ჩვენ გარდა, „ყველა“ მუნდიალზეა
ვ აშინგტონის კენედის ცენტრში გამართულმა წილისყრამ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილეები დააჯგუფა და... ბოლო თვეების განმავლობაში ისედაც დაღვრემილი ქართველი ქომაგი კიდევ უფრო დაასევდიანა. იკითხავთ: სად ვაშინგტონი და სად საქართველო, მუნდიალზე მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ ოქტომბერში დავკარგეთ და წილისყრის შედეგები ვიღას აინტერესებსო?! არადა, ყველაზე დასანანი სწორედ ის არის, რომ ვილი სანიოლის გუნდმა (მე თუ მკითხავთ, დიდწილად, სწორედ ფრანგი მწვრთნელის არასწორი გადაწყვეტილებების გამო) ჩრდილოეთ ამერიკაში მოხვედრის ძალზე კარგი შანსი გაანიავა, თორემ აშშ-კანადა-მექსიკის სტადიონებზე პირდაპირ მოხვედრა თუ არა, ოკეანის გაღმა მიმავალ პლეი-ოფში მონაწილეობა ნამდვილად შეგვეძლო.
ეს რაც დავკარგეთ და რამდენიმე სიტყვით ისიც გავიხსენოთ, როგორ დავკარგეთ: მთავარი მეტოქეების (ესპანეთი და თურქეთი) სიძლიერის გათვალისწინებით, მსოფლიო ჩემპიონატის ტრადიციული საკვალიფიკაციო ეტაპიდან ამერიკაში მოხვედრა თავიდანვე ურთულეს საქმედ ჩანდა (არადა, სწორი ტაქტიკა-სტრატეგიის შემთხვევაში, მეორე ადგილისთვის ბრძოლა ამ ქვეჯგუფშიც შეიძლებოდა) და საბოლოოდ პესიმისტური პროგნოზი გამართლდა კიდეც. სამაგიეროდ, გაცილებით მაღალი იყო ალბათობა, მუნდიალზე გამგზავრების შანსი უეფას ერთა ლიგის შარშანდელ გათამაშებაში ჩეხეთი-უკრაინის ჩამოტოვებით შეგვენარჩუნებინა. სამწუხაროდ, ვილი სანიოლის უცნაური გადაწყვეტილების (კვარაცხელია, მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი და ზივზივაძე ერთად ათამაშა, რამაც შეტევაშიც გააფუჭა საქმე და ნახევარდაცვაშიც) გამო ალბანეთთან უმნიშვნელოვანესი საშინაო მატჩი წავაგეთ, ბათუმში აუცილებლად მოსაგებ შეხვედრაში ვერ ვაჯობეთ უკრაინას (სერგეი რებროვის შეგირდებთან დაკარგული ქულების გამო ბოლო ტურში ჩეხეთში გასამართ მატჩში ხელს მხოლოდ გამარჯვება გვაძლევდა), ოლომოუცის კოხტა სტადიონ „ანდრუვზე“ კი ვერაფერი მოვუხერხეთ ორმაგად მოტივირებულ ჩეხებს (ქვეჯგუფში პირველობის გარდა, მასპინძლებს რევანში თბილისში 1:4 წაგებული მატჩისთვისაც მართებდათ) და საბოლოოდ მხოლოდ მესამე ადგილს დავჯერდით.
ერთა ლიგის ქვეჯგუფში პირველობის გარდა, ჩეხეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი მუნდიალის ტრადიციული საკვალიფიკაციო ეტაპიდანაც მიიღო. L ჯგუფში ჩეხები მხოლოდ ხორვატიის ნაკრებს ჩამორჩნენ და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ, გამარჯვებული კი დანია-ჩრდილოეთ მაკედონიის წყვილში მოგებულს შეხვდება და... მოკლედ, იაროსლავ კოსტლის შეგირდებს მუნდიალის ფინალურ ეტაპამდე მხოლოდ ორი გამარჯვება აშორებთ და თუ ასე მოხდა, მსოფლიო ჩემპიონატის A ჯგუფში ითამაშებენ მასპინძელ მექსიკასთან, სამხრეთ აფრიკისა და სამხრეთ კორეის ნაკრებებთან ერთად.
სანამ წილისყრის შედეგებს გაგაცნობდეთ, ჩვენი კიდევ ერთი მეტოქის, მეზობლისა და პრინციპული მოწინააღმდეგის პლეი-ოფზეც ვთქვათ: მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქეთის ნაკრებმა ორივე მატჩი მოგვიგო და ქვეჯგუფში მხოლოდ ესპანეთის ნაკრებს ჩამორჩა. შედეგად, ოკეანის გადასაცურად, ვინჩენცო მონტელას გუნდსაც ორი, არც ისე რთული ნაბიჯი აკლია - ჯერ რუმინეთს უნდა მოუგოს, პლეი-ოფის ფინალში კი - სლოვაკეთი-კოსოვოს შორის გამარჯვებულ ნაკრებს...

კიდევ ვამბობ - მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრაში მართლაც არ გაგვიმართლა. რომ აღარაფერი ვთქვათ ესპანეთზე (რომელიც ლამის ყველა საკვალიფიკაციო ეტაპზე „გამოწერილი“ გვყავს), თურქეთიც ჩვენზე ძლიერი გუნდია და გასაკვირი არ არის, ორივე ამ ნაკრებს რომ ჩამოვრჩით, მაგრამ უეფას ერთა ლიგის ქვეჯგუფის მოგება ნამდვილად შეიძლებოდა და ქულები უაზროდ რომ არ გაგვეფლანგა, მუნდიალის წილისყრასაც და 2026 წლის მარტსაც მოუთმენლად დაველოდებოდით...
შარშან, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ნახვა კიდევ უფრო დიდ ფორუმზე - აშშ-კანადა-მექსიკის სტადიონებზე გვინდოდა, მაგრამ... სამწუხაროდ, ეს ამბავი მინიმუმ 2030 წლამდე გადაიდო. სხვათა შორის, მომდევნო მუნდიალსაც სამი ქვეყანა უმასპინძლებს: მაროკო, პორტუგალია და ესპანეთი.
თუმცა დავუბრუნდეთ გაისად გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც უპრეცედენტო იქნება მონაწილე გუნდების რაოდენობით. 42 ნაკრები წილისყრით უკვე გადანაწილდა 12 ქვეჯგუფში, იქ დარჩენილი ექვსი ვაკანტური ადგილი კი მარტში გასამართი პლეი-ოფის გამარჯვებულებს დარჩებათ. 48 ნაკრებიდან სამმა (აშშ, კანადა, მექსიკა) მუნდიალის ბილეთი“ტურნირის მასპინძლის სტატუსით მიიღო, დანარჩენებმა - რეგიონული პრინციპით გამართული საკვალიფიკაციო ეტაპების/უეფას ერთა ლიგის შარშანდელი გათამაშების შედეგებით.
მონაწილე ნაკრებთა რაოდენობისთვის ხაზი შემთხვევით არ გამისვამს. ამ მაჩვენებლით მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი სარეკორდოც იქნება და ფეხბურთის მასობრიობის ზრდის“ტემპის ზრდის თვალსაჩინო ნიმუშიც. მაგალითისთვის: 1930 წელს გამართულ პირველ მუნდიალზე 13 ქვეყნის ნაკრებმა ითამაშა, 1954 წელს მათი რაოდენობა 16 გუნდამდე გაიზარდა, 1982 წელს - ოცდაოთხამდე, 1998 წლიდან კი, ფორმატი კიდევ ერთხელ შეიცვალა და 32-გუნდიან ჩემპიონატს მივეჩვიეთ. ამ ფონზე გასაკვირი არ არის, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 48 ნაკრები რომ ითამაშებს. FIFA-ს ლოგიკა მარტივია: ბევრი გუნდი ბევრ მატჩს ნიშნავს. ბევრი მატჩი - ბევრ ფულს! თუ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია გუნდების რაოდენობის ზრდას ამავე ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე წელიწადში „მსოფლიო ჩემპიონატი“ სახელს პირდაპირი მნიშვნელობით გაამართლებს და მუნდიალის ფინალურ ეტაპზე მსოფლიოში არსებული ყველა საფეხბურთო ნაკრები ითამაშებს!
ბოლო წინადადებას სერიოზულად ნუ მიიღებთ, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში ფინანსური მხარე იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ გამორიცხული არ არის, პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და ფიფას „უმწიკვლო“ ჩინოვნიკები მორიგი საცდურის წინაშე აღმოჩნდნენ...
ახლა, რაც შეეხება იმ გუნდებს, რომელთაც უკვე გარანტირებული აქვთ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში. 12 ქვეჯგუფიდან, კლასიკური გაგებით, „სიკვდილის ჯგუფი“ ერთიც არ არის. თუმცა შეგვიძლია გამოვყოთ შედარებით თანაბარი ძალის გუნდებით დაკომპლექტებული რამდენიმე ჯგუფი. მაგალითად, ჩ (ბრაზილია, მაროკო, შოტლანდია), L (ინგლისი, ხორვატია, განა), I (საფრანგეთი, სენეგალი, ნორვეგია). როგორც ხედავთ, ბოლო ჯგუფი დამატებით ინტრიგასაც გვპირდება - თანამედროვე ევროპული ფეხბურთის ორი მთავარი გოლეადორის დაპირისპირებას - ფრანგი კილიან მბაპე ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდის წინააღმდეგ!
არანაკლებ საინტერესო სანახაობა გველის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ. დიდი ალბათობაა, 11 ივლისს წლების განმავლობაში ნანატრი (და სავარაუდოდ, უკანასკნელი) დაპირისპირების მოწმენიც გავხდეთ: ლიონელ მესი კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ! მისია სულაც არ არის შეუსრულებელი - საჭიროა, არგენტინამ და პორტუგალიამ ჯერ თავიანთ ქვეჯგუფებში ჩამოიტოვონ სამივე მეტოქე, შემდეგ კი, 1/16 და 1/8 ფინალში არ წაიფორხილონ. მოკლედ, თუ მეოთხედფინალში ორივე ნაკრები გავა, კანზასის სტადიონზე პრინციპული დუელი გველის - მესი რონალდუს წინააღმდეგ! ცხადია, ბოლო ათწლეულის საუკეთესო ფეხბურთელების გზა საკლუბო დონეზე არაერთხელ გადაკვეთილა, თუმცა ნაკრების მაისურით ოფიციალურ მატჩებში არასდროს უთამაშიათ და იმედია, ამას სწორედ მსოფლიო ჩემპიონატზე ვნახავთ.
...ჰო, ჯგუფიც რთული შეგვხვდა, ბევრი შეცდომაც დავუშვით, მაგრამ გული მაინც გწყდება, როცა ხედავ, რომ მომავალ მუნდიალზე პლანეტის სახელმწიფოების მეოთხედი ითამაშებს, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ კოსოვო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ახალი კალედონია და სურინამიც, ჩვენ კი...
საქართველოს ნაკრების ნახვა აშშ-კანადა-მექსიკის სტადიონებზეც გვინდოდა, მაგრამ... სამწუხაროდ, ეს ამბავი მინიმუმ 2030 წლამდე გადაიდო. ამიტომაც, მომავალ მუნდიალზე ისევ სხვა ნაკრებებს ვუყუროთ და იმედი დავიტოვოთ, რომ მალე, ჩვენი დროც მოვა. ოღონდ - არა გუნდების რაოდენობის ზრდის ხარჯზე!