ახალი აკრძალვები და ტელემედიების ძველი პრობლემები - კვირის პალიტრა

ახალი აკრძალვები და ტელემედიების ძველი პრობლემები

პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტიკა პროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული შეზღუდვები საფეხმავლო გზებზე გამართულ აქციებზე გავრცელდა. საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით 79 ხმით მიიღეს (9 წინააღმდეგი).

ვნახოთ, რა წერია კანონში:

"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში მორიგ ჯერზე განხორციელებული ცვლილების მიხედვით, დგინდება შს სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. ამასთან, სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, კანონში იწერება, რომ დაუშვებელია ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე დაუშვებელი ხდება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციითა და საგნებით გადაკეტვა... შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზატორს ეკისრება ვალდებულება, შეკრებისა ან მანიფესტაციის თაობაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად, შინაგან­ საქმეთა სამინისტრო გააფრთხილოს. გაფრთხილების მიღების შემდეგ, შსს-ს ენიჭება უფლებამოსილება, შეკრებისა ან მანიფესტაციის ორგანიზატორებს შესთავაზოს შეკრების ჩატარების ადგილისა და სვლაგეზის ცვლილება­ იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლის, რომ შეთავაზებული შეკრების ფორმა, ჩატარების ადგილი ან სვლაგეზი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ორგანოებს, საწარმოებს­, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ტრანსპორტის ნორმალურ მუშაობას და ასევე, ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას".

თუ სპონტანური ან არასპონტანური შეკრე­ბის მონაწილეების შს სამინისტროს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილზე ან სვლაგეზზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ დათანხმდებიან და შეკრება ან მანიფესტაციას მაინც იმ ადგილას ჩაატარებენ, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორს - 20 დღემდე ვადით. ანალოგიური ქმედების განმეორებით ჩადენისთვის მონაწილეს ან ორგანიზატორს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სსკის 347-ე მუხლით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.

"თუ შეკრება ან მანიფესტაცია გაფრთხილების მომენტში სხვათა უფლებებს არ არღვევდა, მაგრამ უფლებების დარღვევაში გადაიზარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ პირებს გააფრთხილებს და ეტყვის, რომ მათი აქცია სხვათა უფლებებს ლახავს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში აქციის შეწყვეტა არ მოხდება, მაგრამ პირები ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დაექვემდებარებიან. იმავდროულად, იმ შემთხვევაში, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეები გზას მასობრივად გადაკეტავენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ გააფრთხილებს, 15 წუთს მისცემს იმისათვის, რომ კანონდარღვევა­ აღკვეთონ, ხოლო თუ 15 წუთის განმავლობაში კანონდარღვევა არ აღიკვეთება ანუ სავალი გზა არ გათავისუფლდება, აქცია მთლიანად კანონგარეშედ ჩაითვლება. შესაბამისად, მიღებული იქნება გადაწყვეტილება აქციის შეწყვეტის თაობაზე და აქციის თითოეულ მონაწილეს დაუდგება პასუხისმგებლობა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, რაც არის ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა - ერთ წლამდე ვადით. ის პირები, რომლებიც არამასობრივად გადაკეტავენ გზას და გადავლენ სავალ ნაწილზე, დაექვემდებარებიან შესაბამის პასუხისმგებლობას, ხოლო აქციის სხვა მონაწილეებს, რომლებიც არ ბლოკავენ ტრანსპორტის სავალ გზას ან არ აფერხებენ ხალხის გადაადგილებას, ან არ ლახავენ სხვათა უფლებებს, რა თქმა უნდა, არავითარი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ და კანონის დაცვით შეძლებენ თავიანთი პროტესტი დააფიქსირონ", - განაცხადა დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისას.

ვნახოთ, რას ამბობს საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 21. შეკრების თავისუფლება.

1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.

2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.

3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.

როგორც ხედავთ, საქართველოს მთავარი კანონი ითვალისწინებს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობას. თუმცა იბადება კითხვა - კონკრეტულად როგორ აღსრულდება კანონი. ბევრი ხალხი ტროტუარზე, რა თქმა უნდა, ქმნის დაბრკოლებას, თუმცა ეს "ბევრი" საქართველოში უკვე სუბიექტური ცნება გახდა. კერძოდ, შესაძლოა ხალხის რაოდენობა აქციის მონაწილეებისთვის "ბევრი" იყოს, პოლიციისთვის­ კი "ცოტა".

რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, რომ შსს-ს უფლება აქვს შეკრების მონაწილეებს განუსაზღვროს სვლაგეზი და შეკრების ადგილი - მაგალითად, შსს-მ რომ უთხრას აქციის მონაწილეებს, რუსთაველზე კი არა, ვაკის პარკში ან გლდანში შეიკრიბეთო?! დიდი ალბათობით, ადმინისტრაციული დაკავებებისა და ჯარიმების ახალ სერიალს ვნახავთ.

კრიზისის მიზეზთან არის ბრძოლა საჭირო და არა ფორმებთან. აქციები სულ რომ შეწყდეს, ეს არ ნიშნავს, რომ უკმაყოფილება გაქრა. "დენთის კასრზე" ცხოვრებით კი, უკვე ძალიან დავიღალეთ.

რა ხდება ტელემედიებში?!

"მთავარი არხი" რამდენიმე თვის წინ დაიხურა. არსებული ინფორმაციით, მძიმე ფინანსური კრიზისია "ტვ პირველსა" და "ფორმულაში". ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები ბიზნესს მოუწოდებენ, დაეხმარონ ტელემედიას (ანუ რეკლამა მიიტანონ). სამწუხაროდ, ეს ასე არ მუშაობს...

სტატია 2023 წლის მარტში გამოქვეყნდა, როდესაც არ იყო ასე მძიმე პოლიტიკური კრიზისი და ტელემედიებიც ფინანსურად ჯერ კიდევ მყარად იდგნენ ფეხზე. სამწუხაროდ, ჩვენი ორი წლის წინანდელი წერილი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა:

"მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს გარეთ გეოპოლიტიკური რყევებია, შიგნით კი დაუსრულებელი პოლარიზაცია. გარდა ამისა, სოცქსელების განვითარებამ განსაკუთრებით გაზარდა ობიექტური ინფორმაციის ფასი, რადგან სოცქსელებში ხშირად ისეთი დახვეწილი ფეიკნიუსი ვრცელდება, რომ მოქალაქე ძალიან ადვილად შეიძლება მოტყუვდეს. თუმცა თუ ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი და ობიექტური მედია, ადამიანს ფეიკნიუსის გადამოწმება ძალიან ადვილად შეუძლია.

ონლაინმედია სწრაფი ტემპებით ვითარდება, თუმცა კიდევ დიდხანს ტელემედიის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ორჯერ ორი ოთხია, რომ მაყურებლისთვის ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაციის/ანალიზის მიწოდება შეუძლია მხოლოდ დამოუკიდებელ და თავისუფალ მედიას. ელემენტარული ბიზნესმოდელია - მომხმარებელს თუ არ მიაწვდი ხარისხიან პროდუქტს (ამ შემთხვევაში, მედიაპროდუქტს), მას დაკარგავ, შესაბამისად, შეგიმცირდება შემოსავლები, საზოგადოებაში წონა აღარ გექნება და ა.შ.

თუმცა საქართველოში მთავარი პრობლემა ის არის, რომ მედიის გამორჩეული­ სახეობის - ტელემედიის დიდი ნაწილი პოლიტიზებულია, პოლიტიკური მხარეების (ხელისუფლება და ოპოზიცია) დანამატია, კომერციული ინტერესი კი მეორე თუ მესამე პლანზეა გადაწეული. ტელემედიის დიდი ნაწილის მუშაობაში მთავარი პოლიტიკური კონტექსტია და არა კომერციული.

პოლიტიკურ მხარეებს არ აინტერესებთ ბალანსი ხარჯებსა და შემოსავლებს შორის და ბიზნესგანვითარების სტრატეგია, მათთვის მთავარია პოლიტიკური დღის წესრიგი. შესაბამისად, კონტროლირებად ტელევიზიებში "ასხამენ" არარაციონალურ სახსრებს, აქვთ არაადეკვატურად მაღალი ხარჯები, რომლებიც, როგორც წესი, იზრდება არჩევნების მოახლოებისთანავე. იქ მომუშავე პროფესიონალები ხარისხიანი მედიაპროდუქტის შექმნაზე კი არ ფიქრობენ, არამედ იმაზე, თუ როგორ მოარგონ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები სპონსორ პოლიტიკურ მხარეს. ინფორმაციის მაყურებლისთვის მიწოდება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამს მოვლენებს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი.

როდესაც ტელევიზიების მფლობელები­ არხს განიხილავენ როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს და არა ბიზნესს, ძალიან რთულია, მედია იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი.

და რაც მთავარია - როდესაც ჭარბობს პოლიტიკური კონტექსტი და ამას, არცთუ იშვიათად, ობიექტურობა ეწირება, ტელემედია ვერ ასრულებს თავის ძირითად ფუნქციას - საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარება.

გარდა ამისა, ეს აზიანებს მედიაბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პრინციპს. რთულია სატელევიზიო ბიზნესმოდელის შექმნა, როდესაც შენს კონკურენტებს შეუძლიათ პოლიტიკური მიზნებისთვის ათჯერ და ასჯერ მეტი ფულის "გასროლა", რომელსაც შემოსავლის სახით უკან ვერასოდეს ამოიღებენ (და არც აინტერესებთ).

მაგალითად, "პალიტრანიუსის" უკან მძლავრი ჰოლდინგი რომ არ იდგეს "პალიტრამედიის" სახით, რა თქმა უნდა, ტელევიზიას, რომელიც ქვეყნის სწორი გზით განვითარებისთვის აუცილებელია, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად გაუჭირდებოდა ასეთ არაჯანსაღ კონკურენციაში არსებობა. თუმცა სწორედ იმან, რომ ის ბიზნესზეა დამოკიდებული და არა პოლიტიკურ ფულზე, განაპირობა მისი დამოუკიდებლობა და თავისუფლება. რა თქმა უნდა, გაიზარდა საზოგადოებრივი წონაც, რადგან მაყურებელი ხედავს - არხი ყველა პოლიტიკური მხარისთვის გახსნილია, არის მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ობიექტური, განვითარება კი სტაბილური.

პოლიტიკურ ფულზე დამოკიდებულ ტელემედიებს კი სტაბილურობის მხრივ სერიოზული პრობლემები აქვთ. პოლიტიკურმა დაჯგუფებამ თუ ჩათვალა, რომ მას ტელევიზიაში მილიონების ჩაყრა აღარ უღირს, არხი მომენტალურად წყვეტს არსებობას. მაღალ ხელფასს შეჩვეული ათეულობით ჟურნალისტი, ოპერატორი თუ ტექნიკური სპეციალისტი უმუშევრად რჩება. ასე დახურულ ტელევიზიებს, ვეჭვობთ, არაერთს ვნახავთ, სავარაუდოდ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ვისურვებდით, რომ დაჩქარებულიყოს პროცესი, როდესაც მედიაბაზრის ძირითად ნაწილს სწორედ დამოუკიდებელი და თავისუფალი ტელეარხები დაიკავებენ. ამაში გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას ბიზნესმა, რომელიც სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული ქვეყანაში სტაბილურობისა და სამართლიანობის შენარჩუნებაში, ეს ცნებები­ კი პირდაპირ კავშირშია ობიექტურ, დაბალანსებულ და პასუხისმგებლიან მედიასთან".

გიორგი კვიტაშვილი