სამ ზღვაში რუსულ ტანკერებზე დაწყებული ნადირობა...
რუსეთ-უკრაინის ომი დიდი ხანია გასცდა უშუალოდ ფრონტის ხაზს და თუკი ბრძოლის ველზე საბრძოლო ინიციატივას ისევ რუსეთის საოკუპაციო ძალები ინარჩუნებენ, უკრაინელები მოწინააღმდეგეს წერტილოვან დარტყმებს არა მარტო რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში აყენებენ...
ბოლო პერიოდი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ერთმანეთის მიყოლებით განხორციელდა რუსული ტანკერებისა და მშრალტვირთმზიდი გემების აფეთქებები... სამი ზღვის აკვატორიებში!
ის, რომ უკრაინული საჰაერო და საზღვაო კამიკაძე-დრონები შავ ზღვაში პერიოდულად ესხმიან თავს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალზედა და უკვე წყალქვეშა ხომალდებს, აღარავის უკვირს, მაგრამ როდესაც ასეთივე დარტყმები ხორციელდება უკრაინის ფრონტის ხაზიდან ათასი კმ-ით დაშორებულ რუსულ გემებზე კასპიის ზღვაში ან კიდევ უკრაინიდან ორი ათას კმ-ზე, ხმელთაშუა ზღვაში მცურავ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერზე, ეს უკვე სისტემაა და მას შეიძლება დაერქვას გამოცხადებული ნადირობა რუსულ ტანკერებზე დედამიწის ნებისმიერ ზღვასა თუ ოკეანეში...
11, 12 და 15 დეკემბერს უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა სამი წარმატებული შეტევა მიიტანეს კასპიის ზღვაში მოქმედ რუსეთის ნავთობმომპოვებელ პლატფორმებზე...
12 დეკემბერ იმავე კასპიის ზღვაში დრონებმა დააზიანეს ორი მშრალტვირთმზიდი გემი,რომლებიც ირანიდან რუსეთში სამხედრო ტვირთებს ეზიდებოდნენ...
28 და 29 ნოემბერს,ასევე 2 და 10 დეკემბერს შავ ზღვაში საზღვაო და საჰაერო დრონების შეტევების შედეგად დაზიანდა რუსეთის „ჩრდილოვანი“ ფლოტის ოთხი ტანკერი...
და,აი,18 დეკემბერს,ხმელთაშუა ზღვაში,ლიბიის სანაპიროსთან დრონმა საჰაერო შეტევა განახორციელა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერზე...
მართალია, უკრაინული კამიკაძე-დრონები უკვე 1 700-2 000 კმ-ის სიღრმეშიც კი შეფრინდებიან რუსეთის საჰაერო სივრცეში და იქ ზუსტად ურტყამენ სამხედრო ობიექტებს, მაგრამ უკრაინიდან აფრენილი დრონით ხმელთაშუა ზღვაში რუსულ ტანკერზე თავდასხმის განხორციელება არათუ პრაქტიკულად, თეორიულადაც კი შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ამ დრონს უკრაინიდან ლიბიის სანაპირომდე უნდა გადაელახა თურქეთის საჰაერო სივრცე, რასაც ანკარა არ დაუშვებდა (თუმცა თურქი სამხედრობისთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა, ანკარასთან ტყეში ადგილობრივების მიერ შემთხვევით ნაპოვნი რუსული სადაზვერვო დრონი „ორლან-10“,რომელზეც...წითელი ვარსკვლავები ეხატა).
შესაბამისად, უკრაინის სპეცსამსახურებმა დიდი ალბათობით გამოიყენეს სხვა გემი, რუსულ ტანკერთან ახლოს მისასვლელად და მისკენ „ბაბა იაგას“ ტიპის მულტიკოპტერის გასაშვებად, რომლიდანაც მცირეკალიბრიანი ბომბები დააყარეს ამ რუსულ ტანკერს და ცეცხლი გაუჩინეს...
უკრაინის მხრიდან მიზანმიმართული საჰაერო და საზღვაო დარტყმები რუსეთის ნავთობისა და აირის გადამამუშავებელ ქარხნებს,პორტებსა და გადამზიდავ ტანკერებზე ითვალისწინებს აგრესორი ქვეყნის იმ მთავარი შემოსავლის შემცირებას,რასაც კრემლი იღებს ბუნებრივი რესურსების საზღვარგარეთ გაყიდვისა და ამ გზით იმ სამხედრო ბიუჯეტის შესავსებათ,რომლითაც მეოთხე წელია აწარმოებს ფართომასშტაბიან ომს უკრაინაში...
ნავთობზე მსოფლიო ფასების დაცემისა და რუსულ კომპანიებზე საერთაშორისო სანქციების დაწესების ფონზე, მოსკოვი იძულებულია ერთი ბარელი ნედლი ნავთობი 60 აშშ დოლარზე ბევრად ნაკლებად გაყიდოს, მაშინ, როდესაც ბიუჯეტი გათვლილი აქვს ნავთობის 60 დოლარზე მეტად გაყიდვაზე...
სწორედ, ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვებიდან შემოსავლის მნიშვნელოვანი კლება უნდა გახდეს ის ძირითად მიზეზი,რამაც შეიძლება აიძულოს პუტინი მოთოკოს თავისი ამბიციები და დაფიქრდეს უკრაინაში ომის შეჩერებაზე-უკრაინული დრონების მოხშირებული თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე,ტანკერებზე,ნავთობ და აირტერმინალებზე,თავის მხრივ აჩქარებს რუსეთის სამხედრო მანქანის დასუსტებას...