"თქვე იდიოტებო,  რატომ შემომიგდეთ დედალი კატა?" - ამბავი ფისოზე, კა-გე-ბეზე და შერცხვენილ "ოტოებზე" - კვირის პალიტრა

"თქვე იდიოტებო,  რატომ შემომიგდეთ დედალი კატა?" - ამბავი ფისოზე, კა-გე-ბეზე და შერცხვენილ "ოტოებზე"

1970-1980-იან წლებში ქართველი დისიდენტების, შემდეგ კი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებისა და წევრების ოპერატიული დამუშავების პროცესში კა-გე-ბე მაქსიმალურად იყენებდა ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების მთელ არსენალს. კონსპირაციის მიზნით, როგორც ოპერატიული დამუშავების საქმეს, ასევე, კონკრეტულ ოპერატიულ-ტექნიკურ ღონისძიებას ხშირად „ლიტერის“ (ანუ განსაკუთრებული მნიშვნელობის) სტატუსი და პირობითი აღნიშვნის სპეციალური კოდი ენიჭებოდა. არსებობდა კა-გე-ბეს ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შემდეგი ძირითადი სახეები: E - ფარული ჩხრეკა; M - სატელეფონო მოსმენა; Н - მიკროფონით მოსმენა; НН (наружное наблюдение -პროფესიული სლენგით - „ნარუჟკა“) - გარეთვალთვალი; ПK - საფოსტო კორესპონდენციის კონტროლი; Заказ („შეკვეთა“) – სამალავი; Спутник - როდესაც ფარული ჩაწერის მიზნით, რადიომიკროფონი გარე თვალთვალის ობიექტის ტანსაცმელზე იყო მიმაგრებული ან ჩამონტაჟებული; Д - ფარული ჩხრეკა; О - შენობა-ნაგებობის შიგნით ოპტიკური და ვიდეოაპარატურის გამოყენებით თვალთვალი; TC - საკონტროლო მიწოდება (შესყიდვა); ДН - გარეთვალთვალის პროცესში დოკუმენტებისა და საგნების ფარული დათვალიერება-ჩხრეკა; Витрина – გარეთვალთვალის ობიექტის ფარული მოსმენა ღია სივრცეში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ; УН - ღია სივრცეში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გარეთვალთვალის ობიექტის ფარული კინოფოტო და ვიდეოგადაღება; МН - გარეთვალთვალის ობიექტის ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე, ხელებზე ან მის ნივთებზე სპეციალური ნივთიერების ფარული მისხურება, თვალთვალის ობიექტის მარშრუტის დადგენის მიზნით; Бумеранг (“ბუმერანგი“) - რადიოაქტიური ნივთიერებებით მონიშვნა; Съемка („მოხსნა“) - ფარული დაკავება; Заказ (“შეკვეთა“) - საზოგადოებრივი კვების ობიექტებში წინასწარ დამონტაჟებული სტაციონარული სპეციალური ტექნიკური საშუალებებით ფარული მოსმენა; Транзит - გარეთვალთვალის ობიექტის ავტომობილში სპეციალური ტექნიკური საშუალებების დამონტაჟება; Пикап - გარეთვალთვალის ობიექტისთვის ფარული მოსმენის სპეციალური ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი ავტომობილის გადაცემა და სხვ.

ქვემოთ გთავაზობთ კა-გე-ბეს თავმჯდომარის, იური ანდროპოვის 1980 წლის 12 სექტემბრის #120 „სრულიად საიდუმლო“ ბრძანება-ინსტრუქციას ზემოაღნიშნული ოპერატიულ-ტექნიკური

picture4-1765868141.jpg

ღონისძიებების შესახებ. გარეთვალთვალის ოპერაციებს მე-7 სამმართველო (რესპუბლიკებში - მე-7 განყოფილება) ასრულებდა. 1920-1950-იან წლებში ძირითადი ორგანიზაციული ერთეული „ნარუჟკის ბრიგადები“ იყო. 1960-იანი წლებიდან ისინი „ნარუჟკის ჯგუფებმა“ ჩაანაცვლეს. ამ ძალზე სპეციფიკური და ურთულესი ოპერაციებისთვის კადრების მომზადება ლენინგრადში კა-გე-ბეს 401-ე სკოლაში ხდებოდა, რომელსაც გასული საუკუნის 80-იან წლებში "კა-გე-ბეს უმაღლესი კურსები“ ეწოდა. „გარეთვალთვალის“ დანაყოფთან ერთად ყველა ქვეყნის სპეცსამსახურის წარმატება „ოტოზეცაა“ დამოკიდებული.

მკითხველის საყურადღებოდ: "ოტო" ამ შემთხვევაში მამაკაცის სახელი არ არის და ოპერატიულ-ტექნიკურ განყოფილებას (ОТО) ნიშნავს, იქ "ჟუჩოკებს", უხმაურო იარაღსა და სხვა ათას "მამაძაღლობას" ამზადებენ. შემდეგ კი ფარულად დამონტაჟებულ მიკროფონებს ოპერატორი გოგონები და ქალბატონები დღედაღამ უსმენენ. სპეცსამსახურების საქმიანობაში "ოტო" ისეთივე აუცილებელი და შეუცვლელია, როგორც მეძებარი ძაღლისთვის - ყნოსვა და სმენა. მისი მთავარი ფუნქციები იყო (და ამჟამადაც არის): ფარული მოსმენისა და თვალთვალის აპარატურის დამზადება, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ოპერატიული დამუშავების ობიექტის საცხოვრებელ ბინაში ან სამუშაო კაბინეტში შეღწევა, აპარატურის შეუმჩნეველი მონტაჟი და ინფორმაციის "მოხსნა".

საბჭოთა სპეცსამსახურებში ეს დანაყოფი მკაცრად ცენტრალიზებული იყო. მთავარი "ხელმარჯვე ოსტატები" და "გურუები" მოსკოვში და მოკავშირე რესპუბლიკების დედაქალაქებში მოღვაწეობდნენ. კა-გე-ბეს საგარეო დაზვერვის მთავარ სამმართველოს და სამხედრო დაზვერვის უცხოეთის ყველა რეზიდენტურაში (როგორც წესი, საელჩოებსა და საკონსულოებში) აუცილებლად ჰყავდათ ერთი ან რამდენიმე "ხელმარჯვე ოსტატი "ოტოდან", თუმცა "მთავარი მოწინააღმდეგის" (ასეთი იყო და არის აშშ-ის კოდური სახელწოდება საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურებში) საელჩოს სეიფების ან დიპლომატიური ფოსტის შეუმჩნევლად გასახსნელად სპეციალისტები მაინც მოსკოვიდან ჩაჰყავდათ. ცნობილია, რომ რამდენიმე ქართველი ეროვნების „ხელმარჯვე ოსტატი“ - კა-გე-ბეს ოფიცერი, „ოტოს“ ხაზით არაბულ ქვეყნებში არსებულ საბჭოთა საელჩოებში იყო მივლინებული.

"ოტოს" მრავალფეროვანი საქმიანობიდან ყველაზე გავრცელებული სატელეფონო ხაზებიდან და საძინებელ ოთახებში დამონტაჟებული "ჟუჩოკებიდან" ინფორმაციის "მოხსნა" (მოსმენა და დაფიქსირება) იყო. ამ ძალზე "სასიამოვნო" მოვალეობას მე-7 სამმართველოს (გარეთვალთვალი) კონტროლიორი გოგონები ასრულებდნენ. ისინი თავიანთ ცვლაში დღედაღამ უსმენდნენ "მსხვერპლს" და თან საკონტროლო ჩანაწერებს აკეთებდნენ. ჩაკეტილ უჰაერო ოთახებში ყოფნისგან გოგონების სახის კანი თანდათან მუქ რუხ, ე. წ. კა-გე-ბეს ფერს იძენდა და დაკვირვებული თვალისთვის ხალხში მათი ცნობა დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა. კონტროლიორები, როგორც წესი, საშუალო (იშვიათად უმაღლესი) განათლების იყვნენ და მხოლოდ სამი გამოცდილი თანამშრომლის რეკომენდაციით იღებდნენ ამ სამსახურში. მერე კი ისინი ფარული პოლიტიკური პოლიციის მძევლები ხდებოდნენ. მათ სასტიკად ეკრძალებოდათ: უცხო პირებთან ურთიერთობა, თვით ოჯახის წევრებისთვის მოსმენის ობიექტის და საუბრის შინაარსის განდობა, საზღვარგარეთ (თვით ბულგარეთშიც კი!!!) ტურისტად წასვლა და აშ. ხშირად მეზობლებიც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათი კარის მეზობელი, ოცდაათ წელს კარგად გადაცილებული გასათხოვარი ქალი, რომელზეც ეზოს ჭორიკანები ზურგსუკან იძახდნენ: "მაგას ვინ ითხოვს, უსწავლელი და უდიპლომოაო" და რომელიც ვითომ სადღაც, რომელიღაც ქარხნის კანცელარიაში მუშაობდა, მნიშვნელოვან სახელმწიფო საიდუმლოს ფლობდა!

განსაკუთრებით ფასობდნენ უცხო ენების (პირველ რიგში, ეგზოტიკური: ჩინური, იაპონური, სპარსული და არაბული ენების) მცოდნე გოგონები. "ოტოსთვის" მოსმენა უკვე შედეგია. მას წინ უსწრებს ურთულესი პროცესი: შეუმჩნევლად "ხოჭოს" დაყენება. ყველაზე მარტივი ტელეფონის ხაზიდან ინფორმაციის მოხსნა იყო, რაშიც სატელეფონო სადგურების კორუმპირეული თანამშრომლების შეშინება სავსებით საკმარისი გახლდათ, რადგანაც მათ შესახებ იმდენი "კომპრა" არსებობდა, რომ მათი "დავერბოვკება" დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა. გაცილებით რთული იყო და არის ოპერატიული დამუშავების ობიექტის ბინაში ან სამუშაო კაბინეტში მოსასმენ/სათვალთვალო აპარატურის დაყენება. ეს მთელი "ბრაზილიური სერიალია". ჯერ უნდა მოხდეს საცხოვრებელი ბინის შესწავლა, ოჯახის წევრთა და კარის მეზობლების ყოველდღიური გრაფიკის დადგენა, გასაღების ასლის გაკეთება, შეუჩნევლად ბინაში შესვლა, "ხოჭოსთვის" ყველაზე ოპტიმალური ადგილის შერჩევა და ბოლოს - აკურატულად დამონტაჟება. შემდეგ კი დაძაბული მოლოდინი: გამართულად მუშაობს თუ არა?

"ოტო" განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობდა საბჭოთა კავშირის შიგნით: გეგმიური კონტრდაზვერვითი ოპერაციების (სხვა ქვეყნების აგენტურის და ტურისტების) და "იდეოლოგიურ- პროფილაქტიკური" ღონისძიებების (დისიდენტების, ეროვნული უმცირესობების და უბრალოდ ყველა იმ საბჭოთა მოქალაქის წინააღმდეგ, ვინც ოდნავ კრიტიკულ შენიშვნას მაინც გამოთქვამდა "აყვავებულ საბჭოთა კავშირზე") ოპერატიული ტექნიკით უზრუნველყოფის დროს. საბჭოთა კავშირის ყველა იმ სასტუმროსა და რესტორანში, სადაც ძირითადად უცხოელები შედიოდნენ, გამოყოფილი იყო მოსასმენი და სათვალთვალო ტექნიკით აღჭურვილი (კა-გე-ბეს ტერმინოლოგიით, "პლუსიანი") ნომრები და მაგიდები. ასე, რომ გულუბრყვილო უცხოელები ვერც წარმოიდგენდნენ, რომ მათი ყველა "შრიალ/გაფაჩუნება" და ფლირტი ადგილობრივ ლამაზმანებთან, ქუჩასა თუ სასტუმროს ნომერში, საბჭოთა სპეცსამსახურების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ამ ტოტალური თვალთვალის "ბადეში" კა-გე-ბესა და გე-ერ-უს ოფიცრებიც გაბმულან, როცა შემთხვევით რესტორანში "პლუსიან" მაგიდასთან, სამი ჭიქა არყის შემდეგ, გულიანად უგინებიათ ქვეყნის დაჩაჩანაკებული "ლიდერებიცა" და უშუალო უფროსებიც. მეორე დილას კი მათი საუბრის ჩანაწერი უკვე ხელმძღვანელების მაგიდაზე იდო და "განკითხვის დღეც" იწყებოდა.

desmond-luelini-1765868160.jpg

დესმონდ ლუელინი („მაიორი ქიუ ბუტროიდი“ )

ოპერატიულ-ტექნიკური დანაყოფების ოსტატობა და კლასი ყველაზე კარგად უცხოეთის სელჩოს "ათვისებისას" ვლინდება. მიუხედავად იმისა, რომ ფარული მოსმენისა და თვალთვალისათვის განკუთვნილი სპეცტექნიკა დღეს ძალზე მრავალფეროვანია (სპეცსამსახურების და კერძო დეტექტიური ფირმების მიერ დღეისათვის ფართოდ გამოიყენება: სუპერმინიატურული მიკროფონები და გადამცემები, რომლებიც შეიძლება ჩამონტაჟდეს ტანსაცმელში, პირად ნივთებში, სამშენებლო კონსტრუქციებში და მოსაპირკეთებელ მასალებში; სუპერმგრძნობიარე მიკროფონები, რომლებიც შორ მანძილზეც გარკვევით იწერენ საუბარს; ოთახში საუბრისას ფანჯრის მინების რხევის ლაზერული ფიქსატორები და სხვ.), უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტების გარეშე ეს სუპერტექნიკა მხოლოდ საბავშვო გასართობს დაემსგავსება. ამიტომ ყველა ქვეყნის სპეცსამსახური ცდილობს, იმ დონის სპეციალისტებით დააკომპლექტოს "ოტო", რომელთათვისაც შეუძლებელი არაფერი იქნება.

ასე რომ, ოპერატიულ- ტექნიკური სამსახური ყველა ქვეყნის სპეცსამსახურისთვის ძალზე მნიშვნელოვანი დანაყოფია და ის ყველა სახის ოპერატიული ტექნიკის (ადამიანის ლიკვიდაციით დაწყებული და ფარული მოსმენის მინიატურული მოწყობილობებით დასრულებული) არსებული საშუალებების გაუმჯობესებითა და სრულიად ახალი კონსტრუქციების შექმნითაა დაკავებული. ამის საილუსტრაციოდ კარგი იქნება „უკვდავი“ ბრიტანელი მზვერავის, ჯეიმს ბონდის გამოცდილი და ასაკოვანი კოლეგა - „მაიორი ქიუ ბუტროიდი“ (მსახიობი დესმონდ ლუელინი, 1914-1999) გავიხსენოთ. სწორედ ის ამარაგებდა 36 წლის მანძილზე სხვადასხვა „ჯეიმს ბონდებს“ იმ პერიოდისთვის ფანტასტიკური ახალ-ახალი „გაჯეტებით“.

საბჭოთა „ოტოს“ განვითარებაში საკუთარი წვლილი ქართველებსაც მიუძღვით: ექვსი წლის მანძილზე საკავშირო კა-გე-ბეში ამ დანაყოფს გენერალ-მაიორი ოთარ გოცირიძე ხელმძღვანელობდა. ის 1919 წლის 14 მარტს ქუთაისში დაიბადა. 1936 წელს ჩაირიცხა ნ. ბაუმანის სახელობის მოსკოვის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ინსტიტუტში. მისი დამთავრების შემდეგ, 1941 წელს, იჟევსკის ქარხანაში დაიწყო მუშაობა, ინჟინერ-კონსტრუქტორად, შემდეგ კი მექანიზაციის ბიუროს უფროსად დააწინაურეს. 1943 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) წევრი. ერთი წლის შემდეგ სამუშაოდ გაგზავნეს საკავშირო ლენინური ახალგაზრდული კომუნისტური კავშირის (ВЛКСМ) ცენტრალურ კომიტეტში: მუშა ახალგაზრდობის განყოფილების გამგის მოადგილედ. შემდეგ გახლდათ: საორგანიზაციო განყოფილების გამგის მოადგილე და შემდეგ - კომკავშირის ორგანოების განყოფილების გამგე. 1951 წლიდან გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდას“ სარედაქციო კოლეგიის წევრი და მთავარი რედაქტორის მოადგილე, ასევე, ჟურნალ „მოლოდოი კომუნისტის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო.

1953 წლის აგვისტოდან ო. გოცირიძე საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პარტიული, პროფკავშირული და კომკავშირული ორგანოების განყოფილების გამგედ გადმოიყვანეს. 1953 წლის 20 სექტემბერს ის აირჩიეს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრად; შემდეგ ო. გოცირიძე იყო: საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი (1954 წლის 24 მარტი - 1956 წლის 18 იანვარი); საქართველოს კომუნისტური პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი (1956 წლის იანვარი - 1958 წ.); შემდეგ გახლდათ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე (1959-1962 წლის თებერვალი) და სკკპ ცენტრალური კომიტეტის ამიერკავკასიის ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე (1962 წლის 7 თებერვალი - 1964 წლის 27 ოქტომბერი). აქ დასრულდა ო. გოცირიძის წარმატებული პარტიულ-სამეურნეო კარიერა. ორი თვის შემდეგ, 17 დეკემბერს, ყველასთვის მოულოდნელად ის სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს უფროსად დანიშნეს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ვასილ მჟავანაძის გარემოცვის ხრიკების შედეგი იყო: მათ სერიოზული კონკურენტი მოიცილეს. 1966 წლის 20 დეკემბერს ოთარ გოცირიძეს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა.

general-maiori-otar-gocirize-1765868177.jpg

გენერალ-მაიორი ოთარ გოცირიძე (1919-2010)

ამ სპეციფიკურ სამსახურს ოთარ გოცირიძე 1970 წლის 15 მაისამდე ხელმძღვანელობდა. 51 წლის ასაკში მისი მოხსნაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც - დანიშვნა. 1970-1989 წლებში ო. გოცირიძე სსრკ საგეგმო კომიტეტის განყოფილების გამგის მოადგილედ, შემდეგ კი – გამგედ მუშაობდა. გარდაიცვალა 2010 წლის 6 მარტს. დაკრძალულია მოსკოვში, ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე. ამ საინტერესო ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ ერთ უცნაურ გარემოებას მინდა ხაზი გავუსვა: ოთარ გოცირიძის ქართულენოვან ბიოგრაფიებში კა-გე-ბეში მისი მუშაობის პერიოდი (1964-1970 წლები)... საერთოდ ისეა გამქრალი, თითქოს არც არსებობდაო! ჩემთვის მიზეზიც უცნობია და მოტივიც სრულიად გაუგებარია. მით უფრო, როცა რუსულენოვანი წყაროები ხელმისაწვდომია.

ასევე დაგაინტერესებთ: არშემდგარი დიდი სკანდალი ანუ რა ხდება სინამდვილეში საქართველოსა და ისრაელს შორის?!

"ზვიად გამსახურდია მოგონებებში იხსენებს: "მაშინ ხელისუფლებამ ჩემი დაკავება მაინც ვერ გაბედა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვშიც იგივე სულისკვეთებით გავაგრძელე საქმიანობა"... კა-გე-ბეს მიზნად ჰქონდა ქართველი დისიდენტები "იმპერიალიზმის აგენტებად", "ფაშისტების მეხოტბეებადაც" წარმოეჩინა"

სახელმწიფო გადატრიალება საბჭოთა კავშირში და ლეგენდარული მე-5 სამმართველოს დაბადება, რომელსაც წითელი იმპერია უნდა გადაერჩინა

როგორ მოაწყვეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ თბილისი-მოსკოვის "საჰაერო ხიდი" და რატომ ეთამაშებოდა კა-გე-ბე ქართველ დისიდენტებს კატათაგვობანას?!

"ოტოს" ყოველდღიური საქმიანობა მოულოდნელობებითა და კურიოზებითაა აღსავსე. ამჟამად მხოლოდ ერთ ანეკდოტურ, მაგრამ რეალურ ფაქტს გავიხსენებ, რომელიც ერთმა „ძველმა კაგებეშნიკმა“ მიამბო. საკავშირო კა-გე-ბეს ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელობამ ოპერატიული სიგნალის შესამოწმებლად გადაწყვიტა თავისი თანამშრომლის, უშიშროების ოფიცრის სახლში მოსასმენი აპარატურის დაყენება. არ იფიქროთ, რომ ეს ოფიცერი ქვეყნის ღალატში იყო ეჭვმიტანილი, უბრალოდ, სამსახურიდან დაბრუნებულს, სამზარეულოში არყის ბოთლთან "ღრმა ჩახუტების" შემდეგ, ქვეყნის "ახალგაზრდა" და "გენიალური" ხელმძღვანელობის კრიტიკა უყვარდა.

ოპერაციის ჩასატარებლად სასკოლო არდადეგების ის პერიოდი შეარჩიეს, როცა ოჯახის უფროსის გარდა ყველა სოფელში იყო. შესაბამისი დავალების მიღების შემდეგ "ოტოს" ოპერები, ზოგი - ეზოში, ზოგიც - სახლის სადარბაზოში გადანაწილდნენ, ორმა კი ბინის გასაღების წინასწარ დამზადებული ასლის საშუალებით და "დომუშნიკების" (სახლის გაქურდვის სპეციალისტების) სიმარჯვით შეძლეს კარის ჩუმად შეღება და... ოი, საოცრებავ! თითქოს მათ ელოდაო, ოდნავ შეღებული კარიდან კატა გამოძვრა და კიბეებზე მოკურცხლა. "ოტოებს" სიმწრის ოფლმა დაასხა: "ხოჭოს" რა ფარულ მონტაჟზე იყო საუბარი, თუ სახლში დაბრუნებულ მათ კოლეგას კატა აღარ დახვდებოდა, ის ხომ უმალ მიხვდებოდა დაუპატიჟებელი სტუმრების ვინაობასა და მიზნებს. ამ გაოგნებამ სულ ერთ წუთს გასტანა და ორი, პიჯაკ-ჰალსტუხიანი სერიოზული "ძია" თავქუდმოგლეჯილი გაეკიდა კატას.

katuna-1765868198.png

ეზოში მათ დანარჩენი "ოტოებიც" შეუერთდნენ და ყველა ერთად, ეზოში მოთამაშე გაოცებული ბავშვების თვალწინ, საცოდავ ფისოს დაედევნენ. დევნამ შედეგი ვერ გამოიღო. კატა, რომელსაც გაცოფებული "ოტოები" დიდი სიამოვნებით მიუგდებდნენ რომელიმე ავ ქოფაკს, სადღაც მიიმალა. დროის დაკარგვა აღარ შეიძლებოდა. ამიტომ ერთი "გენიოსი" ოპერის აზრს: "სხვა კატა დავიჭიროთ და ის დავტოვოთ ბინაშიო", ყველა უმალ დაეთანხმა. იქვე, რომელიღაც სახლის სარდაფში, "კატების ბირჟაზე", მაქსიმალურად მსგავსი კატა დაიჭირეს, პარკში ჩასვეს და კვლავ ბინაში დაბრუნდნენ: საჭირო იყო მოსასმენი აპარატურის სასწრაფოდ დაყენება. ერთ-ერთმა მომცრო "დიპლომატის" პორტფელი გახსნა და რამდენიმე წუთში... ორფეხა კიბე ააწყო. საქმესაც შეუდგნენ. ჭერსა და კედლებში რამდენიმე "ხოჭოს" ჩამონტაჟების შემდეგ "ოტოებმა" მხოლოდ ბინიდან გასვლისას ამოუშვეს უჰაერობისგან გაგუდვის პირას მყოფი კატა და სწრაფად მიიხურეს კარი. იმავე საღამოს კოლეგის დაბრუნებას და აპარატურის მუშაობის შემოწმებას იმდენად მოუთმენლად ელოდნენ, რომ მოსასმენ "ბოქსში" ტევა აღარ იყო. აპარატურა, რომ გამართულად მუშაობდა, მალევე დარწმუნდნენ: დაღლილი კოლეგის სამზარეულოში შესვლის, მაცივრის გაღების და ბოთლიდან სასმელის დასხმის ხმა მკაფიოდ ისმოდა. ყველა სულგანაბული უცდიდა, თუ როდის მიიღებდა მათი კოლეგა საკმარის დოზას და ხელმძღვანელების გინებას დაიწყებდა. უცბად ყვირილის და გინების ხმა ისე მკაფიოდ გაისმა, რომ ნათელი იყო: მათი გამოცდილი კოლეგა პირდაპირ "ჟუჩოკში" ჩაჰყვიროდა: "თქვენი დედა..., ყველანი გასაყრელი ხართ სამსახურიდან, თქვე იდიოტებო, "ჟუჩოკის" დაყენება რომ არ შეგიძლიათ წესიერად, ეს დიდი ხანია, ვიცი, მაგრამ ჩემი ვაჟკაცი "ბორკას" მაგივრად ვიღაცის დედალი კატა, რატომ შემომიგდეთო". გაწითლებული და დარცხვენილი "ოტოები"(დიახ, ხანდახან ისინიც წითლდებოდნენ!) ჩუმად გაიპარნენ ოთახიდან.