"ტროტუარზე შეკრების აკრძალვა ანეკდოტურია"
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის აზრით, კანონში ცვლილებები, რომლებიც ტროტუარებზე შეკრება-მანიფესტაციებს კრძალავს, კონსტიტუციის დარღვევაა.
- კონსტიტუციით ნათლად არის განსაზღვრული, რომ მანიფესტაციის ან შეკრების ჩატარებისთვის არ შეიძლება დაწესდეს ნებართვის მოთხოვნა. მაქსიმუმი, რაც შეიძლება გაკეთდეს, თუ შეკრება, მანიფესტაცია იმართება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას, წინასწარ ეცნობოს ხელისუფლებას. მორჩა, ეს არ ნიშნავს ნებართვის აღებას. ეს ნიშნავს თქმას, რომ ვაპირებთ გავმართოთ მანიფესტაცია ამა და ამ ადგილიდან ამ და ამ ადგილამდე, ან ჩვენ ვაპირებთ ჩავატაროთ მიტინგი ამ ადგილას ამა და ამ დროს - ეს საკმარისია. ამას ამბობს კონსტიტუცია: ყველას აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება. კანონით, შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. ეს ნიშნავს, რომ ნებართვის დაწესება, ერქმევა ამას ფორმალურად ნებართვა თუ სხვა რამ, ფაქტობრივად, ნებართვის ტოლფასი იქნება. "შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონში ამ ბოლო ცვლილებებამდეც იყო არაკონსტიტუციური ნორმები. ახლა კი ეს ტროტუარზე შეკრების აკრძალვა საერთოდ ანეკდოტურია. რუსთაველზე დგას სკამები, მივედით და ჩამოვსხედით, რა არის ეს, ჩვენ შევიკრიბეთ და დავარღვიეთ კანონი? ან ვაპირებთ წავიდეთ რუსთაველის თეატრში სპექტაკლზე. ჩვენ ერთად მივდივართ, დავნიშნეთ შეხვედრის დრო და ადგილი, მაგალითად, პარლამენტის ან ცისფერი გალერეის წინ. ჩვენ გარდა, სხვებიც შეუთანხმდნენ ერთიმეორეს და სპექტაკლის დაწყებამდე ტროტუარზე ჯგუფ-ჯგუფად გაჩნდებიან და ამით დავარღვევთ კანონს? როგორ უნდა გაარკვიონ, ჩვენ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ თეატრში წავიდეთ, თუ იმისათვის, რომ პროტესტი გამოვხატოთ? თუ დავიჭერთ პლაკატს და ისე დავდგებით, ხომ გვაქვს ამის უფლებაც კონსტიტუციით? ახლა კი კანონით ამას გვიკრძალავენ!
- რომ გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში?
- სამწუხაროდ, დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოდან გამომდინარე მე ნაკლებად ველოდები, რომ მან მიიღოს კონსტიტუციის შესაბამისი გადაწყვეტილება. უკვე გვაქვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ, ჩემი და არა მხოლოდ ჩემი შეფასებით, მიიღო არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება...
ასეთ შემთხვევაში რჩება საერთაშორისო სასამართლოები, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. ეს გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სტრასბურგის სასამართლოში, ოღონდ ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია. სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისის ამბებზე სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში ექვსი წლის წინ შევიდა - ანუ ექვსი წელიწადი დასჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღებას. დღეს საქართველოს ხელისუფლება არაკონსტიტუციურ რეჟიმში მოქმედებს, ამიტომ კონსტიტუციური მექანიზმები ადამიანის უფლებების დაცვისა, უბრალოდ, აღარ მუშაობს.
- ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ შეცვალონ კონსტიტუციაც?
- დღეს ამის გაკეთება არ შეუძლიათ, რადგან არ არიან პარლამენტში იმ რაოდენობით "ქართული ოცნების" წევრები და, ასე ვთქვათ, ვითომ ოპოზიცია, მათი ჯამური რაოდენობა არ იძლევა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესაძლებლობას. თუ მანამდე არაფერი შეიცვალა, მომდევნო არჩევნებზე ხელისუფლება უკვე მიიღებს ფორმალურად კონსტიტუციურ უმრავლესობას. ფორმალურად-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ იმ არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხიც ფრიად საეჭვო იქნება. შესაბამისად, ის გადაწყვეტილებებიც არალეგიტიმური იქნება, მაგრამ მოგეხსენებათ, ძალა აღმართს ხნავს და სანამ მათ აქვთ ძალაუფლება, მანამდე იტყვიან, რომ ფორმალურად მათ აქვთ კონსტიტუციური უმრავლესობა და კონსტიტუციაში შეიტანენ ნებისმიერ ცვლილებას.
- ხალხი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს. გამოდის, ამ კანონით ბოლოს ყველა ციხეში აღმოჩნდება...
- ჩემი შეფასებით, პროტესტის ხარისხიც არ არის საკმარისად მაღალი, იმდენად დიდი, რომ ამ ხელისუფლებამ იგრძნოს დათმობაზე წასვლის აუცილებლობა. ესეც პრობლემაა. მე არაერთგზის მითქვამს, ეს ჩემი აზრი არ არის, ეს აქსიომაა - კონსტიტუციის დაცვა შეუძლია მხოლოდ ხალხს მაშინ, როდესაც ხელისუფლება არღვევს კონსტიტუციას. თუ ხალხმა ვერ დაიცვა კონსტიტუცია, მაშინ იქნება ამ მდგომარეობაში და უფრო უარესშიც.
- შევეხოთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხსაც. ამ საკითხის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა დაიწყოს.
- მნიშვნელოვანი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აზრი, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ერთი-ორი წევრი. ასე რომ, სასამართლო, ალბათ, მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, როგორიც იქნება ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა... ისევ ყველაფერი იქნება დამოკიდებული ჩვენს თანამოქალაქეებზე, რამდენ ხანს გადავყლაპავთ ამ ყოველდღიურ შეურაცხყოფას, რამდენად შევეგუებით საკუთარი უფლებების შეზღუდვას, ამაზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული. საბოლოოდ მაინც დამარცხდება ხელისუფლება, იქნება დღევანდელი თუ სხვა შემადგენლობით, მაგრამ ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმი, ვერც ერთი და ვერც მეორე, რამდენიმე ათეულ წელზე მეტი ვერ გაგრძელებულა. რომელ ქვეყანაში შენარჩუნებულა უსასრულოდ ან ავტორიტარული, ან დიქტატორული რეჟიმი - არსად!