"ხშირად მსენია, - ქალს გემზე რა უნდა?" - გემის პირველი მექანიკოსი ქალი საქართველოში - კვირის პალიტრა

"ხშირად მსენია, - ქალს გემზე რა უნდა?" - გემის პირველი მექანიკოსი ქალი საქართველოში

"ახლა გიბრალტარის სრუტეში ვართ, აფრიკასთან ახლოს, ხვალ ატლანტის ოკეანეში, 3-მეტრიან შტორმში შევდივართ", - ამბობს მარიამ გურგენიშვლი, გემის პირველი მექნიკოსი ქალი საქართველოში. ქვეყანაში, სადაც მძიმე ტექნიკური პროფესიები კაცურ საქმეებად მიიჩნევა, მარიამი უდიდესი პასუხისმგებლობით და შეუპოვრობით ამსხვრევს სტერეოტიპებს და ნელ-ნელა უახლოვდება მიზანს, რომელიც მისთვის სტიმულისა და ენერგიის მიმცემია.

- მარიამ, 13 წლის გოგონები პრინცესულ ამბებზე ოცნებობენ, თქვენ გემის მექანიკოსობა რამ მოგანდომათ?

- ზუსტად ამ ასაკში მივიღე გადაწყვეტილება, გავმხდარიყავი გემის მექნიკოსი. ეს ჩემი ოჯახის წევრმა, მამინაცვალმა განპირობა. ის იყო გემის მექანიკოსი და ვთხოვდი ხოლმე მოეყოლა, რის გადატანა უწევდა და ნელ-ნელა ინტერესიც გამიჩნდა. მას არც ეგონა, ოდესმე ამ პროფესიას თუ ავირჩევდი. მიამბობდა, რამდენად რთული იყო ეს საქმე, ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი უნდა ყოფილიყო, ყველაფრისთვის რომ გაგეძლო. ისე მომწონდა, ისეთი ინტერესი მქონდა, იმ პერიოდიდან დავიწყე მზადება. ვცდილობდი, სკოლაში განსაკუთრებით კარგად ის საგნები მესწავლა, რომელიც ჩასაბარებლად დამჭირდებოდა.

- დედა რას გეუბნებოდათ?

- დედა მხარში მედგა, სულ ცდილობდა, რომ მოტივაცია არ ჩაეკლა, მხოლოდ ერთხელ მითხრა, იქნებ სხვა პროფესია აგერჩია, ჯერ გვიანი არ არისო. ეს მაშინ მოხდა, როდესაც გემზე სტაჟიორად წავედი და 3 თვის შემდეგ დავბრუნდი, ძალიან შეცვლილი, დასტრესილი, დაღლილი, თუმცა მაინც ბედნიერი.

- როგორც ვიცი, წარმოშობით ფშაველი ხართ.

- დიახ, ჩემი მშობლები უკანა ფშავიდან­ არიან. თიანეთში დავიბადე და კახეთში გავიზარდე. მეზღვაურები უმეტესად აჭარლები არიან და ყველას მეც აჭარელი ვგონივარ. თავიდან ტექნიკურ უნივერსიტეტში მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, შემდეგ ბათუმის საზღვაო აკადემიაში გადავედი. იქ ყველა მეუბნებოდა, აჭარლები სასწავლებლად თბილისში მიდიან და შენ თბილისიდან ბათუმში რამ გამოგაქცია, ეს პროფესია ასე ძალიან გაინტერესებსო? გემის პირველი მექანიკოსი ქალი ვარ საქართველოში, 3 წელია, უკვე რაც ამ პროფესიას ვემსახურები.

- ყველაზე დიდი სირთულე რა არის?

- სტერეოტიპები, სხვა სირთულე არც არსებობს, ყველაფერს ვუმკლავდები. საქართველოში ხომ ჯერ კიდევ არსებობს ქალის და მამაკაცის პროფესიები და ხშირად მსენია, - ქალს გემზე რა უნდა? იყო შემთხვევები, როდესაც რაღაც იყო გასაკეთებელი და მკითხეს, შენ ამას შეძლებ? ასეთების თვალში სუსტი ხარ, ეს სტერეოტიპია, თუმცა მიდგომა ნელ-ნელა იცვლება. ბოლო 2 კონტრაქტზე მსგავს ფაქტს აღარ შევჯახებივარ, მაგრამ ამ კონტრაქტზე რომ მოვდიოდი, გავიგე, ერთმა მექანიკოსმა ჩემთან მუშაობაზე უარი თქვა... მერე სხვა გამოუშვეს. გემზე 4 მექანიკოსი ვმუშაობთ. მთავარი, მეორე, მესამე და მეოთხე. მე მესამე მექანიკოსი ვარ. როგორც ვიცი, ჩემს პროფესიას ახლა ერთი გოგო ეუფლება საქართველოში, მასაც მარიამი ჰქვია და იმედი მაქვს, არჩეულ საქმეს გაჰყვება. მსოფლიოს მასშტაბით, სხვა ქვეყნებში ძალიან ბევრი ქალია ამ სამსახურში.

- თქვენი მოვალეობა რა არის?

- ტექნიკური თვალსაზრისით გემი სრულად უნდა იყოს გამართული. ყველას ჩვენი საქმე გვავალია. ჩემი მოვალეობა დიზელ გენერატოების კონტროლია. მეორე მექანიკოსს მთავარი ძრავი აბარია, თუმცა ხშირად ერთმანეთის საქმეებსაც ვაკეთებთ. შემისრულებია მეორე მექანიკოსის მოვალეობაც და მომხდარა პირიქითაც.

- პირველად ზღვაში რომ გახვედით, რა ემოცია იყო?

- ძალიან დიდ განცდებში ვიყავი, რადგან წყლის შიში მქონდა, მაგრამ უკვე დავძლიე. მაშინ პატარა გემზე ვიყავი, მაგრამ მე ძალიან დიდი მეჩვენებოდა. გარშემო მხოლოდ წყალი იყო და ხმელეთი არსად ჩანდა, ამას საოცარი შეგრძნება ახლდა. ჩემს მაშინდელ ემოციაზე ახლაც მეცინება... გარდა ამისა, გემზე ქალი არავინ იყო, სულ მამაკაცების გარემოცვაში ვიყავი და მორიდება მქონდა.

gurgenishvili-1765745088.jpg

- წყლის შიში როგორ დაძლიეთ?

- დილით სანამ მუშაობას დავიწყებდი, გემბანზე გამოვდიოდი და წყალს დავყურებდი, გემბანს ვიყავი ჩაბღაუჭებული, ხელებს მაგრად ვუჭერდი და ამ მდგომარეობას ნელ-ნელა შევეჩვიე. დღეს გემბანზე ისე დავდივარ, როგორც ხმელეთზე, ახლა ძალიან მომწონს, არანაირი შიში აღარ მაქვს. გემი ოკეანეში რომ მიცურავს, წყალზე თავისებურ კვალს ტოვებს. როდესაც ამას ვუყურებ, თავისთავად მოდის ფიქრები წარსულზე, წარსულიც ხომ ჩვენში ასეთივე კვალს ტოვებს. როცა გემბანის წინა ნაწილზე ვდგები და სივრცეს გავყურებ, იქ მომავალზე ვფიქრობ.

- შტორმი, ღელვა, ასეთ სახიფათო სიტუაციებში ალბათ არაერთხელ ყოფილხართ.

- ამის გარეშე გემზე წარმოუდგენელია. ხვალიდან შტორმში შევდივართ, 3 მეტრზე მეტი ტალღები იწყება.

- რა მშვიდად ამბობთ.

- (იცინის) ქანაობა მოგვიწევს.

- ახლა რომელ ოკეანეში ხართ?

- ხვალ ატლანტის ოკეანეში შევდივართ. ამ წუთში გიბრალტარის სრუტეში­ ვიმყოფებით, აფრიკის კონტინენტთან ახლოს. ახალ კონტრაქტს ხელი გუშინ მოვაწერე, 4-თვიანი კონტრაქტით ვიყავი წამოსული, მაგრამ 2 თვით გამიგრძელდა.

- რა პიროვნული თვისებები გეხმარებათ თქვენს პროფესიაში?

- ამ საქმეს თუ ირჩევ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი ადამიანი უნდა იყო, შრომისმოყვარე და დაუზარელი. ადრე ადგომა არ უნდა გეზარებოდეს. ხან დილის 6 საათზე ვდგები, ხან - 8-ზე, გააჩნია გემს მანევრი და პორტში შესვლა რა დროს მოუწევს. სანამ გემზე ავალთ, სამედიცინო გამოკვლევებს ვიტარებთ, ამის გარეშე გემზე არავინ აგიშვებს.

- თქვენი მოტივაცია რა არის, ყველაზე მეტად რა გაძლიერებთ?

- მე ყოველთვის ძლიერი ვიყავი და ვარ, საყვარელ ადამიანებს ყველაზე დიდი ძალის მოცემა შეუძლიათ. მთავარი მიზანია, ამის გარეშე ვერაფერს მიაღწევ, ვერც ძლიერი იქნები.

- დღეს რა არის თქვენი მიზანი?

- მინდა მთავარი მექანიკოსი გავხდე. საქართველოში რომ დავბრუნდები, სერტიფიკატების განახლება, გამოცდების ჩაბარება მიწევს. ამის შემდეგ ავიღებ მეორე მექანიკოსის საბუთს. რაღაც პერიოდის შემდეგ, აუცილებლად ავიღებ მთავარი მექანიკოსის საბუთს. ჯამში გემზე მუშაობის 16 თვე უნდა გქონდეს.

- ზღვაში ყოფნის დროს, ყველაზე მეტად რა გენატრებათ?

- ადრე ყველაზე მეტად ქართული საჭმელები მენატრებოდა. ახლა მეორე ნახევარი.

- დაოჯახებული ხართ?

- შეიძლება ასეც ითქვას. ჩემი მეუღლე გემზე ყოფნის დროს გავიცანი, ოღონდ დისტანციურად. ის საქართველოში იყო, თავის საქმეს აკეთებდა.

- რას საქმიანობს?

- ის საერთოდ სხვა განზომილებაშია.

- თქვენი პროფესიები იმდენად განსხვავდება, რომ "სხვა განზომილებას" უწოდებთ?

- ასეა, თუმცა ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის. უხეში შედარება რომ გავაკეთო, მე უფრო ძლიერ სამუშაოს ვასრულებ, ის უფრო პრინცესულს (იცინის).­ მომკლავს, ასე რომ ვთქვი. ჩვენი სიყვარულის­ ამბავი დისტანციურად დაიწყო. გემიდან რომ დავბრუნდი, პირველი შეხვედრაც მაშინ შედგა - 2024 წლის 6 აგვისტო იყო. ეს ადამიანი რომ გავიცანი, მაშინაც ზუსტად იმ გემზე ვიყავი, რომელზეც ახლა ვარ.

- ახალ წელს სად ხვდებით?

- 2024 წელსაც პოლონეთში შევხვდი და 2026 წელსაც ამ ქვეყანაში მომიწევს ახალი წლის შეხვედრა.

- ამ დღეს თავს განტვირთვის უფლებას აძლევთ?

- თურქ პერსონალთან ვმუშაობ, ევროპისა და აფრიკის ქვეყნებში დაუმუშავებელი სოდა გადაგვაქვს. თურქულ კომპანიაში ახალი წელი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა. ახლა გემზე ჩემთან ერთად არის ლაზი გოგო, ეს პირველი კონტრაქტია, როცა გემზე ჩემთან ერთად ქალია. ის მასტერის მეორე თანაშემწეა. ზოგიერთი ქართული სიტყვაც იცის, მის ოჯახში უფრო საუბრობენ ქართულად. ძალიან დიდი სურვილი აქვს, საქართველოში სახლი შეიძინოს და მთხოვს, ამ საქმეში დავეხმარო. აინტერესებს ჩვენი ქვეყნის ნახვა, თბილისის, ბათუმის დათვალიერება და როგორც კი დრო გვექნება, აუცილებლად ვუმასპინძლებ.

თამუნა კვინიკაძე