როგორ აღმოჩნდნენ ქართული „დრაკონები“ სირიაში
9 დეკემბერს სირიის დედაქალაქ დამასკოში გაიმართა ბაშარ ასადის რეჟიმის ჩამოგდებიდან ერთი წლის საზეიმოდ აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი, რომლის დროსაც ჩაატარეს სირიის ახალი ხელისუფლების ერთგული არმიის შეიარაღება და მათ შორის ძალზე ნაცნობმა სილუეტებმაც "გაიელვა". ძალაუნებურად გაგვახსენდა 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული აღლუმები, რომლებზეც ანალოგიური სამხედრო ტექნიკა, კერძოდ, "დრაკონებად" ცნობილი Ejder-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების კოლონა ჩაივლიდა მასზე აღმართული საქართველოს ხუთჯვრიანი დროშებით.
ეჭვგარეშეა, რომ დამასკოს აღლუმზე გამოჩენილი უდაბნოს ფერებად გადაღებილი და სირიისდროშიანი "ჯავშანდრაკონები" სწორედ ისინი გახლდნენ, რომლებიც მანამდე კამუფლირებულ ფერებში წლების განმავლობაში ქართული არმიის არსენალში ირიცხებოდნენ, რადგან თურქებს კონკრეტულად ამ კონფიგურაციის - სამხიდიანი Ejder-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები სერიულად აღარ უწარმოებიათ. როგორ აღმოჩნდა მაშინ ქართული არმიის შეიარაღებიდან ეს "დრაკონები" სირიის ახალი ხელისუფლების განკარგულებაში?
დავიწყოთ თავიდან... აგვისტოს ომის დაწყებამდე თურქეთიდან საქართველოში შემოიტანეს რამდენიმე უცხო ფორმის შეჯავნული მანქანა, რაც ძალზე გასაიდუმლოებული იყო. თუმცა მალევე გახდა ცნობილი, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო თურქული კომპანია NUROL Makina-ს წარმოებული Ejder 6x6 ტიპის სამღერძიანი ჯავშანტრანსპორტიორების შეძენა. პარალელურად, შსს-მ თურქული ჯავშანმანქანა Otokar Cobra 4x4-ები შეიძინა და მათი საბრძოლო გამოყენებაც მოასწრო აგვისტოს ომის რამდენიმე დღეში, რაც "კობრას" საბრძოლო ნათლობად იქცა, განსხვავებით "ეჯდერებისგან" (თურქულად "დრაკონს" ნიშნავს), რომელთა რამდენიმე ეგზემპლარი გადამალული იყო, რათა რუს ოკუპანტებს ალაფად არ წაეღოთ.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, თურქული Ejder 6x6 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების მოწოდება საქართველოსთვის 2011 წლის ბოლოსთვის დასრულდა. სულ ქართულმა არმიამ 72 ერთეული თურქული "დრაკონი" მიიღო, რაც იმ პერიოდისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.
იმხანად ტელეკომპანია "საქართველოს" ეთერში საავტორო გადაცემა "არსენალი" მიმყავდა და დოკუმენტური ფილმი მივუძღვენი "ეჯდერ-დრაკონების" ტაქტიკურ-ტექნიკურ შესაძლებლობებს, რისთვისაც თავად მომიწია "დრაკონის" მართვამ ვაზიანის პოლიგონზე და მისი დისტანციური საბრძოლო მოდულის 40 მმ-იანი ავტომატური ყუმბარსატყორცნის ჯერებით სროლაც. შთაბეჭდილება პოზიტიური გახლდათ, მით უმეტეს, საბჭოთა დროინდელ БТР-70-სა და БТР-80-თან (რომლებიც მაშინ ძირითად ჯავშანტრანსპორტიორებს წარმოადგენდნენ ქართული არმიის არსენალში) შედარებით.
ეს უპირატესობები შემდეგი გახლდათ: სიჩქარეთა ავტომატური კოლოფი, რომელიც უფრო კომფორტული იყო მართვისას, ღამის ხედვის მოწყობილობა, ვიდეოკამერები გარშემო სიტუაციის კონტროლისთვის, წყალში ცურვის უნარი ორი წყალსატყორცნის გამოყენებით, ჯავშანტრანსპორტიორის V-მაგვარი ფსკერი, რომელიც უკეთ უძლებს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქებას, დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული, როდესაც სროლისას წარმოქმნილი დამწვარი დენთის აირები სადესანტო ნაკვეთურში არ აღწევს და მთავარი - მებრძოლების დესანტირების საშუალება უკანა აპარელიდან.
საბჭოთა БТР-ების მთავარი ნაკლია, რომ დესანტს ჯავშანტრანსპორტიორი ან ზედა, ან გვერდითა ლიუკებიდან უნდა დაეტოვებინა, რის გამოც ორივე შემთხვევაში მოწინააღმდეგის ცეცხლის არეალში ხვდებოდა, ხოლო უკანა მხრიდან დესანტირებისას თავად ჯავშანტრანსპორტიორის კორპუსი იცავს მებრძოლებს.
თურქული "დრაკონებით" მთლიანად დაკომპლექტდა მე-4 ბრიგადის სადაზვერვო ასეული, რომელიც იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის პირად "გვარდიას" წარმოადგენდა და საუკეთესოდ იყო შეიარაღებული და აღჭურვილი. დროთა განმავლობაში "დრაკონების" სამხედრო ნაწილებში ექსპლუატაციის დროს გამოვლინდა მისი ნაკლოვანებები. მათგან ერთ-ერთი თავად ვიხილე თბილისის ტანკსარემონტო ქარხანაში - "ეჯდერს" წინა ღერძის მარცხენა ბორბალს რედუქტორი მოტეხილი ჰქონდა. ეს ნაკლებად ყურადსაღები იქნებოდა, რომ ჯავშანსატანკო დანაყოფებში არ გაზრდილიყო უკმაყოფილება, თურქული "დრაკონი" მძიმეა, უჭირს დაბრკოლებების გადალახვა, ტალახში ეფლობა და ელექტრონიკაც "ურევსო". მართლაც, ინტენსიური ექსპლუატაციის შედეგად გამოვლინდა, რომ "ეჯდერის" სამღერძიანი 6ხ6-ზე ფორმულა ვერ ერეოდა ამ 18-ტონიან ჯავშანტრანსპორტიორს, რაც მოულოდნელი არ ყოფილა.
საქმე ისაა, რომ Ejder 6x6 თურქულმა კომპანია Nurol Makina-მ დააპროექტა რუმინული ჯავშანტრანსპორტიორ TAB-70-ის ბაზაზე, რომელიც, თავის მხრივ... საბჭოთა БТР-70-ის მიხედვით იყო შექმნილი, საბჭოთა БТР-ები კი ოთხღერძიანი და 8ხ8 ფორმულის იყვნენ, რაც განაპირობებდა მათ მაღალ გამავლობას, მით უმეტეს, БТР-70-ის საბრძოლო მასა მხოლოდ 11,5 ტ იყო.
თურქმა ინჟინრებმა კი "დრაკონს" ერთი ღერძი და ორი წამყვანი ბორბალი მოაკლეს და მისი საბრძოლო მასაც 18 ტ-მდე გაზარდეს. უარყოფითმა შედეგმაც არ დააყოვნა.
როდესაც აგვისტოს ომის დასაწყისში ქართული მხარე იწყებდა თურქული "დრაკონების" მასობრივად შეძენას, იმ მომენტისთვის ეს ჯავშანტრანსპორტიორი, ფაქტობრივად, ექსპერიმენტული იყო. ფაქტობრივად, Ejder 6x6-ის სამხედრო ექსპლუატაციის პიონერიც და ერთადერთი გაქმომყენებელიც ქართული არმია აღმოჩნდა და "დრაკონის" ნაკლოვანებების გამოვლენის შემდეგ თურქულმა "ნუროლმა" შეწყვიტა მისი წარმოება და იმავე სახელწოდებით ახალი ჯავშანმანქანა Ejder 4x4-ზე გამოუშვა, რომელიც ჩვენს "დიდგორს" წააგავდა.
ლოგიკიდან გამომდინარე, თუკი "ეჯდერის" მასა იმატებდა საბჭოთა დროინდელ ბე-ტე-ერებთან შედარებით, მისთვის კონსტრუქტორებს არაფრისდიდებით არ უნდა ჩაეხსნათ მეოთხე ღერძი და რვავე წამყვანი ბორბალი არ უნდა შეემცირებინათ ექვსი წამყვანი ბორბლით, თუმცა...
"ეჯდერის" შესყიდვის ისტორიაში ჩახედული პირები იხსენებენ გასაოცარ ამბავს - ეს ჯავშანტრანსპორტიორი, ფაქტობრივად, ქართული მხარის შეკვეთით შეიქმნა და პრეზიდენტ სააკაშვილის კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ფორმით ის არ უნდა დამსგავსებოდა საბჭოთა/რუსული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორებს, რის გამოც თურქმა კონსტრუქტორებმა მას მეოთხე ღერძი და ორი ბორბალი "ჩამოაჭრეს", რათა საბჭოთა БТР-70 და БТР-80-ივით რვა ბორბლით არ ჩაევლოთ რუსთაველზე აღლუმზე, პრეზიდენტ სააკაშვილის ტრიბუნის წინო.
თუკი ყველაფერი მართლაც ასე იყო, მაშინ ლოგიკა, რა თქმა უნდა, დამარცხდებოდა და შეგვრჩა ასფალტის ჯავშანტრანსპორტიორი...
2024 წლის ივნისში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თურქულ კომპანია Nurol Makina-s Ejder 6ხ6-ები გაუცვალა 46 ერთეულ VURAN 4x4-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორში. გაცვლილი "ეჯდერები", როგორც ჩანს, თურქეთის ხელისუფლებამ უდაბნოს ფერებად გადაღება და 2025 წლის ივლისში აჩუქა სირიის ახალ ხელისუფლებას (რამდენიმე ყოფილი ქართული "დრაკონი" ბურკინა-ფასოს არმიის შეიარაღებაშიც კი გამოჩნდა), რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი მფარველობს.