"ნისიად" დაპყრობილი ქალაქები ანუ როგორ ატყუებენ პუტინს საკუთარი გენერლები - ზელენსკის "სიურპრიზი" და როგორია ტრამპის გეგმის საბოლოო ვარიანტი?! - კვირის პალიტრა

"ნისიად" დაპყრობილი ქალაქები ანუ როგორ ატყუებენ პუტინს საკუთარი გენერლები - ზელენსკის "სიურპრიზი" და როგორია ტრამპის გეგმის საბოლოო ვარიანტი?!

რუსეთ-უკრაინის ომი მნიშვნელოვან გადამწყვეტ ეტაპზეა, როდესაც უკრაინაზე ორმაგი ზეწოლაა - ერთი მხრივ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მუდმივ შეტევებს ფრონტის ხაზზე და აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკურ ზეწოლას, კიევს ხელი მოაწერინოს ისეთ ზავზე, რომელიც უკრაინის ნაწილობრივი კაპიტულაციის ტოლფასი გახდება. ასეთ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ და როგორ წარმატებას აღწევს ფრონტის ხაზზე - თუკი ტრამპის გუნდი დაინახავს, რომ უკრაინის არმიას კიდევ შერჩა ბრძოლისუნარიანობა და შეუძლია კონტრშეტევებზე გადასვლა დაკარგულის დასაბრუნებლად, მაშინ თეთრი სახლი დიდ ზეწოლას ვეღარ მოახდენს უკრაინულ მხარეზე, რომ მან სამშვიდობო გეგმით" ბევრი რამ დაუთმოს აგრესორ რუსეთს.

2025 წლის 20 ნოემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალიტეტის შეკრებაზე "დასავლეთის" დაჯგუფების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი კუზოვლიოვი უმაღლეს მთავარსარდალ პუტინს ტელეკამერების წინ პატაკს აბარებს, რომ უკრაინული ქალაქი კუპიანსკი "გათავისუფლებულია". პუტინი ეკითხება: "ოპერაცია მთლიანად დაასრულეთ?" და გენერალი პასუხობს: "დიახ, ქალაქს ჩვენ ვაკონტროლებთ, მიმდინარეობს მოწინააღმდეგის დაქსაქსული მცირე ჯგუფების განადგურება".

9 დეკემბერს პუტინი გენერალ კუზოვლიოვს რუსეთის ფედერაციის გმირის ოქროს ვარსკვლავით აჯილდოებს ქალაქ კუპიანსკის აღებისთვის...

12 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი სელფის იღებს სტელასთან, რომელსაც დიდი ასოებით აწერია "კუპიანსკი" და გახარებული ამბობს, რომ უკრაინელი გმირი მებრძოლები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, მთლიანად აკონტროლებენ ქალაქ კუპიანსკს და ალყაში ჰყავთ ორასამდე რუსი ოკუპანტი, რომლებსაც მალევე გაანადგურებენ.

საბოლოოდ რა ხდება, ვისია კუპიანსკი?

ხარკოვის ოლქის აღმოსავლეთით მდებარე ეს პატარა უკრაინული ქალაქი დიდი ხანია რუსეთის საოკუპაციო ძალების სანატრელი ლუკმაა და ის ერთხელ უკვე აიღო პუტინის არმიამ 2022 წლის 27 თებერვალს ანუ უკრაინაზე თავდასხმიდან მესამე დღესვე, რაც არც იყო გასაკვირი, რადგან კუპიანსკი რუსეთის საზღვრიდან მხოლოდ 35 კმ-ში მდებარეობს.

თუმცა იმავე წლის 10 სექტემბერს უკრაინის არმიამ კუპიანსკის ჯერ დასავლეთი, ხოლო 18 სექტემბერს აღმოსავლეთ ნაწილიც გაათავისუფლა ცნობილი ხარკოვის კონტრშეტევითი ოპერაციის დროს და რუსი ოკუპანტები ქალაქიდან აღმოსავლეთით ორმოც კმ-ში ლუგანსკის ოლქში განდევნა.

მას შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალებს სამი წელი დასჭირდათ ამ ორმოციოდე კმ-ის სისხლისმღვრელი ბრძოლებით დასავლეთისკენ გავლა, რომ ისევ შესეოდნენ კუპიანსკის.

რატომ სურს კრემლს ასე ძალიან კუპიანსკის ხელახლა აღება

საქმე ის არის, სწორედ კუპიანსკიზე გადის რუსეთის სამხრეთიდან მომავალი სარკინიგზო ხაზი, რომლითაც რუსეთის არმიის სარდლობას სურს მოამარაგოს აღმოსავლეთ ფრონტზე თავისი შენაერთები და დანაყოფები.

ამასთან, კუპიანსკის აღება ნიშნავს მდინარე ოსკოლზე სრული კონტროლის დამყარებას და დასავლეთისკენ ანუ ხარკოვისკენ შეტევის დამატებითი მიმართულების გახსნას. სწორედ მდინარე ოსკოლი ყოფს შუაზე ქალაქ კუპიანსკს, რაც ტაქტიკურ თავისებურებას ბადებს ამ ქალაქის დაცვა-აღება-გათავისუფლების ოპერაციებში როგორც უკრაინის დამცველებისთვის, ისე რუსი ოკუპანტებისთვის. ზელენსკის სელფი კუპიანსკის დასავლეთ შესასვლელთან, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ უკრაინის არმიამ მეორედ შეძლო კუპიანსკის მთლიანად გათავისუფლება, თუმცა არც ის დასტურდება, რომ რუსეთის არმიას ის თითქოს ბოლომდე ჰქონდა აღებული ჯერ კიდევ 20 ნოემბრისთვის, რის თაობაზეც რუსმა გენერალმა პუტინს საზეიმოდ უპატაკა.

რუსი სამხედრო ბლოგერები თავისივე გენერლებს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ისინი "კრედიტში ათავისუფლებენ" უკრაინულ ქალაქებს, ანუ ახსენებენ რუსეთის პრეზიდენტს ამა თუ იმ უკრაინული დასახლებული პუნქტის "სრულ კონტროლს" მაშინ, როდესაც იქ ჯერ კიდევ ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს, რაც შემდგომ კვირები და თვეებიც კი გრძელდება.

სხვათა შორის, როდესაც შოიგუ "მოაძვრეს" რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან და ის ბეწვზე გადაურჩა დაჭერას (ისე, როგორც დააპატიმრეს მისი სამი თუ ოთხი მოადგილე), მას იმასაც აბრალებდნენ, რომ შეცდომაში შეჰყავდა პუტინი ფრონტზე არსებული ოპერატიული საბრძოლო ვითარების "შელამაზებით.

რუსეთის ახალმა თავდაცვის მინისტრმა ბელოუსოვმა დანიშვნისთანავე განუცხადა თავის გენერლებს - შეცდომა შეიძლება, ტყუილი არაო...

მაგრამ, როგორც ხედავთ, თურმე პუტინსაც ატყუებენ თავისივე გენერლები.

აღმოსავლეთ ფრონტის ხაზის დასტაბილურება უკრაინას აუცილებლად სჭირდება, რაც შეუძლებელი არ არის. ამისთვის პირველ რიგში საჭიროა მებრძოლების უფრო მეტი მობილიზაცია, ახლო და შორსმოქმედი დრონების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდა და საბრძოლო შენაერთების ოპერატიული მართვის გაუმჯობესება.