„ვინც შემიყვარდა, ყველა ცოლად მოვიყვანე“
"მოგზაურობა ჩემი ჰობია, მაგრამ როგორი შთაბეჭდილებაც არ უნდა მოახდინოს უცხო ქვეყანამ, როგორც არ უნდა გადავირიო, ზუსტად ვიცი, ჩემი სამშობლოს გარდა, ვერსად ვიცხოვრებ", - ამბობს მსახიობი ბესო ბარათაშვილი.
- დაბადების თარიღი...
- 1963 წლის 26 ივნისი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- მსახიობი. ჩემი მშობლები იყვნენ მსახიობები და ბავშვობიდან თეატრში ყოფნა მიწევდა. იქაური სამყარო იმდენად შემიყვარდა, სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. სამწუხაროდ, მშობლები ადრეულ ასაკში გარდამეცვალნენ და ჩემს პროფესიულ არჩევანს ვერ მოესწრნენ.
- ჩემზე ამბობენ...
- ეგ სხვას უნდა ჰკითხოთ. რა ვიცი, აბა, რა გითხრათ, მეგობრული ვარ, კარგი სალამი, მოკითხვა ვიცი... თქვენ ჩემ შესახებ რა გსმენიათ?
- კარგი იუმორი აქვსო.
- შეიძლება ასეა, საკუთარ თავზე ლაპარაკი მიჭირს, მართალია, იუმორის ნაკლებობას არ ვუჩივი, მაგრამ ვიცნობ ადამიანებს, ჩემზე კარგი იუმორი რომ აქვთ.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- იმ ტკივილებს ავირიდებდი, რასაც ოჯახის წევრების, ახლობლების გარდაცვალება ჰქვია. თუმცა ეს ადამიანებზე არ არის დამოკიდებული. ბევრი ახლობელი მყავს ნაადრევად გარდაცვლილი...
- ჩემი პირველი წარმატება...
- თეატრალურ ინსტიტუტში მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოხვედრა იყო. სწავლა რომ დავიწყე, ეს პროფესია ბევრად საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. მიხეილ თუმანიშვილი უაღრესად დიდი ადამიანი, პედაგოგი, რეჟისორი გახლდათ. განათლებული, ინტელიგენტი კაცი იყო, დიდი შთაბეჭდილების მომხდენი.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- მიხეილ თუმანიშვილს და ჩემს უახლოეს მეგობარს - ლევან წულაძეს.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ეს პროფესია ავირჩიე, მყავს შვილი, შვილიშვილები. უფროსი წელს წავიდა სკოლაში, პატარა თებერვალში 2 წლის გახდება.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ვიმოგზაურო. რომ არა მსახიობობა, შეიძლება მეზღვაური გავმხდარიყავი, შანსი გამიჩნდებოდა ბევრი მემოგზაურა, ეს ჩემი ჰობია. ნაწილობრივ ეს სურვილი პროფესიამაც ამიხდინა. 25 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ზოგიერთი 5-ჯერაც კი მოვინახულე.
- ყველაზე მეტად რომელი ქვეყნით, ქალაქით მოიხიბლეთ?
- ლონდონში პირველად რომ ჩავედი, გავგიჟდი. არ მეგონა ასეთ შთაბეჭდილებას თუ მოახდენდა. ძალიან კარგი ხალხი დაგვხვდა, ჩვენი ემიგრანტების სახით. გასტროლი 4-5 დღით თუ ფინანსდება, ჩვენ კი ლონდონში 11 დღით ყოფნამ მოგვიწია, მთელი ქალაქი ფეხით მოვიარეთ... ბოლო დროს ლათინურ ამერიკაში მივიღე დაუვიწყარი შთაბეჭდილება. იქაური გარემო, ადამიანები ძალიან მომეწონა. გაჭირვებული ხალხიც კი გაღიმებული დადის. ჩინეთში, კორეაშიც ვარ ნამყოფი. მაგრამ როგორი შთაბეჭდილებაც არ უნდა მოახდინოს უცხო ქვეყანამ, როგორც არ უნდა გადავირიო, ზუსტად ვიცი, ჩემი სამშობლოს გარდა ვერსად ვიცხოვრებ. რომ მივდივარ, მალევე მეწყება მონატრება - შვილი, შვილიშვილები, ჩემი თეატრი, გარემო "მეძახის"... ან კი რა არის ამაში საკვირველი?
- თვისება, რომელიც ჩემში არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ასეთი ძალიან ბევრია. ჯაჯაღანა და წუწუნა კაცი ვარ.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ვერაფერიც ვერ ვისწავლე. გამოუსწორებელი ადამიანი ვარ.
- პატიება შემიძლია...
- მარტივად, მაგრამ დავიწყებას ყოველთვის ვერ ვახერხებ. როცა შემთხვევა ძალიან მტკივნეულია, როგორ დავივიწყო? უბრალო წაკამათება მარტივი საპატიებელია, ამის გამო ადამიანი არ უნდა დაიბოღმო. ცხოვრებაში შეიძლება ისეთი მომენტი დაგიდგეს, ვისთანაც იკამათე, ყველაზე მეტად მისი თანადგომა იგრძნო. გამიზნული ბოროტება, დაგეგმილი სიავე ძნელი საპატიებელია, გულს აცივებს.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- თუ ღმერთი ინებებს, წლების შემდეგ დიდი ბაბუა ვიქნები, ხელში ჯოხით და დანაოჭებული სახით.
- ვიბნევი...
- ბევრნაირ სიტუაციაში, მაგრამ სცენაზე - იშვიათად. განსაკუთრებით ვიბნევი, როცა ახლობლის ცუდად ყოფნის ამბავს ვიგებ, ვეღარ ვხვდები, როგორ მოვიკითხო, რა ვუთხრა, რით გავამხნევო. არასდროს დამავიწყდება - გარდაცვალებამდე ერთი კვირით ტრისტან სარალიძეს შევხვდი. მარტო მისვლა ვერც გავბედე, საერთო მეგობარს ვთხოვე, ჩემთან ერთად წამოსულიყო. მასთან შინ მივედით, ნახევარი კაცი დამხვდა, მივხვდი, ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო და მაშინ ძალიან დავიბენი, ეს დღე მძიმედ მახსოვს.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ძალიან ბევრ რამეს, ფეთქებადი ხასიათი მაქვს. შეიძლება ისეთ რამეზე გადავირიო, სულ არ იყოს გადასარევი, ვიჯაჯღანებ, ვიჯაჯღანებ და დავწყნარდები.
- მეზარება...
- ყველაფერი, გარდა ტახტზე წამოწოლის და ტელევიზორის ყურებისა, ზარმაცი ვარ.
- პროფესიული სიზარმაცეც გჩვევიათ?
- ზარმაცი კაცი ყველაფერში ზარმაცია, მაგრამ როცა რაღაც გასაკეთებელია, უნდა გააკეთო, როგორც არ უნდა გეზარებოდეს.
- სიყვარული ეს...
- ღმერთია, მისგან ბოძებული ნიჭია, რომელიც არ უნდა გაფლანგო. პირველ რიგში ღმერთი უნდა გიყვარდეს და მერე ადამიანი, არა აქვს მნიშვნელობა, ის ადამიანი შენი ახლობელია თუ არა.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- სტუდენტი ვიყავი. მანამდე ბავშვური გატაცებები იყო, მაგრამ პირველი სიყვარული ჩემი მეუღლე გახდა. შემდეგ ისე მოხდა, ერთმანეთს დავშორდით, მერე მეორე შემიყვარდა და ისიც ჩემი მეუღლე გახდა. ასე რომ, ვინც შემიყვარდა, ყველა ცოლად მოვიყვანე.
- მაკვირვებს...
- ჩემს თავზე ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მორალური კანონები ჩემში - როგორც კანტი ამბობდა. სამყარო ისე შეიცვალა, გასაკვირი აღარაფერია.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ჩემმა შვილიშვილებმა, ხან ვეთამაშები ბავშვებს, ხან ვეჯაჯღანები. უცროსი ტელევიზორში რომ მხედავს, გაოგნებულია, ხან მე მიყურებს, ხან ეკრანს... ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს ჩემი პროფესია, სარეპეტიციო პროცესში მიღწეული მიგნებები. უჰ, ძალიან დიდი აზარტია, როცა იჭერ მარცვალს, რაზეც მერე პერსონაჟის სახის გამოძერწვას იწყებ.
- ჩემი პროფესიის მთავარი ხიბლი...
- ადამიანის შინაგანი სამყაროს კვლევაა. იმ ადამიანის, რომელიც არ არსებობს, მწერლის მიერ არის შეთხზული, შენ კი უნდა გააცოცხლო და მისი ცხოვრებით იცხოვრო. მსახიობობა ფილოსოფიასთან ახლოს მდგომი პროფესიაა. სცენაზე მყოფი არტისტისთვის ყველაზე მთავარი სიმართლეა. მაყურებელმა ეს სიმართლე თუ არ იგრძნო, მეორედ თეატრში აღარ მოვა. ღამეები მითენებია იმის გამო, რომ სიტყვა "გამარჯობა" ისე მეთქვა, როგორც ჩემი პერსონაჟი იტყოდა, რა ემოციას ჩადებდა, როგორი ინტონაციით, გამომეტყველებით...
- ყველაზე დასამახსოვრებელი კომპლიმენტი გაიხსენეთ.
- ჩემმა კოლეგამ ერთ-ერთ სპექტაკლში მნახა და წარმოდგენის დასრულების შემდეგ მითხრა, ეს სპექტაკლი შენი ძეგლიაო. ეს სიტყვები არასდროს დამავიწყდება.
- ვრისკავ...
- პროფესიაში მეტად ვრისკავ, ცხოვრებაში - ნაკლებად. არავითარ შემთხვევაში არ გავრისკავ, შესაძლო შედეგი მცირედით მაინც ვინმესთვის ზიანის მომტანიც რომ აღმოჩნდეს.
- დღემდე ვერაფრით გავბედე...
- ვინმესთან თხოვნით მისვლა... სხვას შემიძლია გავყვე, სადმე ჩემი სიტყვა თუ გაჭრის, მივეხმარო, მაგრამ ჩემი შვილისთვისაც კი ვერასდროს ვერავის ვერაფერს ვთხოვ, ძალიან მერიდება, მეუხერხულება.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- უხერხულობა სიხარულს ფარავს, თუმცა ქება ვის არ ახარებს?
- მეშინია...
- ბევრი რამის. როგორც ყველა ადამიანს, ყველაზე მეტად სიკვდილის მეშინია.

- ხშირად მსაყვედურობს...
- ჩემი შვილი, ეს აქ რომ იდო, სად წაიღე? ის იქ რატომ დევს? ვუსმენ და ვატარებ, ხან მეც ვსაყვედურობ და ის ატარებს. სამსახურში ნაკლებად ვიღებ საყვედურებს, არც სამეგობროში ვარ ამრევ-დამრევი.
- ვიტყუები...
- ხანდახან, ამბავს ვყვები და რაღაცებს ვამატებ, ვფანტაზიორობ, ადამიანები რომ გავამხიარულო. ადამიანს სიტყვა მივცე, რამეს დავპირდე და მოვატყუო? - ეს გამორიცხულია!
- თავისუფლება არის...
- სულიერი მდგომარეობა და მორალური კანონების დარღვევაში, სხვისი თავისუფლების შეზღუდვაში არ უნდა გადაიზარდოს.
- როცა მარტო ვარ...
- ტელევიზორს ვუყურებ, ფეხბურთი, რაგბი და მეორე მსოფლიო ომზე გადაღებული ფილმები მიყვარს...
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ბევრს ვიმოგზაურებდი, რა თქმა უნდა, ახლობლებსაც გავახარებდი.
- რამდენიც არ უნდა გადამიხადონ...
- არ გავიყიდები.
- მენატრება...
- მენატრებიან ჩემი მშობლები, და, მეუღლე, მეგობრები, რომლებიც დღეს ჩემ გვერდით აღარ არიან. დედა რომ გარდამეცვალა, მე-2 კლასში ვიყავი, 3 წლის შემდეგ მამამაც დამტოვა.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- \თეატრი და შვილიშვილები არიან ჩემი "წამლები" .
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ყველაზე კარგად ადამიანები უფალმა დაგვარიგა, 10 მცნებაზე კარგი დარიგება ჩემთვის არავის მოუცია.
- დაბოლოს...
- ყველას ჯანმრთელობას სიკეთეს, სიხარულს გისურვებთ და გთხოვთ, თეატრში იარეთ, იარეთ, იარეთ!
თამუნა კვინიკაძე