სკანდალური სტატია თეთრ სახლზე: "დონალდ ტრამპი ტოვებს "ლოთი ადამიანის შთაბეჭდილებას" - მოიხმარს თუ არა ნარკოტიკს ილონ მასკი? არის თუ არა პრეზიდენტი სპი - კვირის პალიტრა

სკანდალური სტატია თეთრ სახლზე: "დონალდ ტრამპი ტოვებს "ლოთი ადამიანის შთაბეჭდილებას" - მოიხმარს თუ არა ნარკოტიკს ილონ მასკი? არის თუ არა პრეზიდენტი სპირტიანი სასმელების მოყვარული? - რას ჰყვება BBC-თან ადმინისტრაციის უფროსი

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი“ (BBC) თავის ვებგვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „ტრამპის ადმინისტრაციის უფროსი უარყოფს Vanity Fair-ის სტატიაში არსებულ ფაქტებს, რომელთა მიხედვით, იგი ჯეიმს ვენსს და ილონ მასკს აკრიტიკებს“ (ავტორი - ბერნდ დებიუსმან-უმცროსი). არის თუ არა დონალდ ტრამპი სპირტიანი სასმელების მოყვარული? რატომ უყვარს შეთქმულების თეორიები ჯეიმს ვენსს? მოიხმარს თუ არა ნარკოტიკს ილონ მასკი? ამ კითხვებზე პასუხის გასაგებად გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

თეთრ სახლში სკანდალია: ჟურნალ Vanity Fair-ში 16 დეკემბერს გამოქვეყნდა ვრცელი ვრცელი სტატიის პირველი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სიუზან უაილსის მიერ ჟურნალისათვის მიცემული ინტერვიუების ნაკრებს და მათ მიმოხილვას. როგორც ირკვევა, თეთრი სახლის აპარატის უფროსი Vanity Fair-ის ჟურნალისტთან ქრის უაილსთან საუბრის დროს ამბობს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტოვებს „ლოთი [ალკოჰოლის ზედმეტად მოყვარულის] ადამიანის შთაბეჭდილებას“, ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს დევიდ ვენსი - „კონსპიროლოგს ჰგავს“, ხოლო მილიარდერი ილონ მასკი - „კეტამინის [ანტიდეპრესანტის] ცნობილ მომხმარებელს წარმოადგენს“.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ სიუზან უაილსმა განაცხადა, რომ მისი სიტყვები რამდენიმე შემთხვევაში კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი და მკითხველი შეცდომაში შეჰყავს, არასწორ ინფორმაციას აძლევს. „ჟურნალმა Vanity Fair-მა მნიშვნელოვანი კონტექსტის იგნორირება მოახდინა და „უკიდურესად ნეგატიურ-ქაოსური ნარატივი შექმნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“, - წერს „X-ქსელში“ ამერიკელი მაღალჩინოსანი ქალბატონი.

თვითონ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, სტატიის დაბეჭდვის გამო, რაიმე აღშფოთება არ გამოუხატავს და პირიქით, თავისი ადმინისტრაციის უფროსი გარკვეულად დაიცვა კიდეც: „საბედნიეროდ, არ ვსვამ. მსმელი რომ ვყოფილიყავი, ალბათ, მართლაც ლოთი გავხდებოდი“, - თქვა აშშ-ის მეთაურმა გაზეთ „ნიუ-იორკ პოსტისადმი“ მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში, - „მე ჩემი თავისთვისაც რამდენჯერმე მითქვამს, რომ მართლაც ლოთის სახე მაქვს, ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანს ვგავარ. ინტერვიუს ტექსტი მთლიანად არ წამიკითხავს, მაგრამ რაც მითხრეს, იმის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ ფაქტები [ჟურნალისტის მიერ] არასწორად არის წარმოდგენილი. მთავარი ისაა, რომ ვხედავ - სიუზი უაილსი ფანტასტიკურად მუშაობს და უამრავ საქმეს აკეთებს“.

68 წლის სიუზან უაილსმა საკვანძო როლი შეასრულა დონალდ ტრამპის 2024 წლის წარმატებულ საპრეზიდენტო-საარჩევნო კამპანიაში და პირველი ქალი გახდა თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, აშშ-ის ისტორიაში.

Vanity Fair-ის ჟურნალისტმა კრის უიპლსმა ათჯერ მაინც ისაუბრა სიუზან უაილსთან მთელი წლის განმავლობაში. იგი საუბრების დროს ფართოდ შეეხო რიგ საკითხებს - „ეპშტეინის საქმესთან“ დაკავშირებულ დოკუმენტებს, დონალდ ტრამპის მიერ გადადგმულ იურიდიულ ნაბიჯებს მოწინააღმდეგეების მიმართ და, საერთოდ, პრეზიდენტის გარემოცვის წევრებს.

როგორც Vanity Fair-ის სტატიაში სიუზან უაილსი აღიარებს, დონალდ ტრამპის მცდელობებში - აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმეები მისი პოლიტიკური კონკურენტების მიმართ - „შეიძლება შურისძიების ელემენტი არსებობდეს“. ამასთან, მისი თქმით, არ ფიქრობს, რომ პრეზიდენტი შურისძიებაზე ფიქრით იღვიძებს და იძინებს, „მაგრამ თუ შესაძლებლობა ექნება, იგი ამით ისარგებლებს“.

სიუზან უაილსი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წევრად ითვლება. ადრე, სანამ იგი თეთრი სახლის აპარატის უფროსი გახდებოდა, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა დონალდ ტრამპთან, მათ შორის ხელმძღვანელობდა მის წინასაარჩევნო კამპანიას ფლორიდაში 2016 წელს და ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას Save America („გადაარჩინე ამერიკა“), რომელიც საარჩევნო კამპანიისათვის თანხების შეგროვებით იყო დაკავებული.

ინტერვიუში სიუზანი ამბობს, რომ პირადად თვითონ ლოთი მამა ჰყავდა, ამიტომაც გადაწყვიტა დონალდ ტრამპთან მუშაობა: „ალკოჰოლის ჭარბად მოყვარულების, მათ შორის, მაღალჩინოსნების პიროვნული სახე სწორედ მაშინ იკვეთება ნათლად, როცა ისინი სვამენ. ასე რომ, მე პირადად ძლიერ ადამიანებში მეტ-ნაკლებად ვერკვევი“.

დონალდ ტრამპი სრულიად არ სვამს, მაგრამ სახით იგი ძალიან ჰგავს ალკოჰოლის მოყვარულს. დონალდ ტრამპი ამერიკას ისე მართავს, რომ დარწმუნებულია - არ არსებობს საკითხი, რომელსაც ვერ მოაგვარებს.

სიუზან უაილსმა ინტერვიუებში სხვა ცნობილ პოლიტიკოსებზეც ისაუბრა, მაგალითად, ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს ვენსის შესახებ, რომელიც ადრე დონალდ ტრამპის კრიტიკოსი იყო, ახლა კი მისი უახლოესი მოკავშირეა და ქვეყნის მეორე პირის ფუნქციებს ასრულებს.

როგორც სიუზანი ვარაუდობს, ჯეიმს დევიდ ვენსის პოზიციების ცვლილება - ის, რომ იგი დონალდ ტრამპის კრიტიკოსიდან მის მოკავშირედ გადაიქცა - გარკვეულწილად პოლიტიკურ ნაბიჯს წარმოადგენს.

თვითონ ვიცე-პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან გამოსვლისას აღნიშნა, რომ Vanity Fair-ის სტატია არ წაუკითხავს, მაგრამ დარწმუნებულია რომ „შეთქმულების თეორიები“ სიმართლეს შეიცავს. ამის მაგალითად ჯეიმს ვენსმა მოიყვანა თავის დროზე არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაცია აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის არასახარბიელო ჯანმრთელობის შესახებ [რომელიც მოგვიანებით დადასტურდა].

ინტერვიუებში სიუზან უაილსი ყველაზე მკვეთრად შეეხო მილიარდერ ილონ მასკს, რომელიც დონალდ ტრამპის გუნდში სახელმწიფო ხარჯების შემცირებით იყო დაკავებული და მთავრობის ეფექტიანად მუშაობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, თუმცა მოგვიანებით პრეზიდენტის გარემოცვიდან წავიდა. მცირე ხნის შემდეგ ორ მილიარდერს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, ისინი სოციალურ ქსელებში ერთმანეთს „ეკლიანი გამონათქვამებით“ გაუმასპინძლდნენ.

თეთრი სახლის აპარატის უფროსის თქმით, ილონ მასკი [ნარკოტიკ-ანტიდეპრესანტ] „კეტამინის ცნობილ მომხმარებელს წარმოადგენს“ და აღნიშნა, რომ მილიარდერს საძინებელ ტომარაში ეძინა ხოლმე თეთრ სახლთან ახლოს მდებარე ადმინისტრაციის შენობაში.

„[ილონ მასკი] ძალიან უცნაური ტიპია - ისევე, როგორც ყველა გენიოსი. იცით, გენიოსობა [ადმინისტრაციულ სამსახურში] ადამიანს მაინცდამაინც ხელს არ უწყობს... მაგრამ ვიტყვი იმას, რომ ილონ მასკი ძალიან დამოუკიდებელი პიროვნებაა“, - ამბობს სიუზან უაილსი, რომელიც ილონ მასკის მუშაობის შედეგებსაც ეხება - მაგალითად, „იუესაიდის“ (USAID) გაუქმების საკითხთან დაკავშირებით. „ვფიქრობ, რომ საერთაშორისო განვითარების სააგენტო - USAID არ უნდა გაუქმებულიყო. როგორც მე, ისე სხვებიც ფიქრობდნენ, რომ სააგენტო ძალიან კარგად მუშაობდა... ვერცერთი გონიერი ადამიანი ვერ იტყვის იმას, რომ USAID-თან დაკავშირებული პროცესი ნორმალური იყო“.

სიუზან უაილსმა სტატიის გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა, რომ პუბლიკაციაში მოყვანილი ფაქტები არასწორად და უპატიოსნოდ არის აწყობილი და, შესაბამისად, მასალა მიმართულია როგორც მის წინააღმდეგ, ასევე, ტრამპისა და მისი გუნდის წინააღმდეგაც.

თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ქეროლაინ ლივითმა „ბიბისის“ თხოვნაზე - კომენტარი გაეკეთებინა მომხდარი ფაქტისათვის - განაცხადა, რომ სიუზან უაილსის დახმარებით პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 11 თვის განმავლობაში უდიდეს წარმატებას მიაღწია, რაც აშშ-ის ისტორიაში პირველად მოხდა: „სიუზი უაილსის სახით დონალდ ტრამპს ყველაზე კომპეტენტური და ლოიალური მრჩეველი ჰყავს. ადმინისტრაცია მადლობას უხდის უაილსს, როგორც ხელმძღვანელს და მას ერთხმად მხარს უჭერს“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ