სასიკვდილო "მესიჯი" პუტინისგან "მოძმე ერს" - ბიზნესმენის საეჭვო გარდაცვალება: ბურუსით მოცული ტრაგედია თუ გამოცხადებული შურისძიების ქრონიკა?!
დღეს მინდა, ერთ ტრაგიკულ შემთხვევაზე და მის გარშემო ორ „მოძმე, ერთმორწმუნე და მოკავშირე“ სახელმწიფოს შორის შექმნილ პოლიტიკურ დაძაბულობაზე ვისაუბრო. ეს რიგითი დეტექტიური ისტორია იქნებოდა, რომ არა მთელი რიგი წინმსწრები მოვლენები, რომლებიც ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყო. ამიტომ, მთელი რიგი ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, უპრიანი იქნება, ეს ბურუსით მოცული ტრაგედია „გამოცხადებული შურისძიების ქრონიკის“ რანგში განვიხილოთ. 2025 წლის 17 ნოემბერს მოსკოვის ერთ-ერთ ქუჩაში, გარდაცვლილი იპოვეს სერბეთის რესპუბლიკის მოქალაქე, შუახნის მამაკაცი რადომირ კურტიჩი, რომელიც სერბული კომპანია Jugoimport-SDPR-ის წარმომადგენელი გახლდათ. შემდგომში კომპანიის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ მათი ოფისიდან გატანილი იყო დოკუმენტების დიდი რაოდენობა და კომპიუტერების მყარი დისკები.
პირდაპირ ვიტყვი: არც ეს კომპანიაა ჩვეულებრივი ფირმა და არც რ. კურტიჩი იყო რიგითი სერბი ბიზნესმენი. Jugoimport-SDPR სერბეთის სახელმწიფო კომპანიაა და დაკავებულია იარაღის, სამხედრო დანიშნულების აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების წარმოება/ ვაჭრობით და ბალკანეთზე წამყვანი პოზიციები უკავია, სამხედრო ინდუსტრიის სფეროში. თავად გარდაცვლილი რ. კურტიჩი „მოძმე რუსეთის“ დედაქალაქში კომპანიის წარმომადგენლად ზედიზედ მეორე ვადით იყო მივლინებული. უნდა დამეთანხმოთ: იარაღის წარმოება/ვაჭრობა იმდენად დაფარული და „ფაქიზი“ საკითხია, რომ სერბეთის სახელმწიფო კომპანიის წარმომადგენელი „ჩვეულებრივი ბიზნესმენი“ ვერ იქნებოდა და ის, ცივილურ, ძვირად ღირებულ კოსტიუმს „შეფარებული“, სერბეთის სამხედრო კონტრდაზვერვის ოფიცერი უნდა ყოფილიყო.

ეს რადომირ კურტიჩის 2020 წლის 7 ივნისის ფოტოა, რომელიც სოციალურ ქსელებში შემორჩა. მისი ფეისბუქგვერდი უკვე გაწმენდილ/გასუფთავებულია და სამიოდე ძველი ფოტოღა დევს. ასევე, წაშლილია ორიათასზე მეტი „ფრენდიც“.
ამ შემთხვევაში, სერბეთის მეორე სპეცსამსახური, უშიშროებისა და ინფორმაციის სააგენტო (მისი ძირითადი ფუნქციებია: საგარეო დაზვერვა და კონტრდაზვერვა) უნდა გამოვრიცხოთ, რადგან სამხედროებს არ უყვართ, როდესაც სხვა უწყებები მათ საქმეებში „ცხვირს ყოფენ“. სერბეთის სამხედრო კონტრდაზვერვის ძირითადი ფუნქციები კი ამგვარია: სერბეთის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მიმართული უცხოური სამსახურების, ორგანიზაციებისა და პირების სადაზვერვო საქმიანობის განეიტრალება; თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული დივერსიული საქმიანობის აღმოფხვრა და სხვ.
ჩემი ვარაუდით, რადომირ კურტიჩი სერბეთის სამხედრო ინდუსტრიის ინტერესების დაცვას „ბიზნესის ქოლგას“ შეფარებული სერბეთის სამხედრო კონტრდაზვერვის ოფიცრის სტატუსით ახორციელებდა. რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ხელისუფლებამაც კარგად იცოდა. სწორედ ამიტომ ბადებს ბევრ კითხვას რ. კურტიჩის მოულოდნელი გარდაცვალება.
ამ ისტორიაში უფრო მეტი გაურკვევლობა შეიტანა სერბეთის ხელისუფლების პოზიციამ, რომელიც ერთი თვის მანძილზე (!) მალავდა ამ ინფორმაციას და სახელისუფლებო მედიამ მხოლოდ 16 დეკემბერს გაავრცელა მცირე მოცულობის ინფორმაცია, რომ სერბეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებმა ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდერ ვუჩიჩს, წარუდგინეს ანგარიში მოსკოვში Jugoimport SDPR-ის წარმომადგენლის, რადომირ კურტიჩის საეჭვო გარდაცვალების შესახებ და სერბეთის ხელისუფლება დღემდე რუსეთის ხელისუფლებისგან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს ელოდებაო. სერბეთის სახელისუფლებო მედია „მორცხვად“ იმასაც აღნიშნავს, რომ რ. კურტიჩის გარდაცვალების შესახებ არც რუსეთის სამთავრობო უწყებების მხრიდან ყოფილა რაიმე რეაგირება და არც რუსულ მედიას გაუვრცელებია რაიმე ინფორმაცია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ გარდაცვალების ან მკვლელობის მიზეზები და გარემოებები. ამ გარემოებამ მრავალი კითხვა გააჩინა სერბეთის უსაფრთხოების და რუსეთთან ურთიერთობების შესახებო.
ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა თუ მოკლეს სერბი „მზვერავი-ბიზნესმენი“ მოსკოვში? სანამ ამ კითხვაზე პასუხს შემოგთავაზებთ, მინდა, ჯერ 2019 წლის ნოემბრის ბოლოს, სერბეთში განვითარებული მოვლენები გავიხსენოთ, შემდეგ კი ზუსტი თანმიმდევრობით მივყვეთ სერბეთის სამაგალითოდ დასჯის ქრონოლოგიას.

ვინ იყო რადომირ კურტიჩი: სერბი „შტირლიცი“, თუ „ჯეიმს ბონდი“?
2019 წლის 26 ნოემბერს სერბეთში დიდი სკანდალი ატყდა, რაც ბულგარულ პორტალ Watch Arms-ის პუბლიკაციას მოჰყვა, სადაც აღნიშნული იყო, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის აღმოსავლეთით მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში სერბეთში წარმოებულ ნაღმტყორცნებს იყენებენო. უნდა აღვნიშნო, რომ სერბეთი და უკრაინა, არც მაშინ და არც ამჟამად, ოფიციალურად (და არც არაოფიციალურად) თავდაცვის საკითხებში არ თანამშრომლობენ. სტატიას თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს“ ფოტოები ახლდა. ერთ-ერთ ფოტოზე გამოსახული იყო აუფეთქებელი სერბული M73 HE KV 60 მმ-იანი ნაღმტყორცნის ჭურვი, რომელიც ვითომდა უკრაინის მხრიდან, ნაღმტყორცნიდან არის გასროლილი და ეს ჭურვები სერბული კომპანია Krusik-ის მიერ არის წარმოებულიო. თითქოს ამ ინფორმაციას (თუ დეზინფორმაციას?) ელოდებოდნენო, სერბეთის რადიკალურმა პრორუსულმა პოლიტიკურმა ძალებმა სერბეთის ხელისუფლება „დონეცკსა და ლუგანსკში რუსი ბავშვების მკვლელობის“ თანამონაწილეობაში დაადანაშაულა. სერბეთის პრეზიდენტ ვუჩიჩს სასწრაფოდ თავის მართლება მოუხდა: ჭურვების საბოლოო მყიდველი პოლონური კომპანია „ნათანი“ გახლდათ, Krusik-მა პოლონელებს 23,500 ნაღმი 1,833 მილიონ დოლარად მიჰყიდა და გარიგება „კრისტალურად გამჭვირვალე“ იყოო. სერბეთის პრეზიდენტმა ისიც განაცხადა: - სერბეთის სპეცსამსახურმა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს ამ კონტრაქტის შესახებ აცნობა და თან გააფრთხილა, რომ ჭურვების მიწოდების საბოლოო დანიშნულების ადგილი შესაძლოა, პოლონეთი არ ყოფილიყო და მისი რეექსპორტი უკრაინაში განხორციელდესო. ამ სკანდალს უმალ მოჰყვა რეაგირება: ბელგრადში უკრაინის საელჩომ უკრაინისთვის სერბული იარაღის მიყიდვის შესახებ პუბლიკაციები „დადგმულ პროვოკაციად“ და „სერბეთისა და უკრაინის ხელისუფლების დისკრედიტაციის „მოუქნელ მცდელობად“ შეაფასა. სერბი ანალიტიკოსების ნაწილიც თვლიდა, რომ ეს სკანდალი რუსეთმა დაგეგმა, ბელგრადის გაფრთხილების მიზნით, რათა არ მომხდარიყო სერბეთის დაახლოება „დასავლეთთან“. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სამხედრო ინდუსტრია სერბეთის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების უმნიშვნელოვანესი წყაროა, სადაც თითქმის 100 000 ადამიანია დასაქმებული. ეს ყველაფერი ყველაზე კარგად სერბეთის ხელისუფლებამ იცის.
2023 წლის 6 ივნისს სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვუჩიჩმა ბრიტანულ გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა: ვიცი იმის შესახებ, რომ სერბული საბრძოლო მასალა შესაძლოა, უკრაინაში შუამავლების მეშვეობით კონტრაბანდულად ხვდება, თუმცა ჩარევას არ ვაპირებო. „შესაძლებელია თუ არა, რომ ეს ხდება? ეჭვი არ მეპარება, რომ ეს შეიძლება მოხდეს. მე სულელი არ ვარ. მესმის, რომ იარაღის ნაწილი შეიძლება უკრაინაში აღმოჩნდეს. რა ალტერნატივა გვაქვს? არ ვაწარმოოთ ისინი? არ გავყიდოთ ისინი?“ – განაცხადა მაშინ ვუჩიჩმა. ამ შემთხვევაში, ძნელია არ დაეთანხმო სერბეთის პრეზიდენტს. თუმცა სულ სხვა გეგმები აქვს კრემლს: რუსეთის ხელისუფლება ყველა ხერხს იყენებს, რათა უკრაინის იარაღითა და საბრძოლო მასალებით მომარაგების არხები დაბლოკოს.

ახალგაზრდა რადომირ კურტიჩი მეუღლესა და შვილთან ერთად
2024 წლის 18 ოქტომბერს სერბული კომპანია Sloboda-ს ერთ-ერთ ქარხანაში აფეთქება მოხდა. მაშინ რამდენიმე თანამშრომელი მძიმედ დაშავდა და საწარმოო პროცესი კარგა ხანს შეჩერდა. ეს სახელმწიფო კომპანია ჯერ კიდევ 1948 წელს დაარსდა, სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალასა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმტყორცნებს აწარმოებს. ამ შემთხვევიდან მალევე რუსეთის ხელისუფლება უკვე ოფიციალური გაფრთხილებით გამოვიდა.
2025 წლის 29 მაისს ამ ქვეყნის მედიაში გამოქვეყნდა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ოფიციალური განცხადება, იმის თაობაზე, რომ სერბეთის სამხედრო ინდუსტრიის კომპანიები, ბელგრადის მიერ გამოცხადებული ნეიტრალიტეტის მიუხედავად, კიევისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას აგრძელებენ და უკრაინა „ნეიტრალური“ სერბეთის იარაღით გვებრძვისო. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მტკიცებით, სერბული კომპანიები საბრძოლო მასალას ყალბი საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატებისა და შუამავალი ქვეყნების სქემის გამოყენებით ყიდიან. ეს ქვეყნები ყველაზე ხშირად ნატოს წევრი სახელმწიფოები (ჩეხეთი, პოლონეთი და ბულგარეთი) არიან, თუმცა აფრიკის ზოგიერთი ქვეყანაც მონაწილეობსო. რუსეთის დაზვერვის მტკიცებით ამ „სქემაში“ სერბეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის უდიდესი კომპანიები: Yugoimport SDPR, Zenitprom, Krusik, Sofag, Reyer DTI, Sloboda, Prvi Partizan არიან ჩართულნი. ამით სერბეთის სამხედრო ინდუსტრია ცდილობს, რუსეთს „ზურგში ესროლოსო“. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადება „ძალზე ამაღელვებელად“ მთავრდებოდა: ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სერბეთის თავდაცვის სექტორისა და მათი მფარველების სურვილმა, რომ მოძმე სლავური ხალხის სისხლის ღვრიდან მიიღონ სარგებელი, სრულიად დაავიწყა მათ, თუ ვინ არიან მათი ნამდვილი მეგობრები და ვინ არიან მათი მტრებიო.
ამ განცხადებამდე ზუსტად ოცი დღით ადრე, 2025 წლის 9 მაისს, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდერ ვუჩიჩი მოსკოვში „გამარჯვების დღის 80 წლის იუბილეს“ დაესწრო და პუტინსაც შეხვდა. ბუნებრივია, „იარაღის თემაზეც“ იქნებოდა საუბარი და საინტერესოა, რატომ გახდა შემდეგ საჭირო რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მკვახე განცხადება? ჩემი აზრით, სერბეთის პრეზიდენტმა იგივე არგუმენტები გაიმეორა, რასზეც ბრიტანულ გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.

არ მოტყუვდეთ: პუტინის მოჩვენებითი კეთილგანწყობის მიღმა შურისძიების წყურვილი იმალება
სავარაუდოდ, ვუჩიჩმა პუტინსაც იგივე უთხრა, რაც ადრე ინტერვიუში განაცხადა: საბრძოლო მასალის ექსპორტი სერბეთის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. დიახ, ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი საბრძოლო მასალის ექსპორტს. ჩვენ არ შეგვიძლია მისი ექსპორტი უკრაინაში ან რუსეთში. თუმცა ჩვენ ბევრი კონტრაქტი გვაქვს ამერიკელებთან, ესპანელებთან, ჩეხებთან და სხვებთან. საბოლოო ჯამში, რას აკეთებენ ისინი ამით, მათი საქმეა და ჩვენ ვერ ვაკონტროლებთო. ამგვარი პასუხი რომ პუტინისთვის სრულიად მიუღებელი იყო, მალევე დადასტურდა.
2025 წლის 22 ივნისს „ბრძოლის ველზე“ კვლავ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური გამოჩნდა, რომელმაც შემდეგ განცხადება გაავრცელა: უკრაინის სამხედროები დიდ მადლიერებას გამოხატავენ სერბი იარაღისა და საბრძოლო მასალის მწარმოებლების მიმართ, უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისთვისო. ამ ცინიკურ სიტყვებს პუტინის „რუპორმა“ მოაყოლა: სერბმა მწარმოებლებმა კარგად იციან თავიანთი პროდუქციის რეალური მომხმარებლების შესახებ და რომ მათი რაკეტები და ჭურვები რუს სამხედრო მოსამსახურეებსა და რუსული დასახლებების მაცხოვრებლებს მოკლავსო. მოსკოვი მკაცრად მოითხოვდა, სერბეთს აღეკვეთა სერბული შეარაღების უკრაინაში მოხვედრა და უკვე საჯაროდ, პირდაპირ აფრთხილებდა ალექსანდერ ვუჩიჩს: მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ტრადიციებს ძირს უთხრის სიხარბე და მშიშარა მულტივექტორიზმიო.
რუსეთის ხელისუფლების ამ უკიდურესი გაღიზიანების მოსალოდნელი შედეგები, სავარაუდოდ „დახურული არხებით“ (ანუ სპეცსამსახურების ხაზით), უფრო დეტალურად აუხსნეს სერბეთის პრეზიდენტს და იმავე დღესვე ცნობილი გახდა მისი გადაწყვეტილება, ყველა საბრძოლო მასალის ექსპორტის დროებითი შეჩერების შესახებ. ალექსანდერ ვუჩიჩმა ეს გადაწყვეტილება ამგვარად ახსნა: უნდა ვიზრუნოთ სერბეთისა და სამხედრო ინდუსტრიის მუშაკების უსაფრთხოებაზეო. განა ამაზე პირდაპირი მინიშნება კიდევ არსებობს? ვუჩიჩმა რიტორიკულად პუტინსაც მიმართა: „ვინ შეიძლება იყოს სერბული იარაღისა და სამხედრო ტექნიკის საბოლოო მომხმარებელი? არ შეიძლება აზიაში, არ შეიძლება აფრიკაში, არ შეიძლება ევროპაში, არ შეიძლება ამერიკაში. აბა, სად გსურთ, რომ ჩვენი სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის ექსპორტი განვახორციელოთ, ანტარქტიდაზე?“ - დაიჩივლა სერბეთის პრეზიდენტმა. თუ როგორ გაუჭირდა სერბეთის ეკონომიკას ამის შემდეგ, იქიდანაც გამოჩნდა, რომ უკვე 2025 წლის 2 ნოემბერს ალექსანდერ ვუჩიჩმა განაცხადა: სერბეთის საწყობები სავსეა საბრძოლო მასალით, განსაკუთრებით - ნაღმტყორცნების ჭურვებით და თუმცა არ მინდა, ისეთ ადამიანს ვგავდე, რომელიც მეომარ მხარეს საბრძოლო მასალით ამარაგებს, ევროპას საბრძოლო მასალა სჭირდება. მე შევთავაზე ჩვენს მეგობრებს ევროპაში, რომ შეთანხმება დადონ და ჩვენგან შეიძინონ ყველაფერი, რაც გვაქვს. ეს ფენომენალური წვლილი იქნება ევროპის უსაფრთხოებაშიო. დიდი ანალიზი არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ამ შემთხვევაში სერბული სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა კვლავ უკრაინაში აღმოჩნდება. ვფიქრობ, რომ ეს იყო უკანასკნელი წვეთი ვლადიმერ პუტინისთვის და მან „აქტიური მოქმედებების“ ბრძანება გასცა.
ასევე დაგაინტერესებთ: "თქვე იდიოტებო, რატომ შემომიგდეთ დედალი კატა?" - ამბავი ფისოზე, კა-გე-ბეზე და შერცხვენილ "ოტოებზე"
არშემდგარი დიდი სკანდალი ანუ რა ხდება სინამდვილეში საქართველოსა და ისრაელს შორის?!
რ. კურტიჩის საეჭვო გარდაცვალების ფაქტის გახმაურების შემდეგ სპეცსამსახურებისა და Yugoimport SDPR-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არავის არ უნდა წაუყენონ ბრალდება მანამ, ვიდრე არ მოიპოვებენ მყარ მტკიცებულებებს და მათ დაავალა, რომ კურტიჩის გარდაცვალების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებისა და დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლებისგან იქნას მიღებულიო. სერბეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში მიაწვდით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს და პირობა დადო, რომ იბრძოლებს სიმართლის დასადგენად.
სერბულ მედიაში არსებული ადგილობრივი ანალიტიკოსებისა და ექსპერტების მოსაზრებების გაცნობის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ უმრავლესობას ეჭვი არ ეპარება: ეს იყო პუტინის სასტიკი პოლიტიკური გზავნილი, რომელიც სერბული იარაღის ექსპორტს უკავშირდება. ჩვენ სერბები ვართ და ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა დავიცვათ. თუ ამჟამინდელი მტკიცებულებები დაადასტურებს, რომ ეს მართლაც მკვლელობა იყო, ეს ჩვენს ურთიერთობებზე სერიოზულად იმოქმედებსო - ძნელია არ დაეთანხმო ამ მოსაზრებებს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ცოტა არ იყოს, მიმიტურად მეჩვენება სერბების დაეჭვება თანამემამულის გარდაცვალების მიზეზების გამო: ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ხომ რუსეთის სპეცსამსახურების დაუნდობელი მოქმედებების მწარე გამოცდილება გვაქვს.
უკვე 25 წელია, რაც პუტინის ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ოპონენტების და მისთვის არასასურველი პირების თავიდან მოცილების, ზოგადად კი, მიზნის მიღწევის ყველა ხერხი მისაღებია. ამიტომაც არის, რომ პუტინის პოლიტიკური ფიგურის გაძლიერების პარალელურად, განსაკუთრებით იმატა "ტრაგიკულმა შემთხვევებმა" შინ და გარეთ, როდესაც პუტინის პოლიტიკური ოპონენტები ან ყველაზე რეალური კონკურენტები, საიდუმლო და ძალზე უცნაურ ვითარებში იღუპებიან. ვის სიკვდილი და ვის - გადარჩენა? საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორც ყოველთვის, პუტინი იღებს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ რადომირ კურტიჩს ფატალურად არ გაუმართლა: ის ცუდ დროს, ცუდ ადგილას აღმოჩნდა და ზვარაკად შეეწირა სერბეთის ხელისუფლებაზე პუტინის შურისძიებას.