რუსული "ტრიუმფის" დასასრული - უკრაინელების კიდევ ერთი წარმატება?!
რუსული „ტრიუმფების“ კოლონასაც დაარტყეს?
ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაში რუსულ წყალქვეშა ნავზე უკრაინული წყალქვეშა კამიკაძე-დრონის მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ უკრაინულმა მხარემ, სავარაუდოდ, განახორციელა არანაკლებ ეფექტიანი და შეიძლება ეფექტური თავდასხმაც, ამჯერად რუსული „ტრიუმფების“ კოლონაზე...
С-400 Триумф - სწორედ ასე ეწოდება რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და ძლიერ შორი მოქმედების მობილურ საზენიტო-სარაკეტო სისტემას, რომლის მოქმედების რადიუსი 250-300 კმ-ს შეადგენს და, შესაბამისად, ძალზე სახიფათო მოწინააღმდეგეს წარმოადგენს უკრაინის იმ საბრძოლო თვითმფრინავებისთვის, რომლებიც ფრონტის ხაზის სიახლოვეს მართვადი ბომბების გამოყენებას ცდილობენ...
რუსულმა ტელეგრამ-არხმა Досье Шпиона-მ, რომელიც ასოცირდება რუსეთის სამხედრო წრეებთან დაახლოებულ საინფორმაციო წყაროდ, გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს გუშინ, 14 დეკემბერს, რუსეთის ბელგოროდის დასახლებულ პუნქტ რაევკასთან (რომელიც 70-იოდე კმ-ითაა დაშორებული უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან), ექვსმა უკრაინულმა კამიკაძე-დრონმა საჰაერო შეტევა განახორციელა С-400-ის სისტემაში შემავალი სპეციალური მანქანების კოლონაზე, რის შედეგადაც ერთი მობილური სარაკეტო გამშვები დანადგარი 5П85СМ2-01 სრულიად განადგურდა, ერთმაც დაზიანებები მიიღო, ასევე, განადგურდა 48Н6ДМ ტიპის ოთხი საზენიტო რაკეტაც...
რატომ დასჭირდა რუს სამხედრო ბლოგერებს იმის აღიარება, რომ უკრაინულმა მხარემ მორიგი წარმატებული დარტყმა განახორციელეს, ძნელი სათქმელია და აფეთქებული „ტრიუმფის“ დამადასტურებელი ვიდეოკადრები ჯერ არ დევს, თუმცა ეს რუსული ტელეგრამ-არხი აქვეყნებს რუსული С-400 Триумф-ის მანქანების კოლონის ვიდეოკადრებს და ამტკიცებს, რომ ეს გადაღებულია უკრაინული კამიკაძე-დრონების შეტევამდე...
თუკი სიმართლეს შეესაბამება ეს ინფორმაცია, რამდენიმე დასკვნის გაკეთება შეიძლება...
პირველი - უკრაინის დაზვერვამ შეძლო საზღვრის/ფრონტის ხაზიდან ოპერატიულ სიღრმეში აღმოეჩინა, დაეფიქსირებინა და მობილურ სამიზნეზე გაეყვანა კამიკაძე-დრონების რგოლი.
მეორე - უკრაინელმა ოპერატორებმა კამიკაძე-დრონებზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების საშუალებით მოახერხეს მათი ისე მართვა, რომ ზუსტად დაეზიანებინათ მოძრავი სამიზნეები.
ასევე დაგაინტერესებთ: რა გააკეთა ამერიკის 43-ე პრეზიდენტმა აგვისტოს ომის დროს და რას აკეთებს ამერიკის 47-ე პრეზიდენტი უკრაინის ომის დროს
პირველად ომების ისტორიაში-უკრაინულმა წყალქვეშა კამიკაძე-დრონმა რუსული წყალქვეშა ნავი ააფეთქა ...
კონტრშეტევა კუპიანსკში - უკრაინის არმიამ აჩვენა, რომ დაკარგულის დაბრუნება შეუძლია...
მესამე - საზღვრიდან 70 კმ-ის სიღრმეში რუსულ „ტრიუმფზე“ წარმატებული თავდასხმის შემდეგ რუსეთის გენშტაბი იძულებული გახდება „ტრიუმფის“ - ეს ძალზე ძვირად ღირებული საზენიტო-სარაკეტო სისტემები კიდევ უფრო ღრმა ზურგში განათავსოს, რაც თავის მხრივ, მეტად გაუხსნის ხელ-ფეხს უკრაინელ მფრინავებს, რომლებსაც შეეძლებათ, მეტად ახლოს მიუახლოვდნენ ფრონტის ხაზს და მართვადი რაკეტებისა და პლანირებადი საავიაციო ბომბების გამოყენებით უფრო მეტ სიღრმეში დააზიანონ რუსი ოკუპანტების მნიშვნელოვანი ობიექტები.