"საგარეო პოლიტიკური ვითარება უკიდურესად იძაბება და ეს ძალზე სახიფათოა ჩვენთვის..." - ლაშა ძებისაშვილის ანალიზი: რა ელის საქართველოს?!
"ალიევის აზერბაიჯანსა და "ოცნების" საქართველოს შორის განსხვავება ის არის, რომ ალიევს აქვს სუვერენიტეტის დაცვის ყველანაირი რესურსი და ის ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. სწორედ ეს მომენტი სრულიად მომსპარი აქვს "ოცნებას", ამიტომ გლობალური პროცესების არსებულ მეტად სახიფათო დინამიკაში საქართველოს აქვს მხოლოდ ერთი გამოსავალი - ან "ოცნება" თავად უბრუნდება დემოკრატიის გზას, ან გაერთიანებული საზოგადოება აიძულებს, რომ ეს ნაბიჯი გადადგას", - ამბობს პოლიტოლოგი ლაშა ძებისაშვილი და გვიზიარებს მის მოსაზრებას, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში შიდაპოლიტიკური პროცესები და მეორე მხრივ, საგარეო პოლიტიკაში რა კონტურები იკვეთება საქართველოსთვის.
- უნდა გვახსოვდეს, რომ არც შიდა და არც გარე გამოწვევები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ ვითარდება, ანუ შეიძლება ერთმა გარე, ან ერთმა შიდა ფაქტორმა გამაძლიერებელი ეფექტი იქონიოს მეორეზე. შიდა პოლიტიკის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლებას ჯიუტად არ სურს გაიაზროს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ძალიან კრიტიკულად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ. მას მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და პოლიტიკური კრიზისია. თუმცა ხელისუფლება ჯიუტად ამბობს, რომ არანაირი კრიზისი არ არსებობს, რომ ყველაფერი წესრიგშია, ეკონომიკური ტემპით ლამის ევროკავშირის ყველა ქვეყანას გავუსწარით. ასეთი ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება - ხელისუფლებამ მართლა ტირანია და ტოტალიტარული მმართველობა, აზიური ტიპის დესპოტია უნდა ჩამოაყალიბოს (როგორც, პირობითად, აზერბაიჯანი, თურქმენეთი და სხვ.), რაც ნიშნავს, რომ "ოცნებამ" საქართველოში ციხეები უნდა გამოავსოს. მეორე მხრივ, ეს გულისხმობს, რომ გადავდივართ ესკალაციისა და საზოგადოებასთან დაპირისპირების ახალ საფეხურზე, რაც ძალზე სახიფათოა - ეს მშვიდად და უმსხვერპლოდ არ ჩაივლის. ერთადერთი ბელარუსი იყო, სადაც მოსახლეობა ამას ძალიან მალე შეეგუა. თუ მოსახლეობა არ ეგუება, მთავრდება იმით, რომ დიქტატურა პოლიტიკურად იმარჯვებს, მაგრამ მოსახლეობის ნაწილი რადიკალიზაციაში ვარდება, საზოგადოება იხლიჩება და სამოქალაქო დაპირისპირებისა და ომის წინა პირობები ჩნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, ხალხი ქვეყნიდან უნდა წავიდეს და ვისაც წასვლის სურვილი ან შესაძლებლობა არა აქვს, რადიკალიზაციის ახალ საფეხურზე გადავა.
საგარეო პოლიტიკური ვითარებაც უკიდურესად იძაბება და ეს ძალზე სახიფათოა იქიდან გამომდინარე, რა გეოპოლიტიკური ძვრებიც ხდება ჩვენ გარშემო. როცა გვჯეროდა, რომ პატარა სახელმწიფოებს მეტ-ნაკლებად იგივე ხმა და წონა ჰქონდათ, როგორიც დიდ სახელმწიფოებს (საერთაშორისო სამართალი და ევროპული სივრცე ამის გარანტიას იძლეოდა), აღმოჩნდა, რომ ასეთი საერთაშორისო რეჟიმი აღარ მოქმედებს. ძირითადმა ძალამ ამ რეჟიმის დანგრევა მოისურვა. როცა აშშ ჰეგემონია და 45 წლის შემდეგ ამერიკული წესრიგისა და ამერიკული მშვიდობის შენარჩუნება ამერიკას თვითონ არ უნდა, ეს წესრიგი იმსხვრევა და ხდება მისი რეგიონალიზაცია - რეგიონების ძლიერი სახელმწიფოები თავიანთი სურვილისამებრ ალაგებენ ვითარებას. აქ გადამწყვეტია ძალა, ძალის პრინციპი და ის, თუ ვისთან მეგობრობ. ჩვენ ამ ძალიან სახიფათო და რისკებით სავსე ახალ საერთაშორისო ვითარებაში უნდა შევიდეთ მაქსიმალურად კონსოლიდირებული, როგორც ერი და სახელმწიფო. პრინციპულად დაუშვებელია გახლეჩა და ბანაკებად ჩამოყალიბება. თუ ადრე ჩვენი პოლიტიკური ვექტორი იყო ევროკავშირი და ჩვენი სურვილი მასში გაწევრება, ახლა ის გადავაგდეთ. რეალურად ვინ არის დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი? - არავინ. ჩვენი ურთიერთობა აზერბაიჯანთან, სომხეთთან თუ თურქეთთან ვერასდროს შეედრება იმ სტრატეგიულ ურთიერთობას, რაც აზრბაიჯანს აქვს თურქეთთან. თურქეთი აზერბაიჯანის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტორი სახელმწიფოა, ჩვენ კი ასეთი არავინ გვყავს. წესით, ჩვენ ასეთი უნდა გვყოლოდა ევროკავშირისა და ნატოს სახით, მაგრამ გადავაგდეთ. ჩვენ ამოვარდნილი ვართ მათი დღის წესრიგიდან. ჩვენ რომ გვეაქტიურა, ვიქნებოდით ევროკავშირის დღის წესრიგში, მაგრამ თვითონ ჩავეხსენით. ამიტომ ახლა ევროკავშირი აღარ ხარჯავს დროს ჩვენზე, ის ზრუნავს თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ამ პირობებში, წესით, ევროკავშირთან ერთად უნდა ვისხდეთ ბრიუსელში და უნდა ველაპარაკებოდეთ, რომ ევროკავშირის უსაფრთხოების მომავალ პოლიტიკურ მოწყობაში, რომელსაც ჩვენ რეალურად მომდევნო 3-4 წელიწადში ვიხილავთ, გარანტირებულად ვიყოთ გათვალისწინებული. ჩვენ კი ვლანძღავთ და ვაგინებთ. არსებული ხელისუფლების მიზანი აბსოლუტურად სხვაა, ეს არის არა ევროპა, არამედ არადემოკრატიული ქვეყნები. სულ ახლახან ვიხილეთ, თუკი ვინმე დიქტატორი არსებობს მსოფლიოში, ყველა აშხაბადში იყო ჩასული, სადაც სიხარულით გაქანდა ჩვენი პრემიერი. მომდევნო 4-5 წელიწადი ჩვენი ქვეყნისთვის სავსე იქნება რისკებით, პრობლემებით, ესკალაციით, კონფლიქტებითა და დაპირისპირებით. ამ ვითარებაში ყველა ჩვენგანის წინაშე დგას მკაფიო ამოცანა, როგორ გავიდეთ ფონს ისე, რომ მნიშვნელოვანი დანაკარგები არ გვქონდეს - არ დავკარგოთ ტერიტორიები, ეკონომიკა, ხალხი და უსაფრთხოება. ამას რეალურად ვერ განვახორციელებთ, თუ ორ რამეს არ მივაღწევთ: 1. ეროვნული თანხმობა და კონსენსუსი, რომ ჩვენ დიქტატურა არ გვჭირდება. ჯანსაღი დემოკრატია თუ არ შევქმენით, მოგვიწევს ძალიან რთული და დაპირისპირების გზით, დიდი მსხვერპლით და დანაკარგით სიარული. 2. სწორედ ამ კონსოლიდაციით და ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ხარჯზე უნდა ავირჩიოთ ჩვენი წარმომადგენელი, როგორც ხელისუფალი, რომელთან ერთად უნდა გავატაროთ ძალიან საღი, რაციონალური, საგარეო და შიდა პოლიტიკა. საგარეო პოლიტიკაში, პირველ რიგში, ვგულისხმობთ იმას, რომ ისეთ მეზობლებთან, როგორიცაა თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი, უნდა გვქონდეს მხოლოდ მოკავშირეობრივი პოლიტიკა. ჩვენ ყველაზე სუსტები ვართ რეგიონში, რაც არ გულისხმობს იმას, რომ ვიღაცებს რქებით დავეტაკოთ და ვუთხრათ, ჩვენ ასე გვინდა და გინდ მიიღე ჩვენი პოზიცია, გინდ არაო. ამას ასეთ ვითარებაში ვერ ვიზამთ–- ადრე თუ ევროკავშირის მხარდაჭერა გვქონდა, ახლა აღარ გვაქვს, მის ისევ მოპოვებას კი დიდი დრო დასჭირდება. ჩვენთან პოლიტიკურად თუ დალაგდა სიტუაცია, მხარდაჭერას მალე მოვიპოვებთ, მაგრამ ამაზე ნულიდან მოგვიწევს მუშაობა. ინტენსიური მუშაობა მოგვიწევს ჩვენივე ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ასაშენებლად, მოგვიწევს შიდა სერიოზული რეფორმების გატარება, ძალოვანი სტრუქტურები სასწრაფო წესით გარდასაქმნელი იქნება. ისინი ხალხის მომსახურებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა მჩაგვრელ სისტემაზე.