რა გააკეთა ამერიკის 43-ე  პრეზიდენტმა აგვისტოს ომის დროს და რას აკეთებს ამერიკის 47-ე პრეზიდენტი უკრაინის ომის დროს - კვირის პალიტრა

რა გააკეთა ამერიკის 43-ე  პრეზიდენტმა აგვისტოს ომის დროს და რას აკეთებს ამერიკის 47-ე პრეზიდენტი უკრაინის ომის დროს

თავიდანვე ვიტყვი ჩემს სუბიექტურ მოსაზრებას - აშშ-ს ბოლო სამი ათეული წელია, არ უმართლებს პრეზიდენტების არჩევისას -რეიგანისა და ნაწილობრივ ბუში-უფროსის შემდეგ, პრეზიდენტებად არჩეულმა კლინტონმა, ბუში-უმცროსმა, ობამამ, ტრამპმა, ბაიდენმა და ისევ ტრამპმა, ერთ დროს მართლაც ზესახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატები არათუ გააძლიერეს, არამედ - დაასუსტეს, მათ მიერ გატარებული გინდ შიდა და გინდაც - საგარეო პოლიტიკის შედეგად...

წესით, ამაზე ძირითადად მაინც ამერიკელმა ამომრჩეველმა უნდა ინერვიულოს, ჩვენ ჩვენი თავსატეხიც გვყოფნის, მაგრამ რა ვქნათ, როდესაც იმავე აშშ-ის საგარეო პოლიტიკა მჭიდროდაა გადახლართული საბჭოთა იმპერიის კლანჭებიდან თავდახსნილი და დამოუკიდებლად ცხოვრების მსურველი იმ საქართველოსა თუ უკრაინისთვის, რომლებმაც თავის უმთავრეს „მფარველად“ სწორედ აშშ მიიჩნიეს თუ აირჩიეს?

მინდა პარალელის გავლება აგვისტოსა და უკრაინის ომებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ არც საბრძოლო მოქმედებების მასშტაბებით და მით უმეტეს - არც ხანგრძლივობით, ისინი ერთმანეთს ვერ გაუტოლდებიან, მათ მაინც აერთიანებთ ერთი მთავარი -ორივე შემთხვევაში, აგრესორად იქცა მეზობელი რუსეთი და ორივე შემთხვევაში აშშ და ასევე ევროპა მეტ-ნაკლებად ჩართული იყო და არის პუტინის რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური აგრესიის შესაჩერებლად...

აგვისტოს ომი რომ თავიდან აგვერიდებინა, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ საქართველოს მაშინდელი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან დაშვებული იქნა რიგი სერიოზული შეცდომები, რამაც აგრესორ კრემლს მისცა იმის გაკეთების საშუალება, რაც გააკეთა...

აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში-უმცროსის პოლიტიკური გუნდის ნაწილი წინასწარ აფრთხილებდა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ არ წამოგებოდა რუსულ ხრიკებს და არ დაბრალებოდა სამხედრო ესკალაციის წამოწყება, რაზეც მეტყველებს თუნდაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის სასწრაფოდ ჩამოფრენა თბილისში, აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე და ამ გაფრთხილების გაჟღერება საქართველოს ხელისუფლებისთვის...

მარტო ეს ფაქტიც მეტყველებს იმაზე, რომ აშშ-ის მაშინდელი ხელისუფლების ნაწილი ცდილობდა, საქართველოსთვის თავიდან აეცილება რუსეთთან ომში აღმოჩენა, თუმცა იმის ეჭვებიც არის, რომ იგივე აშშ-ის ხელისუფლების სხვა ნაწილში, მაგალითად, ვიცეპრეზიდენტ დიკ ჩეინის გუნდში საპირისპიროდ ფიქრობდნენ და აინტერესებდათ, გაბედავდა თუ არა პუტინი ტანკებით შემოჭრას საქართველოში და რამდენად გაღრმავდებოდა ეს შეიარაღებული კონფლიქტი, რომელშიც უნდა გამოჩენილიყო რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სტრატეგია და რუსული არმიის მოქმედების ტაქტიკა, ჩეჩნეთის ომებზე უფრო დიდი მასშტაბის შეიარაღებულ კონფლიქტში, რომელშიც საქართველოს შესაძლებელია, „საცდელი კურდღლის“ როლი რგებოდა...

ასე იყო თუ ისე, საქართველომ მიიღო აგვისტოს ომი და მისგან გამომდინარე, საშვილიშვილო პრობლემები, ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის სახით...

ამ ომამდე საქართველოში ძალიან ბევრი თვლიდა, რომ რუსული „ჟანგიანი“ ტანკები თურმე პრობლემა არ იყო. თუკი პუტინის „ჩამოძენძილი“ არმია გაბედავდა ჩვენს ქვეყანაში შემოჭრას, მას კუდით ქვას ასროლინებდნენ და დონის როსტოვამდე განდევნიდნენ - არწმუნებდნენ მაშინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას რიგი მაღალჩინოსანი ქართველი სამხედროები, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ არმიასაც სწორედ ის „დაჟანგული“ ტანკები ჰყავდა და თანაც იმავე რუსი სამხედროების მიერ ადრე გადმოცემული...

გარდა ამისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი რატომღაც სრულიად იყო დარწმუნებული იმაში, რომ თუკი პუტინის ტანკები მართლაც შემოიჭრებოდნენ საქართველოში, აშშ ავიამზიდებს გამოაგზავნიდა შავ ზღვაში, სასწრაფოდ „პეტრიოტებს“ ჩამოგვიტანდა ქართული ცის დასაცავად, ხოლო „აბრამსებით“ ამერიკელი ტანკისტები პირდაპირ ბრძოლებში ჩაერთვებოდნენ...

მოსახლეობაში ამ მოსაზრების განმტკიცებაზე შეგნებულად თუ უნებლიედ მუშაობდა მაშინდელი ხელისუფლების პროპაგანდაც და ყველაფერი ამის ფონზე უდიდეს გულისაცრუებად იქცა ის ფაქტი, რომ არათუ „პეტრიოტები“, უბრალო „სტინგერებიც“ არ გამოუგზავნია პენტაგონს ქართული ცის რუსული ბომბდამშენებისგან დასაცავად, ხოლო ბათუმის პორტში ჩამოტანილი „წყალი და პამპერსები“ საყოველთაო დაცინვისა და ქილიკის საგნად იქცა, წლების განმავლობაში...

რით შეეძლო აგვისტოს ომის დროს საქართველოს დახმარება აშშ-ს და რით არ დაგვეხმარა ან დაგვეხმარა?

ის, რომ ამერიკელი ჯარისკაცი რუს ოკუპანტს ქართულ მიწაზე პირისპირ შეებრძოლებოდა, იყო უდიდესი თავის მოტყუება და - არარეალური. ასეთი დიდი იმედების წინასწარ შექმნაში დამნაშავე ამერიკული მხარე ყველაზე ნაკლებადაა და მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომში ამერიკა ქართულ არმიას სერიოზული იარაღის მიწოდებით არ დახმარებია, სწორედ ამერიკამ შეძლო პუტინის ტანკების თბილისზე იერიშის დაწყების შეჩერება...

კულუარული პოლიტიკური აქტიურების შედეგად, სწორედ აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუში-უმცროსის კატეგორიული პოზიცია გახდა გადამწყვეტი იმაში, რომ პუტინმა აღარ მოინდომა ან სულაც ვეღარ გაბედა საქართველოს დედაქალაქზე იერიშის გაგრძელება და ჩვენი ქვეყნის სრული ოკუპაცია (რაც შემდეგომ კრემლში არა ერთხელ უნანიათ), რისი დავიწყებაც იქნებოდა უმადურობა აშშ-ის მაშინდელი ხელისუფლების მიმართ...

გასაგებია, როგორ მოიქცა ამერიკის პრეზიდენტი აგვისტოს ომის დროს, მაგრამ როგორ იქცევა იმავე ამერიკის პრეზიდენტი დღეს, უკრაინის ომთან მიმართებაში?

ჯერ კიდევ აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც პოლიტიკური სისუსტე გამოამჟღავნა და აგვისტოს ომის შემდეგ პუტინს „გადატვირთვის“ პროცესის დაწყება შესთავაზა, რამაც კრემლს ხელ-ფეხი გაუხსნა 2014 წელს უკრაინის ყირიმის ოკუპაცია-ანექსიისა და დონბასის ნაწილის ოკუპაციის მოსახდენად.

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ხანაში პუტინის რუსეთი კი ღიად თავს დაესხა უკრაინას, თუმცა უკრაინის დამცველების გმირობისა და ამერიკული და ევროპული სამხედრო დახმარების გამო, ვერ შეძლო ბლიცკრიგით უკრაინის დედაქალაქის დაპყრობა და იქ პრორუსული ხელისუფლების დასმა, რის შემდეგაც აღმოჩნდა მრავალწლიანი ომის ჭაობში...

და აი, 2025 წლის დასაწყისიდან აშშ-ის სათავეში დაბრუნდა დონალდ ტრამპი და კარდინალურად შეიცვალა აშშ-ის სახელმწიფო პოლიტიკა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხში - ტრამპის ადმინისტრაციამ საერთოდ შეაჩერა უანგარო სამხედრო დახმარება უკრაინისთვის და მხოლოდ მსოფლიო ბაზრის ფასებით ყიდის ევროპელებზე იმ შეირაღებას, რომელიც შემდეგ უკრაინის ფრონტზე ხვდება.

პრეზიდენტი ტრამპი ჯერ კიდევ არჩევნებამდე გულარხეინად გაიძახოდა, რომ შეეძლო რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება, ერთი სატელეფონო ზარითაც კი, თუმცა მისი მეორე პრეზიდენტობიდან მეათე თვე მიიწურა, მაგრამ მან ამას დღემდე ვერ მიაღწია...

და ვერც მიაღწევს, რადგან მას ამ მორიგი „ომის შეჩერება“ მთლიანად უკრაინის ინტერესების ხარჯზე სურს, რაც არასწორი მიდგომაა ნებისმიერი მომრიგებლისთვის.

პრეზიდენტ ტრამპის „თაფლაკვერისა და მათრახის“ პრინციპით პოლიტიკური ქმედებები, ისედაც უთანასწორო ომში მყოფ უკრაინას დამატებით უზარმაზარ პრობლემად დააწვა - ერთი მხრიდან რუსეთის საოკუპაციო ძალები შეუჩერებლივ უტევენ ფრონტზე და მეორე მხრივ, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება ოფიციალურ კიევზე იმისთვის, რომ უკრაინა თითქმის კაპიტულაციაზე წავიდეს აგრესორ ქვეყანასთან და მას უბრძოლველად დაუთმოს დონბასის ჯერ კიდევ არაოკუპირებული ტერიტორია...

იმის გათვალისწინებით, თუ დღეს რას აკეთებს ტრამპი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის საზიანოდ, ნამდვილად არ არის გასაკრიტიკებელი, თუ რა გააკეთა მისმა წინამორბედმა, აშშ-ის 43-ე პრეზიდენტმა, უმცროსმა ჯორჯ ბუშმა საქართველოსთვის 17 წლის წინ, როდესაც პოლიტიკური ნებით შეაჩერებინა პუტინს რუსული ტანკების დაძვრა თბილისისკენ...