სკანდალი კრემლში: პუტინის მეგობარი, რომელიც ომს ეწინააღმდეგებოდა - დიმიტრი კოზაკი: "მზად ვარ დაპატიმრებისა და სიკვდილისთვის"
ამერიკული გაზეთის - „ნიუ-იორკ ტაიმსის“ (NYT - The New York Times) 18 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც ომს ეწინააღმდეგებოდა“ (ავტორი - ანტონ ტროიანოვსკი, NYT-ის მოსკოვის ბიუროს ექსხელმძღვანელი). „დიმიტრი კოზაკი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სამი ათწლეულის განმავლობაში მუშაობდა, ვიდრე სექტემბერში, კრემლში, თავის თანამდებობას დატოვებდა. მისი თანამოაზრეები რუსეთის ლიდერთან კოზაკის დაშორების ნაკლებად ცნობილ გარემოებებზე ლაპარაკობენ“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ ვრცელი სტატიის შემოკლებულ ვარიანტს:
უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრიდან მეორე დღეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთმა უახლოესმა თანაშემწემ უარი განაცხადა, ქვეყნის მეთაურის ბრძანებები შეესრულებინა.
დიმიტრი კოზაკთან დაახლოებული სამი პიროვნების თქმით, პრეზიდენტმა თავის თანაშემწეს უბრძანა, რომ უკრაინის წარმომადგენლისაგან, ვერხოვნა რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის" ლიდერ დავით არახამიასგან, რომელთანაც ის მოლაპარაკებას აწარმოებდა, კაპიტულაცია მოეთხოვა. დიმიტრი კოზაკმა უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ იგი არ ეთანხმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. როცა საუბარი გაცხარდა, კოზაკმა პუტინს უთხრა, იგი მზად არის დაპატიმრებისა და დახვრეტისთვისაც კი, თავისი უარის სანაცვლოდ.
საბოლოოდ, კოზაკმა, პუტინის თანდასწრებით, მაინც დაურეკა არახამიას და პუტინის ულტიმატუმი გადასცა. არახამიამ, [რომელიც, ალბათ, პრეზიდენტ ზელენსკის ესაუბრა], უარი თქვა კაპიტულაციაზე. ამის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა კოზაკის ნაცვლად უკრაინასთან მომლაპარაკებლად თავისი ერთ-ერთი თანაშემწე - ვლადიმერ მედინსკი დანიშნა.
დიმიტრი კოზაკი ერთადერთი ჩინოვნიკი იყო პრეზიდენტის გარემოცვიდან, რომელმაც ქვეყნის ლიდერთან თავისი უთანხმოება გამოხატა და ამით ერთგვარი ბზარი შეიტანა მართვის ვერტიკალში. თუმცა... რადგანაც კოზაკის მსგავსი გაბედული ადამიანები პუტინის გარემოცვაში თითქმის არ იყვნენ, პრეზიდენტს აბსოლუტურად ყველა ეთანხმებოდა უკრაინასთან ომის წარმოებაში. ალბათ, სწორედ ამის გამო ვლადიმერ პუტინი დღესაც უარზე დგას და ცეცხლს არ წყვეტს, მიუხედავად მზარდი საერთაშორისო ზეწოლისა, დაზავების მოთხოვნით.
67 წლის დიმიტრი კოზაკმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის პოსტიდან გადადგომა მიმდინარე წლის სექტემბერში გამოაცხადა. ამ ფაქტის შემდეგ რამდენიმე პიროვნებამ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ კორესპონდენტს უამბო, თუ როგორ გადაიქცა ვლადიმერ პუტინისათვის სანდო პიროვნება ანტისაომარი განწყობის კერად რუსულ ელიტაში - თანაც ის ადამიანი, რომელიც 30 წლის განმავლობაში მას ერთგულად ემსახურებოდა. ჩინოვნიკები, რომლებიც ჟურნალისტს ესაუბრებოდნენ, საკუთარ გვარ-სახელს მალავდნენ, რათა მათი ვინაობა არავის გაეგო.
დიმიტრი კოზაკი ჯერ ჩუმად არის, მაგრამ იგი უკმაყოფილოა პრეზიდენტისა და მთავრობის პოლიტიკით. მსგავსი განწყობა აქვთ ბიზნესწრეებისა და კულტურის სფეროს ბევრ წარმომადგენელს, როგორც მოსკოვში, ასევე - რუსეთის სხვადასხვა რეგიონში. ბოლო დროს მათი შეშფოთება განსაკუთრებით გაძლიერდა, რადგანაც პუტინი აჭიანურებს თანხმობის მიცემას დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ მოგებიან გეგმაზეც კი.
„დიმიტრი ნიკოლაევიჩი წავიდა, მაგრამ განწყობა იგივე დარჩა“, - ამბობს ალექსი ბენედიქტოვი, ცნობილი მოსკოველი ჟურნალისტი, რომელიც კარგად იცნობს კრემლის ამჟამინდელ და ყოფილ ჩინოვნიკებს, დიმიტრი კოზაკის ჩათვლით, – „იგი მნიშვნელოვანია, როგორც ორიენტირი“.
დიმიტრი კოზაკი, ყველაზე მაღალჩინოსანი სახელისუფლებო მოღვაწე, რომელმაც პრეზიდენტთან ურთიერთობა ომის გამო გაწყვიტა, ჯერჯერობით მოსკოვში იმყოფება. იგი ვლადიმერ პუტინის თანამოაზრე ჯერ კიდევ მაშინ გახდა, როცა ორივე სანქტ-პეტერბურგის მერიაში მუშაობდა. როგორც ჩანს, კოზაკი თვლის, რომ პუტინთან ძველი ურთიერთობები მისი პირადი უსაფრთხოების გარკვეულ დონეს უზრუნველყოფს.
აწ უკვე ყოფილ მაღალჩინოსანს თავისი უკმაყოფილება საჯაროდ არ გამოუხატავს. მისი ახლონაცნობი, პოლიტანალიტიკოსი არკადი დუბნოვი ამბობს, რომ კოზაკმა „ნიუ-იორკ ტაიმსისათვის“ ინტერვიუს მიცემაზე უარი განაცხადა. ამავე დროს, დუბნოვმა, რომელიც ამჟამად ისრაელში ცხოვრობს, აღნიშნა, რომ მოვლენებმა, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ განვითარდა, საშინელი სახით და ზუსტად დაადასტურა ის, რაც კოზაკმა პუტინს უთხრა ომის დაწყების წინა დღეებში.
რა უთხრა კოზაკმა პუტინს
ალბათ, რუსებს კარგად ახსოვთ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, 2022 წლის 21 თებერვალს, რომელიც პირდაპირი ტელეეთერით გადაიცემოდა: დიმიტრი კოზაკი ტრიბუნაზე გამოდის, ხელები უთრთის. იგი საბჭოს წევრებს სიტუაციას უხსნის, ზოგჯერ თავისთვის თითქოს რაღაცას ბუტბუტებს, ამბობს, რომ „უკრაინასთან მოლაპარაკება ჩიხში შევიდა... უკრაინელები რუსეთის არმიას წინააღმდეგობას გაუწევენ, საერთაშორისო სანქციები მკაცრი იქნება. რუსეთის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას ზიანი მიადგება“... ამ დროს პუტინი მას ლაპარაკს აწყვეტინებს და ეუბნება, რომ დაჯდეს. პირდაპირი ეთერი გამოირთო. საბოლოოდ საბჭოს ყველა წევრმა მხარი დაუჭირა უკრაინაში შეჭრას.
რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს იმ ცნობილი სხდომის დასრულების შემდეგ პუტინმა ყველა წევრი გაუშვა და დიმიტრი კოზაკთან მარტოდ დარჩა. ისინი კრემლის წმინდა ეკატერინეს თაღოვან დარბაზში იდგნენ. „რაშია საქმე? რატომ ხარ უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგი?“, - უკითხავს, თურმე, პუტინს, საქმის კურსში მყოფი ადამიანების თქმით. „მე ცალკე დავწერ ყველაფერს და გადმოგცემ“, - ასე უპასუხია კოზაკს. ეს იყო მათი ბოლო საუბარი ომის ანუ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყებამდე.
ვიდრე ვლადიმერ პუტინი არმიის ნაწილებს უკრაინის საზღვართან თავს უყრიდა, 22 თებერვალს დიმიტრი კოზაკმა ვრცელი სამსახურებრივი მოხსენება მოამზადა, რომელშიც ფართოდ გადმოსცა უკრაინასთან ომის დაწყების სავარაუდო ნეგატიური შედეგები. ერთ-ერთი მაღალი დონის ჩინოვნიკის თქმით, რომელიც დიმიტრი კოზაკის მოხსენებას გაეცნო, დოკუმენტში პროგნოზირებული იყო შვედეთისა და ფინეთის ნატოში მიღება - წინასწარმეტყველება, რომელიც მოგვიანებით აბსოლუტური სიზუსტით ახდა.
და მაინც, 24 თებერვალს, დილით ადრე, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის არმიას უბრძანა, უკრაინაში შეჭრილიყო.
ნდობის ფაქტორი?
რა თქმა უნდა, იმ დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დიმიტრი კოზაკს სამსახური არ დაუკარგავს. რაღაც მომენტში პრეზიდენტმა მას წინადადებების შემუშავება დაავალა, რუსეთის ეკონომიკის გასაუმჯობესებლად. კოზაკმა მაინც თავისებურად დაწერა: ეკონომიკისათვის აუცილებელი იქნება ომის სწრაფად დასრულება, უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყება და რუსეთში ლიბერალური რეფორმების გატარება.
მან შეინარჩუნა თავისი კაბინეტი კრემლთან ახლოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბჭოური სტილის მქონე შენობაში, ხვდებოდა სხვადასხვა დელეგაციას... როგორც რუსეთის ელიტის სხვა ბევრი წარმომადგენელი, დიმიტრი კოზაკი დღესაც განაგრძობს ვლადიმერ პუტინის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას და თავს იკავებს ნებისმიერი კრიტიკისაგან. თავის მხრივ, პუტინიც შემწყნარებლურად ეკიდება ძველ მეგობარს და პარტნიორს.
სხვათა შორის, დიმიტრი კოზაკი ომის პერიოდში რამდენჯერმე გაემგზავრა ისრაელში სამკურნალოდ, იყო, აგრეთვე, თურქეთში და არაბთა გაერთიანებულ ემირატებში. ეს იყო მის მიმართ პუტინის ნდობის გამოვლენა - იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა შეზღუდა სამთავრობო ჩინოვნიკების საზღვარგარეთული ვოიაჟები, სამხედრო მდგომარეობის პერიოდში.
პუტინს შეეძლო, არ გაეშვა კოზაკი სახელმწიფო სამსახურიდან და სხვა თბილ და წყნარ ადგილზე გადაეყვანა, მაგრამ გაუშვა - მათ შორის ნდობის ფაქტორი მაინც მაღალია. ასე რომ, დიმიტრი კოზაკის მემკვიდრეობა ისევ მჭიდროდ არის დაკავშირებული ვლადიმერ პუტინის მემკვიდრეობასთან.
სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ორგანოს ლიბერალური დეპუტატი 1990-იან წლებში, ლეონიდ რომანკოვი დიმიტრი კოზაკს იხსენებს, როგორც „პროფესიონალს“, რომელიც, ქალაქის სხვა ბევრი ჩინოვნიკისაგან განსხვავებით, ყოველთვის მტკიცედ იცავდა კანონის მოთხოვნებს, მაგრამ იმავდროულად იგი იმედგაცრუებული იყო, რომ კოზაკი განზე იდგა და არაფერს ამბობდა ვლადიმერ პუტინის მიერ დემოკრატიის შეზღუდვის გამო.
„კოზაკი კონფორმიზმის გზაზე დადგა“, - ამბობს ლეონიდ რომანკოვი, - "არადა, მას შეეძლო, ბევრად უფრო ადრე სცოდნოდა (და იცოდა კიდეც) თუ საით მიდიოდა ყველაფერი, მაგრამ მაინც უკანდახევა, დუმილი და ლოიალობა ამჯობინა“.
მოამზადა სიმონ კილაძემ