"გაყინული რუსული აქტივების გამოყენება თავიდანვე ჩავარდნილი იდეა იყო, ეს ომის გამოცხადებას ნიშნავდა" - ვიქტორ ორბანი
გაყინული რუსული აქტივების გამოყენება თავიდანვე ჩავარდნილი იდეა იყო, რადგან ის იურიდიულად უსაფუძვლოა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„ეს ნაბიჯი ომის გამოცხადებას ნიშნავდა. ჩვენ ერთობლივი სესხის აღების წინადადების წინააღმდეგიც ვიყავით, მაგრამ მოვახერხეთ გამოსავლის პოვნა უარის თქმის უფლების უზრუნველყოფით. დღევანდელი დღე უნგრეთისთვის დიდი წარმატება იყო“, - აღნიშნა ორბანმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერები ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინისთვის რეპარაციის სესხის გამოყოფაზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქვეყანას, ევროკავშირის კაპიტალის ბაზრებზე სესხის აღების გზით, 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოუყოფენ. რეპარაციის სესხის მსგავსად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა სესხს მხოლოდ რეპარაციების მიღების შემდეგ დაფარავს. დაფინანსებაში მონაწილეობას არ მიიღებენ უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი.
"ინტერპრესნიუსი"