"2 მილიონი რუბლი, "დაქირავებული მებრძოლის“ სტატუსი და დაუსწრებელი პატიმრობა" - რა ვერდიქტი გამოუტანა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართველ გოგონას
გუშინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ და ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე, 28 წლის ნინო კახნიაშვილი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა. ოკუპანტი ქვეყანა ქართველ მოხალისეს "შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობას“ ედავება.
"2 მილიონი რუბლი, "დაქირავებული მებრძოლის“ სტატუსი და დაუსწრებელი პატიმრობა - ასეთია რუსეთის გენერალური პროკურატურის "ვერდიქტი“ 28 წლის ნინო კახნიაშვილის მიმართ. თუმცა, ამ აგრესიული ბრალდებების მიღმა სრულიად სხვა რეალობა იმალება: ახალგაზრდა ქართველი ექიმი, რომელიც 2022 წლის აპრილიდან უკრაინის ცხელ წერტილებში ბავშვების, ქალებისა და დაჭრილების სიცოცხლისთვის იბრძოდა.
დღეს ნინო კახნიაშვილი პირველად საუბრობს იმ რეალურ საქმიანობაზე, რასაც ფრონტის ხაზზე ეწეოდა და განმარტავს, რატომ არის ოკუპანტი ქვეყნის ბრალდებები აბსურდული. გთავაზობთ მის მიმართვას, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა"მე, ნინო კახნიაშვილი, ვარ ექიმი. 18 წლის ასაკიდან, მედიცინის ფაკულტეტზე ჩაბარებისთანავე, დავიწყე პროფესიული პრაქტიკა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში და შემდგომში - სრულფასოვანი სამუშაო საქმიანობა.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პერიოდში, უკვე დაგროვილი პროფესიული გამოცდილების საფუძველზე, მივიღე გადაწყვეტილება ჩავსულიყავი უკრაინაში ქალებისა და ბავშვების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად როგორც ექიმი.
ომის პირობებში რეალობა ხშირად მნიშვნელოვნად განსხვავდება თეორიული წარმოდგენებისგან და განსაკუთრებით მაღალია საფრთხე თავად მედიკოსებისთვის, რის გამოც აუცილებელი იყო მაქსიმალური სიფრთხილე და უსაფრთხოების ზომების დაცვა ჩვენთვისაც კი.
ვადასტურებ, რომ ვიმყოფებოდი ე.წ. ცხელ წერტილებში, თუმცა ჩემი საქმიანობა სრულად შემოიფარგლებოდა სამედიცინო მოვალეობის შესრულებით.