"ამბავი მთებსა და ადამიანებზე"
"გადავწყვიტე, მომეკვლია ცხვრის ფარების სეზონური გადასვლა ვაშლოვნის დაბლობიდან თუშეთის მაღალმთიან რეგიონებში. რამდენიმე ასეული კილომეტრის სიგრძის ამ მარშრუტს გავყევი და მოვიარე დართლო და ომალო, სადაც მრავალი ეთნოგრაფიული და შემთხვევით ნაპოვნი არქეოლოგიური მასალა აღმოვაჩინე", - ამბობს იტალიელი მკვლევარი მასიმო მირაბელა.

23 დეკემბერს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნება გამოფენა, რომელიც მიეძღვნება 1970-იან წლებში ეროვნული მუზეუმის მიერ ჩატარებულ ექსპედიციას და აღმოჩენილ მნიშვნელოვან არქეოლოგიურ არტეფაქტებს. მის საფუძველზე არსებულ დღევანდელ კვლევებს, რაც ასევე გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი...
თუშეთის მთებისა და მათი ისტორიის პოპულარიზაციის იდეა შემთხვევითი დაიბადა: ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური კვლევით დაინტერესებული საქართველოში ჩამოსული მკვლევარი მასიმო მირაბელა შეხვდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ლექტორსა და ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმის მკვლევარს ნოდარ ბახტაძეს. იტალიელი ეთნოარქეოლოგის კვლევა შედარებითი ხასიათის იყო, მას სურდა შეეფასებინა თანამედროვე ქართველი მწყემსების სეზონური მიგრაცია და მათი პრაქტიკა შეედარებინა იმ მოვლენებისათვის, რომლებიც ამავე ტერიტორიებზე ბრინჯაოს ხანაშიც არსებობდა.
- მასიმო, გვიამბეთ, რამ ჩამოგიყვანათ საქართველოში და რა აღმოაჩინეთ?
- საქართველო შემთხვევით აღმოვაჩინე. საერთაშორისო სამეცნიერო პროექტში ვმონაწილეობდი, რომელსაც მხარს უჭერდა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჩემი თავდაპირველი კვლევა მიზნად ისახავდა ქართული და სომხური ვულკანებიდან, ობსიდიანის ბუნებრივი წარმოშობის ადგილებიდან მისი ტრაექტორიის შესწავლას: სად მუშავდებოდა იგი, როგორ ნაწილდებოდა და რა გზებით აღწევდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონამდე. ობსიდიანი ბუნებრივი ვულკანური მინაა, რომელიც წარმოიქმნება სილიციუმით მასიური ლავის სწრაფი გაცივებისას ჰაერზე, წყალში ან თოვლზე... არქეოლოგიურმა მონაცემებმა ცხადყო, რომ ბრინჯაოს ხანის დასაწყისში ობსიდიანი ფართოდ გამოიყენებოდა სამკაულების, ბასრი იარაღებისა და სამარხი რიტუალებისთვის, მაგალითად, ყორღანებზე მიმოფანტული ნატეხების სახით... ობსიდიანი, რომელსაც აგროვებდნენ ან მოიპოვებდნენ ისეთ ზონებში, როგორიცაა ჭიქიანის მთა (სადაც ახლა ჩამქრალი ვულკანია), დამუშავების შემდეგ დაბლობში ჩამოჰქონდათ და შემდეგ გამოიყენებოდა.
სწორედ ამ გადაადგილების დინამიკამ მიმიყვანა სეზონური მიგრაციის კვლევასთან. ობსიდიანის იარაღები ხშირად გვხვდებოდა მწყემსთა სამარხებში ან ადგილებში, სადაც შეიძლებოდა პირუტყვის მოვლა, ტყავის დამუშავება და პალეოეკონომიკური საქმიანობა. მწყემსები, როგორც ცნობილია, არა მხოლოდ რძესა და ხორცს აწარმოებდნენ, ისინი ტყავსაც ამუშავებდნენ და ობსიდიანის ბასრი პირები ამ საქმიანობაში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იყო. ობსიდიანის ტრაექტორიის უკეთ გასაგებად გადავწყვიტე მომეკვლია ცხვრის ფარების სეზონური გადასვლაც ვაშლოვნის დაბლობიდან თუშეთის მაღალმთიან რეგიონებში.

- როგორ შთაბეჭდილებას ახდენს თუშეთი, როგორც თანამედროვე ანთროპოლოგიური სივრცე და როგორც არქეოლოგიური ლოკაცია?
- მართალი გითხრათ, მხოლოდ მწყემსების რჩევით მივდიოდი იმ გზით, რომელსაც თანამედროვე სეზონურ მიგრაციაში იყენებენ. მითხრეს, რომ ზაფხულში მთაზე საძოვრები აქვთ, მაგრამ რეალობა გაცილებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა. გზა ძალზე რთული იყო: მყიფე ფხვიერი ქანები გზებს საშიშს ხდის, თუნდაც ძლიერი გამავლობის მქონე მანქანებისთვის. მწვერვალზე ასვლის შემდეგ საოცარი ლანდშაფტი დაგვხვდა: სუფთა ჰაერი, მწვანე მინდვრები, ტრადიციულად ნაშენი სახლები, წყლის ცივი ნაკადები და მრავალი მწყემსი თავისი ცხვრის ფარით. დავათვალიერე მათი ბანაკები, დავაკვირდი საძოვრებს, ცხვრების შეგროვებას და საღამოს მათ შინ დაბრუნებას. დავესწარი გუდის ყველის დამზადებას, სწორედ ამ ყველის გამო ადიან მწყემსები ზაფხულში მაღლა მთაში. ხშირად მათ ეხმარებიან ჩრდილოკავკასიელები ჩეჩნეთიდან ან დაღესტნიდან, რომლებსაც სეზონურ მუშებს უწოდებენ. ზამთარი თუშეთში მკაცრია: ყინვა, დიდთოვლობა და ოთხმეტრიანი ზვავები ართულებს ცხოვრებას. წარსულში, როგორც ისტორიული და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, ზამთარში სოფლებში მხოლოდ ქალები და ბავშვები რჩებოდნენ.
არქეოლოგიური მასალა ძალიან საინტერესოა: თუშეთში გვხვდება ბრინჯაოს ხანის გვიანი პერიოდის არტეფაქტები -ბრინჯაოს ცულები, სხვადასხვა საკულტო ნივთი, წინაქრისტიანული და შუა საუკუნეების სინკრეტული რიტუალების ნიშნები. ყველა ეს მასალა წარმოდგენილი იქნება გამოფენაზე, რომელსაც ნოდარ ბახტაძესთან ერთად ვამზადებ თბილისის ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში.
- თქვენი აზრით, როგორია საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება ქვეყნის ამ ულამაზეს კუთხესთან?
- ეს ძალზე საინტერესო ანთროპოლოგიური საკითხია. ჩემს ექსპედიციაზე ბევრ ქართველს ვესაუბრე, მეცნიერებსაც და უბრალო ადამიანებსაც. თუშეთის ხსენებაზე ყველას განსაკუთრებული ემოცია ეუფლება, თითქოს მითურ, უნიკალურ ადგილს ახსენებ, მაგრამ საინტერესოა, რომ მათგან ძალიან ცოტას ჰქონდა რეალურად ნანახი თუშეთი. ეს გამომდინარეობს მისი მიუდგომლობის, რთული გზების და სანდო ტრანსპორტის უქონლობისგან. თუშეთი მართლაც გამორჩეული ადგილია - უკვე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია. USAID-ისა და სხვა ორგანიზაციების დახმარებით აშენდა საოჯახო სასტუმროები, დამონტაჟდა მზის პანელები და შესაძლებელი გახდა ინტერნეტის გამოყენებაც. ვფიქრობ, მომდევნო წლებში, გზების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, თუშეთი უფრო ხელმისაწვდომი გახდება, რაც ადგილობრივებს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. იმედია, ეს ყველაფერი გაკეთდება სიფრთხილით, ისე, რომ არ დაზიანდეს ბუნება, ტრადიციები და იდენტობა. ეკოტურიზმი აქ იდეალური გამოსავალია.
- გვიამბეთ გამოფენაზე, რა არის მისი კონცეფცია?
- საქართველოში გასული წლების განმავლობაში რამდენჯერმე ჩამოვედი როგორც საველე სამუშაოებისთვის, ისე გამოფენების მოსამზადებლად. ტრანსჰუმანსზე პირველი კვლევის დასრულების შემდეგ თბილისის ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოვაწყვე გამოფენა "მომთაბარე მეცხვარეობა თუშეთში". ეს იყო ამბავი მთებსა და ადამიანებზე, სადაც მოცემული იყო ჩემი ექსპედიციის ფოტოები, ასევე ნიკოლო ვინჩენცო მალვესტუტოსა და მაგდალენა კონიკის ფოტოები. მაგდალენა მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს. გამოფენამ დიდი წარმატება მოიპოვა და მასზე ყველა ქართულმა მედიამ დაწერა.
წლევანდელი გამოფენა შეეხება წლების განმავლობაში შემთხვევით აღმოჩენილ არტეფაქტებს და ერთადერთ ოფიციალურ არქეოლოგიურ ექსპედიციას თუშეთში, რომელსაც ხელმძღვანელობდა რუსუდან დოლობერიძე. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ყველა ის ნივთი, რომლებიც მუზეუმის საცავებში ინახებოდა - ქრისტიანულ და წინაქრისტიანულ რიტუალებთან დაკავშირებული არტეფაქტები, საკულტო ობიექტები და სხვა ისტორიულად მნიშვნელოვანი მასალა.
ეს გამოფენა, კარგი შესაძლებლობაა თუშეთის უკეთ გასაცნობად და მომავალში სისტემური არქეოლოგიური კვლევის დასაგეგმავად. გამოფენის იდეას მხარი დაუჭირა მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, გამორჩეულმა ანთროპოლოგმა და არქეოლოგმა. მან დიდი ენთუზიაზმით მიიღო იდეა და პირველად იხსნება ის, რაც ათწლეულებია საცავებში ინახებოდა. იმედია, ბევრი ქართველი მოინახულებს გამოფენას და ახლოს გაიცნობს ამ უნიკალურ მთიან რეგიონს.