კუპიანსკის ფრონტიდან საარჩევნო ყუთებამდე  - ზელენსკის ფსონი და უკრაინის ახალი ტაქტიკა - კვირის პალიტრა

კუპიანსკის ფრონტიდან საარჩევნო ყუთებამდე  - ზელენსკის ფსონი და უკრაინის ახალი ტაქტიკა

ბოლო დღეებში რუსული პროპაგანდა კუპიანსკში შეჭრას სტრატეგიულ გარდატეხად აფასებდა, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა რეაგირებამ სურათი შეცვალა. რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა, რომელიც ქალაქის ინდუსტრიულ ზონაში შევიდა, სრულად განადგურებულია. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები წერენ, კუპიანსკის შენარჩუნება სამხედრო თვალსაზრისით ნიშნავს, რომ„უკრაინა აგრძელებს ხარკოვის ოლქის აღმოსავლეთ კარიბჭის მყარად "ფლობას", მეორე მხრივ კი, ეს გამარჯვება მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიურად, რადგან აჩვენებს, რომ რუსეთის რაოდენობრივი უპირატესობა ყოველთვის ვერ სჯობნის უკრაინულ სიმტკიცეს და რაც მთავარია, ამ გამარჯვებით, რაც არ უნდა ტაქტიკური იყოს სამხედრო თვალსაზრისით, დიპლომატიაში ზელენსკის პოზიციებს საკმაოდ გაუმყარებს.

ამ კონტექსტში ასევე მნიშვნელოვანია უკრაინის ბოლო სამშვიდობო წინადადება­, რომლის თანახმად, უკრაინა დონეცკის ოლქიდან სამხედრო ძალების გაყვანას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ პუტინი თავის­ სამხედროებს შესაბამისი დისტანციით გაიყვანს. ამ წინადადებას ამერიკის კრიტიკა მოჰყვა და ტრამპმა ისიც კი თქვა, ზელენსკის­ სამშვიდობო გეგმის ბოლო ვერსია წაკითხული არა აქვსო და რამდენიმედღიანი ვადა მისცა სამშვიდობო შეთანხმებისთვის. ამ ვადაში კი იტალიაში მყოფმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ, თუ უსაფრთხოების გარანტიები იქნება და ფრონტის ხაზი დასტაბილურდება, უკრაინა­ მზად არის 2026 წლის გაზაფხულზე არჩევნები ჩაატაროს. ეს შესაძლოა "პოლიტიკური ბომბი" აღმოჩნდეს რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი - მოსკოვი გამუდმებით ცდილობს ზელენსკის არალეგიტიმურობის“თემაზე პედალირებას. არჩევნების ჩატარება კი, ცხადია, ამ კარტს პუტინს ხელიდან გამოაცლის; მეორე - ის, აშშ, განსაკუთრებით აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ნაწილი, უკრაინისგან ითხოვს­ დემოკრატიული პროცესების უწყვეტობას. ზელენსკის ეს განცხადება კი რეალურად მათთვისაც სიგნალია, რომ უკრაინა "ომის დროსაც ევროპული სახელმწიფოა".

ცხადია, არჩევნების ჩატარება პრობლემური იქნება, დაწყებული უბნებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფით, დამთავრებული ფრონტის ხაზსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხმის მიცემის პრობლემებით. ამ რისკმა შესაძლოა შიდაპოლიტიკური დაპირისპირება გაამწვავოს, რაც რუსეთისთვის საჩუქარი იქნება, მაგრამ დღეს არსებითი მაინც ზელენსკის პოლიტიკური განაცხადია, თანაც მაშინ, როცა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი გააქტიურებულია - ერთი მხრივ, ზელენსკის ვიზიტები ევროპულ დედაქალაქებში, სადაც მან მყარად დააფიქსირა უკრაინის პოზიცია უსაფრთხოების გარანტიებზე, მეორე მხრივ, ევროპელი ლიდერების განცხადებები აჩენს პოზიტიურ განცდას. თუმცა ჩნდება კითხვები, ყოველივე ეს რა გავლენას მოახდენს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რაზეც საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარ ბიძინა ლებანიძეს ვესაუბრეთ.

- პრინციპში, მთავარი საკითხი ისევ იგივეა - უსაფრთხოების გარანტიები. რასაც ახლა ითხოვენ, არის ბუფერული ზონის შექმნა, დაახლოებით დონეცკისა და ლუგანსკის 30%-ზე, რომლის დიდ ნაწილსაც დღეს უკრაინა აკონტროლებს. რუსეთის მიზანია ამ ტერიტორიების აღება, რასაც ამდენი ხანია ვერ მიაღწია. ცოტა ხნის წინ კუპიანსკზე განაცხადეს, ავიღეთო, და თურმე არ აუღიათ. იმავდროულად, ეს არის უკრაინის დამცავი ფარი. მას მთლიანად გამაგრებული აქვს ეს ადგილები და ეს იცავს დანარჩენ უკრაინასაც, რომ რუსეთი კიდევ უფრო წინ არ წავიდეს. თუ ამ ტერიტორიებს გადასცემენ, ან თუნდაც ბუფერულ ზონას შექმნიან და ამ დამცავ ინფრასტრუქტურას მოხსნიან, მაშინ უკრაინა ძალიან მოწყვლადი გახდება რუსეთის შესაძლო პოტენციური შეტევების მიმართ. ამიტომაც უკრაინელებმა ეს რომ დათმონ, ამისთვის მყარი უსაფრთხოების გარანტიები სჭირდებათ, ეს კი ჯერ არ ჩანს. ვინ უნდა მისცეს უსაფრთხოების გარანტიები? ევროპელები აშკარად მზად არ არიან, რომ იქ სამშვიდობო ჯარები ჩააყენონ. ამერიკელები ზედაპირულად ამბობენ, უსაფრთხოების გარანტიებს მივცემთ, მაგრამ კონკრეტულად რა იგულისხმება ამაში, ბუნდოვანია. სინამდვილეში რა პრობლემაც იყო, იგივე რჩება - უსაფრთხოების გარანტიები.

რუსეთიც, ცხადია, მთელ უკრაინას ვერ აიღებს და რაღაც გაცვლითი ვარიანტის­ მსგავსი რამ იქნება - ვთქვათ, რუსეთი­ კონტროლს შეინარჩუნებს დონბასზე, უკრაინას კი დაუბრუნდება, ვთქვათ, დანარჩენი ტერიტორიები. გასაგებია, რომ ეს ომი ისე ვერ დამთავრდება, რომ რომელიმე მხარემ გაიმარჯვოს, ორივეს მოუწევს­ რაღაცის დათმობა. მთავარია ნდობის საკითხი. რუსეთს რომ ვერ ენდობი, გასაგებია. ბუდაპეშტის მემორანდუმით და რაღაც მსგავსი ხელშეკრულებებით, რომლებსაც მყარი უსაფრთხოების გარანტიები არ ახლავს, უკრაინა ვერ წავა დათმობებზე. უკრაინელებისთვის ყველაზე ხელშესახები უსაფრთხოების გარანტია იქნება, თუ ვინმე ჩააყენებს ჯარებს. შეიძლება დიდი ჯარი არ ჩააყენონ და იყოს რაღაც კონტინგენტი. ევროპელები კი ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ ფაქტია, ამისთვის მზად არ არიან. ერთადერთი, ვისაც შეუძლია მსგავს ნაბიჯზე წასვლა, ამერიკაა.

ნატოში გაწევრებას რაც შეეხება, ესეც შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოების გარანტიად, იმ შემთხვევაში, თუ ნატო გააგრძელებს არსე­ბობას. ის, რასაც ამბობენ ამერიკელები, რომ 2027 წლიდან მთელ თავის ინფრასტრუქტურას უკან წაიღებენ და ევროპელებს გადააბარებენ ევროპული ფლანგის დაცვას, ანუ ფორმალობის გარეშე მართლაც გამოვიდნენ ნატოდან, მაგრამ ეს თუ გააკეთეს, მაშინ ნატოში გაწევებაც დაკარგავს აზრს. ეს გასათვალისწინებელია, მაგრამ­ ამის გარეშეც არ დგას უკრაინის ნატოში გაწევრების საკითხი დღის წესრიგში. ეს საკითხი ფორმალურადაც არ არის აქტუალური.

- უსაფრთხოების რა სქემა იქნება შედეგიანი უკრაინისთვის?

- მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს იმდენი პოლიტიკური და სამხედრო წონა, რომ რუსეთმა ეს მიიღოს ერთგვარ შემაკავებელ სიგნალად. არ ვიცი, ან ევროპელები თუ გაგიჟდებიან უცბად და 100 000-იან ჯარს ჩააყენებენ, მაშინ სხვა საკითხია, მაგრამ თავისთვის ვერ მოუგროვებიათ ამდენი ჯარისკაცი და უკრაინისთვის, ძალიან საეჭვოა შეძლონ.

რაც შეეხება იმას, თუ კიდევ რა შეიძლება იყოს უსაფრთხოების გარანტია, უკრაინას დაეხმარონ იმ დონემდე, რომ შეინარჩუნოს არა მხოლოდ ჯარის სათანადო საბრძოლო მზადყოფნა, არამედ იარა­ღიც შეუფერხებლად მიაწოდონ, რათა თვითონ­ შეძლოს თავის დაცვა. თუნდაც 600 000-კაციანი ჯარი საკმარისია, თუ კარგად მომზადებული იქნება, 800 000-კაციანი თუ იქნება, მით უმეტეს. ამას თუ დაამატებ სამხედრო ინფრასტრუქტურას, ეს უფრო რეალისტური გახდება. რაღაცებს აკეთებენ, მაგალითად, "რაინმეტალმა" თავისი პროდუქციის ნაწილი გადაიტანა დასავლეთ უკრაინაში. ასევე, არის საერთო პროექტები და ამას თუ მიიყვანენ ისეთ დონეზე, რომ, ვთქვათ, უკრაინას ჰყავდეს სრულად შეიარაღებული 800 000-კაციანი ჯარი და პლუს ჰქონდეს იარაღის განუწყვეტელი მიწოდება, ეს თავისთავად იქნება უსაფრთხოების გარანტია. არ დასჭირდება უკრაინას არავის­ დახმარება. მეორე მხრივ, ეს ასე მოკლე დროში ვერ მოხდება და ამაზეც რამდენად დათანხმდება პუტინი, სხვა საკითხია.

- ამ სიტუაციაში უკრაინისთვის შედარებით უმტკივნეულო გამოსავალი რა შეიძლება­ იყოს? რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს?

- ფრონტი რამდენიმე თვეში არ ჩამოიშლება, მით უმეტეს დონბასში ისეთ დონეზეა ეს ფორტიფიკაციები გაკეთებული მთელ პერიმეტრზე, რომ არ უნდა ველოდოთ, რამდენიმე თვე გავა და მთელი ფრონტი ჩამოიშლება, რუსეთი აქტიურად წაიწევს წინო. ლაპარაკია იმაზე, რომ უკრაინას სულ უფრო ნაკლები და ნაკლები იარაღი მიეწოდება ამერიკის გასვლის გამო და ეს რუსეთს აძლევს საშუალებას უფრო ინტენსიურად დაბომბოს უკრაინული ქალაქები, ტერორი მოუწყოს უკრაინის მოსახლეობას, ომის გაგრძელების სურვილი მოუკლას როგორც მოსახლეობას, ისე პოლიტიკურ ელიტას და ამას ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფრონტი რამდენიმე თვეში ჩამოიშლება. უბრალოდ, გაუსაძლისი ხდება უკრაინელების ყოველდღიური ყოფა. ამას ემატება ასევე ეკონომიკური პრობლემები. თუ რაღაც არ მოიგონა ევროკავშირმა, ან, ბოლოს და ბოლოს, რუსული აქტივების კონფისკაცია და უკრაინისთვის გადაცემა არ მოხერხდა, ან კიდევ სხვა რაღაც, მომავალი წლიდან უკრაინას 70-მილიარდიანი გარღვევა ექნება ბიუჯეტში და შემდეგ მოუწევს საჯარო პროგრამების გაწყვეტა და ა.შ., რაც ეკონომიკურად ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის. რუსეთი ამაზე დებს ფსონს, რომ დასავლეთში დაპირისპირებაა, ამერიკა, ფაქტობრივად, გასულია, უკრაინას სჭირდება ბევრი დასავლური ფული, ევროპელებმა ვერ მოიფიქრეს, საიდან მოიტანონ და ესეც ქმნის დაძაბულობას. უკრაინას სჭირდება იარაღი, რომლის მიწოდებას ევროპა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს. როგორც გითხარით, ეს არ ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში ფრონტი ჩამოიშლება და რუსეთი ნახევარ უკრაინას აიღებს. ფრონტის ხაზი ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ფაქტორია. ამიტომ, ჩემი აზრით, ორივე მხარეს აქვს იმის რესურსი, რომ რამდენიმე თვე კიდევ იომონ, მინიმუმ ნახევარი წელი, რომ სასტიკად არ დამარცხდეს რომელიმე მხარე. საერთო ჯამში, ეს არის ბუფერი იმისთვის, რომ მოილაპარაკონ და ორმხრივად მისაღები გამოსავალი ნახონ.

ეს არის გამოფიტვის ომი და ორივე მხარე ცდილობს რაც შეიძლება ნაკლები ზარალი ნახოს. პუტინი, ალბათ ფიქრობს, თუ კიდევ გააჭიანურებს მოლაპარაკებებს, რამდენიმე თვის შემდეგ უკრაინის არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა უფრო დასუსტდება, რასაც ტრამპი "კარტებს" ეძახის, გამოეცლება ხელიდან და ეს გააძლიერებს რუსეთის პოზიციებს ამ მოლაპარაკებებში, რაც შეიძლება მოხდეს კიდეც. არ არის გამორიცხული, ბოლოს და ბოლოს, ევროპელები თუ ვერ შეთანხმდებიან, როგორ გაუწიონ უკრაინას ფინანსური დახმარება, თუ ისევ ასე ნელი ტემპით მიაწვდიან იარაღს და ვერავინ მისცემს უსაფრთხოების გარანტიას, ბოლოს და ბოლოს, ეს დაასუსტებს უკრაინის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პოზიციებს და შეიძლება მეტ რაღაცაზე მოუწიოს დათმობაზე წასვლამ. ასეთი სცენარიც არსებობს.

ერთი მხრივ არის ზელენსკი და მისი პერსონა, რომლის დემონიზება ხდება, თითქოს არჩევნების ჩატარება არ უნდა, იქ კორუფციის ფაქტებმა წამოიწია ცუდად და ა.შ., მაგრამ ზელენსკიზე არ არის ჩამოკიდებული უკრაინა, მის გარდა არის გენერალიტეტი, ჯარი, რომელიც ასევე ცალკე აქტორია და ზელენსკის თუ სურს წავიდეს ხელისუფლებიდან, ეს ქვეყანა მაინც გააგრძელებს ომს. ზელენსკისა და უკრაინის გაიგივებაც არ შეიძლება. საბოლოოდ, უკრაინის მთავარი თავსატეხი როგორმე მყარი უსაფრთხოების გარანტიების მიღებაა, რომ დაამთავრონ ომი ისე, რომ ეს არ გადაიქცეს მოსამზადებელ პერიოდად იმისთვის, რომ ერთ-ორ წელში მოემზადოს რუსეთი და ისევ ხელახლა შეუტიოს უკრაინას. აი, ეს დემილიტარიზებული ზონა, რაც ჩვენ ვთქვით, იქნება საუკეთესო პლაცდარმი რუსეთისთვის, რომ მოემზადოს და მერე დაარტყას ისევ, რომ დანარჩენი მოსაზღვრე ტერიტორიები მარტივად აიღოს.

- ზელენსკიმ თქვა, რომ არჩევნებზე თანახმაა, თუკი უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

- ზელენსკი ხვდება, რომ რაღაც მომენტში ეს ომი დამთავრდება და არჩევნების ჩატარება მოუწევს. ის ომის პრეზიდენტია­ და როგორც კი ომი დამთავრდება, ჩატარდება არჩევნები და სავარაუდოდ, მოუწევს წასვლა ხელისუფლებიდან. მაგრამ რატომღაც ზელენსკის ფიგურის წამოწევა მიდის ამ ომის კონტექსტში, თითქოს მასზეა ომის ბედი დამოკიდებული. უკრაინაში სხვა ხელისუფლება რომც მოვიდეს, ისიც დაახლოებით მსგავს პოლიტიკას გაატარებს, თუ აშკარა პრორუსი ან რუსი არ აირჩიეს. მეორე მხრივ, ახალი ხელისუფლება თუ მოვა, შესაძლოა მეტი სივრცე მიეცეს, რუსეთს მოელაპარაკოს, უფრო დიპლომატიური იყოს ამერიკელებთან ურთიერთობაში, მაგრამ ქვეყნის საბაზისო პოზიციებს ახალი­ ხელისუფლებაც არ შეცვლის. ამიტომაც ზელენსკი იქნება თუ არა, დანიშნავს არჩევნებს თუ არა, ეს მეორეხარისხოვანია.

რუსა მაჩაიძე