რას მოუტანს ქვეყანას  განათლების რეფორმა - მომხრეები VS მოწინააღმდეგეები - კვირის პალიტრა

რას მოუტანს ქვეყანას  განათლების რეფორმა - მომხრეები VS მოწინააღმდეგეები

საგანგებო პრეზენტაციაზე გაცხადებულ განათლების რეფორმას, რომლის კონცეფცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების მინისტრთან ერთად წარადგინა, საზოგადოების ერთ ნაწილში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. განსაკუთრებული აზრთა სხვადასხვაობა და პოლემიკა გამოიწვია უმაღლეს სასწავლებლებში საგრანტო დაფინანსების გაუქმებამ, რომელიც ხელისუფლებამ უფასო სწავლის სახელით დააანონსა. ზემოხსენებულ რეფორმას დადებითი შეფასება არ მიუღია დარგის სპეციალისტების ნაწილისგანაც. განათლების ექსპერტებმა მთავრობის ამ ინიციატივაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ნაცვლად პარტიის მიერ უნივერსიტეტების ტოტალური კონტროლისა და სტუდენტობისა და აკადემიური წრეების მართვის საფრთხე დაინახეს. მეტიც, მათი ნაწილის აზრით, ხელისუფლება განათლების სისტემის მიტაცებასა და სტუდენტებისგან პარტიისგან მართული მასის მიღებას ცდილობს. ექსპერტთა შეფასებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის გარკვეული პროგრამების შემცირებითა და სტუდენტთა კვოტირების განსაზღვრით, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიისა და აკადემიური წრეების თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს, ხოლო სასწავლო პერიოდის შემცირებით სურს იაფი და არაკომპეტენტური მუშახელი მიიღოს, რომლის გაკონტროლება და მართვა გაცილებით იოლი იქნება. "კვირის პალიტრა" განათლების ექსპერტსა და "თავისუფლების მოედნის" თანადამფუძნებელს სიმონ ჯანაშიას ესაუბრა:

„თუ ეს რეფორმა გატარდა, უნივერსიტეტები სულ უფრო დამოკიდებული გახდებიან მმართველი პარტიის წყალობაზე“

- ეს რეფორმა პირველ რიგში პარტიის­ ინტერესებს ემსახურება. ის ხალხი,­ ვინც მათ აკრიტიკებს და პოლიტიკურად მიუღებელია, სურთ ჩაანაცვლონ სხვა, ხელისუფლებისადმი უფრო ლოიალური ადამიანებით.

სინამდვილეში მთელი ეს გეგმა არსებობს რამდენიმე უნივერსიტეტის წინააღმდეგ. ესენი არიან: სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ილიას უნივერსიტეტი, კერძოებს შორის: აგრარული, თავისუფალი, საქართველოს უნივერსიტეტები და ჯიპა. კერძო უნივერსიტეტებს ებრძვიან იმით, რომ სახელმწიფო დაფინანსებას აკლებენ, რაც არასტაბილურობას აჩენს. იმავდროულად, მეოთხე სასწავლო წლის გაუქმებითა და ბაკალავრიატის 3 წლამდე ჩამოყვანით უმაღლეს სასწავლებლებს აკლებენ ფინანსების ¼-ს, რაც ასევე ფინანსურ არასტაბილურობას აჩენს. ასეთი რყევებით შეუძლებელია რამეს მიაღწიო, გარდა იმისა, რომ უმაღლესი სასწავლებელი დაექვემდებაროს მმართველ პარტიას.

თუ ეს რეფორმა გატარდა, უნივერსიტეტები სულ უფრო დამოკიდებული გახდებიან მმართველი პარტიის წყალობაზე. პარტია თუ გადაწყვეტს უწყალობოს მათ ადგილები, გადარჩებიან, თუ არადა, ვერა!

მათ მოიფიქრეს ისეთივე მტკივნეული კანონი, როგორიც, მაგალითად, აგენტების და რუსული კანონებია. უნდათ უნივერსიტეტებს შეუზღუდონ შემოსავალი, რომელსაც თავად ვერ აკონტროლებენ, გარდა ამისა, სურთ წაართვან უფლება, სასწავლებლებმა განახორციელონ ის პროგრამები, რომლებსაც ასწავლიან, ის პროფესორები, რომლებიც ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ნიშნით მიუღებელია. ამ რეფორმის შემდეგ კი "ქართულ ოცნებას" ექნება შესაძლებლობა დანიშნოს პარტიისთვის მისაღები პროფესორები და უნივერსიტეტებს მიაღებინოს მხოლოდ პარტიისთვის სასურველი გადაწყვეტილებები.

ხელისუფლება ცხადად ეუბნება უმაღლეს სასწავლებლებს: "ჩვენ მოგცემთ ფულს და მოვაყოლებთ მოთხოვნებს. ჩვენ გადავწყვეტთ, რომელი პროგრამა დაგიფინანსოთ და რომელი - არა. არც დამოუკიდებელი ფინანსების მიღების­ უფლება გექნებათ, მაგ: "საერთაშორისო სტუდენტების მიღების მეშვეობით". თუ დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტი თავად გადაწყვეტს, მიმართულებებს შორის როგორ გადაანაწილოს ფული, რეფორმის შემდეგ სახელმწიფო გადაწყვეტს ამას.

მთავრობის კიდევ ერთი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი სწავლობდეს სკოლასა და უმაღლესში. სწორედ ამისთვის აუქმებენ მე-12 კლასს და თითო წელს აკლებენ ბაკალავრიატსა და მაგისტრატურას. ამით დაახლოებით 100 ათასზე ნაკლები­ ახალგაზრდა იქნება ჩართული განათლების სისტემაში. გარდა პარტიული ინტერესისა, კობახიძემ თქვა, რომ ამ რეფორმაში ჩადებულია დამსაქმებლების ანუ ბიზნესინტერესებიც. ეს ნიშნავს, რომ ვერ შოულობენ იაფ მუშახელს, რაც ამ რეფორმის შედეგად მისაღწევი გახდება. ბიზნესის ინტერესში შედის ისიც, რომ სახელმწიფო აპირებს გაყიდოს სახელმწიფო უნივერსიტეტების კუთვნილი ქონება - შენობა-ნაგებობები. რაც ასევე პირდაპირ განაცხადეს პრემიერმა და განათლების მინისტრმა.

- რას მოიტანს პრინციპი "ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი"?

- სრულიად აბსურდულ რამეზეა საუბარი. მაგალითად, ავიღოთ ქუთაისის უნივერსიტეტი: ეს არის ხალხის იძულებით გაგზავნა ივანიშვილის უნივერსიტეტში. ასევე­ იძულებით გაგზავნიან რუსთავშიც. სამაგიეროდ, ვაკესა და ქალაქის სხვა ცენტრალურ უბნებში, ძველი უნივერსიტეტების ადგილას, აშენდება კომერციული ფართები და საცხოვრებელი შენობები, რომლებიც სარფიანად გაიყიდება. ეს ყველაფერი დამატებითი დატვირთვა გახდება ქალაქის ურბანული პრობლემებისთვის, ასევე დაეცემა იმ მოსახლეობის კუთვნილი­ უძრავი­ ქონების ფასებიც, რომლებიც იმ (ანუ დღევანდელი უნივერსიტეტების) შენობების სიახლოვეს ცხოვრობენ. ამავე დროს მათ, ვისაც იძულებით­ მოუწევთ სხვა ქალაქებში სასწავლებლად წასვლა, რათა სასურველ ფაკულტეტზე ისწავლონ, გაეზრდებათ საცხოვრებელი ხარჯებიც. გარდა ამისა, რადგან დაფინანსება შეეხება მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებს, იქ გაიზრდება კონკურენცია, ადგილებს კი მოიპოვებენ ის აბიტურიენტები, რომლებსაც უკეთესი სასტარტო პირობები აქვთ: მაგალითად, დაიბადნენ იმ ქალაქში, სადაც კონკრეტული ფაკულტეტია, დადიოდნენ უკეთეს სკოლაში და ჰყავდათ უკეთესი მასწავლებლები და რეპეტიტორტები და ა.შ. პრობლემაა ისიც, რომ თუ მოსწავლეების უმრავლესობა არ გადავა მე-12 კლასში, ეს უმრავლესობა კარგავს შანსს, გააგრძელოს სწავლა ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებში.

- შეიძლება თუ არა დეცენტრალიზაციის უკან იმალებოდეს კრიტიკულად განწყობილი ახალგაზრდობისა და აკადემიური წრეების დედაქალაქიდან "გაფანტვის" სურვილი?

- ავტორიტარულ სისტემებს ახასიათებთ ისიც, რომ პარტიის ხელში უნდა იყოს კონკრეტული ადამიანის წარმატების­ გზა, მათ შორის განათლებისაც, რომ წარმატებას ადამიანი აღწევდეს პარტიასთან სიახლოვით და არა კომპეტენციით - ეს არის მთელი არსი. მაგალითად, პროფესურას თუ დავაჯილდოებთ პარტიასთან სიახლოვის ან სიჩუმის ნიშნით, ესეც დაწინაურების ერთ-ერთი გზა იქნება, როგორც კომუნისტების დროს იყო.

- რეფორმის კონცეფციის მიხედვით, მიმზიდველად გამოიყურება პროფესურისთვის დაპირებული ხელფასიც - 10.000 ლარი...

- ეს ხელფასი, როგორც თავად ახსნეს,­ არ იქნება უმრავლესობისთვის.­ 10.000 ლარი დაენიშნება ხელმძღვანელს,­ რომლის დაქვემდებარებაშიც იქნე­ბიან სხვები და მათ მსგავსი­ ხელფასი არ ექნებათ. ხელმძღვანელის დანიშვნა­ რომ თავად პარტიას შეეძლება, ეს ჩანს კიდეც კანონპროექტში, რომელიც პარლამენტში შეიტანეს­ და რომლის მიხედვითაც მთავრობას ეძლევა შესაძლებლობა რეორგანიზაცია ჩაუტაროს უნივერსიტეტს, რაც ნიშნავს, რომ შეეძლება გაათავისუფლოს რექტორი და აკადემიური საბჭო და შემდეგ საკუთარი სურვილისამებრ დანიშნოს სხვა რექტორი და პროფესორები.

- რას გულისხმობს სტუდენტების რაოდენ­ობის კვოტირება ბაზრის კვლევის საფუძველზე?

- არანაირი ბაზრის კვლევა არ ხდება,­ რადგან შეუძლებელია ეს 2 თვეში ჩაატარო. დასაქმების ბაზარი ძალიან კომპლექსურია და ბევრ სექტორს მოიაზრებს. სინამდვილეში სახელმწიფო უნივერსიტეტებს შეეზღუდებათ პროგრამები­ და მისაღები სტუდენტების რაოდენობა. ეს არის ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ გააკონტროლონ უმაღლესი სასწავლებლები.

ისეთ უნივერსიტეტს, რომელიც არ ემორჩილება პარტიას, შეუზღუდავენ­ უფლებას მიიღოს სტუდენტები სხვადასხვა სპეციალობაზე, რათა აღარ ჰქონდეს შემოსავალი. სხვათა შორის, სტუდენტთა კვოტებს ყოველ წელს სახელმწიფო განუსაზღვრავს უნივერსიტეტს, ასევე შეუძლია შემდეგ წელს სასწავლებელს შეუცვალოს მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა, თუ დაინახავს, რომ უნივერსიტეტი პოლიტიკურად არასაიმედოა...

- რას გულისხმობს უნივერსიტეტებისთვის­ პროგრამების ანუ ფაკულტეტების გადანაწილება მათი ტრადიციული პროფილისა და ისტორიული გამოცდილების მიხედვით?

- კონკრეტულ მაგალითზე წარმოვიდგინოთ: ილიას უნივერსიტეტი, ძირითადად, შეიქმნა 2 - უცხო ენებისა და სულხან-საბას სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტების გაერთიანებით. თუ ილიას უნივერსიტეტს დარჩება მხოლოდ უცხო ენებისა და პედაგოგიური მიმართულებები, მაშინ ნაცვლად 17 ათასზე მეტი სტუდენტისა, რომლებიც ახლა სწავლობენ ამ სასწავლებელში, ისწავლის მხოლოდ 1000. ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტს მოუწევს პროფესორების ნაწილის ნელ-ნელა გათავისუფლება. შეიძლება აღარც იმაზე ეყოს ფინანსები, რომ სწავლა დაამთავრებინოს იმ სტუდენტებს, რომლებმაც რეფორმამდე ჩააბარეს. სწორედ ამას ემსახურება კონცეფციით მოცემული დებულება, რომლის მიხედვითაც, უნივერსიტეტებში ფაკულტეტები უნდა გადანაწილდეს ტრადიციული პროფილისა და გამოცდილების გათვალისწინებით. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად, ილიას უნივერსიტეტში უნდა გაუქმდეს ყველა ის პროგრამა, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში განვითარდა. ეს კი იმასაც ნიშნავს, რომ უნივერსიტეტში, რომელიც ზოგიერთი მიმართულებით სამეცნიერო კვლევებიდან გამომდინარე საერთაშორისო რეიტინგით პირველი ქართული უნივერსიტეტია და კავკასიაშიც პირველია, ზუსტად იმ მიმართულებებს გააუქმებენ, რომლებშიც მაღალი მაჩვენებელი აქვს.

- ნუთუ არ შეიძლება ცალსახად დადებითად­ შეფასდეს სწავლა უფასოდ?

- არა. სახელმწიფო უნივერსი­ტეტებში­ აქამდეც ბევრ სპეციალობაზე უფასო იყო სწავლა, ახლა კი იმ უნივერსიტეტების რაოდენობა, სადაც სტუდენტს შეეძლება­ უფასოდ შეისწავლოს გარკვეული სპეციალობა, შემცირდება, თან შანსი­ აღარ დარჩება, კერძო უნივერსიტეტში იგივე სპეციალობა­ სახელმწიფო დაფინანსებით შეისწავლონ.

- თუ ემუქრება დახურვა რომელიმე უნივერსიტეტს?

- არ არის გამორიცხული, დაიხუროს ან აიძულონ, გაიყიდოს. ჩვენ ვნახეთ, როგორ დაუპირისპირდა სახელმწიფო თავის დროზე შავი ზღვის უნივერსიტეტს: შეუჩერეს ავტორიზაცია და სტუდენტების მიღებაც, პროტესტის შემდეგ კი აღუდგინეს, მაგრამ ეს არასტაბილურობა და შელახული რეპუტაცია გადაითარგმნა იმაში, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტი გაიყიდა და მის ახალ ხელმძღვანელობაში აღმოჩნდა ყოფილი განათლების მინისტრი ამილახვარი (ვის დროსაც გაიყიდა ეს სასწავლებელი). ასე რომ, რჩება ეჭვები, რეფორმა პირადი სარგებლის მიღების მიზნითაც გამოიყენონ.

- თქვენი აზრით, ექნება თუ არა შედეგი პროტესტს და შესაძლებელია თუ არა რაიმე სახის დათმობაზე წავიდეს ხელისუფლება?

- პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, უნდა მოხდეს საზოგადოების სწორად ინფორმირება, თუ რასთან გვაქვს საქმე. შემდეგ აკადემიურმა მხარემ კრიტიკული აზრი ღიად გამოთქვას. ასევე მოითხოვოს ხელისუფლებისგან, ნათლად გამოხატონ, რა აქვთ ჩაფიქრებული. ნებისმიერ უნივერსიტეტს უფლება აქვს იცოდეს, რამდენი ექნება ბიუჯეტი და როგორ მოხდება მისი დაფინანსება. უნივერსიტეტებმა ამჟამად იციან, რა ხარჯები აქვთ და როგორ გაანაწილონ შემოსავლები დღეს არსებულ საგრანტო პირობებში, მაგრამ რა შემოსავლები ექნებათ შემდეგ წელს, აღარავინ იცის. დარწმუნებული ვარ, ეს თავად განათლების სამინისტროს თანამშრომლებმაც არ იციან. უბრალოდ, რადგან დაისახეს მიზნად, რომ უნივერსიტეტები დაჩაგრონ, გზადაგზა იგონებენ მეთოდებს, როგორ გააკეთონ ეს.

- რეფორმის ერთ-ერთი მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხის მართვა­ იმ საბაბით, რომ სახელმწიფომ სრულად აიღოს­ პასუხისმგებლობა მის მიერ გაცემული დიპლომების ხარისხზე. ხომ არ გაცხრილავს ეს რეფორმა ისეთ უნივერსიტეტებს, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ?­

- სხვადასხვა უნივერსიტეტში სხვადასხვა ხარისხის განათლების მიღებაა შესაძლებელი, ასეა მთელ მსოფლიოში. ჩვენ იმას კი არ გვეუბნება მთავრობა, რომ სხვადა­სხვა პროგრამას შორის საუკეთესოს­ აარჩევს, არა! სხვადასხვა უნივერსიტეტს შეუწყვეტენ უფლებას განახორციელოს პროგრამები. ამ პროგრამების შედარების საშუალებაც კი არ არსებობს, რადგან ამ მიმართულებით კვლევა არ ჩატარებულა.

გვეუბნებიან, ვიწყებთ სისტემის გაუმჯობესებას და დიდ რეფორმებსო, და განათლების ბიუჯეტს ამცირებენ! ასე რომელიმე ქვეყანაში ვინმეს რეფორმა გაეტარებინოს, არ მინახავს, გარდა რუსეთისა, სადაც მსგავსი რამეები ხდება.

განათლების სამინისტრო 19-ვე სახელმ­წიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს. სამინისტროში განმარტავენ, რომ შეხვედრების მიზანია მოისმინონ უნივერსიტეტების ხედვა... რა პოზიცია აქვთ სახელმწიფო უნივერსიტეტების მესვეურებს, თვლიან თუ არა დროულად მრავალკომპონენტიანი რეფორმის დაწყებას და რა შედეგს ელიან მისგან? "კვირის პალიტრა" ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს თამარ წერეთელს ესაუბრა:

"უფასო სწავლება არის ძალიან დიდი შეღავათი ოჯახების­თვის"

- განათლების ექსპერტების ნაწილის მოსაზრებით, რეფორმის მიზანი აკადემიური წრეების თავისუფლებისა და უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის შეზღუდვაა.

- ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ჩემი პირადი მოსაზრებით, არანაირი საფრთხე არც ერთ სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტს არ ემუქრება.

- რატომ არის ასე მნიშვნელოვანი უფასო სწავლების დანერგავა სწორედ ახლა?

- განათლების რეფორმა აუცილებელი­ იყო, რადგან 30 წელია, არ ჩატარებულა.

ის ნაწილი, რასაც გულისხმობს უფასო სწავლება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა,­ რათა სტუდენტს შეეძლოს უმაღლესი­ განათლება მიიღოს უფასოდ და სწავლის დროს ხელი არ შეეშალოს, არ მოუწიოს ღამის საათებში სუპერმარკეტებში მუშაობამ და დასაქმების სხვა საშუალებების ძებნამ სწავლისთვის საჭირო თანხების მოსაპოვებლად.

ეს არის ძალიან დიდი შეღავათი ოჯახების­თვის.­ რეფორმა ხელს შეუწყობს სწავლის ხარისხის ამაღლებას და სრულად ორიენტირებული იქნება სასწავლო პროცესზე.

- განათლების რეფორმის მოწინააღმდეგეები პირიქით, აპელირებენ იმაზე, რომ ამ რეფორმით სწავლის ხარისხი გაუარესდება,­ რადგან შემცირდება სწავლების პერიოდი და სტუდენტთა კვოტირება, ასევე გაუქმდება გარკვეული სასწავლო მიმართულებები, მოისპობა კონკურენცია კერძო უნივერსიტეტებთან.

- უხეში გათვლებით, ზოგადად, 38 ათასი აბიტურიენტიდან ისედაც 20 ათასი­ მოდიოდა სახელმწიფო უნივერსიტეტებში,­ 10 ათასი კი რჩებოდა კერძოში და ეს ისევ ასე იქნება. მიმაჩნია, რომ ეს ვნებათაღელვა­ სიახლის შიშით არის გამოწვეული.

ტექნიკური და სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების მაგალითზე გეტყვით: 3 ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს სხვა 38 ათას უნივერსიტეტს შორის საერთაშორისო რეიტინგებში მე-500, მე--600 პოზიციას ვიკავებთ. ტექნიკურ უნივერსიტეტში, ილიაუნსა და თსუ-ში ხორციელდება ამერიკული აკრედიტაციის საინჟინრო პროგრამა, რომელსაც კონკურენტი არ გააჩნია არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში და ეს ადასტურებს სწავლის შეფასების ძალიან მაღალ ხარისხს. ამ აკრედიტაციის მოპოვება ძალიან რთული პროცესია.

ამერიკელი პროფესორები, რომლებიც ინჟინერიის სწავლების კლასიკოსები არიან, დეტალურად შეისწავლიან ჩვენს პროცესს. პროგრამას, რომელსაც სტუდენტი არ ჰყავს გამოშვებული, აკრედიტაცია არ ენიჭება. ანუ ეს პროცესები ზემოხსენებულმა სახელმწიფო უნივერსიტეტებმა გავიარეთ, რაც ჩვენს საერთაშორისო სტანდარტს ადასტურებს. ვერ წარმომიდგენია კერძო ქართული უნივერსიტეტი, რომელსაც ჩვენზე მაღალი სასწავლო პროცესი აქვს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საინჟინრო მიმართულების კურსდამთავრებულთა დაახლოებით 85% ამ პროფესიაშია დასაქმებული. ჩვენთან არსებობს ორდიპლომიანი პროგრამები, რომელთა გავლის შემდეგ სტუდენტი ორ დიპლომს იღებს: ქართულს და უცხოურს. აქედან გამომდინარე, ვერაფრით დავეთანხმები აზრს, რომ რეფორმით განათლების ხარისხი შემცირდება, პირიქით მოხდება, რადგან სტუდენტს თანხის გადახდის ვალდებულება აღარ ექნება.

რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გაიზრდება პროფესორის ხელფასიც, პროფესურა დაფასდება და მას აღარ მოუწევს სხვადასხვა უნივერსიტეტში სიარული და იმაზე ფიქრი, კიდევ სად წაიკითხოს ლექცია და გაიჩინოს დამატებითი შემოსავალი. თუ ინფრასტრუქტურაც გაუმჯობესდება, სასწავლებლები თანამედროვე ტექნიოლოგიებით აღიჭურვება და გადახალისდება. იმედია, სახელმწიფო ამ მიმართულებითაც დაგვეხმარება.

- რას გპირდებათ მთავრობა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის გარდა?

- რეფორმის პუნქტები დახვეწის პროცესშია, მიმდინარეობს კონსულტაციები.

რომელ პუნქტს არ უნდა დაეთანხმოს საზოგადოება: იმას, რომ უფასო იყოს სასწავლო პროცესი, გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, გაიზარდოს სწავლების ხარისხი, პედაგოგის ხელფასი?! ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ უფასო იქნება სამაგისტრო საფეხურიც.

- ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის პროგრამების გადანაწილება მათი ტრადიციული პროფილისა და ისტორიული გამოცდილების მიხედვით გამოიწვევს არაერთი პროგრამის საერთოდ შეჩერებას კონკრეტულ სასწავლებელში... გასათვალისწინებელია "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის" პრინციპიც, რომ სხვა ქალაქებში გადატანილი კონკრეტული ფაკულტეტების სტუდენტებსა და პროფესორებს გაეზრდებათ ტრანსპორტირებისა და საცხოვრებელი ხარჯები.

- ეს მოსაზრება იმის დასტურია, რომ რეფორმა არასწორადაა გაგებული. რეალურად ყველა ქალაქში არსებულ ყველა სახელმწიფო უნივერისტეტში უნდა იყოს ყველა სპეციალობა. თუმცა რომელი ქალაქის რომელ უნივერსიტეტში რა ფაკულტეტები იქნება, ამას ზუსტად ვერ გეტყვით.

- რას გულისხმობს სტუდენტთა რაოდენობის კვოტირება ბაზრის შესწავლის საფუძველზე და გამოიწვევს თუ არა ეს მიდგომა არაპოპულარული მიმართულებების შეჩერებას?

- ვერც ერთი უმაღლესი სასწავლებელი, კერძოც და სახელმწიფოც, ვერ იტყვის, რომ პროგრამის აკრედიტაციის დროს მათ ჩატარებული არა აქვთ ბაზრის კვლევა. პროგრამის ინიცირების დროს პირველი, რაც კეთდება, არის შრომის ბაზრის შესწავლა, რადგან მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რამდენად საჭიროა ეს სპეციალობა და რამდენად დასაქმედება კონკრეტული ფაკულტეტის კურსდამთავრებული.

- მზად არის სისტემა, რომ რეფორმა 2026 წლიდანვე დაიწყოს?

- ეს განვითარებადი პროცესია. იმაზე­ კარგი რა უნდა იყოს, რომ რეგიონებშიც მოეწყობა გარკვეული მიმართულებებისთვის­ აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. თუ სტუდენტს ლაბორატორია და პრაქტიკული კომპონენტი არა აქვს, მისი კვალიფიკაცია ისეთი ხარისხის ვერ იქნება, რა ხარისხის დიპლომიც უნდა მივცეთ. ლაბორატორიები და პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია კარგი განათლებისთვის.

- როგორ უყურებთ 3+1+1 მოდელზე გადასვლას. ეს გააუმჯობესებს განათლების ხარისხს?

- კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ბიზნესადმინისტრირებასა და ჰუმანიტარულ მიმართულებებს სავსებით შესაძლებელია 3-წლიანი სასწავლო პროცესი ეყოთ. თუმცა, ცოტა რთული განსახორციელებელი იქნება საინჟინრო მიმართულებებზე. რაც შეეხება +1 მოდელს, ეს მთელ მსოფლიოში აპრობირებულია და არის მოქნილი მექანიზმი, როცა სახელმწიფო ყველაფერს გიფინანსებს,

სრულ პროფესორს ექნება 10.000-ლარიანი ხელფასი, ასოცირებულ პროფესორს - 7.000-ლარიანი, უნივერსიტეტის საზრუნავი აღარ იქნება კომუნალური ხარჯები და სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი სხვა საჭიროებები, მისი მოვალეობა იქნება მხოლოდ ხარისხიანი სწავლების მიწოდება - ამ შემთხვევაში უნივერსიტეტის ძირითადი მიზანი იქნება მის აკადემიურ პერსონალს დაეხმაროს მეცნიერების განვითარებასა და კვლევების ჩატარებაში და სტუდენტებს მისცეს მაღალი ხარისხის განათლება. დღეს პროფესორის ხელფასი საშუალოდ 2.000 ლარია. საქართველოში აკადემიური წრე ძალიან პატარაა და პედაგოგებს სხვადასხვა უნივერსიტეტში უწევთ სიარული, რათა ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესონ.

- რამდენად არიან ჩართული სახელმწიფო უნივერსიტეტები განათლების რეფორმის მომზადების ან დახვეწის საქმეში?

- ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი არის რექტორთა მუდმივმოქმედი კომისიის­ თავმჯდომარე. რეფორმის საკითხებზე ამ კომისიის ეგიდით განათლების მინისტრსა და მის მოადგილესთან გაიმართა შეხვედრა, ასევე რექტორთა საბჭოს შეხვედრაც, რომელშიც 64-ვე უნივერსიტეტი მონაწილეობდა. პრემიერი შეხვდა ყველა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელს. თუმცა ეს პროცესი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა.

- სახელმწიფო უნივერსიტეტებს თუ გაქვთ კონკრეტული პრეტენზიები და შენიშვნები მთავრობასთან და თუ წაუყენებთ განხილვისას?

- რა თქმა უნდა, არის ტექნიკური საკითხები, რომლებიც დეტალურ დაზუსტებას მოითხოვს და სამუშაო შეხვედრებზეა განსახილველი. ვფიქრობ, ჩვენს შენიშვნებს აუცილებლად გაითვალისწინებენ. პროცესი ძალიან სენსიტიური და მტკივნეულია, რადგან ეხება ყველა ოჯახს და იმ თაობას, რომელმაც ეს ქვეყანა წინ უნდა წასწიოს. ამიტომ განათლების რეფორმა ძალიან ყურადღებით გასატარებელია.

შორენა ბიწაძე