"რა თქმა უნდა, ნაწყენი ვარ!"
რა უთხრა ფაბრეგასმა ხიზანიშვილს მოედნიდან გასვლისას?!
"გამოდის, უკვე მეც უნდა დავიწყო გამოთვლა, რამდენი დამრჩა კობიაშვილის ან იაშვილის ასაკამდე, კიდევ რამდენი წლის განმავლობაში მომიწევს თამაში?"
"უკვე აღარ ვიცი, როდის დავანებო თავი ნაკრებში თამაშს"
მას შემდეგ, რაც გასულ კვირას შოთა არველაძემ "ქაისერის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, ზურაბ ხიზანიშვილი თურქულ კლუბში მარტო დარჩა. საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს დაბადების დღის დადგომამდე (6 ოქტომბერს ხიზანა 31 წლის გახდა. - ავტ.) რამდენიმე წუთით ადრე შევეხმიანეთ და დღEეობა მივულოცეთ. შოთა არველაძის წასვლის მიზეზები, კაპიტნის სამკლავური, ნაკრების ახალგაზრდა და "პენსიონერი" წევრები - ეს ის საკითხებია, რომლებზეც იუბილარმა ზურაბ ხიზანიშვილმა ამომწურავად ილაპარაკა.
- საწყისი ექვსი ტურის შემდეგ "ქაისერს" მხოლოდ ოთხი ქულა ჰქონდა და შოთას წასვლის მიზეზიც სწორედ ცუდი სტარტია. ძალიან გულნატკენი იყო, რადგან დაგეგმილი ქულები ვერ მოვიპოვეთ და პოსტიდან წასვლას ჯერ კიდევ მესამე ტურის შემდეგ აპირებდა. მაშინ კლუბის ხელმძღვანელობისგან კატეგორიული უარი მიიღო, თუმცა, კიდევ რომ წავაგეთ მატჩები, აღარ გაჩერდა. მართალია, სეზონი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ შოთას ძალიან კარგად ჰქონდა გუნდი აწყობილი და მისმა წასვლამ ყველას დასწყვიტა გული. ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ, რომ არველაძე ჩემი მეგობარი და თანამემამულეა, მიმაჩნია, რომ წარუმატებელი თამაშის მიზეზი მწვრთნელის შეცდომები არ ყოფილა.
- აბა, რა იყო წარუმატებლობის მიზეზი?
- მოთამაშეების მენტალიტეტი. გოლს გავუშვებდით თუ არა, გუნდი ირეოდა და ფეხბურთელები კონცენტრაციას კარგავდნენ. როცა გუნდი შედეგს ვერ აღწევს, მწვრთნელი უნდა წავიდეს, აბა, ფეხბურთელები თუ გაუშვეს, ვინ ითამაშებს? მაგრამ გოლს პირველი ტაიმის 34-ე წუთზე რომ გაუშვებ და ყურებს ჩამოყრი, მწვრთნელი ხომ ვერ გამოვა მოედანზე და გეტყვის - არა უშავს, ჯერ არაფერია დაკარგული და ბრძოლა გააგრძელეო? ცუდი დასაწყისი ასეთი ელემენტარული რაღაცების ბრალი იყო. იღბალიც გვაკლდა - ისეთი თამაშები წავაგეთ, დიდი ანგარიშით რომ უნდა მოგვეგო...
- არადა, გასულ სეზონებში შოთას ხელმძღვანელობით "ქაისერს" ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა და კლუბმაც გვარიანი ფინანსური მოგება ნახა...
- კლუბის ხელმძღვანელობას ძალიან უნდოდა, რომ შოთას მუშაობა გაეგრძელებინა, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, მწვრთნელმა თავად არ ისურვა დარჩენა. როგორც ფეხბურთელს, ისე მწვრთნელსაც აქვს კარგი და ცუდი პერიოდები და დარწმუნებული ვარ, შოთას მალე ვნახავთ ძლიერი გუნდის მწვრთნელად.
- წლების განმავლობაში ერთად თამაშობდით და მეგობრები ხართ, "ქაისერშიც" არველაძემ წაგიყვანა... მარტოს არ გაგიჭირდება?
- სხვა რა გზა მაქვს? კლუბში თანამემამულეების სიმრავლით განებივრებული არც მანამდე ვყოფილვარ. როცა გუნდის მწვრთნელი შენი მეგობარია და ერთმანეთის უსიტყვოდ გესმით, თამაში გაცილებით ადვილია. ამიტომ ჩემთვის ორმაგად სამწუხაროა მისი წასვლა.
- "ქაისერის" ახალი მწვრთნელის ვინაობა უკვე იცით?
- ჯერ დაზუსტებული არაფერია. ერთ-ერთ ბელგიელ მწვრთნელზე იყო ლაპარაკი, მაგრამ როგორც შოთამ მითხრა, ეს ვარიანტი უკვე გამორიცხულია.
- შოთა სად აპირებს მუშაობის გაგრძელებას?
- ახლა სტამბოლშია ოჯახთან ერთად. ცოტას დაისვენებს, ოჯახის მონატრებულ წევრებს მოისიყვარულებს და მერე გადაწყვეტს, სად გააგრძელოს კარიერა.. დარწმუნებული ვარ, შეთავაზებები საკმარისად ექნება.
- სანაკრებო თემაზე გადავიდეთ: აგვისტოში, ლუქსემბურგში გამართულ ამხანაგურ მატჩზე ტრავმის გამო ვერ ჩახვედი, თუმცა, პრესაში დაიწერა, რომ თემურ ქეცბაია უკმაყოფილო დარჩა - მიაჩნდა, რომ შეკრებაზე მაინც უნდა გამოცხადებულიყავი...
- თუ ვინმე კიდევ ფიქრობს, რომ ფეხის ტკივილი მოვიგონე და ნაკრებში არ ჩავედი, ძალიან ცდება. იმ მატჩის შემდეგ თვე-ნახევარზე მეტი გავიდა და ტერფი ჯერ კიდევ ისე მაწუხებს, რომ ყველა ვარჯიშის წინ სპეციალურ სახვევს ვიკეთებ. სამწუხაროდ, ჩემი ტრავმა მაინცდამაინც სანაკრებო მატჩს დაემთხვა და თუ ვინმე სხვაგვარად ფიქრობს, დამიკავშირდეს და მასაც ვუპასუხებ.
- ფაქტია, რომ კაპიტნის სამკლავური სწორედ იმ მატჩის შემდეგ ჩამოგართვეს. მიზეზი ლუქსემბურგის შეკრებაზე გამოუცხადებლობაა თუ კაპიტნის შეცვლას ქეცბაია ისედაც აპირებდა?
- არ ვიცი, რას აპირებდა. თემურს ველაპარაკე კიდეც, ვუთხარი, რომ ტრავმა მქონდა და ვერ ჩავიდოდი. სწრაფად გამოჯანმრთელება მისურვა და ჩვეულებრივად დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მერე რა მოხდა, ნამდვილად არ ვიცი. თუ კაპიტნობა იმიტომ ჩამომართვეს, რომ შეკრებაზე არ ჩავედი, კი ბატონო, არ მაქვს პრეტენზია. ვთქვი კიდეც, რომ ნაკრებში კაპიტნის სამკლავურის გამო ნამდვილად არ ვთამაშობ. სანამ დავჭირდები გუნდს და ქვეყანას, ვითამაშებ.
- გასაგებია, რომ ნაკრებში სამკლავურის "ხათრით" არ თამაშობდი, მაგრამ ბუნებრივია, კმაყოფილი ვერ იქნები, კაპიტნობა რომ ჩამოგართვეს...
- მეტიც - ძალიან ნაწყენი ვარ... ამაში გასაკვირიც არაფერია: რომ არ მწყენოდა, ე.ი. რა გამოდის - ჩემთვის სულერთი ყოფილა, ვიქნებოდი თუ არა კაპიტანი?! თუმცა, წყენა ნამდვილად არ აისახება ჩემს თამაშზე. თუ იმის გამო ვეღარ თამაშობ, რომ კაპიტანი აღარ ხარ, პროფესიონალი ფეხბურთელი არ ყოფილხარ და პიროვნულ თვისებებთან დაკავშირებითაც პრობლემები გქონია...
- ბელორუსსა და ესპანეთთან მატჩებზე რას იტყვი?
- ბელორუსთან მოგებამ ესპანეთთან მატჩის წინ თავდაჯერება შეგვმატა. ბიჭებს ერთი სული ჰქონდათ, როდის მოვიდოდა 11 სექტემბერი, მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებთან რაც შეიძლება მალე რომ ეთამაშათ. თანაც, უნდოდათ, ესპანელთა უძლიერეს შემადგენლობასთან გამოეცადათ თავი. ასე განწყობილი ახალგაზრდების ნახვა ძალიან სასიამოვნო იყო. მატჩი ისე წარიმართა, საბოლოო შედეგით გულდაწყვეტილებიც კი დავრჩით. წაგებულ მატჩზე ასეთი აჟიოტაჟი ცოტა არაბუნებრივია, მაგრამ ქომაგისაც მესმის: მთელმა გუნდმა თავდადებით ითამაშა და ბოლო წუთებზეც რომ მოგვეხერხებინა კარის დაცვა, სასწაული იქნებოდა.
- ზურა, უკვე 6 ოქტომბერია და დაბადების დღეს გილოცავ. ყველაზე გამორჩეულად რომელი დაბადების დღEე გახსოვს?
- გმადლობ. პირველი შემთხვევაა, დაბადების დღეს ინტერვიუს დროს რომ შევხვდი (იცინის). გამორჩეულ დღეობას რაც შეეხება, ყველაზე ლამაზი დღე 2005 წლის 6 ოქტომბერი იყო - მე და სალომემ ჯვარი სწორედ ჩემს დაბადების დღეზე დავიწერეთ!
- ფეხბურთს დავუბრუნდეთ: როგორც ვიცი, ესპანეთთან მატჩის შემდეგ კომპლიმენტი ფაბრეგასისგან მიიღე...
- მეგობრები ნამდვილად არ ვართ, მაგრამ ფაბრეგასს იმ პერიოდიდან ვიცნობ, ინგლისში რომ ვთამაშობდი. თბილისური მატჩის შემდეგ ერთმანეთს გასახდელისკენ მიმავალ გზაზე შევხვდით. შენ მოიგე ეს თამაში, შემოხვედი თუ არა მოედანზე, მალევე გოლიც გავუშვით-მეთქი, ვუთხარი. მანაც სიცილით მიპასუხა - რა დღეში იყავით, ერთი ბურთი ძლივს გაგიტანეთო.
- ნაკრების გაახალგაზრდავების ტენდენციაზე რას ფიქრობ?
- ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელი, თუმცა, ძალიან ფაქიზი პროცესია. ასაკობრივი ნაკრებები იმისთვის არსებობს, რომ მოთამაშემ ყველა ეტაპი გაიაროს და ეროვნულ გუნდში ამის შემდეგ მოხვდეს. ცოტა ახალგაზრდა მოთამაშე ვიცით, ეროვნულ ნაკრებში ერთი-ორი მატჩი რომ ჩაატარეს და მერე საერთოდ დაიკარგნენ? ზოგიერთმა დიდ ფსიქოლოგიურ დატვირთვას ვერ გაუძლო, სხვას "თავში აუვარდა" და ა.შ. რა თქმა უნდა, ეროვნულ ნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთელებიც უნდა იყვნენ და გამოცდილება მიიღონ, მაგრამ მთლად ისეც არ უნდა მოხდეს, რომ ქვეყნის მთავარი გუნდი ოლიმპიურ ნაკრებს დაემსგავსოს და 30 წლის ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში თავს ზედმეტად გრძნობდეს (იცინის).
- გაახალგაზრდავების პროცესს რომ მიესალმები, გასაგებია, მაგრამ ნაკრებიდან ვეტერანების გაშვების ფორმაც მოგეწონა?
- აი, 31 წლის გავხდი - გამოდის, უკვე მეც უნდა დავიწყო გამოთვლა, რამდენი დამრჩა კობიაშვილის ან იაშვილის ასაკამდე, კიდევ რამდენი წლის განმავლობაში მომიწევს თამაში? თუ, ორ წელიწადში მე თვითონ დავასრულო სანაკრებო კარიერა, "პენსიაზე" რომ არ გამიშვან? უკვე აღარ ვიცი, როდის დავანებო თავი ნაკრებში თამაშს და რა კრიტერიუმია გადამწყვეტი - ასაკი თუ საფეხბურთო კონდიციები? უცებ რომ გამოვაცხადო - დიდი მადლობა ყველას, საკლუბო კარიერას ვაგრძელებ, მაგრამ ნაკრებში აღარ ვითამაშებ-მეთქი, რას იფიქრებთ ჩემზე? არ იტყვით - მოიცა რა, დალოცვილო, ითამაშე, სანამ გუნდს სჭირდები, ყველაფერი ნაკრებმა მოგცა და ახლა აღარ გინდაო? რაკი ვთამაშობ, ე.ი. ყველა დონეზე შემიძლია თამაში და თუ მწვრთნელს აღარ მოვეწონები, ეს უკვე სხვა საკითხია...