პირველად ომების ისტორიაში-უკრაინულმა წყალქვეშა კამიკაძე-დრონმა რუსული წყალქვეშა ნავი ააფეთქა ... - კვირის პალიტრა

პირველად ომების ისტორიაში-უკრაინულმა წყალქვეშა კამიკაძე-დრონმა რუსული წყალქვეშა ნავი ააფეთქა ...

რუსეთ-უკრაინის ფართომაშტაბიან და დროში გახანგრძლივებულ ომში ძალიან ბევრი რამ ხდება პირველად, რაც მსოფლიოში მანამდე გამართულ შეიარაღებულ დაპირისპირებებში არ დაფიქსირებულა...

რუსეთმა პირველმა დაიწყო „შაჰიდის“ კამიკაძე-დრონების მასიური გამოყენება, უკრაინამ პირველმა ჩართო საზღვაო ბრძოლებში კამიკაძე დრონი-კარტარღები რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების ასაფეთქებლად და მერე ასევე პირველმა ამ საზღვაო დრონებიდან გაშვებული რაკეტებით რუსული გამანადგურებელი და შვეულმფრენები ჩამოაგდო, რუსულმა „ორეშნიკმა“, რომელიც საშუალო და საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტების ზღვარზე იმყოფება, პირველი საბრძოლო ნათლობა მიიღო უკრაინულ ქალაქზე დარტყმით, ორივე მებრძოლი მხარეები აქტიურად იყენებენ ოპტიკურბოჭკოვანი სადენით მართულ კამიკაძე-დრონებს და ა.შ.

2wyali-1765825874.jpg
ზედა მარცხენა ფოტოზე გამოსახულია რუსული წყალქვეშა ნავის მდებარება ნავმისადგომთან,ზედა მარჯვენა ფოტოზე აფეთქების მომენტი, ხოლო ქვედა ფოტოზე გამოსახულია „ვარშავიანკის“ პროექტის წყალქვეშა ნავის ჭრილი,ხოლო წითელი კვადრატით კი მითითებულია მისი კორპუსის ის ნაწილი,რომელიც უნდა დაეზიანებინა წყალქვეშა აფეთქებას...

და დღეს,2025 წლის 15 დეკემბერს კიდევ ერთი რამ მოხდა პირველად მსოფლიო ომების ოსტორიაში-უკრაინულმა წყალქვეშა კამიკაძე-დრონმა ზუსტი დარტყმა მიაყენა რუსულ წყალქვეშა ნავს!

წყალქვეშა ნავები პირველ და მეორე მსოფლიო ომების დროს ბევრჯერ ჩაუძირიათ ტორპედოების,სიღრმული ბომბებისა თუ საავიაციო ბომბების გამოყენებით და შორს რომ არ წავიდეთ, იმავე რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინულმა მხარემ ასევე პირველად ომების ისტორიაში Storm Shadow/SCALP-EG ტიპის მართვადი ფრთოსანი რაკეტებით 2023 წლის 13 სექტემბერს და 2024 წლის 2 აგვისტოს ოკუპირებულ სევასტოპოლში ორჯერ მიაყენა ზუსტი სარაკეტო დარტყმა ჯერ მშრალ დოკში მდგარ,ხოლო შემდგომ კი პირსთან მიბმულ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიზელ-ელექტროძრავიან წყალქვეშა ნავს Б-237 «Ростов-на-Дону»-ს და ის არაბრძოლისუნარიანი გახადა...

რატომ ნადირობენ უკრაინელები ასე განსაკუთრებით რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავებზე?

საქმე ის არის, რომ 2022 წლის ომის დასაწყისისთვის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის განკარგულებში იყო შვიდი დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი, მათგან ექვსი ( Б-237 "Ростов-на-Дону" , Б-261 "Новороссийск", Б-262 "Старый Оскол" , Б-265 "Краснодар" , Б-268 "Великий Новгород" , Б-271 "Колпино") გახლდათ 636.3 «Варшавянка»-ს პროექტის,ხოლო ერთი Б-871 "Алроса" კი 877В «Палтус»-ის პროექტის და ეს უკანასკნელი თუკი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში,1990 წელს მიიღეს შეიარაღებაში, „ვარშავიანკის“ ექვსივე წყალქვეშა ნავი უკვე რუსეთის პერიოდში, 2010-16 წლებში აშენდა (ისე კი „ვარშავიანკის“ პროექტი ფაქტობრივად წარმოადგენს „პალტუსის“ საბჭოთა პროექტის საექსპორტო ვარიანტს).

„ვარშავიანკის“ პროექტის რუსულ წყალქვეშა ნავებს ოთხი სატორპედო აპარატიდან «Калибр»-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება შეუძლიათ, თანაც წყალქვეშა მდგომარეობიდან, რითაც უდიდეს პრობლემას უქმნიან უკრაინის საჰაერო თავდაცვას, რადგან ერთია, როდესაც შავ ზღვაში გასული რუსული წყალზედა კორვეტი ადრეულად ფიქსირდება და საგებია საიდან შეიძლება განახორციელოს მან „კალიბრების“ სტარტი და სულ სხვაა,როდესაც ზღვის სიღრმიდან, სრულიად მოულოდნელი კვადრატიდან ხდება იმავე „კალიბრის“ ამოფრენა უკრაინული ქალაქების მიმართულებით...

3wyali-1765825927.png

„ტოლოკას“ პროექტის უზარმაზარი წყალქვეშა კამიკაძე-დრონი,რომლის პრეზენტაცია უკრაინამ სტადიონზე ჩაატარა...

უკრაინაზე თავდასხმის წინ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთი წყალქვეშა ნავი სირიის სანაპიროსთან საბრძოლო დავალებაზე იყო და თურქეთმა ის აღარ შემოუშვა შავ ზღვაში, „როსტოვ-ნა-დონუ“ უკრაინული რაკეტების ორჯერ ზუსტი მოხვედრის შემდეგ არაბრძოლისუნარიანია, 35 წლიანი „ალროსას“ საბრძოლო მზადყოფნა ძალზე საეჭვოა და „გაფუჭებულ“ რუსულ წყალქვეშა ნავებს შავ ზღვაში დღეს კიდევ ერთი შეემატათ...

უკრაინელებმა თითქმის გაიმეორეს თავდასხმის იგივე ტაქტიკა, რითაც 2024 წლის 2 აგვისტოს ოკუპირებული სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზის ნავმისადგომთან ჩაძირეს „როსტოვ-ნა-დონუ“, ოღონდ ამჯერად ეს მოხდა ნოვოროსიისკის პორტის ნავმისადგომთან და თანაც არა რაკეტის, არამედ წყალქვეშა კამიკაძე-დრონის გამოყენებით!

ის,რომ უკრაინული წყალზედა კამიკაძე-დრონების სისტემატურ თავდასხმებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ძირითადი სამხედრო ხომალდები ოკუპირებული სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკის ბაზაში გაექცნენ, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, ისევე როგორც ის, რომ ამ უკრაინულმა წყალზედა კამიკაძე-დრონებმაც არაერთხელ მიაკითხეს დაუპატიჟებლად ნოვოროსიისკის პორტს და იქ სერიოზული აფეთქებები მოაწყვეს.

ვიდეო (ნოვოროსიისკის პორტში რუსულ წყალქვეშა ნავთან მომხდარი აფეთქების ვიდეოკადრები)

მაგრამ,რუსული წყალქვეშა ნავები ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზის იმ ნავმისადომებთან დგანან, რომლებიც კარგადაა დაცული სპეციალური წყალზედა გადამღობი ბონებით და მანამდე შეღწევა წყლის ზემოთ მოცურავე უკრაინულმა დრონ-კატარღებმა ვერ შეძლეს.

ამიტომაც, უკრაინელებმა უკვე გამოიყენეს წყალქვეშ მოცურავე დრონები, რომლებიც თავის ფორმით წააგავენ დიდ ტორპედოებს.

უკრაინის განკარგულებაშია სამი ტიპის ასეთი წყალქვეშა კამიკაძე-დრონები, რომელთაგან ერთ-ერთი გამოყენებული იქნა 2025 წლის 3 ივნისს კარგად დაცული ყირიმის ხიდის ბურჯის წყალქვეშა ნაწილის ასაფეთქებლად.

და, დღეს, 15 დეკემბერს,სავარაუდოდ ასეთივე უკრაინულმა წყალქვეშა კამიკაძე-დრონმა, სავარაუდოდ Sub Sea Baby-ის ტიპმა, შეძლო ფარულად შეღწევა რუსეთის განსაკუთრებულად დაცულ ნოვოროსიისკის პორტის სიღრმეში,მიადგა სწორედ იმ ნავმისადგომს, რომელთანაც მიბმული იყო „ვარშავიანკის“ პროექტის რუსული წყალქვეშა ნავი ამოყვინთულ მდგომარეობაში და ძლიერი აფეთქება(რაც დააფიქსირა პორტში მომუშავე თვალთვალის ვიდოკამერმაც) მოხდა ამ წყალქვეშა ნავის კიჩოს(კუდის) ნაწილთან,სადაც განთავსებულია წყალქვეშა ნავის შვიდლოპატიანი ხრახნი და ასევე მართვის ჰორიზონტალური საჭეები.

ვიდეოკადრებში დაფიქსირებული აფეთქების მომენტი იმ ძალისა გახლდათ,რომ ამ რუსულ წყალქვეშა ნავს(ჯერ უცნობია მისი კონკრეტული სახელი) ძლიერი დაზიანება უნდა მიეღო, ხოლო თუკი მოხდა მისი კორპუსის გარღვევა, მაშინ ის ნავმისადგომთანავე უნდა ჩაძირულიყო...