საბოლოოდ რას პროგნოზირებს ამერიკის დაზვერვა-რუსეთი შეუტევს თუ არა ევროპას? - კვირის პალიტრა

საბოლოოდ რას პროგნოზირებს ამერიკის დაზვერვა-რუსეთი შეუტევს თუ არა ევროპას?

ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება აშშ-ის დაზვერვის პროგნოზებთან დაკავშირებით,თუ რა შეიძლება მოხდეს უახლოესს წლებში რუსეთ-ევროპის მზარდი დაპირისპირების პროცესში...

თავდაპირველად,ცნობილმა საინფორმაციო საშუალებამ Reuters-ი ექვს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით სენსაციური მასალა გაავრცელა იმის თაობაზე,რომ „აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ანგარიშების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მთელი უკრაინის მიტაცებას და ევროპის იმ ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რომლებიც ყოფილ საბჭოთა იმპერიას ეკუთვნოდა და ეს ანგარიშები სრულიად განსხვავებულ სურათს წარმოგვიდგენს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილე მისი გუნდის მიერ დახატული სურათისგან, რომლებმაც განაცხადეს, რომ პუტინს კონფლიქტის დასრულება სურს“.

Reuters-ი ხაზს უსვამს, რომ დაზვერვის მონაცემები ასევე ეწინააღმდეგება რუსეთის ლიდერის მტკიცებას, რომ ის ევროპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

წყაროების ცნობით, დაზვერვის ანგარიშები დიდწილად ემთხვევა ევროპელი ლიდერებისა და სადაზვერვო სააგენტოების შეხედულებებს, რომ პუტინს მთელი უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნების ტერიტორიების, მათ შორის ნატო-ს წევრი ქვეყნების, დაუფლება სურს.

ამ სერიოზულ ინფორმაციას ამყარებს უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებაც,რომ რუსეთი ბალტიის ქვეყნების ოკუპაციას ისახავს მიზნად და მოქმედების დაწყებას 2027 წლიდან გეგმავსო.

„თავდაპირველი გეგმის თანახმად, რუსეთი მოქმედებისთვის მზად 2030 წელს უნდა ყოფილიყო. ახლა გეგმები შესწორებული და გადახედილია, რათა ვადები 2027 წლამდე ჩამოიწიოს“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

მისი განმარტებით, ეს ბალტიის ქვეყნების ოკუპაციას ეხება.

„იმპერიის - და ისინი საკუთარ თავს იმპერიად თვლიან - ზრდისთვის, საჭიროა გადაადგილება, რათა გააფართოო გავლენა და ტერიტორია. ეს, სხვათა შორის, ბევრ კითხვას პასუხობს. ჩრდილოეთით მხოლოდ ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანეა და მის იქით ამერიკა. ეს კარგი ვარიანტი არ არის, რადგან ეს მტკივნეული იქნებოდა. აღმოსავლეთით არის წყნარი ოკეანე და ისევ ამერიკა. პასუხი იგივეა. სამხრეთით არის ჩინეთი, რაც კატასტროფული იქნებოდა. ერთადერთი დარჩენილი ვარიანტი დასავლეთია, რომელიც, მათი აზრით, ბოდიში გამოთქმისთვის, „გაუმაძღარი“, „სუსტი“, „ავადმყოფური” და „მერყევია“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

მისი მტკიცებით, რუსეთი პოლონეთს „მხოლოდ დარტყმებისთვის, ოკუპაციის გარეშე სამხედრო კამპანიისთვის განიხილავს“.

სახეზეა ორი კარგად ინფორმირებული წყაროს მიერ გაცხადებული ძალზე სახიფათო პერსპექტივა ევროპისთვის და პირველ რიგში ევროკავშირისა და ნატოს წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის- პოსტსაბჭოთა ლატვიისთვის,ლიეტუვასა და ესტონეთისთვის,რომლებიც კრემლში, ისევე როგრორც საქართველო და უკრაინა,აღიქმებიან მეფის რუსეთის იმპერიის დროიდან მოსკოვის გავლენის ქვეშ მყოფ რეგიონებად...

და,ასეთი შემაშფოთებელი ინფორმაციების შემდეგ,სასწრაფოდ სპეციალურ ოფიციალურ განცხადებას აკეთებს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი,რომელიც აბსოლუტურად საპირისპიროს აცხადებს:

„არა, ეს სიცრუე და პროპაგანდაა. Reuters-ი მიზანმიმართულად ავრცელებს ამას მილიტარისტების ინტერესების მხარდასაჭერად, რომლებიც ცდილობენ ომის დასრულების მიზნით პრეზიდენტ ტრამპის დაუღალავ ძალისხმევას ხელი შეუშალონ…

Reuters-ი ცრუ ნარატივს ავრცელებს პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის დაბლოკვის და ხალხში ისტერიისა და შიშის გაღვივების მიზნით, რომ ომის ესკალაციას დაუჭირონ მხარი, რაც ნატო-სა და ევროკავშირს ნამდვილად სურს, რათა აშშ-ის შეიარაღებული ძალები რუსეთთან ომში პირდაპირ ჩაითრიონ…

სიმართლე ის არის, რომ აშშ-ის დაზვერვამ პოლიტიკოსებს აცნობა, რომ რუსეთი ცდილობს ნატო-სთან ფართომასშტაბიანი ომი თავიდან აიცილოს. დაზვერვის შეფასებით, როგორც ამას ბოლო რამდენიმე წელი აჩვენებს, ბრძოლის ველზე რუსეთის შედეგები მიუთითებს, რომ რუსეთს ამ ეტაპზე უკრაინის სრულად დაპყრობისა და ოკუპაციის უნარი არ აქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპაზე“,

რუსეთი ცდილობს, ნატო-სთან ფართომასშტაბიანი ომი თავიდან აიცილოს-სწორედ ასეთ, ძალზე საკამათო დასკვნას დებს ამერიკის მთავარი მზვერავი და მის განცხადებაში პრეზიდენტ ტრამპისადმი დიდი ერთგულება უფრო გამოსჭვივის,ვიდრე ის რეალური საფრთხე,რაც ნამდვილად დაემუქრება აღმოსავლეთ ევროპას,თუკი რუსეთმა მართლაც შესძლო უკრაინის კაპიტულაციამდე მიყვანა,რაშიც პუტინს თავისი პოლიტიკური ქმედებებით თვით აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპიც ეხმარება,უნებურად ან შეიძლება გამიზნულადაც კი...

პუტინის მხრიდან ბოლო დღეებში გაჟღერებული ნარატივი,რომ ის ევროპას არაფერს ერჩის და ევროპელები ნუ ერევიან რუსეთ-აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ მომზადებაში,რომელმაც უკრაინის ბედი უნდა გადაწყვიტოს,დაახლოებით შემდეგნირად იშიფრება-ევროპა,მიეცა რუსეთს საშუალება ბოლომდე „გადაყლაპოს“ უკრაინა და თუკი უკრაინისთვის სამხედრო-პოლიტიკურ მხარდაჭერას შეწყვეტთ,მაშინ რუსეთიც აღარ დაიწყებს ახალ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციებს“ დასავლეთის მიმართულებითო...