„მამას ომში ჩავაკითხე“ - 24 წლის მარიამ ბერიანიძის ფრონტის ხაზი - კვირის პალიტრა

„მამას ომში ჩავაკითხე“ - 24 წლის მარიამ ბერიანიძის ფრონტის ხაზი

ქართველი გოგონას სიმამაცემ უკრაინელი მებრძოლები გააოცა, პოლონურმა გამოცემა TVP World-მა კი სტატია მიუძღვნა. "გოგონა ყორნისფერი თმით და ნუშისებრი თვალებით", - ასე შეამკო ჟურნალისტმა 24 წლის მარიამ ბერიანიძე, რომელმაც მამას ფრონტის ხაზზე ჩააკითხა.

- დედა აფხაზეთიდან იყო, საშინლად განიცდიდა მშობლიური სახლის დაკარგვას, 2008 წლის რუსეთის აგრესიაც მახსოვს…- მამაჩემი ორივე ომში იბრძოდა. შესაბამისად, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში­ ჩემშიც დიდი პროტესტი გამოიწვია. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ მამამ ომის დაწყების პირველივე დღეს გადაწყვიტა უკრაინაში წასვლა. გადავწყვიტე, მეც ჩემი წვლილი შემეტანა რუსული იმპერიალიზმის­ წინააღმდეგ ბრძოლაში და უკრაინელ მეგობრებთან ერთად საქველმოქმედო ორგა­ნიზაციის დაარსება გადავწყვიტე. გზად დაბრკოლებები შეგვხვდა, მაგრამ ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მომიხსნია. როგორც ქართველების დიდ ნაწილს, მეც ვფიქრობ, რომ ახლა უკრაინაში ჩემი ქვეყნის ბედიც წყდება.

- მამაზე რას გვეტყვით?

- მამაჩემს აკაკი ჰქვია, დედა გარდამეცვალა, დედმამიშვილები არა მყავს. ალბათ,­ ხვდებით, რამდენად ძვირფასია ის ჩემთვის. ყოველთვის ამბობდა და ახლაც ამბობს, რომ საქართველოსთვის სიკვდილი მისთვის პატივია. აფხაზეთის ომში იბრძოდა, რუსეთს საქართველოს ყველაზე დიდ მტრად მიიჩნევს. ამბობს, რომ საქართველოს მტრებს ყველგან და ყოველთვის გაანადგურებს, სადაც კი ამის საშუალება მიეცემა. საბედნიეროდ, ქართველების უმრავლესობა იაზრებს, რომ უკრაინაში ახლა საქართველოს ბედიც წყდება. ასე ფიქრობენ ის ქართველი მებრძოლებიც, რომლებიც ახლა უკრაინის მიწაზე ებრძვიან რუსებს.­ საქართველო თითოეული მათგანის სული და გულია. მამა მათ შორის იყო, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ აეროპორტიდან რომ არ გაუშვა­ უკრაინაში. ორჯერ მოაბრუნეს, მაინც მოახერხა წასვლა. ახლა ცხელ წერტილში იბრძვის. თავიდან "ქართულ ლეგიონში" იყო, შემდეგ უკრაინის დაზვერვაში, ახლა "ზესეუშია".

- როგორ მიიღეთ ფრონტის ხაზზე წასვლის გადაწყვეტილება?

- გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი მიზეზი მამის მონატრება იყო. ყოფილა შემთხვევა, რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დავკავშირებივარ... შარშან ჩემი ქალიშვილი, საიმედო ხელში, ბებიასთან დავტოვე და უკრაინაში წავედი.

წლების წინ ყოფილი მეუღლის ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე რუსეთის ვიზა გავაკეთე, თუმცა არც გამომიყენებია. უკრაინის საზღვარზე, როდესაც საბუთები­ შემიმოწმეს, გაარკვიეს, რომ რუსეთის ვიზა მქონდა და ჩემ მიმართ საოცარი აგრესია გაუჩნდათ. ყველაფერი რომ ავუხსენი, გამატარეს... მამას კი ლვოვიდან დავურეკე და ვუთხარი უკრაინაში ვარ-მეთქი, რაც მისთვის შოკი იყო. ქვეყნიდან არასდროს გავსულვარ, პირველად დავტოვე საქართველო და ისიც ომში მომიხდა წასვლა. მამას თანამებრძოლებიც გაოცებული იყვნენ, ზოგჯერ ბიჭებიც კი გაურბიან ომს, გოგონა მშვიდობიანი ქვეყნიდან ომში რამ ჩამოგიყვანაო. მოგვიანებით სამხედრო მომზადება გავიარე, რომ კრიტიკულ მომენტში თავის დაცვა შემეძლოს.

- რა განცდა გქონდათ, როცა ომში მყოფ ქვეყანაში მარტო გადაადგილდებოდით?

- ლვოვში რომ შევედით, დილის ხუთი საათი იყო, თოვდა და საშინლად ყინავდა. კომენდანტის საათის პერიოდი იყო, ქუჩაში მხოლოდ ჯარისკაცები დადიოდნენ. მაშინ გავიაზრე, რა გავაკეთე და სად ჩავედი. როგორც კი 7 საათი გახდა, თითქოს ქალაქი გაცოცხლდა, ახმაურდა... რამდენიმე საათის წინ ცარიელი ქუჩებში მოსიარულე ჯარისკაცები რომ არ მენახა, ვიფიქრებდი, მოწესრიგებულ ევროპულ ქვეყანაში ჩამოვედი-მეთქი. ეს იყო ლვოვის დასავლეთი ნაწილი, რომელიც ცხელ წერტილად არ მიიჩნევა. ლვოვიდან ზაპოროჟიემდე ორი დღე ვიმგზავრე. ძირითადად, სამხედროებთან, ქალებსა და ბავშვებთან ერთად. რამდენიმე ოლქის გავლამ მომიწია, ავტობუსიდან ავტობუსში გადაჯდომისას კაფეებში გაჩერება და ხალხთან გამოლაპარაკება მიწევდა. პირველი დასკვნა, რაც გამოვიტანე, შემზარავი იყო - აღარ დარჩა ოჯახი, რომელსაც გარდაცვლილი ან შერყეული ჯანრმთელობით არ ჰყავდეს რომელიმე წევრი. ვნახე მამაკაცები თუ ქალები ხელის ან ფეხის პროთეზებით. ეს ადამიანები ფრონტის ხაზზე რომ ვეღარ ეხმარებოდნენ ქვეყანას, საქველმოქმედო საქმიანობით ცდილობდნენ ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შეტანას. მუშაობდნენ და ხელფასის ნაწილს არმიას ურიცხავდნენ.

ზაპოროჟიეში ძალიან მძიმე სიტუაცია დამხვდა, ყოველ ღამე სირენების განგაში და დაბომბვა იყო. ახალ წელსაც დაბომბვაში შევხვდით. მოფრინდებოდა დრონი, დაანგრევდა შენობას, ორი, სამი დღის შემდეგ იმ ადგილას გავივლიდი და შენობა მთლიანად თუ არა, ნახევრად უკვე აღდგენილი იყო. ხალხი, მცირე გამონაკლისების გარდა, საოცრად უტეხია. საქართველოში ხშირად მომისმენია ასეთი ფრაზები:­ "უკრაინაში დარჩა კიდევ რამე?!", "ვინმე არის კიდევ იქ ცოცხალი?!"“დარჩა რამე კი არა, თუ იმ მომენტში ბომბები არ ცვივა,­ ვერც მიხვდები, რომ ომში მყოფ ქალაქში­ ხარ! ეს ხალხი ქვეყნიდან კი არ გარბის, ცდილობს გააძლიეროს სამშობლო.

- ბოლო პერიოდში მიმდინარე სამშვიდობო­ მოლაპარაკებებზე რას ფიქრობენ?

- უკრაინაში ზუსტად ამერიკის საპრეზიტენტო არჩევნების წინა პერიოდში მომიწია ყოფნამ. თავად ვარ მოწმე, თუ რა განწყობა ჰქონდათ ჯარისკაცებს და მოსახლეობასაც. თითქმის ყველა დარწმუნებული იყო, რომ ტრამპი არ გაატარებდა­ ტრანზაქციულ, შედეგებზე ორიენტირებულ­ პოლიტიკას, რაც სწრაფ შეთანხმებებს, ხარჯების შემცირებასა და მოკავშირებისგან მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს. მართლაც ასე მოხდა. ტრამპმა უკვე არაერთხელ აღნიშნა, რომ ზედმეტად დიდ ტვირთს იღებს ამერიკა ამ ომით. ამ ყველაფრის მიუხედავად, დანებების სურვილი არავისთვის შემინიშნავს. თითქმის ყველა ამბობს, რომ ბოლომდე დაიცავს სამშობლოს რუსეთის ოკუპაციისგან. ყველა იაზრებს, რამხელა მსხვერპლი გაიღო უკრაინამ თავისუფლებისთვის. საქართველოში რატომღაც ზოგიერთს ჰგონია, რომ მათ უკეთ იციან, რა ხდება იქ. სინამდვილეში უკრაინელი ხალხი მხარს უჭერს ზელენსკის ბრძოლას თავისუფლებისთვის. დარწმუნებული ვარ, ზელენსკი კაპიტულაციურ ხელშეკრულებას რომ დათანხმებულიყო, ხალხი არ აპატიებდა და აუჯანყდებოდა. ქართველი მებრძოლებიც ძალიან მოტივირებული არიან, არც ისინი კარგავენ გამარჯვების იმედს. მამაც ამბობს, რომ მარტო ამერიკამ კი არა, ევროპამაც რომ მიატოვოს უკრაინა, მე მაინც აქ დავრჩები და სანამ ბოლო უკრაინელი იბრძოლებს, მეც მის გვერდით ვიდგებიო. ვიდრე ომში ჩავაკითხავდი, ბევრჯერ ვთხოვე შინ დაბრუნება, ვინაიდან არაერთხელ დაიჭრა, არაერთხელ მოხვდა ძალიან რთულ ვითარებაში და მინდოდა ცოტა სული მოეთქვა. ფიზიკურ გადაღლას რომ თავი დავანებოთ, 5 წელი სანგარში ცხოვრება როგორია?! ჩემი აქედან წამოსვლა ბიჭების ღალატი იქნება, ამას კი ვერ ვიზამო...

ხათუნა ბახტურიძე