მსოფლიოში პირველი "ჭკვიანი" პისტოლეტი მხოლოდ პატრონის "ერთგული" რჩება - ჯერ თვალებში "ჩახედავს" და თითების ანაბეჭდს შეუმოწმებს... - კვირის პალიტრა

მსოფლიოში პირველი "ჭკვიანი" პისტოლეტი მხოლოდ პატრონის "ერთგული" რჩება - ჯერ თვალებში "ჩახედავს" და თითების ანაბეჭდს შეუმოწმებს...

სახლში დადებული იარაღი, რომელიც ოფიციალურადაა გაფორმებული, ოჯახის უსაფრთხოების ილუზიას ქმნის, თუმცა თუკი კარგად ფლობ მას და სტრესულ სიტუაციებშიც არ იბნევი, სწორედ ამ პისტოლეტით შენი და შენი ახლობლების სიცოცხლეც შეიძლება დაიცვა, შენს სახლზე მომხვდურის თავდასხმის დროს (სხვა საქმეა, შემდგომი სამართლებლივი გარჩევები, იარაღის გამოყენებით ხომ არ გადააჭარბე აუცილებელი თავდაცვის საზღვრებს).

მაგრამ სახლში დადებული იარაღი, იქნება ეს ოფიციალურად გაფორმებული პისტოლეტი, სანადირო თოფი თუ კარაბინი, მაინც შეიცავს უდიდეს რისკს, თუგინდ არც არავინ გესხმოდეს თავს - კედელზე ჩამოკიდებული თოფი ერთხელ მაინც ისვრისო, ნათქვამია და სახლში დადებული პისტოლეტიდანაც შეიძლება მოხდეს საბედისწერო გასროლა, თუკი ის ხელში იარაღის უცოდინარ ადამიანს ან სულაც ბავშვს ჩაუვარდება ხელში და შემთხვევით გამოჰკრავს თითს დატენილი იარაღის სასხლეტს...

იარაღი რომ არავის უნდა დაუმიზნო (თუკი მიზანდასახულად გადაწყვეტილი არ გაქვს კონკრეტული მიმართულებით და კონკრეტული პირისკენ სროლა), ეს იარაღთან მოპყრობის უპირველესი მცნებაა, ისევე, როგორც ის, რომ იარაღი სახლში აუცილებლად დაცულ ადგილას უნდა ინახებოდეს, რის საუკეთესო საშუალებასაც იარაღის სეიფი წარმოადგენს, რომლის გასაღები ან გახსნის კოდი მხოლოდ იარაღის მფლობელმა და მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა უნდა იცოდეს...

მაგრამ სეიფის შეძენა, დამონტაჟება და რაც მთავარია, კრიტიკულ მომენტში მის გახსნაზე იმ წამების დაკარგვა, რომლებიც შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს, ოჯახში შეიარაღებული მომხვდურის შემოჭრის მოსაგერიებელი დროის დაკარგვისას, იარაღის კონსტრუქტორებს აფიქრებინა შეექმნათ ისეთი პისტოლეტი, რომელიც თავადაც იქნებოდა უსაფრთხო შენახვის... სეიფი!

2-pis-1766040576.png
ეს პისტოლეტი მხოლოდ პატრონის ხელიდან გაისვრის, ოღონდ ჯერ თვალებში „ჩახედავს“ და თითების ანაბეჭდს შეუმოწმებს...

პისტოლეტის კონსტრუქციის განვითარების ისტორიულ პროცესში, მასზე გაჩნდა მექანიკური დამცველი მექანიზმი, ასევე, სახელურზე დამონტაჟებული მოწყობილობაც, როდესაც პისტოლეტის სახელურზე ხელის მჭიდროდ მოკიდების გარეშე გასროლა არ მოხდებოდა, ხოლო „გლოკმა“ თავისი პირველი პისტოლეტები სასხლეტზე დამონტაჟებული ავტომატური დამცველითაც კი აღჭურვა...

მაშინ რაღა საჭიროა პისტოლეტებიდან შემთხვევითი გასროლის არდაშვებისთვის კიდევ ახალი ტექნიკური ზომების მიღება, როდესაც არსებობს ამის არანაკლებ სამი გამოსავალი?

ეს მექანიკური და ავტომატური დამცველები კი ნაწილობრივ უზრუნველყოფენ პისტოლეტიდან შემთხვევითი გასროლის (მათ შორის, გადატენილი პისტოლეტის ძირს დავარდნის დროს) აღკვეთას, მაგრამ თუკი შენი პისტოლეტი მომხვდურმა ჩაიგდო ხელში, მაშინ მის გასროლას ვერც ერთი ეს დამცველი ხელს ვერ შეუშლის...

3-pis-1766040576.png
Biofire-მა მექანიკური პისტოლეტი ელექტრონული სქემებით „დახუნძლა“...

და ამიტომაც, ფირმა Biofire -მა შექმნა მსოფლიოში პირველი „ჭკვიანი“ პისტოლეტი, რომლითაც უცხო ვერანაირად ვერ გაისვრის, რადგან ის მხოლოდ მფლობელის „ერთგული“ რჩება... მისი თითის ანაბეჭდებისა და სახის 3D გამოსახულების პისტოლეტის „მეხსიერების ნუსხაში“ წინასწარ შეტანის შემდეგ!

ანუ ისევე, როგორც თქვენი სმარტფონიდან კოდის მოხსნისთვის გჭირდებათ თითის ეკრანზე მიდება ან სახის 3D გამოსახულების დაფიქსირება, ასევე „ჭკვიანი“ პისტოლეტი Biofire -იც მხოლოდ თქვენი ხელიდან თუ გაისვრის...

Biofire-ის შეძენის მსურველებმა აშშ-ში უკვე შეიტანეს 1 499 დოლარი, რომ ამ ახალი „ჭკვიანი“ პისტოლეტის ერთ-ერთი პირველი მფლობელები გამხდარიყვნენ, მაგრამ ჯერჯერობით ისევ მოლოდინის რეჟიმში არიან - მათ პისტოლეტების სახლში მიტანას ჯერ 2004 წლის ბოლოს შეჰპირდნენ, მერე - 2025 წლის აგვისტოში, ახლა კი წლის ბოლოსთვის გადაუტანეს ეს თარიღი.

სკეპტიკოსები, რომლებიც მხოლოდ კლასიკური კონსტრუქციის პისტოლეტებს თუ აღიარებენ, ამტკიცებენ - Biofire-მა სტრესულ სიტუაციაში შეიძლება ვერ იმუშავოს, რადგან სწრაფად არ მოეხსნება ბლოკირება, როდესაც ოჯახში შეირაღებული მომხვდურის მოულოდნელი შეჭრის მომენტში ოჯახის პატრონი შეიძლება დაიბნეს და ვერც ხელი მოჰკიდოს ზუსტად პისტოლეტის სახელურის დეტექტორს, მისი თითების ანაბეჭდის ზუსტად საიდენტიფიკაციოდ და ვერც ამ „ჭკვიანი“ პისტოლეტის „თვალს“ ჩახედოს, მისი სახის 3D გამოსახულების შესადარებლად...

ამასთან, რა მოხდება, თუკი მსოფლიოში პირველი „ჭკვიანი“ პისტოლეტის აკუმულატორი უბრალოდ დაჯდა ან მისი კომპიუტერული მეხსიერება რამდენიმე წამით „ჩამოეკიდა“, რაც ჩვენს სმარტფონებზეც უცხო ხილი არ არის...

„ჭკვიანი" პისტოლეტის შემქმნელები ამისგან თავს იზღვევენ და რეკლამაში ხაზს უსვამენ, რომ ეს პისტოლეტი, ძირითადად, მხოლოდ სახლის დასაცავადაა განკუთვნილი და ის ოთახში მისაწვდენ ადგილზე უნდა იდოს... დამტენ მოწყობილობაში!