ისტორიული გამოცდა
"თუ სახელისუფლებო კრიზისი დაიწყო, ისევ ჩვენი დასავლელი მეგობრების იმედად უნდა ვიყოთ"
"ემოციის დრო და ფუფუნება ჩვენ არა გვაქვს, რუსეთთან მოლაპარაკება ძალიან რთული პროცესია"
საქართველო 1-ლი ოქტომბრისკენ 22 წელიწადი მიდიოდა გადატრიალებებით, რევოლუციებითა თუ მრავალთვიანი საპროტესტო აქციებით. 1-ელ ოქტომბერს კი ქვეყანამ დიდი და ისტორიული გამოცდა ჩააბარა. საქართველოს მოსახლეობამ დაამტკიცა, რომ უკვე თვითონ არის ხელისუფლების წყარო და წარსულს ჩაჰბარდა დრო, როდესაც მის ნებას ცესკოში გადასწორებული ოქმები გადაწონიდა ხოლმე. საქართველომ დასავლურ, ცივილიზებულ სამყაროს აჩვენა, რომ ნამდვილად იმსახურებს ევროპულ ოჯახში ყოფნას და ავანსები, რომელიც დასავლეთმა ჩვენს ქვეყანას მისცა, ტყუილად არ არის დახარჯული. თუმცა, რომ არა დასავლეთის მხარდაჭერა, ქვეყანაში მოვლენები, შესაძლოა, 2008 წლის არჩევნების და უფრო მძიმე სცენარითაც განვითარებულიყო. მეორე მხრივ, რომ არა ქართველი საზოგადოების მობილიზაცია და სიმტკიცე, აშშ-ისა თუ ევროკავშირის მეცადინეობა საქართველოს დემოკრატიზაციისთვის ფუჭად დარჩებოდა. "სტრატეგიული კვლევების ცენტრის" დირექტორი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ 1-ელ ოქტომბერს ზემოხსენებული ორი ფაქტორი ერთმანეთს დაემთხვა, რამაც პირველად საქართველოს ისტორიაში ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა განაპირობა.
- გადამწყვეტი ორი ძირითადი ფაქტორი იყო: პირველი - ქვეყანაში ცვლილებები მომწიფდა და მეორე - საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია. შეიძლება გვითხრან, ქვეყანაში ვითარება დიდი ხანია მომწიფებული იყოო და 2008 წელი დაგვისახელონ. ალბათ, ამ აზრს უნდა დავეთანხმოთ. მაგრამ ჯერ ერთი, 2008 წელს არ არსებობდა არც საერთაშორისო თანამეგობრობის მზაობა, აქტიური როლი ეთამაშა საარჩევნო პროცესის კორექტულად წარმართვაში და არ ყოფილიყო მხოლოდ პასიური დამკვირვებელი და შემფასებელი და მეორე - პოლიტიკური გუნდი, რომელიც ახალ განწყობებს გამოხატავდა, არ იყო ორგანიზაციულად, თუნდაც პოლიტიკურად მზად. 1-ელ ოქტომბერს კი ამან ერთად მოიყარა თავი და მივიღეთ შესაბამისი შედეგი.
- საერთაშორისო თანამეგობრობის მზაობაში რას გულისხმობთ - აშშ-ის პირველი პირების განცხადებებს, რომ "ელოდებიან საქართველოში ხელისუფლების კვალიფიციურ გადაბარებას", თუ არჩევნებისთვის უპრეცედენტო რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლას?
- ყველაფერს ერთად. დაწყებული პრეზიდენტ ბარაქ ობამას ცნობილი განცხადებით და დამთავრებული იმ ძალიან აქტიური პოზიციით, რომელიც ჰქონდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მისიას. აღსანიშნავია ასევე საელჩოების, განსაკუთრებით კი აშშ-ის საელჩოს პოზიცია. ყველაფერმა ამან გამოიწვია, ერთი მხრივ, საარჩევნო პროცესის დისციპლინირება და მეორე მხრივ, პრევენცია ბევრი ისეთი მოქმედებისა, რომელიც 2008 წელს მნიშვნელოვანწილად საფუძველი გახდა იმ შედეგისა, რომლითაც საზოგადოება იყო უკმაყოფილო. ვგულისხმობ, 2008 წლის არჩევნების შემდგომ ხმის დათვლისას დაფიქსირებულ უამრავ მიუღებელ ფაქტს.
- საინტერესოა, რატომ არ იყო მზად საერთაშორისო თანამეგობრობა 2008 წლის არჩევნებისას? რა, ოთხი წლის წინ ნაკლებად აღელვებდათ საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა თუ სხვა ფაქტორებმა ითამაშა გადამწყვეტი როლი?
- უბრალოდ, მას შემდეგ ჩვენი ურთიერთობა დასავლელ კოლეგებთან განვითარდა, დროთა განმავლობაში უფრო მომწიფდა. დასავლეთს ახლა უფრო მკაფიო ინფორმაცია და ობიექტური შეფასებები აქვს. სხვათა შორის, საზოგადოებაში არ გახმაურებულა, რომ 2008 წლის არჩევნებს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მწვავე შეფასება მოჰყვა. ეს იყო ძალიან მწვავე დოკუმენტი და როგორც ჩანს, ვაშინგტონსა და ევროპული სახელმწიფოების დედაქალაქებში სათანადო დასკვნა გამოიტანეს.
- 1-ელ ოქტომბერს ხმის მიცემის დასრულებისას იყო ნიშნები, რომ შესაძლოა, მოვლენები 2008 წლის სცენარით განვითარებულიყო. ყოველ შემთხვევაში, ინტენსიურად მიმოდიოდნენ სპეცდანაყოფები, მობილიზებული იყვნენ "ნაციონალების" აქტივისტები, ზონდერბრიგადებს რომ უწოდებენ. თუმცა, შემდეგ ვითარება, ასე თუ ისე, განიმუხტა და ნაციონალურმა მაუწყებლებმა გაავრცელეს ეკზიტპოლები, რომელშიც "ქართული ოცნება" ლიდერობდა. შესაბამისად, გაჩნდა ვერსია, რომ გადამწყვეტ საათებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოკეანის გაღმიდან დაურეკეს და ხელისუფლებამაც უკან დაიხია.
- რა თქმა უნდა, ეს ვერსია შესაძლებელია, თუმცა, კონკრეტული ფაქტი ჩემთვის ცნობილი არ არის. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ამერიკის ადმინისტრაციას ჰქონდა ძალიან პრინციპული პოზიცია, რომელსაც ამერიკის ელჩი ახმაურებდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების მობილიზებულობაც.
ბოლოს და ბოლოს, შედეგიც იმდენად მკაფიოდ იყო გამოხატული, რომ მისი უარყოფა, ალბათ, შეუძლებელი გახდა.
- ალბათ, ამას საერთაშორისო საზოგადოებრიობის მკაცრი დემარშიც მოჰყვებოდა.
- არა მარტო დემარში, ეს იქნებოდა უმძიმესი დარტყმა არა მხოლოდ ქვეყნის იმიჯზე, არამედ ისტორიულ განვითარებაზე. ამგვარმა რეალობამ, როგორც ჩანს, ზოგიერთი "გაცხელებული თავი" ოდნავ გააგრილა. არადა, მოვლენების ცუდი სცენარით განვითარებისთვის მზაობა რომ იყო, კარგად გამოჩნდა ხაშურისა და ზოგიერთი სხვა რაიონის მაგალითზე. ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ, მაგალითად, რაც მოხდა ხაშურში, ეს იყო ერთი უწესრიგო მოქალაქის ან აგრესიული ადგილობრივი ლიდერის გამოხდომა. ასეთი თვითშემოქმედება ჩვენს ქვეყანაში ცოტა ძნელი წარმოსადგენია.
- ალბათ, არჩევნების შედეგი მაშინ "გაფორმდა", როდესაც აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
- რა თქმა უნდა, ეს ელჩის მნიშვნელოვანი ჟესტი იყო. ასევე, უმნიშვნელოვანესი იყო, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა აღიარა არჩევნებში დამარცხება. ამის კულტურა უნდა დამკვიდრდეს ქვეყანაში და ჩვეულებრივი, რუტინული პროცედურა უნდა იყოს. მაგრამ გზა ამგვარი რუტინისკენ ძალიან ძნელია. საქართველოში მიმდინარე პროცესი ხომ სხვა არაფერია, თუ არა პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის მწვავე გამოვლინება. ამიტომ მსგავსი ნაბიჯებისთვის საზოგადოების მზაობა არ შეიძლება ეფუძნებოდეს ისტორიულ გამოცდილებას. ეს სიახლეა, რომელიც უდავოდ მნიშვნელოვანია.
- რიჩარდ ნორლანდი არა მხოლოდ ლიდერებს ხვდებოდა, არამედ საარჩევნო "ცხელ წერტილებშიც" ჩადიოდა.
- ესეც მაგალითი იყო იმისა, რომ ამ არჩევნებისთვის ჩვენი უცხოელი მეგობრების, კერძოდ, ამერიკელების აქტიური პოზიცია მართლაც უპრეცედენტო იყო.
- საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების შესახებ პირველადი დასკვნები გამოაქვეყნეს. დამკვირვებლების აზრით, 1-ელ ოქტომბერს ქართველმა ამომრჩეველმა მონაწილეობა მიიღო ყველაზე კონკურენტულ და სანდო საპარლამენტო არჩევნებში. თუმცა, ყველა დასკვნაში მითითებული იყო, რომ ხარვეზებიც დაფიქსირდა.
- ეს პირველადი დასკვნები იყო, რომლებშიც მხოლოდ არჩევნების წინა პერიოდისა და კენჭისყრის შესახებ პირველადი შთაბეჭდილებები იყო დაფიქსირებული. ძირითადი დასკვნა მოგვიანებით გაკეთდება, როგორც 2008 წელს, და ალბათ, უფრო მწვავე იქნება. ამ ანგარიშში ზუგდიდში, ხაშურსა და სხვა რაიონებში განვითარებული მოვლენებიც აისახება. მთავარ დასკვნას კი როგორც ჩვენი საზოგადოების, ისე ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალის რეაგირება სჭირდება.
- დასავლეთმა ქართველ ხალხს არჩევნების ჩატარება მიულოცა. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ბიძინა ივანიშვილმა და ახალმა პარლამენტმა უნდა იმუშაონ ერთად, რათა გარანტირებული იყოს შემდგომი პროგრესი. ანალოგიური განცხადება გაავრცელეს ევროკომისრებმა თუ ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა. თქვენი აზრით, დასავლეთს სავარაუდო სახელისუფლებო კრიზისი აშფოთებს?
- გეთანხმებით, ასეთი ხაზგასმა მკვეთრად იკითხება და სწორედ ამ სიფრთხილის გამოხატულებაა. ეს სამწუხარო რეალობაა - საქართველოში არასოდეს მომხდარა, რომ ხელისუფლების ორი სხვადასხვა შტო სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებით ყოფილიყოს დაკომპლექტებული. განსხვავებული პოლიტიკური ძალების თანაარსებობის პრაქტიკა ჩვენთან არ არსებობდა. აქამდე ჩვენ მხოლოდ ვიცოდით დაპირისპირებები, რევოლუციები და ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა. Aდღევანდელი მდგომარეობა კი ჩვენთვის გაკვეთილია, რომელიც საზოგადოებამ უნდა ისწავლოს.
- თუ დაიწყო სახელისუფლებო კრიზისი, დასავლეთი ჩაერევა ისევე ეფექტურად, როგორც ეს არჩევნებისას მოხდა?
- იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს არ მოხდება, ხოლო თუ დაიწყო სახელისუფლებო კრიზისი, უკვე მერამდენედ, ისევ ჩვენი დასავლელი მეგობრების იმედად უნდა ვიყოთ. ნურავინ შეხედავს ამას ქედმაღლურად და ნუ მიიჩნევს თავმოყვარეობის შელახვად. ამას იმიტომ ვამბობ, რომ უკანასკნელ თვეებში არაერთხელ მოგვისმენია საპასუხისმგებლო თანამდებობის პირებისგან, ვინ ეკითხება ვიღაცას, ჩვენს თავს თავად მოვუვლითო. როგორ ვახერხებთ ხშირად საკუთარი თავის მოვლას, ეს ყველამ ვიცით.
- როდესაც ქვეყანას არჩევნების შემდეგ ახალი ლიდერი ჰყავს ხოლმე, როგორც წესი, ბევრ რაიმეზე მიუთითებს, თუ სად მიემგზავრება ის პირველი ვიზიტით. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პირველად ვაშინგტონს ეწვევა.
- ეს განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, ეს იმ მნიშვნელობის აღიარებაა, რასაც საქართველოს წამყვანი პოლიტიკური ძალის ლიდერი ანიჭებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობას. ეს მადლიერების გრძნობის გამოხატვაც არის იმისათვის, რაც ამერიკამ საქართველოსთვის გააკეთა. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დადასტურდა "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკური განაცხადი. ივანიშვილის გადაწყვეტილება სიგნალია იმისა, რომ "ქართული ოცნება" მზად არის, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას გაცხადებული მიმართულებით.
- საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს მოსკოვიდანაც გამოეხმაურნენ. კერძოდ, რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის აზრით, არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობას ცვლილებები სჭირდება. გარდა ამისა, მან დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მედვედევის განცხადება პროტოკოლური ჟესტია თუ კონკრეტული გზავნილი?
- მოსკოვის ასეთი განცხადება მოსალოდნელი იყო. ცნობილია, როგორი ურთიერთობა აქვთ რუსეთის დღევანდელ ლიდერებს და საქართველოს პრეზიდენტს. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, აქცენტი სწორედ ამაზე გაკეთდა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის აღდგენა არ იქნება არც ადვილი და არც სწრაფი. თუმცა, მედვედევმა დიალოგისთვის მზადყოფნა რომ გამოთქვა, დადებითი მოვლენაა. ეს საშუალებას აძლევს პოლიტიკურ ძალებს, უფრო სერიოზულად იფიქრონ რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგიაზე, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოს დღემდე არ გააჩნია.
- ამ სტრატეგიის ნიშნები ხომ არ უნდა დავინახოთ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, აქვს პერსპექტივა რუსეთის დარწმუნებას იმაში, რომ საქართველოს ნატოში გაწევრება მას საფრთხეს არ უქმნის. "ქართული ოცნების" ლიდერმა მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები მოიყვანა.
- ამ განცხადებაში შეიძლება სტრატეგიის ზოგიერთი ელემენტი დავინახოთ. თუმცა, ეს სრულიად არასაკმარისი ინფორმაციაა იმისთვის, რომ შევაფასოთ ეს სტრატეგია. უფრო მეტიც, ჩვენ შესაძლოა, სტრატეგიის ძირითადი მომენტები კარგა ხანს ვერც გავიგოთ. ეს ისეთი საკითხია, როდესაც ყველაფერს წინასწარ არავინ ამბობს. საზოგადოდ კი მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აცხადებს მზაობას, იზრუნოს რუსეთთან დიალოგის დაწყებაზე.
- როგორ წარმოგიდგენიათ ქართულ-რუსული დიალოგი ახალი ხელისუფლების პირობებში? უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა თუ რაიმე საერთაშორისო ფორმატი უნდა შემუშავდეს?
- ჩვენ რომ ვეცადოთ ყველა ფორმის თუ ფორმატის ჩამოთვლას, ჩვენი საუბარი მკითხაობას დაემსგავსება. მთავარია, ეს სტრატეგია ეფექტური, რეალისტურია და არა მხოლოდ სურვილებზე დაფუძნებული. თავი არ უნდა მოვიტყუოთ. სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ამ ინტერესებს კი აქვს აბსოლუტურად ხელშეუხებელი იმპერატივები - ქვეყნის სუვერენიტეტი და ჩვენი ევროპული არჩევანი.
- ივანიშვილს მძლავრი ოპოზიცია ჰყავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" სახით, რომელსაც დასავლეთში მძლავრი ლობისტები ჰყავს. ალბათ, "ნაციონალები" ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც ყველა ბერკეტის გამოყენებით შეეცდებიან, რომ ახალი ხელისუფლების დიალოგი რუსეთთან მის პრორუსულობად წარმოაჩინონ.
- რა თქმა უნდა. ოპოზიცია კრიტიკული რომ იქნება, უცნაური არ არის. ამისთვის მზად უნდა იყოს საზოგადოებაც და ახალი ხელისუფლებაც. ამან პროცესის ბალანსი არ უნდა დაარღვიოს. ემოციის დრო და ფუფუნება ჩვენ არა გვაქვს, რუსეთთან მოლაპარაკება ძალიან რთული პროცესია, სადაც გაიმარჯვებს მხოლოდ ის, ვისაც უფრო მტკიცე ნერვები აქვს. ვისურვებდი, რომ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეს თვისება აღმოაჩნდეს.