რას ითვალისწინებს „ცხოველთა მოვლის ახალი კანონი“ - კვირის პალიტრა

რას ითვალისწინებს „ცხოველთა მოვლის ახალი კანონი“

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 1-ლი იანვრიდან მთავრობა­ შინაური ცხოველების შესახებ აპირებს ახალი კანონების ამოქმედებას, არასამთავრობო ორგანიზაცია "პროექტი ცხოველებისათვის" თანადამფუძნებელ ნათია­ ჩიქოვანს დავუკავშირდით.

- კანონი "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" 2025 წლის ივლისში მიიღეს. ჩემი ორგანიზაცია 2022 წლიდან აქტიურად იყო ჩართული ამ კანონის დამუშავების პროცესში, თუმცა ე.წ. რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ არასამთავრობოების სექტორთან თანამშრომლობა, ფაქტობრივად, შეწყდა და უკვე დასრულებული სახით ვიხილეთ კანონი.

რაც შეეხება კანონის შინაარსს, მასში­ შედის ცხოველების მოვლა-პატრონობის სტანდარტები და წესები, რომლებიც აქამდეც გვქონდა, მაგრამ იყო მხოლოდ თბილისის დადგენილებაში, სანქციაც ძალიან დაბალი იყო და შესაბამისად, ძალა არ ჰქონდა. ახლა უკვე ეს არის ერთი საკანონმდებლო პროექტის ნაწილი. ასევე არის საუბარი გამრავლებისა და პოპულაციის მართვაზე.

საუბარი არ არის მიუსაფარ ცხოველებსა და მათ გამრავლებაზე, არის საუბარი­ სახლის ცხოველების გამრავლებაზე,­ რომელიც აუცილებლად უნდა იყოს კონტროლირებული, სხვა შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ ჰიპერპოპულაციას, ესე იგი, იმაზე მეტ ცხოველს, ვიდრე აყვანის მსურველია. ყველა ვალდებული იქნება თავისი ცხოველი დაარეგისტრიროს.

მნიშვნელოვანია, რომ მიტოვება დასჯადი გახდა, რასაც ჩვენ ვითხოვდით. მიტოვების გარდა, არასათანადო მოპყრობის დანაშაულის ნაწილიც უფრო გამოიკვეთა. ადრე ცხოველის ცემა და დაბმა, რომელიც სინამდვილეში დანაშაულია, პრობლემად არ აღიქმებოდა. ეს წესი პირადად ჩვენი ორგანიზაციის ჩაწერილია. ყურებისა და კუდის კუპირებაც ასევე დანაშაულია, მაგრამ კონკრეტულად ამაზე სანქციები როგორი იქნება, ჯერ არ ვიცით. ვიცით, რომ მიტოვებისთვის ჯარიმა 5.000 ლარია, ხოლო თუ ცხოველს სტერილიზაცია-კასტრაციას არ გაუკეთებს პატრონი, 1.500 ლარით დაჯარიმდება.

სამწუხაროდ, მოქალაქეებისა და მედიის ნაწილი ფოკუსირდება ალიკაპსა და საბელის ვალდებულებაზე, რომელიც ამ კანონის მხოლოდ ერთ-ერთი დეტალია. მოთხოვნაა, რომ ცხოველს ან საბელი უნდა ეკეთოს, ან ალიკაპი. რატომღაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ საჭიროა ორივე, მაგრამ ეს მცდარი ინფორმაციაა.

არსებობს CNVR საერთაშორისო მეთოდი, თუ როგორ უნდა მოხდეს მიუსაფარი ცხოველების გასტერილება. CNVR ასე იშიფრება: C-collect ნიშნავს აყვანას, N- N-neuter ნიშნავს სტერილიზაციას, V-vaccinate­ ვაქცინაციას, ხოლო R-return იმ ადგილას დაბრუნებას, საიდანაც ცხოველი აიყვანე.

ეს კანონპროექტი 1-ლი იანვრიდან ძალაში არ შედის. ძალიან ნელი ნაბიჯებით­ და ეტაპობრივად იწყება მისი აღსრულება, რადგან რაც ჩამოვთვალე, ამის აღმასრულებელი ორგანო საქართველოში არ არსებობს. ამიტომ 1-ლი მარტიდან დაიწყება უმეტესი ნაწილის ამოქმედება.

რაც შეეხება პატრონების ვალდებულებებს: თქვენი ცხოველი უნდა იყოს ვაქცინირებული, უნდა ჰქონდეს პასპორტი და დარეგისტრირებული იყოს საერთო ბაზაში, არ უნდა გაუშვათ ქუჩაში მეთვალყურეობის გარეშე, გარემოს დაბინძურების (მოსაქმების) შემდეგ ვალდებული ხართ მოაწესრიგოთ ის ტერიტორია, უზრუნველყოთ მისი დარწყულება-დაპურება, შეუქმნათ შესაფერისი საცხოვრებელი გარემო. თუ დაკარგავთ, აუცილებლად უნდა შეატყობინოთ მუნიციპალიტეტს, თუ ძაღლი ცოცხალი აღარ არის, უნდა შეატყობინოთ, ასევე თუ ძაღლი მოკვდა ან გააჩუქეთ.

- რა ხდება მაშინ, თუ ცხოველის პატრონი ამ ვალდებულებებს არ შეასრულებს?

- მე როგორც მახსოვს, 150-ლარიანი­ ჯარიმაა საბლის უქონლობაზე, სხვა სანქციებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ცვლილებები ჯერ კიდევ შესატანია.

- რას გვეტყვით იმის შესახებ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი უპატრონო ცხოველია?

- უპატრონო ძაღლებისა და კატების პრობლემა რომ აღმოიფხვრას, საჭიროა პატრონიანი ცხოველების გამრავლების გაკონტროლება. ასევე ცხოველების დათვლა-სტერილიზაცია.

- ესე იგი, ეს კანონი ერთი მხრივ ცხოველებისთვის კარგია?

- რა თქმა უნდა. ჩვენმა ორგანიზაციამ ამისათვის ბევრი იმუშავა. სამწუხაროა, რომ ჩვენთან კომუნიკაცია გაწყვიტეს და ვერ მოვახერხეთ ზოგიერთი დეტალის დაზუსტება, იქნებოდა ეს ცხოველების თავშესაფრის სტანდარტები თუ ის, რომ ცხოველის გამოკეტვა (აივანზე, სარდაფში) დანაშაულია. მაგრამ სხვა მხრივ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. და თუ ჩვენმა მოქალაქეებმა ეს წესები დაიცვეს, ეს იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი.

ამ კანონში არაფერია ისეთი, რაც დააზიანებს ცხოველებს. თუ CNVR მეთოდსაც გავითვალისწინებთ, პრობლემა არ იქნება. ცხოველების ყველა პატრონი უნდა გაეცნოს ამ კანონს, რათა აღმოვფხრათ ყველა პრობლემა.

კესო ხოსიტაშვილი