიყენეს, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცებმა იცოდნენ, რა ხდებოდა რუსთაველზე, სადაც ბავშვები სკოლაში დადიან, სადაც ადამიანები გადაადგილდებიან და ამის შემდეგ იმავე ტერიტორიაზე საკუთარი მომხრეების შვილებს ნაძვის ხეზე ეპატიჟებოდნენ, მოწამლული ჰაერის სასუნთქად. ეს აჩვენებს, რომ მათთვის არც საკუთარი მომხრეები წარმოადგენენ რაიმე ღირებულებას.
- ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბი-ბი-სის რეპორტაჟი უკიდურესი პოლიტიკური მიკერძოებით გამოირჩევა და მმართველი გუნდის პოზიციების იგნორირებას ეფუძნება.
- თუ "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ სიმართლეს ამბობს, რატომ არ იწვევს საერთაშორისო გამოძიებას? მათ ადგილზე მე პირველი ვიქნებოდი, ვინც საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავდა და თავად დავიწყებდი გამოძიებას, რათა დამემტკიცებინა როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ისე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებისთვის, რომ მართლები არიან. რეალობა სრულიად სხვაა, მათ იციან, რომ რაღაც ძალიან ცუდი გააკეთეს და სწორედ ამიტომ არ უნდათ საერთაშორისო გამოძიება. პრემიერი კობახიძე იმასაც ამტკიცებს, რომ აშხაბადში ვიზიტით საერთაშორისო პლატფორმა გამოიყენა, ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გააკეთა განცხადება, მაგრამ ეს სიმართლე ხომ არ არის? დიახ, საქართველოს უნდა ჰქონდეს ურთიერთობები იმ მრავალ სახელმწიფოსთან, რომლებიც ამ ფორუმზე იყვნენ წარმოდგენილი. იქ იყვნენ ჩვენი მეზობლები და მნიშვნელოვანი პარტნიორები, რუსეთის გარდა. თუმცა, როდესაც ჩადიხარ ისეთ ფორუმზე, რომელსაც ესწრება ოკუპანტი სახელმწიფოს პრეზიდენტი, ოკუპაცია უნდა იყოს შენი მთავარი სალაპარაკო თემა. უნდა საუბრობდე დევნილებზე, ათასობით გაწამებულ ადამიანსა და იმ ეთნიკურ წმენდაზე, რომელიც ქართველების წინააღმდეგ განხორციელდა. თურქმენეთთან ან სხვა ქვეყნებთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბარი სხვა საკითხია და ამაზე არავინ დაობს. "თავისუფლების მოედანი" ვთვლით, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს მჭიდრო ურთიერთობები როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ისე სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ ბევრად მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთთან მჭიდროდ იყოს დაკავშირებული და რეალურად აძლიერებდნენ ერთმანეთს, ნაცვლად იმისა, რომ აზერბაიჯანულ ტვირთებს ხელოვნურად შეუქმნან ბარიერები ან სომხური საზღვრებზე შეაფერხონ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პრორუსული პოლიტიკა, რომელსაც "ქართული ოცნება" ატარებს, საქართველოს გეოპოლიტიკურ ყულფში აქცევს. შედეგად, ქვეყანა შორდება ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს, რომლებიც რუსეთის ალტერნატიულ ბაზრებს ეძებენ, და იმავდროულად, აზიანებს ურთიერთობებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი სჭირდებათ რუსეთის გავლენის დასაბალანსებლად.
ხათუნა ბახტურიძე