სტაბილურად მძიმე კრიზისი, უცნაური არჩევნები,  არშემდგარი „დამხობა“ და კორუფციული სკანდალები - კვირის პალიტრა

სტაბილურად მძიმე კრიზისი, უცნაური არჩევნები,  არშემდგარი „დამხობა“ და კორუფციული სკანდალები

კიდევ ერთი რთული წელიწადი მოიტოვა ჩვენმა ქვეყანამ უკან, რომელიც შეიძლება პროტესტის წლადაც შეფასდეს. 2024 წლის მიწურულს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ, 2025 წელი უწყვეტი პროტესტის წლად აქცია, რასაც პარალელურად არაერთი შემზღუდავი კანონის მიღება მოჰყვა. ქვეყანა სულ უფრო მეტად შორდებოდა ევროკავშირს, თუმცა ხელისუფლება სულ უფრო მეტს ლაპარაკობდა მშვიდობასა და ეკონომიკურ წინსვლაზე.

გადავხედოთ 2025 წელს ჩვენი რუბრიკის პრიზმაში:

"სრულ სიგიჟესთან გვაქვს საქმე"

ირაკლი მელაშვილი: „- ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, არ პასუხობს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, სრულ სიგიჟესთან გვაქვს საქმე. ჩვენი ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებები სრულიად უმეცარია - თურმე ევროკავშირი გვაიძულებს სექსუალურ უმცირესობად ქცევას. სერიოზული ერთადერთი თემაა, ხელისუფლების სათავეში არიან პირები, რომლებიც ნორმალური კონკურენციის პირობებში ვერასდროს მოხვდებოდნენ ამ თანამდებობებზე. ისინი ბიძინა ივანიშვილმა ყურებით დაიჭირა, მოიყვანა საიდანღაც და ჩასხა სავარძლებში, რადგან მათში დაინახა ადამიანები, რომლებიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე ხელმომწერები არიან. მათთვის მთავარი ამოცანაა ძალაუფლების შენარჩუნება, რასაც ვერაფრით მოახერხებენ დემოკრატიისა და პოლიტიკური კონკურენციის პირობებში - ეჭვი მაქვს, თავისუფალ არჩევნებში ბევრ მათგანს საკუთარი ოჯახის წევრებიც კი არ მისცემენ ხმას. ამიტომ ვერ იტანენ დასავლეთს, ევროპას, აშშ-ს, რადგან ისინი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ითხოვენ. ევროინტეგრაციის გაგრძელება ნიშნავს სწორედ იმას, რომ ქვეყანაში უნდა მიმდინარეობდეს დემოკრატიული პროცესი. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის მათი ძირითადი მოტივაცია და არა ის, რომ ყველანი რუსეთის აგენტები არიან. ამის შემყურე საზოგადოებას ახსენდება, თუ ვინ არის მართვის ამგვარი სტილის ფლაგმანი - რა თქმა უნდა, რუსეთი. პეტერ ფიშერით დაწყებული, ჰერჩინსკით დასრულებული, დედამიწის ზურგზე ყველას გადაეკიდნენ, ვინც კი ცდილობს საქართველოში დასავლური ღირებულებების დაცვას. როგორც არ უნდა მოგვწონდეს "ქართული ოცნება", მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ძალამ იცის, რა წონაც აქვს დღევანდელ საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებში. რომ ნახოთ, როგორ გაიზარდა ბოლო ხანს სატრანზიტო ტვირთების რაოდენობა, რაც საქართველოზე გადის, რამდენად დიდი კომპანიები შემოვიდნენ ქართულ პორტებში... უმსხვილეს ფრანგულ და გერმანულ კომპანიებზეა ლაპარაკი. დიდი ბრიტანეთიც ამზადებს დიდ პაკეტს, რათა მონაწილეობა მიიღოს ამ ნაკადის ათვისებაში. შესაბამისად, ამ ყველაფრით ვაჭრობას ცდილობენ. ივანიშვილი საკუთარი კაპიტალისთვის ვაჭრობს, დანარჩენები - საკუთარი მდგომარეობის შესანარჩუნებლად".

„ჩვენ ვცხოვრობთ ერთ დიდ კრიმინალურ ქრონიკაში"

სანდრო თვალჭრელიძე: - ცოტა სასაცილო კი არის გახარიასთვის წაყენებული ბრალდებები. გავიხსენოთ ჩვენი ძალიან უახლესი ისტორია - 2019 წლის 20 ივნისს მოხდა ის დარბევა, რაზეც იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს ედავებიან, იმავე წლის აგვისტოში კი იყო ჩორჩანის საგუშაგოს ამბავი. ამის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც როგორც დღეს გვიმტკიცებენ, გახარიამ ეს "საშინელი დანაშაულები" ჩაიდინა, უკვე 2019 წლის სექტემბერში, ის "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი გახდა და რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქვეყანას. სხვათა შორის, როგორც "ქართული ოცნება" იმხანად გვიმტკიცებდა, საუკეთესოდ. სწორედ ის მართავდა მთავრობას პანდემიის დროს და არცთუ ურიგოდ. ამაში "ქართული ოცნების" იმჟამინდელ განცხადებებს დღესაც ვეთანხმები... ანუ რა გამოდის, ამხელა დამნაშავეს ჩააბარეს ქვეყნის მართვა?.. ჩვენ დღეს ერთ დიდ კრიმინალურ ქრონიკაში ვცხოვრობთ. ისევ გადავხედოთ ისტორიას - ყოველი ახალი ხელისუფლება საკუთარ საქმიანობას კორუფციასთან ბრძოლით იწყებდა და ბოლოს თვითონ ხდებოდა კორუმპირებული. ვფიქრობ, ახლა "ქართული ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს კორუფციასთან ბრძოლით, თუმცა ამას შეიძლება უკუეფექტიც მოჰყვეს, რადგან კორუფციას სისტემურად არავინ ებრძვის. ეს არის რიგი ჩინოსნების დასასჯელად და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შესაყრელად ფასადური ბრძოლა. კორუფციის სრულად აღმოფხვრა წარმოუდგენელია, მისი რეციდივები ყველა წამყვან ქვეყანაშია, თუმცა ჩვენთან და ჩვენისთანა ქვეყნებში პრობლემა მის სისტემურობასა და მასშტაბშია. ვუშვებ ნამდვილად, რომ მოპარული ფულის დაბრუნების სურვილს შესაძლოა დაემთხვა ვიღაცის გულწრფელი სურვილიც, რომ ებრძოლოს კორუფციას, თუმცა ვერ გამოვრიცხავ, რომ მალე ამ მებრძოლებს თვითონ წაუცდებათ იოლად ფულის შოვნაზე ხელი.

1461048636-1-1766322058.jpg

„თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვერ იქნება საქართველო ფილანთროპიულად გადაცემული რუსეთისთვის"

ვიქტორ ყიფიანი: - მეტად საინტერესო პროცესებს ვადევნებთ თვალს სამხრეთ კავკასიაში. მოგეხსენებათ, აზერბაიჯან-სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება აშშ-ის შუამავლობით მოხდა, მეტიც, ზანგეზურის დერეფანს სწორედ ეს ქვეყანა გააკონტროლებს. ამიტომ შეიძლება დავასკვნათ, რომ აშშ-ის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში კვლავაც ძლიერია. თუ კონსპიროლოგიას გავყვებით, საქართველოში გავლენიანი ჯგუფების გარკვეული სინდიკატი, რომელიც არა მხოლოდ პარტიულ ელემენტს მოიცავს, არამედ საქმიან, კრიმინალურ და სხვა მიმართულებებსაც, მიიჩნევს, რომ გავლენების ახლებური განაწილების შემთხვევაში სასურველია საქართველო აღმოჩნდეს ახალი რკინის ფარდის რუსულ მხარეს. ეს არის მათთვის კომფორტი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. რუსულ მხარეს დარჩენა ნიშნავს, რომ არ გჭირდება ლიბერალური კანონმდებლობა, სამართლის უზენაესობა, თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი მედია... მოკლედ, როდესაც გამყოფ ხაზზე ვლაპარაკობთ, როგორც ჩანს, ზემოთ ნახსენებ სინდიკატში ფიქრობენ, რომ თუ ყველასთვის მოულოდნელად სომხეთი და აზერბაიჯანი მიტრიალდნენ დასავლეთისკენ, ახალი გაყოფა უნდა მოხდეს იმგვარი კონფიგურაციით, რომ საქართველო რუსეთისთვის პრიზი აღმოჩნდეს. თუმცა ვაშინგტონის მხრიდან რომ გადავხედოთ ამ პროცესებს, რაოდენ მსუყე ინვესტიციაც არ უნდა განახორციელოს ამერიკამ, სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და ა.შ. სომხეთსა და აზერბაიჯანში, ეს სანახევრო შედეგზე მიმართული ინვესტიცია იქნება, თუ საქართველოს საკითხი არ იქნა გადაწყვეტილი ისე, როგორც უნდა გადაწყდეს. დავხედოთ რუკას, არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიას, არამედ გავიხედოთ კასპიის ზღვის მიღმა ცენტრალური და შემდგომ დიდი აზიისკენ, ჩვენ გეოგრაფიულად ჩამკეტი ქვეყანა ვართ. შესაბამისად, ყველა პროცესი, რომელიც უკავშირდება დასავლეთის შემოსვლას ჩვენს რეგიონში, ვერ იქნება დასრულებული ეფექტის მქონე, თუ საქართველო გადავა რუსული გავლენის სფეროში. წესით, ეს ნიშნავს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანზე გავლენის მოპოვების შემდეგ, ბუნებრივი, ლოგიკური გაგრძელება უნდა იყოს საქართველოს საკითხის დღის წესრიგში დაყენება. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვერ იქნება საქართველო ფილანთროპიულად გადაცემული რუსეთისთვის. თუმცა ის არაპროგნოზირებადობა, რაც თეთრი სახლის დღევანდელ ადმინისტრაციას ახასიათებს, მაინც მხედველობაში უნდა ვიქონიოთ - ანუ რაიმე უსიამოვნო სიურპრიზს ვერ გამოვრიცხავთ.

პოლიტიკური დაპირისპირება თუ კორუფციული სკანდალი?!

მირიან მირიანაშვილი: - ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი ბინების, სახლებისა და პირადი ჩხრეკები, საიდანაც დიდძალი ფული და ძვირფასი ნივთები ამოიღეს, ასევე კორუფციის ბრალდებით აღძრული საქმეები, უპირველესად ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაა. თუ შირმის უკან შევიხედავთ, ჩემი შეფასებით, არანაირი პოლიტიკური გუნდი "ქართული ოცნება" არ არის და არც არასდროს ყოფილა. ის ყოველთვის იყო და არის ბიძინა ივანიშვილის პერსონიფიცირებული ხელისუფლება, რომელსაც პოლიტიკური საჭიროებიდან გამომდინარე ხან ასეთი სახე აქვს და ხან ისეთი. ივანიშვილი ხან რომელ ფიგურებს დაიახლოებს და ხან რომელს. მათ გარკვეულ ეტაპზე პოლიტიკურ ფუნქციებს შესძენს ხოლმე, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობების ჩათვლითაც, შემდგომ კი წაართმევს. შესაბამისად, არ მჯერა, რომ "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკური დაპირისპირება და შიდაკლანური გარჩევებია. ეს ყველაფერი უფრო არსებული რეალობის პოლიტიკური დეკორაციებია. სინამდვილეში, ივანიშვილი მართავს პოლიტიკურ პროცესს, მის გარდა არიან კიდევ მარიონეტები. რაღაც ეტაპზე ივანიშვილი გადაწყვეტს ხოლმე, რომ მათ ვადა გაუვიდათ და პოლიტიკურ სანაგვეზე მოისვრის. ნამდვილად არ მჯერა, რომ რაც ახლა ხდება, კობახიძე-ღარიბაშვილის დაპირისპირების შედეგია. ჩემი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ატარებს საჯარო ეგზეკუციას, რაც, მისი აზრით, ასევე საჯარო აპარატისთვის გაგზავნილი სიგნალია, რომ ჭკვიანად იყვნენ. მოკლედ, დიდი მიამიტობა მგონია ვარაუდი, რომ ბიძინა ივანიშვილი კობახიძე-მდინარაძის ჯგუფის გავლენით მოქმედებს, თითქოს მათ დაარწმუნეს, რომ ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და ფარცხალაძე მოღალატეები არიან და აწყობდნენ შეთქმულებას. აქ პრობლემა, ჩემი აზრით, მხოლოდ ღარიბაშვილში არ არის. კორუფციაში მისი მონაწილეობის შესახებ ლაპარაკი სულ იყო, მათ შორის მაშინაც, როდესაც ივანიშვილმა ის პირველად გადააყენა პრემიერობიდან. თუმცა ამას ხელი სულაც არ შეუშლია მისთვის, რომ ისევ მოებრუნებინა პოლიტიკაში. კორუფციონერები ივანიშვილის ხელისუფლებაში სულ იყვნენ, არიან და კვლავაც იქნებიან. უბრალოდ, ივანიშვილს ახლა ღარიბაშვილისა და მისი გარემოცვის საჯარო დასჯა დასჭირდა არა კორუფციასთან ბრძოლის გამო, საქმე ის არის, ივანიშვილი დღეს დგას დიდი პრობლემის წინაშე, საგარეო სარბიელზე ყალიბდება მისი ხელისუფლებისთვის საკმაოდ არასახარბიელო პოლიტიკურ ძალთა კონფიგურაცია. ამიტომ, ვფიქრობ, სახელისუფლებო ვერტიკალში სჭირდება უფრო მეტი კონსოლიდაცია, მეტი დისციპლინა, ამისთვის კი გადაწყვიტა, რომ საუკეთესო გზაა დაშინება, შანტაჟი, იმის ჩვენება, რომ არავის დანდობას არ აპირებს.

„დიახ, ეს იყო ხელისუფლების სცენარი..."

გია ხუხაშვილი: - როგორც ვამბობდი, მძიმე დღე გამოდგა 4 ოქტომბერი - ერთი მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მეორე მხრივ, ქუჩაში გამოსული ათასობით პროტესტანტი. შეიძლება ითქვას, ეს ყველაფერი პოლარიზებული ქართველი საზოგადოების ანარეკლიც იყო. მოგეხსენებათ, თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციის ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და 4 ოქტომბერს "ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობის" მიზნით დემონსტრაცია დააანონსა. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებს მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" წევრმა პაატა ბურჭულაძემ და მურთაზ ზოდელავამ მიმართეს, მოქალაქეები ათონელზე მდებარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ დაიძრნენ, ცხადზე ცხადი იყო, რომ ყველაფერი მიმდინარეობდა ხელისუფლების სცენარით, რომელმაც მოახერხა ყველა მიმართულებით იმ პოლიტიკური ლანდშაფტის შექმნა, რაც მისთვის ოპტიმალური იყო - განხეთქილება ოპოზიციაში, რესურსების მონოპოლიზება, საზოგადოების პოლარიზება და ა.შ. ხელისუფლების მიზანი და ამოცანა იყო, რომ 5 ოქტომბრისთვის ქვეყანაში საბოლოოდ ჩაებეტონებინა რუსული ტიპის ავტორიტარული რეჟიმი. ამისკენ დიდი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა ბოლომდე ეს საქმე ვერ არის მიყვანილი, ჯერ ისევ პროცესია. ოპოზიციაში ეს აგრესიული დაპირისპირება, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ინტერესებში იყო. ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად აბსურდული სურათი - ოპოზიციის ერთი ნაწილი მოუწოდებდა ამომრჩეველს, რომ ხმა არ მიეცა ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის, ანუ ისე გამოვიდა, რომ გარკვეულწილად ისინი გულშემატკივრობდნენ იმას, რომ "ქართულ ოცნებას" უპრობლემოდ მოეგო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ავტორიტარული რეჟიმის დასამკვიდრებლად "ქართულ ოცნებას" 4 ოქტომბერს ორი რამ სჭირდებოდა: ერთი - არჩევნების უპრობლემოდ მოგება, მაგრამ ეს არ იყო რეჟიმისთვის საკმარისი... ამასთანავე, სჭირდებოდათ ძალის დემონსტრირება, რათა დარჩენილი პროტესტი გაეტეხათ, დაეთესათ ნიჰილიზმი. დიახ, ეს იყო ხელისუფლების სცენარი, სწორედ მას აწყობდა, რომ 4-ში გადატრიალების რაღაც სცენარი დაედგათ და შემდეგ კუნთები ეჩვენებინათ, რაც გამოუვიდათ კიდეც. ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა, მათ შორის იმათ გამოც, ვინც პროვოკატორის როლი ითამაშა. ისინი დღეს პატიმრები არიან.

„ეს არის მთლიანად ევროპის უსაფრთხოების საკითხი"

ვახტანგ ძაბირაძე: - ტრამპის პოლიტიკა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვა, ძალიან უცნაურია. მისი პოზიცია თავიდანვე არათანამიმდევრული იყო: პრეზიდენტობა დაიწყო მკაცრი დამოკიდებულებით უკრაინის მიმართ, შემდეგ რუსეთთან გახდა გაცილებით ხისტი, მაგრამ ახლა ისევ დაუბრუნდა იმ დღის წესრიგს... ზელენსკიმ იცის, რომ ამერიკა უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამასთანავე, ტრამპის ფსიქოტიპიდან გამომდინარე, დიპლომატიურობაა საჭირო. ახლა დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად კარგად მოახერხებენ კოორდინირებას უკრაინა და დანარჩენი ევროპა. მე არ ვიცი, რა მოტივები ამოძრავებს ტრამპს, როდესაც ამ მიმართულებით მოძრაობს. მას ამ გზაზე არა აქვს სერიოზული არგუმენტები. როგორც უკვე ვთქვი, ერთი შეტევა უკრაინაზე ტრამპმა უკვე მიიტანა, რაც საბოლოოდ ე.წ. იშვიათ ლითონებზე წვდომის შეთანხმებით დასრულდა. ამჯერად ისევ ცდილობს ომის დასრულების თარიღების დათქმას. არ ვიცი, შესაძლოა ეს ტრამპის ერთგვარი დიპლომატიური თამაშია ან კიდევ სხვა რამ. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ბევრი რამ გამოჩნდება. შესაძლოა ტრამპი გარკვეული გარემოებების გამო იძულებულია რუსეთს აჩვენოს ტაქტიკური ლოიალურობა, რათა გარკვეული საფრთხეების პრევენცია მოახდინოს. შესაძლებელია კიდევ უფრო ცუდადაც არის საქმე. ეს ომი არ არის სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მსგავსი, რომ ტერიტორიების დათმობით მოგვარდეს, ყარაბაღის შემთხვევაში ყველაფერი საერთაშორისო სამართლის ლოგიკით განვითარდა, რუსეთ-უკრაინის ომი კი ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს გაცდენილი კონფლიქტია - ეს არის ერთი ქვეყნის აგრესია მეორე ქვეყნის წინააღმდეგ, ეს არ არის ტერიტორიული დავა. ამასთანავე, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის თემა, რაც შეუძლებელია ტრამპს არ ესმოდეს. ეს არის მთლიანად ევროპის უსაფრთხოების საკითხი. ბუნებრივია, ევროპა დღეს მხოლოდ უკრაინას კი არა, თავს იცავს.