"ეს მკაცრ და შემაძრწუნებელ წინასწარმეტყველებად ჟღერს...„ევროპა დაცემას განიცდის? ეს მისთვის კარგია“ - The New York Times
აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 16 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულია ოქსფორდის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ლექტორის, პუბლიცისტ ენტონ იეგერის სტატია სათაურით „ევროპა დაცემას განიცდის? ეს მისთვის კარგია“, რომელშიც გაანალიზებულია ევროპის კონტინენტის სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. ყურადღება გამახვილებულია ბოლო მეოთხედი საუკუნის მოვლენებზე და იმ მიზეზებზე, რომლებმაც ევროპა, დონალდ ტრამპის თქმით, „ლპობის“ პროცესამდე მიიყვანა. ავტორის აზრით, ევროპისათვის ასეთი სიტუაცია გაკვეთილი უნდა იყოს და ევროკავშირმა შესაბამისი დასკვნები უნდა გააკეთოს. შეიძლება ითქვას, რომ ევროპისათვის „ზოგი ჭირი მარგებელია“.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
გონკურისა და სხვადასხვა ცნობილი პრემიების ლაურეატი, ფრანგი მწერალი-რომანისტი მიშელ უელბეკი თავის ევროპელ კოლეგებს შორის მაინცდამაინც დიდი ოპტიმიზმით არ გამოირჩევა: უკვე სამი ათეული წლის განმავლობაში მისი შემოქმედების ლეიტმოტივად კაცობრიობის განუხრელი დეგრადაციის თემა რჩება - დაწყებული ინტერნეტ-პორნოგრაფიით, დამთავრებული ევროპული ცივილიზაციის კრახით. „საფრანგეთს პროგრესის აღარ სჯერა“, - წერდა მიშელ უელბეკი ჯერ კიდევ 2014 წელს, - „ჩვენ ყველა არა მარტო ტურისტებად ვიქეცით საკუთარ სამშობლოში, არამედ დიდი სურვილი გვაქვს, სხვებიც იგივეს მივაჩვიოთ“.
დღეს ფრანგი მწერლის კომენტარები მკაცრ და შემაძრწუნებელ წინასწარმეტყველებად ჟღერს: ეკონომიკური ზრდა ევროპაში დიდი ხანია ძალიან შენელებულია, ბოლო დროს კი საერთოდ შეწყდა. თვით ევროკავშირის სამრეწველო ლოკომოტივი - გერმანიაც კი წარმოების დაცემას განიცდის. ევროპული ეკონომიკის ავტონომიური დინამიზმი რიგ ქვეყნებზე მტკივნეული დამოკიდებულებით შეიცვალა: ტექნოლოგიები თითქმის მთლიანად ამერიკულია, ხოლო უმნიშვნელოვანესი სასარგებლო წიაღისეული - ჩინური. ევროპა ტრანსფორმაციას განიცდის: ნელ-ნელა ხდება ისეთი ეკონომიკის მქონე კონტინენტი, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ ტურისტებზე და მომსახურებაზე. და ეს ყველაფერი რეალურია, სპეკულაციების გარეშე.
მნიშვნელოვანია, რომ მოვლენების შეფასებაში არ შევცდეთ. რასაკვირველია, იმის თქმა რომ ევროპას საკუთარი „სილიციუმის ველის“ - კალიფორნიის მსგავსი მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული ზონის - შექმნა არ შეუძლია, ან ევროპის მთლიანი შიდა პროდუქტის შედარება თითქმის მილიარდიანი მოსახლეობის მქონე „ცისქვეშეთთან“ (ჩინეთთან), ჯერ კიდევ არ ნიშნავს „ბებერი“ კონტინენტის დაცემას. და მაინც ვერ ვუარყოფთ იმას, რომ ევროპა „გაპროვინციელდა“ - როგორც ერთხელ გერმანლმა ფილოსოფოსმა ჰანს-გეორგ გადამერმა თქვა. მძიმე მოლაპარაკებები უკრაინის ომის სამშვიდობო დარეგულირების შესახებ აჩვენებს, რომ ევროპული ბლოკი განუხრელად უკან იხევს, მეორე ეშელონისაკენ. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროპა „ლპება და იხრწნება“ და რომ მას ცივილიზაციური დაღუპვა ელოდება.
ეს ყველაფერი ევროპელებისათვის საკმაოდ საშიშად ჟღერს, მაგრამ სტატუსის დაქვეითება არ ნიშნავს იმას, რომ მეორე ეშელონში გადასვლა აუცილებლად მტკივნეული იქნება. პირიქით, ევროპული დაცემის გაცნობიერება - კულტურის, პოლიტიკის და უპირველესად კი ეკონომიკის სფეროებში - დღევანდელობისადმი უფრო საღ და ფხიზელ მიდგომამდე მიგვიყვანს. იმ ასწლეულის შემდეგ, რომლის განმავლობაში ევროპა „მთავარი“ იყო (თუმცა სადაო წარმატებებით), უკუსვლის მიზეზთა გაცნობიერება ევროპელებს ბატონობის ნევროზისაგან განკურნავს, რომელიც მათთვის გამაწამებელია.
კარგია, რომ ბრიუსელი არ უარყოფს დასუსტებას. ბრიუსელში კარგად ესმით, რომ ევროპა ჩამორჩენის პროცესშია. გასულ წელს საჩვენებელი აღიარება მოუწია ევრობანკის ყოფილ პრეზიდენტს, იტალიის ექს-პრემიერ მარიო დრაგის: თავის უკიდურესად მკვეთრ მოხსენებაში, რომელსაც, სხვათა შორის, ბევრი თვლის ევროსათვის მაშველ რგოლად, მან ევროპული ეკონომიკის პრობლემები ჩამოთვალა: კონკურენტუნარიანობის არარსებობიდან დაწყებული, დაბალი მწარმოებლურობით დამთავრებული.
მაგრამ ზოგიერთ დანიშნულ წამალს, როგორც ცნობილია, სნეულებისაგან განკურნება კი არა, პირიქით - უფრო გაღრმავება შეუძლია. ულტრამემარჯვენეები ცნობილ რეცეპტს გვთავაზობენ: კონტინენტის ირგვლივ რასობრივი კორდონის შექმნას. ევროპელი ცენტრისტები, თავის მხრივ, გაურკვეველ „განახლების სტრატეგიაზე“ ლაპარაკობენ, რემილიტარიზაციისა და ტექნოლოგიური პროგრესის გზით. მემარცხენეები კი საერთოდ გმობენ ევროპის ზედმეტ დომინირებას და მიესალმებიან პოზიციების შესუსტებას.
არადა, რაც დღეს ყველაზე მეტადაა აუცილებელი და რაც გვჭირდება, არის „დაცემის ახალი პოლიტიკა“, რომელიც მიმართულია როგორც შიგნით, ასევე გარეთ.
საშინაო პოლიტიკაში მოგვიწევს გამოვემშვიდობოთ მკაცრი ეკონომიის ფეტიშს, რომელიც ასე შეიყვარეს ევროპელმა პოლიტიკოს-ტექნოკრატებმა 1990-იანი წლებიდან. იმის გამო, რომ ისინი შეურიგებელი და ჯიუტად ერთგულები არიან საბაზრო პრინციპებისა ყველაფერში, მათ ხშირად უწოდებენ „ნეოლიბერალურ თალიბებს“ და არცთუ უსაფუძვლოდ. ამ დოგმაზე უარის თქმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება: საგადასახადო-საბიუჯეტო წესების შესუსტება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის ხელს შეუწყობს მათ ეკონომიკურ ზრდას, სერიოზული სახელმწიფო-საინვენსტიციო სტრატეგიის საფუძველზე.
პოლიტიკურ ფრონტზე ეს ნიშნავს სუვერენიტეტის შეგნებულ ცენტრალიზებას და კონცენტრაციას. ეს იქნება სერიოზული უკანდახევა საქმის კეთების ჩვეული მანერებისაგან: ევროპაში უკვე დიდი ხანია განხეთქილება ბატონობს, რაც ხელს უშლის ნამდვილი კონტინენტური პოლიტიკის გატარებას. თუ ევროკავშირის წევრები ქვეყნები უფრო მეტად შემჭიდროვდებიან საერთო საქმისათვის, მაშინ ასეთი სიტუაცია, დემოკრატიული ანგარიშგების პირობებში, გადამწყვეტი იქნება. სამწუხაროდ, ევროპულ ინსტიტუტებს მკაცრი მიზანმიმართულობა, როგორც წესი, არ ჰყოფნით. აუცილებელია ევროპის „გადატვირთვა“.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ამ სფეროში საჭიროა პრიორიტეტების მასშტაბური გადახალისება და ახლებურად გააზრება მოხდეს. ბოლო ათწლეულმა ცხადჰყო იმედების გაცრუება, რომ ევროკავშირი როგორმე მაინც მიაღწევდა გარკვეულ დამოუკიდებლობას აშშ-საგან - ეს იქნებოდა ფინანსური თუ სამხედრო სფერო. პირიქით, ევროპა უფრო მეტად მოექცა ამერიკულ „კაბალაში“, უფრო მეტად გახდა ამერიკაზე დამოკიდებული. და თუ ეს პროამერიკული დრეიფი მომავალშიც გაგრძელდება, ეს უფრო გააღრმავებს დაცემას, შეჩერების ნაცვლად, რაზედაც ევროპელი ლიდერები ჩივიან. კერძოდ, ამერიკული იარაღისა და საწვავ-სათბობის მასშტაბური შესყიდვა ევროპულ მრეწველობას არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ისევ დაიკავოს ლიდერის პოზიცია მსოფლიოში.
თუ ევროპას ტრანსფორმაცია და გარდასახვა სურს, მან არასტანდარტულად აზროვნება უნდა ისწრავლოს. გარკვეული თვალსაზრისით, მას იმაზეც დაფიქრება მოუწევს, რაც დღეს ბრიუსელისთვის წარმოუდგენელია: ჩინეთთან ინტეგრირების აუცილებლობაზე. ასეთი ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად, რომელშიც ჩინეთი ამჟამად ლიდერის როლს ასრულებს. რასაკვირველია, ევროპამ თავისი პირობებიც უნდა წამოაყენოს და თავისი ინტერესები გაატაროს, რომ პეკინის ვასალი არ გახდეს. ევროპამ თვალი არ უნდა დახუჭოს ჩინეთის დაბალ რეპუტაციაზე ვაჭრობის ან შრომითი უფლებების სფეროში. საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობას შეიძლება თან ახლდეს საექსპორტო კონტროლიც.
ევროპამ ყურადღება უნდა მიაქციოს დიდ ბრიტანეთს - ქვეყნის დაცემის კლასიკურ მაგალითს მე-20 საუკუნეში. ომისშემდგომ მსოფლიოში, როცა იმპერიები ინგრეოდა, ბრიტანეთის წინაშე ორი გზა ისახებოდა: ის შეიძლებოდა გამხდარიყო აშშ-ის ერთგვარი მსახური და მთლიანად დაექვემდებარებინა თავისი ეკონომიკა და საგარეო პოლიტიკა ამერიკის მოთხოვნებისადმი, ან მას შეეძლო გამხდარიყო რაღაც „დიდი შვედეთის“ მსგავსი, შეენარჩუნებინა თავისი სამრეწველო ბაზა, შეექმნა „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო“ და შედარებით მეტი დიპლომატიური ავტონომია ჰქონოდა. საბოლოოდ, ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა პირველი გზა აირჩია: უარი თქვა ეროვნულ დამოუკიდებლობაზე ყბადაღებული ე.წ. „განსაკუთრებული ურთიერთობების“ გულისთვის აშშ-სთან.
ევროპისათვის აუცილებელი და სავალდებულო არ არის დიდი ბრიტანეთის გადიდებულ ასლად გადაიქცეს. თუ ევროპა ისტორიის ლოკომოტივი აღარ იქნება (მოიშორებს ან შეზღუდავს თავის ამბიციებს ამ მიმართულებით), მას მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ თავის თავში დამღუპველი თვისება - განდიდების მანია - ამოშანთოს. ევროპას შეუძლია თავის მიზნებს მიაღწიოს გეოპოლიტიკაში და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, თუნდაც ამ მხრივ ლიდერის როლი არ ჰქონდეს. ამისათვის მას მოუწევს მოლოდინების თამასა დაბლა ჩამოსწიოს: „გარკვეულ ეტაპზე უნდა ესწრაფვოდე, რომ მტკიცე საშუალო დონე გქონდეს, ვიდრე ლიგის ლიდერობას ცდილობდე“ - როგორც ამას ბრიტანელი საფეხბურთო ფანატები ამბობენ ხოლმე.
ასევე დაგაინტერესებთ: სკანდალური სტატია: ბლეიზ მეტრეველი ბრიტანეთს ომის მოახლოებაზე აფრთხილებს?! - "სიტუაცია ძალიან სახიფათოა და..."
ამ ფრიად მწარე აბის გადაყლაპვა იოლი არ იქნება, განსაკუთრებით კონტინენტის ელიტისათვის. ზოგიერთები ალბათ, საღ ანალიზს ყურადღებას არ დაუთმობენ და არჩევანს აპოკალიპტურ პროგნოზზე გააკეთებენ, თვითონ მიშელ უელბეკის ჩათვლით. 2010 წელს გამოცემულ რომანში სახელწოდებით „რუკა და ტერიტორია“ მან ევროპას საკმაოდ არასახარბიელო მომავალი უწინასწარმეტყველა: კონტინენტი გაუკაცრიელდა, მცენარეებმა თავისი ბატონობა დაიბრუნეს, ქალაქები და და ქარხნები ველურმა ბუნებამ შთანთქა. უელბეკის პროგნოზი რაღაცით ჰგავს ევროკომისიის ყოფილ ვიცე-თავმჯდომარის ჟოზეპ ბორელის გამონათქვამს, ოღონდ პირიქით: მან ევროპას „ბაღი“ უწოდა, რომელიც „ალყაშემორტყმულია მტრული ჯუნგლებით“.
უთანხმოების მიუხედავად, კონტინენტის ცენტრისტებს და ულტრამემარჯვენეებს პრინციპულ საკითხებში აშკარად ერთი აზრი აქვთ. ევროპის გადაქცევა ან უდაბურ ადგილად და ან დახურულ კოტეჯურ დასახლებად, ღვთისგან არ არის წინასწარ განსაზღვრული. ევროპა საზრიანად თუ იმოქმედებს და თავის ამბიციებს ზომიერამდე თუ შეამცირებს, მისთვის ახალ მსოფლიო წესრიგში, „გარეუბანში მდებარე მოვლილი ბაღის“ ნორმალური როლის შესრულება სრულიად მისაღები უნდა იყოს.
მოამზადა სიმონ კილაძემ