რუჯის „ეფექტი“
ყველას გვყავს, სულ ცოტა, ერთი ნაცნობი მაინც, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში ირუჯება, ზამთარშიც ცდილობს შოკოლადისფერი, ლამაზი კანი შეინარჩუნოს და თუ ვერ ახერხებს, სოლარიუმს მიმართავს. რა რისკი ახლავს ზოგიერთ პროცედურას, რომელიც ქალებს ძალიან მოსწონთ? - ამ საკითხზე გვესაუბრება კოსმეტოლოგი ია გუგუნავა:
- ჩემს პროფესიაში 23-წლიანი გამოცდილება მაქვს, თითქმის ყველა ასაკის პაციენტი მყოლია და ზუსტად ვიცი: სილამაზე კარგია, მაგრამ მისი მიღწევის გზები შეიძლება ძალიან საზიანო იყოს. ამას ვიტყოდი გარუჯულ კანზე, რომლის მკურნალობა მთელი წლის განმავლობაში გვიწევს. მართალია, კარგი რუჯი ბევრს მოსწონს, მაგრამ ეს სილამაზის კი არა, კანის დაზიანების ნიშანია. რუჯის მიღება, მზეზე იქნება თუ სოლარიუმში, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის. პირიქით, გარუჯვა ხელს უწყობს მელანომის განვითარებას - ეს არის კანის კიბო, რომელიც ძალიან საშიშია.
- თუ მოაქვს გარუჯვას რაიმე სარგებლობა?
- ჯანმრთელობისთვის? - არავითარი, რადგან უსაფრთხო გარუჯვა არ არსებობს. კანს აზიანებს გარუჯვის ნებისმიერი მეთოდი, რომელიც ულტრაიისფერ გამოსხივებას იყენებს. სისტემატური გარუჯვა სწრაფ დაბერებას იწვევს. რატომ? - რუჯი ანგრევს კოლაგენს და ელასტინს, რის გამოც კანის გამოშრობა და მოდუნება იწყება. გარდა ამისა, პიგმენტურ ლაქებსაც წარმოქმნის. თუ ამას დავუმატებთ ალერგიულ რეაქციას მზეზე, კანის დამწვრობას, იმუნური სისტემის დაქვეითებას და ბევრ სხვა რამეს, კიდევ ერთხელ დავასკვნით, რომ ჯანსაღი რუჯი არ არსებობს. ბევრს ჰგონია, რომ რუჯის მიღება ჯანმრთელობას ნიშნავს, მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა.
- აშშ-ში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის შედეგად, რუჯის მოყვარული ქალების 20%-ს მასზე დამოკიდებულება გამოუვლინდა. ამით ხომ არ აიხსნება, რომ ბევრი ვერ ამბობს უარს ამ ჩვევაზე?
- ალბათ, ასეა, მაგრამ მზისგან დამცავი მალამოს გამოყენება არ უნდა დაივიწყონ, რომ კანი შედარებით დაცული იყოს. 11-დან 17 საათამდე მზეზე არ უნდა გავჩერდეთ. მზის სათვალეც აუცილებელია, რომ თვალის ბადურა დაცული იყოს. ცისფერთვალება, ღია ფერის კანის მქონე ადამიანისთვის მზეზე დიდხანს ყოფნა და გარუჯვა განსაკუთრებით სარისკოა.
- ამ მხრივ ზამთრის მზეც სარისკოა?
- ალერგიულ რეაქციას და პიგმენტურ ლაქებს ზამთრის მზეც აჩენს, მათი ალაგება რთულია, თუმცა შესაძლებელი, მაგრამ გამომშრალ კანს და ნაადრევად გაჩენილ ნაოჭებს როგორ ვუშველოთ? ეს კოლაგენის უკმარისობის ბრალია. არაერთი შემთხვევა მქონია, როდესაც პაციენტს ვუმკურნალეთ, პიგმენტური ლაქები გაუქრა, მაგრამ მუქი კანი იმდენად მოსწონს, რომ ზამთარშიც ვერ ამბობს უარს გარუჯვაზე.
ხშირია გადაჭარბებული რუჯის გამო გაჩენილი მზის ალერგია, თვალის ბადურის დაზიანება და კუპეროზი, რომელსაც წლების განმავლობაში ვმკურნალობთ. ასე რომ, რაც უფრო ნაკლებად ენახვება ადამიანი მზეს და ულტრაიისფერ გამოსხივებას, მით უფრო დიდხანს ინარჩუნებს კანისა და იმუნური სისტემის სიჯანსაღეს, რადგან კანის დაზიანება იმუნურ სისტემაზეც ცუდად აისახება.
ცხადია, მზეზე უარს ვერ ვიტყვით, ზოგჯერ ადამიანს მთელი დღის განმავლობაში უწევს გარეთ ყოფნა, მაგრამ დამცავი საშუალებების გამოყენება ზამთარშიც აუცილებელია. დღის მალამოებს მზისგან დამცავი ეფექტი (SPF ) უნდა ჰქონდეს. როცა ადამიანს ეგზემა, ატოპიური დერმატიტი ან ფსორიაზი აქვს, მზეზე დიდხანს ყოფნა განსაკუთრებით საზიანოა, რადგან მისი მდგომარეობა უფრო გამწვავდება.
- არსებობს აზრი, რომ გარუჯვა აკნეს და გამონაყარს შველის.
- ეს ცრუ ინფორმაციაა, შეიძლება დროებითი ეფექტი ჰქონდეს, მაგრამ საბოლოოდ მკურნალობას ართულებს. რუჯისგან განკურნებული დაავადება მე ჯერ არ გამიგია. გარუჯვა აკნეს პირიქით ამწვავებს და უარესობისკენ მიჰყავს. ეს ისეთივე მითია, რომ სოლარიუმით გარუჯვა შედარებით უსაფრთხოა. სოლარიუმი უფრო სწრაფად აზიანებს კანს, ვიდრე მზის სხივები. ისიც ზრდის კანის კიბოს რისკს, პიგმენტურ ლაქებს აჩენს და ფსორიაზი, როზაცეა ან ატოპიური დერმატიტი შეიძლება უფრო გაამწვავოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და დერმატოლოგთა ასოციაცია ყველას ურჩევენ, რომ სოლარიუმის გამოყენებისგან თავი შეიკავონ წლის ნებისმიერ სეზონზე.
როდესაც ადამიანი რუჯს ზამთარ-ზაფხულ ინარჩუნებს, მისი კანი მთელი წლის განმავლობაში ვერ სუნთქავს. სწორედ ამიტომ ჩვენთან მოდიან პაციენტები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ქავილს და ალერგიას ვერ იშორებენ.
მათ ვურჩევთ, რაც შეიძლება ნაკლებად გამოიყენონ სოლარიუმი, მით უმეტეს, როცა მეჭეჭები და ხალები აქვთ.
- კიდევ ერთი პროცედურა, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია, არის შილაკი. ზოგჯერ ეს პროცედურა ფრჩხილის დაზიანებას, დასუსტებას და არაერთ პრობლემას იწვევს. ამის თაობაზე რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს?
- ჩემს პაციენტებს ვურჩევ, რომ შილაკი იშვიათად გაიკეთონ, რადგან მისმა გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება ფრჩხილის დაზიანება გამოიწვიოს. არ შეიძლება ამ გელის უხეშად მოხსნა, რადგან ფრჩხილის ფირფიტის მოცილებას იწვევს.
დროთა განმავლობაში შილაკის ქვეშ ფრჩხილი სუსტდება, მსხვრევადი და თხელი ხდება, შეინიშნება ალერგიული რეაქციები, წვა, ქავილი და სოკოს გაჩენაც... ამიტომ, ვინც შილაკს შეჩვეულია, უფრო იშვიათად, 3-4 თვეში ერთხელ უნდა გაიკეთოს. კარგია, თუ შილაკს 3 კვირაზე ან ერთ თვეზე დიდხანს არ გაიჩერებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ფრჩხილების ზედაპირი გამოშრება.
საერთოდ, შილაკით დაფარული ფრჩხილის ზონას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, რადგან ამ დროს ფრჩხილის ქვეშ ტენიანობა მატულობს და ბაქტერიები გროვდება, რასაც უსიამოვნო შედეგებამდე მივყავართ.
- არადა, შილაკს 14-15 წლის ბავშვებიც იკეთებენ, უმეტესად მშობლების თანხმობით.
- აშკარაა, რომ ეს პროცედურა მოზარდებს ძალიან მოსწონთ, როცა ერთი იკეთებს, მერე მას მეგობრებიც მიჰბაძავენ და მშობელი უარს ვერ ეუბნება. არადა, მოზარდი ორგანიზმისთვის ამ გელის დიდი ხნით გაჩერება საზიანოა. სწორად გაკეთებული შილაკი შედარებით უსაფრთხოა, მაგრამ ის მოზარდისთვის დაუშვებელია ისევე, როგორც სოლარიუმში გარუჯვა. შედეგად, ჩვენთან მოჰყავთ ბავშვები, რომლებსაც სხვადასხვა დაავადება აქვთ. ჩვენ ვცდილობთ დავარწმუნოთ, რომ ეს ყველაფერი ადამიანს მხოლოდ დროებით ალამაზებს, თუმცა დროებითი ეფექტი მსგავსი პროცედურებისგან გამოწვეულ უსიამოვნებას ვერ გადაფარავს.
ხათუნა ჩიგოგიძე