სეზონური გრიპი 2025-26 წლის ზამთარში
ყოველწლიურად, გვიან შემოდგომასა და ზამთრის პერიოდში, სეზონური გრიპი აქტიურდება და ჯანმრთელობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. გრიპის ვირუსს ახასიათებს მუდმივი ცვალებადობა, რაც მოითხოვს ყოველწლიურ მომზადებას და ინფორმაციის განახლებას.
სეზონურ გრიპს ძირითადად გრიპის A და B ტიპის ვირუსები იწვევს. A ტიპს გააჩნია ქვეტიპები, მაგალითად, A(H1N1) და A(H3N2), რომლებიც ყოველწლიურად განიცდიან მცირე ცვლილებებს.
2025-26 წლის სეზონისთვის გრიპის ვირუსების ცირკულაციის პროგნოზირებას და მათზე მორგებული ვაქცინების შემადგენლობას ადგენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და შესაბამისი ეროვნული ცენტრები.
მიმდინარე სეზონზე, სავარაუდოდ, იცირკულირებს და უკვე გამოჩნდა A ტიპის (როგორც წესი, A(H1N1) და A(H3N2) ქვეტიპები) და B ტიპის ვირუსების ის შტამები, რომლებიც ყველაზე აქტიური იყო წინა სეზონზე. ამ შტამებს ყოველწლიურად ადგენენ და ვაქცინაც მათ წინააღმდეგ არის მიმართული (მაგალითად, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიცავს ორ A და ორ B შტამს).
გრიპის ვაქცინა იწარმოება ყოველწლიურად, WHO-ს მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, რომელიც კონკრეტულ სეზონზე მოსალოდნელ ვირუსულ შტამებს ითვალისწინებს.
ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდია შემოდგომა (ოქტომბერი-ნოემბერი), გრიპის სეზონის დაწყებამდე. ორგანიზმს იმუნიტეტის გამოსამუშავებლად დაახლოებით 2 კვირა სჭირდება. თუმცა, თუ მიზეზთა გამო აქამდე ვერ მოახერხეთ ვაქცინაცია, ჯერ კიდევ აქვს აზრი ამის გაკეთებას, რადგან ვირუსის გავრცელება ჯერჯერობით აქტიურ ფაზაში არ არის.
ვაქცინაცია განსაკუთრებით რეკომენდებულია მაღალი რისკის-ჯგუფებისთვის, ვისთვისაც გრიპის გართულების ალბათობა მაღალია. ესენია:
65 წელზე უფროსი ასაკის პირები;
6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები;
ორსულები;
ქრონიკული დაავადებების მქონე პირები (დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, თირკმლის დაავადებები და ა.შ.);
ჯანდაცვისა და სასწავლო დაწესებულებების პერსონალი.
სეზონური გრიპი უმეტესად მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს და ჯანმრთელი ადამიანები გართულებების გარეშე, ერთ კვირაში გამოჯანმრთელდებიან. თუმცა, გრიპის ვირუსი რესპირატორულ ვირუსებს შორის ყველაზე მძიმედ მიმდინარედ ითვლება და მას ახასიათებს:
მძიმე სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ძლიერი სისუსტე, თავის, ყელის და კუნთების ტკივილი, მშრალი ხველა.
გართულებები: მაღალი რისკის-ჯგუფებში გრიპმა შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები, მათ შორის ფილტვების ანთება (პნევმონია), შუა ყურის ანთება, მიოკარდიტი და ქრონიკული დაავადებების გამწვავება.
როგორ მოვიქცეთ?
პრევენცია გადამწყვეტია, განსაკუთრებით ვირუსების აქტიურ პერიოდში:
ვაქცინაცია: როგორც უკვე ვთქვით, ეს არის გრიპის პრევენციის ყველაზე ეფექტური და სპეციფიკური საშუალება. ის მნიშვნელოვნად ამცირებს ავადმყოფობის, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს.
ხელების ხშირი დაბანა: დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, განსაკუთრებით ხველის, ცემინების ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან დაბრუნების შემდეგ.
მოერიდეთ თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას დაუბანელი ხელებით; ხველისა და ცემინების დროს მიიფარეთ ცხვირსა და პირზე ერთჯერადი ხელსახოცი.
თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება: გრიპის სეზონის პიკის დროს, შეძლებისდაგვარად, მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, რათა შეამციროთ ვირუსის გადადების რისკი.
დარჩით სახლში: თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ და გაქვთ გრიპის სიმპტომები, დარჩით სახლში და მოერიდეთ კონტაქტს სხვა ადამიანებთან, რათა არ გაავრცელოთ ვირუსი. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. მძიმე სიმპტომების ან რისკ-ჯგუფში ყოფნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ ანტივირუსულ პრეპარატებს.
ამ რჩევების გათვალისწინებითა და დროული ვაქცინაციით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ გრიპით დაავადების რისკი და დაიცვათ საკუთარი თავი და გარშემომყოფები.
ექიმი თამარ მამაცაშვილი