სკანდალური სტატია: ბლეიზ მეტრეველი ბრიტანეთს ომის მოახლოებაზე აფრთხილებს?! - "სიტუაცია ძალიან სახიფათოა და..."
ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 16 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით: „MI-6 და არმია ომის მოახლოებაზე გვაფრთხილებენ. ჩვენ ვერ დაველოდებით ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას“, რომელშიც გამოხატულია პოზიცია დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ფონზე.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:
ბლეიზ მეტრეველი, MI-6-ის ხელმძღვანელი, რასაკვირველია, საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი მეთაური არ არის, რომელიც რუსეთს დიდი ბრიტანეთისათვის მთავარ საფრთხედ თვლის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ბრიტანული საიდუმლო სამსახურის ძირითად ფუნქციას სწორედ სსრ კავშირზე დაკვირვება და მოსკოვის საქმიანობისადმი თვალის დევნება წარმოადგენდა.
ბერლინის კედლის დაცემისა და კომუნისტური სისტემის დაშლის შემდეგ რუსეთი (ანუ ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაშთი) ნაკლებად პრიორიტეტული ქვეყანა გახდა, რადგანაც კრემლთან ბრიტანეთის თანამეგობრობის ქვეყნებს მეტ-ნაკლებად კარგი ურთიერთობები ჰქონდათ, 2014 წლამდე. ყირიმის ოკუპირების, უკრაინაში შეჭრის, ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში (ანუ იქ, სადაც დიდ ბრიტანეთს ინტერესები აქვს) რუსეთის ძირგამომთხრელი მუშაობის გამო, მოსკოვი ისევ გახდა ბრიტანული საიდუმლო სამსახურის მთავარი სამიზნე. ქალბატონმა ბლეიზ მეტრეველმა, პირველმა ქალმა SIS-ის (Secret Intelligence Service) მეთაურის პოსტზე, თავისი სადებიუტო საჯარო გამოსვლა გამოიყენა იმისთვის, რომ საზოგადოება გაეფრთხილებინა მწვავე საფრთხეზე, რომელიც ჩვენ „აგრესიული, ექსპანსიონისტური და რევიზიონისტული“ რუსეთიდან გვემუქრება. ბლეიზ მეტრეველმა დაადასტურა მთავრობის პოლიტიკური კურსი, რომლის თანახმად, „უკრაინა მიტოვებული არ იქნება“.
გარდა ამისა, თავის გამოსვლაში ავიაციის მთავარმა მარშალმა და თავდაცვის შტაბის უფროსმა, სერ რიჩარდ ნაიტონმა თქვა, რომ „სიტუაცია დღეს ყველაზე უფრო სახიფათოა - ისეთი, როგორიც მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში არ მინახავს“.
სანამ ბლეიზ მეტრეველი და რიჩარდ ნაიტონი ლონდონში ლაპარაკობდნენ, ბერლინში გრძელდებოდა მოლაპარაკება აშშ-ის შუამავლობით შემუშავებული სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე, რომელიც ვლადიმერ პუტინს ბევრს მისცემდა იმ სურვილებიდან, რომელთა შესრულებას კრემლი ითხოვს.
ასევე დაგაინტერესებთ: დიდი მოლაპარაკებები ბერლინში: ზეწოლა ზელენსკიზე და "მესიჯები" კრემლიდან - "პუტინი არ გაჩერდება, რადგან..."
რჩება მთავარი კითხვა: რას აკეთებს დიდი ბრიტანეთი რეალურად, სამხედრო თვალსაზრისით, რუსული საფრთხე-მუქარების საწინააღმდეგოდ? გვაქვს თუ არა უკვე თავდაცვის ხარჯების ზრდის გრაფიკი, მთლიანი შიდაპროდუქტის (მშპ) 5%-იანი მატების გათვალისწინებით, რომელსაც მთავრობა გვპირდებოდა („როცა რესურსები გამოიძებნებოდა“)?
უფრო მეტიც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინასთან მიმართებით მიღწეული იქნება შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე (როგორც ერთ-ერთი ამერიკელი ჩინოვნიკი ამბობს, „შეთანხმება უკვე 90%-ით არის მზად“), ეს ფაქტი ჩვენი სიფხიზლის შესუსტების საბაბი არ უნდა გახდეს. როგორც MI6-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რუსეთი საფრთხედ რჩება და, შესაბამისად, მასთან ბრძოლა აუცილებელია.
მოამზადა სიმონ კილაძემ