"საქართველო ჩვენთვის არახელსაყრელი აღმოჩნდა" - რაში ადანაშაულებს თბილისს რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი საქართველოს ხელისუფლებას ჩეჩნეთი-შატილის საავტომობილო გზის პროექტის ჩაგდებაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ჩეჩნეთის ლიდერმა გროზნოს სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დირექტორ ჩინგიზ ახმადოვის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკაზე გამავალ იტუმ-კალე - შატილის გზატკეცილის მშენებლობას უკავშირდებოდა.
„სინამდვილეში, საქართველო ჩვენთვის არახელსაყრელი აღმოჩნდა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და დოკუმენტებს ხელი მოვაწერეთ. სამწუხაროდ, ჩვენს მეზობლებს საქართველოში ჯერ არ სურთ, რომ გზამ მათზე გაიაროს,“ - აცხადებს კადიროვი.
ამ საავტომობილო გზამ ჩეჩნეთის რაიონი, იტუმ-კალე შატილთან უნდა დააკავშიროს. მისი მშენებლობა მოსკოვს წლებია, სურს, რასაც კადიროვი და მისი გარემოცვა ლობირებს. 2022 წლის მარტში, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო მათ გზის გახსნის საკითხი ისევ დასვეს. კერძოდ, ჩეჩნეთის მთავრობის მეთაური, მუსლიმ ხუჩიევი მაშინ აცხადებდა, რომ ჩეჩნური მხარე “საკუთარი ტერიტორიიდან საქართველოსთან სასაზღვრო გადასასვლელის მოწყობაზე მრავალი წელია, აქტიურად მუშაობს.“