რუსული ავიაკატასტროფის დეტალები - რატომ გადატყდა შუაზე მსოფლიოში უდიდესი ტურბოხრახნიანი თვითმფრინავი - კვირის პალიტრა

რუსული ავიაკატასტროფის დეტალები - რატომ გადატყდა შუაზე მსოფლიოში უდიდესი ტურბოხრახნიანი თვითმფრინავი?

225-ტონიანი რუსული „ანტეი“ ჰაერშივე შუაზე გადამტყდარა...

ამ ბლოგში გამოქვეყნებულ სტატიაში „შავი დღე რუსებისთვის - ყველაზე დიდი ტურბოხრახნიანი ბოლო „ანტეიც“ ჩამოვარდა“ უკვე ვწერდით, რომ 9 დეკემბერს ქალაქ ივანოვოსთან ავიაკატასტროფა განიცადა და წყალსაცავში ჩავარდა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ბოლო მოქმედი და მსოფლიოში უდიდესი ტურბოხრახნიანი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-22А Анте́й. თუმცა მაშინ ცნობილი არ იყო, რას შეიძლება გამოეწვია ამ უზარმაზარი თვითმფრინავის კატასტროფა...

1-an-1765779984.png
50-წლიანი რუსული უზარმაზარი Ан-22А Анте́й,სარეგისტრაციო ნომრით RF-08832, რომელმაც კატასტროფა განიცადა

და ახლა ვრცელდება ვიდეოკადრები, გადაღებული „ანტეის“ კატასტროფის რაიონში მდებარე კერძო სახლების სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ, რომლებზეც ნათლად მოჩანს, რომ ეს 225-ტონიანი, ოთხძრავიანი თვითმფრინავი, თურმე, ჰაერშივე შუაზე გადატეხილა და ისე ჩავარდნილა წყალსაცავში... ისევე, როგორც თვითმხილველებმა მოასწრეს 11 ნოემბერს კახეთის თავზე თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის - C-130E Hercules-ის ჰაერში დაშლისა და მისი მსხვილი ფრაგმენტების, მათ შორის - 40 მ სიგრძის ფრთის ჰაერში ფარფატით დაშვებისა და მიწაზე დაცემის პროცესის გადაღება, რუსული „ანტეის“ შემთხვევაშიც სათვალთვალო ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს ამ, 57 მ სიგრძის თვითმფრინავის ჰაერშივე შუაზე გადატეხის მომენტი...

ასეთი ვიდეოკადრები მნიშვნელოვნად აჩქარებენ ავიაკატასტროფების გამოძიებას და რუსული „ანტეის“ შემთხვევაშიც, დიდი ალბათობით, შეიძლება, ადგილი ჰქონდეს „ლითონის დაბერების“ ფიზიკურ პროცესს, რადგან კონკრეტულად ამ, Ан-22А Анте́й-მ, სარეგისტრაციო ნომრით RF-08832, ხოლო საქარხნო ნომრით - 053484317, პირველი გაფრენა განახორციელა ჯერ კიდევ 1975 წლის 28 აგვისტოს ანუ ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც დაფრინავდა და სრულიად შესაძლებელი გახლდათ მის კონსტრუქციაში დაწყებულიყო „ლითონის დაბერების“ საშიში პროცესიც...

ვიდეო - რუსული „ანტეის“ კატასტროფის ვიდეოკადრები, გადაღებული სათვალთვალო კამერიდან

ამ ავიაკატასტროფის შემდეგ დაიწერა, რომ თითქოს „ანტეიმ“ მანამდე გაიარა საკონტროლო-აღდგენითი რემონტი, რუსეთის 308-ე საავიაციო სარემონტო ქარხანაში, რომელიც ასევე ივანოვოში მდებარეობს და წესით, ამ საკონტროლო რემონტის დროს ულტრაბგერითი დეფექტოსკოპიით უნდა აღმოეჩინათ თვითმფრინავის ლითონის კონსტრუქციებში განვითარებული მიკრონაპრალები. თუმცა თავად 308-ე საავიაციო სარემონტო ქარხნის ხელმძღვანელობამ კატეგორიულად უარყო ამ „ანტეის“ ახალი რემონტის ფაქტი და დააკონკრეტა - ამ თვითმფრინავს საკონტროლო-აღდგენითი სამუშაობი მათ ქარხანაში ბოლოს... 2007 წელს ჩაუტარდა და მას შემდეგ მის ექსპლუატაციასა და მომსახურებას რუსეთის მე-8 სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო პოლკის ინჟინრები აგრძელებდნენო...

2-an-1765782338.png
რუსული „ანტეის“ ფიუზელაჟის ჰაერში გადატყდომის მომენტი...

სამხედრო ნაწილის საინჟინრო-საავიაციო სამსახურს გასაგებია, რომ არ ექნებოდა იმის ტექნიკური შესაძლებლობა, რომ ამ უზარმაზარი „ანტეის“ ლითონის კონსტრუქციებისთვის ულტრაბგერითი დეფექტოსკოპია მილიმეტრობით ჩაეტარებინა... რუსეთ-უკრაინის ომის მასშტაბებისა და დროში გაჭიანურების ფონზე, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების 50-40-35 წლის ასაკის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები (რომლებსაც ჯერ კიდევ საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალები იყენებდნენ) დიდი ინტენსივობით დაფრინავენ ფრონტის მომარაგების ინტერესებში, რაც სწრაფად „ჭამს“ მათ საფრენოსნო რესურს, რასაც ემატება მათ კონსტრუქციებში „ლითონის დაბერების“ ბუნებრივი პროცესიც და ეს ყველაფერი ჯამში მოასწავლებს რუსულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებთან დაკავშირებულ ახალ საავიაციო შემთხვევების გარდაუვალობას...