დიდი მოლაპარაკებები ბერლინში: ზეწოლა ზელენსკიზე და "მესიჯები" კრემლიდან - "პუტინი არ გაჩერდება, რადგან..." - კვირის პალიტრა

დიდი მოლაპარაკებები ბერლინში: ზეწოლა ზელენსკიზე და "მესიჯები" კრემლიდან - "პუტინი არ გაჩერდება, რადგან..."

„უკრაინა აცხადებს, რომ ნატოში შესვლაზე უარს მხოლოდ იმ შემთხვევაში იტყვის, თუ მისი უსაფრთხოება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მე-5 მუხლის მსგავსად იქნება უზრუნველყოფილი“, - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ ტაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორები - ქრისტოფერ მილერი და მაქს სედონი), რომელშიც 14 დეკემბერს, ბერლინში ოთხეულის - ზელენსკი-უიტკოფი-კუშნერი-მერცის მიერ გამართული მოლაპარაკებების შედეგებია გადმოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის, უარი თქვას ნატოში შესვლის სურვილზე, თუ ევროპა და ამერიკა უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა და პრეზიდენტის სიძემ ჯარედ კუშნერმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ზეწოლა მოახდინეს და მტკივნეული დათმობებისაკენ უბიძგეს, ფრონტისპირა ტერიტორიების რუსეთისათვის გადაცემის ჩათვლით.

უკრაინამ აღიარა, რომ საეჭვოა, უახლოეს წლებში ნატოს წევრი გახდეს, რუსეთის ძლიერი წინააღმდეგობის გამო. კრემლი უკვე დიდი ხანია, ითხოვს, რომ ომის შეწყვეტის სანაცვლოდ, ტრანსატლანტიკურმა ბლოკმა პირობა დადოს, რომ აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.

მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდება, მაშინ კიევისათვის აუცილებელი იქნება უსაფრთხოების ისეთი დონით უზრუნველყოფა, როგორიც ალიანსის წესდებაშია, კერძოდ, მე-5 პუნქტის პირობებით ანუ კოლექტიური უსაფრთხოების გათვალისწინებით.

„ჩვენ ვლაპარაკობთ უსაფრთხოების ორმხრივ გარანტიებზე უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, რომელიც მე-5 პუნქტის მსგავსი იქნება, ასევე, გარანტიებზე ჩვენი ევროპელი პარტნიორების და სხვა ქვეყნების მხრიდანაც, როგორებიცაა კანადა, იაპონია და ა.შ.“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ჩათში, WhatsApp-ის მეშვეობით, - „და ეს უკვე კომპრომისია ჩვენი მხრიდან“. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას ჯერ კიდევ არ მიუღია ვაშინგტონიდან პასუხი იმ კორექტირებულ გეგმაზე, რომელიც მან ევროპელ ლიდერებთან კონსულტაციების შემდეგ თეთრ სახლში გაგზავნა. „რა თქმა უნდა, გეგმა ყველას არ მოეწონება, მაგრამ მასში ბევრი კომპრომისი არსებობს“, - აღნიშნა უკრაინელმა ლიდერმა.

როგორც ცნობილია, რუსეთი აცხადებს, რომ არ დათანხმდება უკრაინის და ევროპის არც ერთ წინადადებას, რომელთა მიზანი დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ცვლილება იქნება. იური უშაკოვის - რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის - თქმით, ნებისმიერი უკრაინული და ევროპული წინადადებები დონალდ ტრამპის გეგმის შესაცვლელად, საეჭვოა, კონსტრუქციული იყოს და თუ ამერიკა მათზე დათანხმდება, რუსეთი მკვეთრ უარყოფას გამოხატავს. „წინასწარ ვგრძნობთ, რომ მათში არაფერი ჩვენთვის კარგი არ იქნება", - თქვა იური უშაკოვმა კომენტარებში, რომელიც კვირას რუსეთის ცენტრალური ტელეარხებით გადაიცა.

როგორც ჩანს, ორივე მხარემ - რუსეთმაც და უკრაინამაც - უარყვეს დონალდ ტრამპის წინადადება, დონბასიდან ჯარების გაყვანაზე, ე.წ. „დემილიტარიზებული თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ შექმნის მიზნით, იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ამჟამად ჯერ კიდევ უკრაინა აკონტროლებს.

თუ უკრაინა ამ წინადადებას დათანხმდება, მაშინ კიევს მოუწევს იმ ადგილების დატოვება, სადაც ქალაქი-ციხე-სიმაგრეები მდებარეობენ და რომლებიც მოსკოვის ჯარებმა 11-წლიანი ომის პერიოდში ვერ დაიპყრეს ანუ - 2014 წლიდან.

თუ რუსეთი, ვთქვათ, დათანხმდება, მაშინ მისი დასტური წინააღმდეგობაში მოვა რუსეთის კონსტიტუციასთან, რომლის მიხედვით, „თავისუფალი ეკონომიკური ზონა“ რუსეთის სახელმწიფო ტერიტორიებზე უნდა მოეწყოს ანუ პრაქტიკულად, კრემლის მიერ თეთრის სახლის წინადადების მიღება გამორიცხულია.

„თუ უკრაინის ჯარები უკან დაიხევენ, ვთქვათ, 5-10 კილომეტრით, „ეკონომიკური ზონის“ შესაქმნელად, მაშინ რატომ არ უნდა დაიხიონ რუსეთის ჯარებმაც იმავე მანძილით? ამ კითხვაზე პასუხი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი და მწვავეა“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ..

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობის დასამყარებლად ერთადერთი სამართლიანი და შესაძლო ვარიანტია ის, რომ მხარეები უკვე მიღწეულ ხაზზე შეჩერდნენ და დიპლომატიური მოლაპარაკება გამართონ სამომავლო მოქმედებისათვის: „ჩვენ ჩვენს მიწაზე ვდგავართ. ჩვენ ბევრ დათმობაზე მივდივართ, რაც ცეცხლის შეწყვეტისათვის საკმარისია“.

იური უშაკოვის გამონათქვამების საფუძველზე თუ ვიმსჯელებთ, კრემლი წინააღმდეგია, რომ „ეკონომიკური ზონა“ შეიქმნას, რუსეთს დონბასის მთლიანად გაკონტროლება სურს. მოსკოვს ვაშინგტონთან კორეულ ვარიანტზე არ უმსჯელია, რომელიც ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გაყინვას და დემილიტარიზებული ზონის შექმნას გულისხმობს.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ასევე ფანტასტიკურად ჩათვალა ვოლოდიმირ ზელენსკის ნათქვამი, - თუ უკრაინა ყირიმზე კონტროლს ვერ აღადგენს, მაშინ ნატოს წევრი უნდა გახდესო. „ვერც ერთი სურვილი, მილიონი პროცენტით, ვერ განხორციელდება“, - თქვა იური უშაკოვმა.

ევროპა, თავის მხრივ, ცდილობს, მოლაპარაკებაზე გარკვეული გავლენა მოახდინოს. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ფედერალურ კანცელარიაში, კვირას, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან მოლაპარაკება გამართა და როცა შეხვედრა დასრულდა, სტივ უიტკოფმა „იქს-ქსელში“ დაწერა, რომ სამიტი ნაყოფიერი იყო და მხარეები ერთმანეთს ორშაბათს ისევ შეხვდებიან.

შაბათს ბავარიაში, ფრიდრიხ მერცი სიტყვით გამოვიდა და ვლადიმერ პუტინის მოთხოვნები უკრაინის მიმართ ადოლფ ჰიტლერის 1938 წლის ჩეხოსლოვაკიის მიმართ ულტიმატუმს შეადარა, სუდეტის (გერმანულენოვანი) ოლქის მიერთებაზე, სადაც იმ დროს პრაღის დასავლელმა მოკავშირეებმა რეაგირება არ მოახდინეს და, ფაქტობრივად, ნაცისტებს დაეთანხმნენ.

„რუსეთის ეს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ არის ომი ევროპის წინააღმდეგაც. თუ უკრაინა დაეცემა, რუსეთი არ გაჩერდება: ზუსტად ისე მოხდება, როგორც სუდეტის მიერთების შემდეგ მოხდა - ადოლფ ჰიტლერმა ის არასაკმარისად ჩათვალა, ომი გააგრძელა და დასავლეთი ევროპა დაიპყრო. არც პუტინი გაჩერდება“, - ხაზი გაუსვა გერმანიის კანცლერმა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო