ახლა ჯაბა 33 წლისაა... მას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
რ ედაქციაში ჯაბა მურცხვალაძის მამა, გოგიტა მურცხვალაძე დაგვიკავშირდა. ბატონი გოგიტა ჩვენი გაზეთის ხშირი სტუმარია, ჩვენც ხშირად ვინტერესდებით ჯაბას მდგომარეობით. წლებთან ერთად, ჯაბას მშობლების ჯანმრთელობაც გაუარესდა, მიუხედავად ამისა, მშობლებს ყველაზე მეტად შვილის ბედი და ჯანმრთელობა აწუხებთ.…
გოგიტა მურცხვალაძე: - ჯაბა 3 დღის იყო, სამშობიაროს თანამშრომელს ხელიდან რომ გაუვარდა. ამის შემდეგ მისი მკურნალობაც არასწორი მეთოდით წარიმართა. ეს ამბები ჩემთვის ძნელი გასახსენებელია. შშმ შვილი მყავს და კარგად მესმის იმ ოჯახების, სადაც ასეთი ბავშვები იზრდებიან.
ყველაზე მძიმე წლები როცა მქონდა, საგონებელში ჩავარდნილი, იმას ვფიქრობდი ცოლ-შვილისთვის საავადმყოფოში საჭმელი მიმეტანა თუ წამალი, სწორედ მაშინ განგებამ "კვირის პალიტრაში" მიმიყვანა, მთავარ რედაქტორს ქალბატონ ლალი გუნთაიშვილს მოვუყევი ჩემი გასაჭირი და იმ დღიდან მატერიალურად თუ სულიერად ამ გაზეთის თითოეული თანამშრომლის თანადგომა და მხარდაჭერა არ მომკლებია. "კვირის პალიტრის" ქველმოქმედების შესახებ ბევრს სმენია, ბევრსაც საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი.
- დღეს როგორ ცხოვრობთ?
- მე და ჩემი მეუღლეც მოვხუცდით.…ამას წინათ პრეზიდენტს გავუგზავნე წერილი, ვთხოვდი, რომ მისი მეშვეობით პირველ ლედისთან, ქალბატონ თამარ ბაგრატიონთან დაკავშირებას. ვთხოვდი ქალბატონ თამარს, დახმარების მიზნით საქველმოქმედო ღონისძიება დაეგეგმა.
- პასუხი რა იყო?
- დამირეკა ქალბატონმა ადმინისტრაციიდან და მშრალად მითხრა, საშუალება არა გვაქვსო. გულსატკენია, ყველაზე ცუდ შემთხვევაში სიტყვიერ თანადგომას მაინც ველოდი. შარშან ბათუმში ვმკურნალობდი, თუმცა შედეგი ნულის ტოლია. მაქვს ეჭვი, რომ არასწორად მიმკურნალეს, ეს ეჭვი გამოვთქვი ჯანდაცვის მინისტრის სახელზე დაწერილ ჩემს წერილში, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიმიღია.
რამდენიმე წელი აჭარის მთავრობის მეთაურისა და ქალაქის მერის სახელზე განცხადებას განცხადებაზე ვწერდი ხვეწნა-მუდარით, რომ ჯაბასთვის ადაპტირებული ლიფტი გაეკეთებინათ. რომ ვერაფერს გავხდი, ცაგერის რაიონ სოფელ ჩხუტერში, საიდანაც წარმოშობით ვარ, ბიძაშვილების, თანასოფლელებისა და კეთილი ხალხის დახმარებით პატარა, 60 კვადრატი სახლი დავდგი და შვილს კიბის მაგივრად ადაპტირებული შესასვლელი მოვუწყვე. ეს ჯაბასთვის შვება იყო, ყოველდღე სუფთა ჰაერზე გამყავდა. ერთადერთი პრობლემა, 430 მეტრი გზა არის დასაგები. ვის არ ვთხოვე, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიე.
ერთადერთი "კვირის პალიტრის", "ambebi.ge-ს და მათი მკითხველის ემპათიას ვგრძნობ. ხალხი რომ არ მედგას გვერდში, არ ვიცი, დღემდე როგორ მოვიდოდით. წლებია მათი თანადგომით ვზრუნავ ჩემს შვილზე. ახლა ჯაბა 33 წლისაა... მძიმე ეპილეფსიური შეტევების გამო ყოველდღიური მედიკამენტოზური მკურნალობა სჭირდება. მეც ინვალიდი ვარ, მეუღლეც... პენსიაზე ვართ და რომ არა საზოგადოების დახმარება, არ ვიცი, რა გვეშველებოდა.
წლის ბოლო თვეა, ახალ წლამდე 2 კვირამდე დარჩა. ყველა ზრუნავს, როგორ გააფერადოს ნაძვის ხე, მე კი იმაზე ვდარდობ, რომ ჩემს შვილს ეგება გამოუჩნდეს თანამდგომი, რომ წამლები და მკურნალობა არ მოაკლდეს.
თიბისი ბანკი
ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად
GE45TB7420136080100007
საქართველოს ბანკი
ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად
GE42BG0000000162421607