გეოპოლიტიკა 2026 და საქართველო: რა როლი ექნება თბილისს ახალ მსოფლიო წესრიგში?!
როგორი იქნება 2026 წლის მსოფლიო გეოპოლიტიკური რუკა, როგორ გადანაწილდება მთავარ მოთამაშეთა ინტერესები და რა როლი ექნება საქართველოს? 2026 წელს ანალიტიკოსები გამორიცხავენ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას. მათი მოსაზრებით, ომი შესაძლოა დროებით შეჩერდეს. რაც შეეხება აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობებს, ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ მომავალ წელს მათ შორის ეკონომიკური ომი ახალი ძალით გაჩაღდეს. დაძაბულობის გაგრძელებას ვარაუდობენ აშშ-ევროკავშირის ურთიერთობაშიც, რამაც შესაძლოა ევროპა აიძულოს, საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებაზე თავად იზრუნოს. რა ადგილი ექნება საქართველოს ამ საერთო კონტექსტში? "კვირის პალიტრა" ანალიტიკოს გიორგი ლოლაძესა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა:
„კავკასიური სამკუთხედი“ და ამერიკა-რუსეთ-ჩინეთის ინტერესები
გიორგი ლოლაძე: - 2026 წელს საქართველოს ექნება იგივე საგარეო პოლიტიკა, რომელიც არჩეული აქვს ამჟამინდელ ხელისუფლებას. გაგრძელდება დაძაბული ურთიერთობა დასავლეთთან და ევროკავშირში გაწევრების გზაზეც არ არის პროგრესი მოსალოდნელი. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას ამის სურვილი უკვე აღარ აქვს. პარალელურად, უნდა ველოდოთ ავტორიტარული ტენდენციების ზრდას და ძალაუფლების კონსოლიდაციას. 2026 არასაარჩევნო წელია და უფრო ნაკლები ანგარიშვალდებულებით მოეკიდება ხელისუფლება ეკონომიკურ თუ სოციალურ პოლიტიკას. მეორე მხრივ, ალბათ, გაგრძელდება ტრამპის ადმინისტრაციასთან გზების ძიების ცდები, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში, ფაქტია, არ გამოუვიდათ. ბიძინა ივანიშვილის უპირველესი მიზანია მოიხსნას ბაიდენის ადმინისტრაციის დაწესებული სანქციები, რაც ჯერჯერობით ქართული დიპლომატიისთვის კრახით მთავრდება.
- სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარების საქმეში ტრამპის აქტიური ჩართულობით ხომ არ აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა "თამაშგარე მდგომარეობაში"?
- არა მგონია, აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიაში დიდი ინტერესი ჰქონდეს. აქ მთავარი მოტივაცია ის იყო, რომ ტრამპს თავისი სამშვიდობო კამპანიისთვის სჭირდებოდა წარმატების მაგალითები, მით უმეტეს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი ძალიან მარტივად მოსაგვარებელი პრობლემა იყო. ტრამპის მთავარი ფუნქცია გარანტორობაა. აქედან გამომდინარე, ზუსტად არ ვიცით, როგორია ამერიკის ადმინისტრაციის რეალური ინტერესი სამხრეთ კავკასიაში. ფაქტია, ეს შეთანხმებაც საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებამდე არ მისულა. 2026 წელს სომხეთში საპარლამენტო არჩევნებია. ამის შემდეგ ჩატარდება რეფერენდუმი კონსტიტუციის შეცვლის საკითხზე და თუ სომხები მხარს დაუჭერენ კონსტიტუციის ცვლილებას, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ქვეყანა მზად ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას. ის ფაქტი, რომ საქართველო არ იყო ჩართული ამ პროცესში, ძალიან ცუდია, რადგან საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს ერთ-ერთი შესაძლებლობა იქნებოდა, კომუნიკაციისა და დაახლოების გზა გაეჭრა ტრამპის ადმინისტრაციასთან. თუმცა შეიძლება არსებობდეს მეორე ვერსიაც, რომ საქართველოს მთავრობას საერთოდაც არ სურს დასავლეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია და მათი არჩევანი იყოს ის იზოლაცია, რომელშიც საქართველოა აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან. ხელისუფლების მიზანია, დასავლეთმა ის მიიღოს ისეთი, როგორიც არის - ანუ პარტნიორებს უგზავნიან მესიჯს: ჩვენ არ გვინდა არსად გაწევრება და თქვენც ნუ მოგვთხოვთ დემოკრატიასო.
- რა ცვლილებებია მოსალოდნელი რუსეთთან ურთიერთობაში?
- არც რუსეთთან ურთიერთობაშია მოსალოდნელი დიდი ცვლილება, მიუხედავად იმისა, რომ კობახიძის თურქმენეთში ვიზიტისთვის "ქართული ოცნების" პროპაგანდისტებმა საზოგადოებრივი აზრის მომზადება დაიწყეს პუტინთან შეხვედრისა და მოლაპარაკების შესაძლებლობის შესახებ. რეალურად ის კი არ აფერხებს "ქართულ ოცნებას", რომ პუტინთან ლაპარაკი ეთაკილებათ, ხელისუფლებას თავად რუსეთის სიხისტე აფერხებს. რუსეთი ოფიციალურ განცხადებებშიც ხაზს უსვამს, რომ თუ საქართველოს სურს მასთან ურთიერთობის ნორმალიზება, მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ასეთ ნაბიჯს კი საქართველოს ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გადადგამს. ველი, რომ ამ "სამშვიდობო რიტორიკის" ფონზე მკვეთრი ანტიდასავლური პოლიტიკა კვლავ გაგრძელდება, რომლის მიზანი, ერთი მხრივ, არის ანტიდასავლური განწყობების გაძლიერება და მეორე მხრივ, რუსეთის მაამებლობა იმისთვის, რომ მუდმივად მიიღონ კომპლიმენტები, რომ საქართველოს კარგი ხელისუფლება ჰყავს და კარგად იქცევა.
- რა ნიშნულზე დავა მომავალ წელს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, შეგვიჩერებენ თუ არა ვიზალიბერალიზაციას?
- საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ამაზე მეტად გაუარესება წარმოუდგენელია. "ქართული ოცნების" წევრები ზოგჯერ ისეთ კომიკურ განცხადებებს აკეთებენ, სერიოზული კომენტარი შეუძლებელია. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ჯერჯერობით ჩვენი ევროპელი პარტნიორების აზრით, ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს იმისთვის, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს.
- გაღრმავდება თუ არა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და რას მოუტანს ეს საქართველოს?
- საქართველოს ხელისუფლება ჩინეთთან დაახლოებით ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, თითქოს ჩინეთი შეიძლება გახდეს ევროკავშირის ალტერნატივა. ხელისუფლების პროპაგანდისტები ასევე ცდილობენ ხალხს დააჯერონ, რომ ჩინეთი შესაძლოა იყოს საქართველოსთვის რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხეების დამაბალანსებელი. ჩემი აზრით, ორივე არგუმენტი მცდარია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჩინური კომპანიები მრავლად მუშაობენ, ისინი თანხებს იღებენ გარკვეული ფონდებიდან. თავად დიდი ჩინური ინვესტიცია საქართველოში ჯერ არ გვინახავს. ჩინეთიდან არც ტურიზმის მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება - ანუ ცარიელი რიტორიკის მიღმა ჩვენ ვერ ვხედავთ ამ სტრატეგიული პარტნიორობის სერიოზულ შედეგებს. აზერბაიჯანი ჩინეთთან ურთიერთობაში ჩვენზე წარმატებულია, მეტიც, რამდენიმე თვის წინ შეისყიდა ჩინური ავიაგამანადგურებლები, რომლებსაც პაკისტანი და ჩინეთი ერთად აწარმოებენ. ამიტომ ჩინეთთან წარმატებული პარტნიორობა უფრო შიდა მოხმარების პროპაგანდისტული პროდუქტია, რომელიც მიმართულია იმის საჩვენებლად, რომ აი, პრორუსები არა ვართ და ჩინეთით ურთიერთობას ვაბალანსებთო. ჩინეთს რომ კავკასიაში დიდი ინტერესები არა აქვს, აშკარაა და მეორე, ჩინეთი რუსეთს უსაფრთხოების თვალსაზრისით არ დაუპირისპირდება.
- როგორი იქნება საქართველოს სამეზობლო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში?
- 90-იანი წლების შემდეგ პირველად ვართ იმ ეტაპზე, როცა საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და ჩნდება კონკურენცია ზანგეზურის დერეფნის სახით. საერთო დიდ სურათს თუ შევხედავთ, მნიშვნელოვანია, როგორ იმოძრავებს ცენტრალური აზიის ტვირთი. დღეს თუ ის საქართველოს გავლით მიდის თურქეთისკენ, საინტერესოა, სად გაივლის სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ. თუმცა ამას 5-6 წელი მაინც დასჭირდება. საქართველოსთვის ეს უნდა იყოს გამოფხიზლების მომენტი, რადგან ასეთ სიტუაციაში ქვეყანამ უნდა იფიქროს ახალი, უფრო დიდი გამტარუნარიანობის მქონე რკინიგზების, პორტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე...
დამთავრდება თუ არა რუსეთ-უკრაინის ომი 2026 წელს?!
- ვერ ავცდებით რუსეთ-უკრაინის ომს და ტრამპის სამშვიდობო გეგმას. რეალურია თუ არა ევროპის შეშფოთება, რომ პუტინი ამით არ დაკმაყოფილდება და რუსეთის აგრესია სხვა ქვეყნებსაც დაემუქრება?
- არ ველი, რომ უახლოეს მომავალში ომი შეწყდება. უკრაინას არ უჭირს ისე, რომ ასეთ წამგებიან შეთანხმებაზე წავიდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი პოზიციებს ასე უბრალოდ ვერ დათმობს. რა თქმა უნდა, ტრამპის ადმინისტრაცია მედიატორის როლის შესრულებას კვლავ ეცდება და იქნება ახალი მოლაპარაკებებიც... სანამ უკრაინაში ომი არ დამთავრდება, არა მგონია, რუსეთი სხვა ქვეყნებსაც დაესხას თავს.
- ხელისუფლების მხარდამჭერების პოზიციიდან გკითხავთ: თუ ევროპას ეშინია რუსეთის თავდასხმის, მაშინ რატომ არ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებასაც ეშინოდეს ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და იმის გათვალისწინებით, რომ არც ევროკავშირის წევრია და არც ნატოს ქოლგა ფარავს? იქნებ სწორედ აქედან გამომდინარეობს ეს ანტიდასავლური რიტორიკაც?
- ესეც იმ დაშვებას ეფუძნება, თითქოს "ქართულ ოცნებას" ომის თავიდან არიდება სურს, მაგრამ არ მესმის, რისი მიღწევა შეიძლება უნდოდეს რუსეთს საქართველოს ძალისმიერი დაპყრობით, როცა ისედაც ყველაფერს მიაღწია: მას აღიარებული აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლის ოკუპაციაც თავად მოახდინა, 2008 წლის ომით რუსეთმა საბოლოოდ დაბლოკა საქართველოს ნატოში გაწევრება. დღეს კი საქართველო საწინააღმდეგო ნაბიჯებს ისედაც არ დგამს, რომ რუსეთმა ომი დაუწყოს. თუმცა რუსეთს ომისთვის მიზეზი არც სჭირდება. მას აქვს თავისი იმპერიალისტური მიზნები და თუ მოუნდება, მიზეზს და საბაბს გამოიგონებს. რაც შეეხება "ქართული ოცნების" დღევანდელ პოლიტიკას, თავისუფლადაა შესაძლებელი რუსეთთან გქონდეს კონსტრუქციული ურთიერთობა, მაგრამ ამის პარალელურად უკიდურესად მდაბიო და დაბალი დონის შეურაცხყოფას არ აყენებდე დასავლელ პარტნიორებს. "ოცნებამ" კი ეს არჩევანი თავად გააკეთა. მთავარი კითხვა ის არის: ხელისუფლება ამას მშვიდობისთვის აკეთებს, თუ იმისთვის, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია მას ავტორიტარიზმის ჩამოყალიბებაში უშლის ხელს?! ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, ავტორიტარული ძალაუფლების კონსოლიდაცია, რაშიც ხელს უშლიდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნა და ის დემოკრატიული სტანდარტები, რაც ევროკავშირში ინტეგრაციისთვის აუცილებელია.
ტრამპის ერთი წელი: დაიწყება თუ არა ახალი ომები 2026 წელს?!
- შეაფასეთ ტრამპის ერთი წელი და ძალთა რა გადანაწილებაა მოსალოდნელი მომავალ წელს მსოფლიოში?
- ტრამპის ერთი წელი დატვირთული იყო სერიოზული მოვლენებით: ტარიფების დაწესება მსოფლიოსთვის, ჩინეთთან სავაჭრო ომი, ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და ტრამპის ცდები, დაესრულებინა ომები. ალბათ, ის გააგრძელებს ამ პოლიტიკას, თუმცა სერიოზული დარტყმა ელის შუალედურ არჩევნებზე, როცა აშშ-ში აირჩევენ ახალ წარმომადგენელთა პალატას და სენატის წევრების მესამედს. საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ მისი პარტია, მინიმუმ, ქვედა პალატას დაკარგავს, რაც დამატებით ძალაუფლებას მისცემს დემოკრატებს. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებები ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე დიდ გავლენას არ ახდენს. რაც შეეხება ძალთა გადანაწილებას მსოფლიოში, ამ მიმართულებით პირველ რიგში უნდა ველოდოთ აშშ-ევროკავშირის ურთიერთობის გაუარესებას. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და კიდევ უფრო გამწვავდება. ევროპული ქვეყნები ეცდებიან სტატეგიულ ავტონომიას მიაღწიონ, რათა ნაკლებად იყონ დამოკიდებული ამერიკაზე. ასევე მათ მოუწევთ კიდევ უფრო გაზარდონ უკრაინის დახმარება. აქტუალური იქნება რუსული აქტივების ჩამორთმევის საკითხი და ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა... აქტუალური გახდება ერთიანი ევროპული არმიისა და უსაფრთხოების საკითხი. ჩინეთის მიმართულებით კი უნდა ველოდოთ მისი ეკონომიკური დომინაციის ზრდას მსოფლიოში. ჩინეთისგან სამხედრო აგრესია არ არის მოსალოდნელი, რადგან ეს არ არის მისი პოლიტიკა. ის გაზრდის თავის ეკონომიკურ გავლენას და ფინანსურ ინტერესებს გაიმყარებს ცენტრალურ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. გააგრძელებს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და სტრატეგიული ობიექტების შესყიდვას. უნდა ველოდოთ იმასაც, რომ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის შემდეგ შეიძლება ხელახლა დაიწყოს ის სავაჭრო ომები, რომლებიც ახლა დაპაუზებულია. მოსალოდნელია, განახლდეს ამ ორ სახელმწიფოს შორის ტარიფების ომიც, რაც ტრამპს პოლიტიკურად დააზარალებს, რადგან ეს ნიშნავს, რომ ამერიკაში გარკვეული პროდუქცია გაძვირდება, რაზეც ამერიკელი საზოგადოება ძალიან მტკივნეულად რეაგირებს.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ არა ვართ მსოფლიო მოვლენების ეპიცენტრში. ჩვენი ხელისუფლების მიზანიც ეგ არის, რომ საქართველოს საკითხი არ იყოს აქტუალური და ჩვენი ქვეყნის სახელი არ ფიგურირებდეს საერთაშორისო დისკუსიებში, რათა მათ ჩუმად და იმავე რეჟიმში გააგრძელონ საკუთარი პოლიტიკის გატარება. თუმცა, იმავდროულად, ეცდებიან მიაღწიონ იმ ტიპის ლეგიტიმაციას, რომელიც გულისხმობს, რომ მსოფლიომ ისინი მიიღოს ისეთებად, როგორებიც არიან და არავინ მოსთხოვოს დემოკრატიული სტანდარტების დაცვა.
დაიწყება თუ არა ანაკლიის პორტის მშენებლობა?!
მამუკა არეშიძე: - საქართველო არ არის დიდი მოთამაშე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ შეგვიძლია მნიშვნელოვან მოთამაშედ ვიქცეთ რეგიონის ერთ ფორმატში მოქცევით, თუ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა ერთ იდეაზე იქნება ორიენტირებული, პირველ რიგში, ეკონომიკური თვალსაზრისით.
- რა როლი რჩება რეგიონში საქართველოს მაშინ, როცა ტრამპი ჩართულია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარების საქმეში, ასევე მიმდინარეობს საუბრები აშშ-თან სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე?
- აზერბაიჯანიც და სომხეთიც ამერიკისთვის უმცროსი რანგის პარტნიორები არიან. ასევე ვართ ჩვენც. ამ ტიპის ხელშეკრულებები სინამდვილეში მიმართულია სხვა ძლიერი მოთამაშის წინააღმდეგ. ვგულისხმობ რუსეთსაც და ჩინეთსაც. სანქციებმა და ომმა რუსეთს უმსხვილესი სატრანზიტო სივრცის ფუნქცია დააკარგვინა. აშშ ცდილობს ეს ფუნქცია გადაანაწილოს წვრილ პარტნიორებს შორის. ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია, შუა დერეფანმა იმუშაოს, აშშ კი მას შუა დერეფნიდან ევროპისკენ გასასვლელს უკეტავს და ამით მიანიშნებს, რომ სიტუაციას ის აკონტროლებს.
- რას იტყვით საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე? თავის დროზე ეს შეთანხმება კრიტიკის ობიექტი გახდა იმის გამო, რომ მასში საქართველოს ინტერესი თანაბრად გათვალისწინებული არ არის...
- მოდი, შევხედოთ ჩინეთის გავლენის დონეს მსოფლიოზე, და შევხედოთ საქართველოს. ჩვენ ამბიციური ხალხი ვართ და ნაცვლად იმისა, საღად შევხედოთ ფაქტებს, მაკვირვებს ეს მწვავე შეფასებები. რასაკვირველია, ცუდია, რომ დოკუმენტში ხაზგასმა არ არის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, მაგრამ შევხედოთ, როგორია დღეს მსოფლიო მოცემულობა. ეს გაუაზრებელი ამბიციურობა გვღუპავს. ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ეკონომიკური ბაზის შექმნა ევროპასთან ახლოს და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ.
- ამ კონტექსტში როგორ გესახებათ ანაკლიის პორტის ბედი?
- ანაკლიის პორტის აშენება მხოლოდ დღევანდელ ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე არ არის დამოკიდებული. ანაკლიის პორტი გეოპოლიტიკური ინიციატივაა და მას ვერ განახორციელებს პატარა ქვეყანა, თუ გვერდით ძალიან მსხვილი მოთამაშე არ უდგას, რომლის ინტერესებშიც შედის ეს პროექტი. თავის დროზე ამერიკელები. ამ პორტის მშენებლობით არ იყვნენ დაინტერესებული, რადგან ხელისშემშლელი ფაქტორი მეტი იყო თურქეთისა და რუსეთის სახით, გარკვეულ მომენტში ამერიკელებს გაუჩნდათ სურვილი, თუმცა შემდეგ ვითარება შეიცვალა. თან გავითვალისწინოთ, რომ მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეების გარდა არსებობენ მსხვილი ეკონომიკური მოთამაშეებიც, რომლებიც პოლიტიკისკენ იხრებიან, მათ შორის მსხვილი გადამზიდი კომპანიებიც. დღეს პროექტში ჩინური ინვესტიციის შესვლის მიუხედავადაც, ანაკლიის პორტი არ შენდება, რადგან ჩინურმა კომპანიამაც თითქმის იგივე პირობები დააყენა, რაც ხაზარაძის დროს იყო.
- საქართველოსთვის რომელი ინვესტიცია უფრო მომგებიანი იქნებოდა?
- საქმე ის კი არ არის, რომ ჩინელებმა ვერ მოილაპარაკეს საქართველოს ხელისუფლებასთან. ეს არის გეოპოლიტიკური ჯახის შედეგი. ერთმანეთზე ძალიან ბევრი გარემოება და ფაქტორია გადაჯაჭვული. სანამ მსხვილი პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშეები არ მოილაპარაკებენ, ასეთი პორტების მშენებლობა ან გაჭიანურდება, ან შეფერხებებით გაგრძელდება. იგივე შეგვიძლია ვთქვათ შუა დერეფანზეც, რომელზეც წლებია, საუბარია, მიუხედავად ამისა, სერიოზული გადაწყვეტილებები არ მიღებულა. ასევე გაჩერებულია ტრანსკავკასიური პროექტებიც, მაგალითად, "ნაბუკო" და სხვ. თუნდაც ის პროექტი, რაზეც საქართველოს პრემიერმა თურქმენეთში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა და თურქმენეთის ენერგომატარებლების საქართველოზე გატარებას შეეხება. ეს პროექტი 30 წელზე მეტია არსებობს და იმდენი მტერი ჰყავს, ვერაფრით დაიძრა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპისთვის იაფი თურქმენული გაზი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
- ექსპერტთა ნაწილის აზრით, მთავრობის მეთაურის თურქმენეთში ვიზიტი რეპუტაციულადაც აზიანებს ქვეყანას. თქვენ რას ფიქრობთ, უნდა ჩასულიყო ჩვენი დელეგაცია თურქმენეთში ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლობით?
- კამათს არ დავიწყებ იმაზე, საქართველოს დელეგაცია რა შემადგენლობით უნდა ჩასულიყო აშხაბადში, მაგრამ ამ ღონისძიებაში ქვეყანას მონაწილეობა უნდა მიეღო! ეს არის ჩვენი სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი და თუ მსგავს ღონისძიებებზე უარს ვიტყვით, მაშინ გავხდებით ჩაკეტილი ქვეყანა! ამ შემთხვევაში ძალიან მალე დამთავრდება ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ფაქტი. რაც შეეხება პუტინთან ფოტოს, ეს არასერიოზული მიდგომაა! როდესაც სააკაშვილი ჩავიდა რუსეთში და პეტერბურგში პუტინის გვერდით დადგა, აზრადაც არ მომსვლია, როგორ გაბედა და მის გვერდით დადგა-მეთქი! დიდ პოლიტიკაში ეს მიუღებელი შეფასებაა.
- როგორ განვითარდება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, შეუჩერდება თუ არა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია?
- არა მგონია, საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიზღუდოს უვიზო მიმოსვლა, მაგრამ, სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმი შეუჩერდება ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებსა და ჩინოვნიკთა ნაწილს, თუმცა ესეც დროებითი მოვლენა იქნება, რადგან ყველა პოლიტიკური ნაბიჯი თანამედროვე მსოფლიოში დროებითია, რომელიც ხვალ შეიძლება შეიცვალოს. ჩვენი, როგორც პატარა ქვეყნის ამოცანაა, რაც შეიძლება აქტიური ვიყოთ რეგიონულ სივრცეში, აქტიური ვიყოთ იმ ქვეყნებთან, რომლებიც მიგვაჩნია პარტნიორებად და სამომავლო პარტნიორებად. ასევე ინიციატივა გამოვიჩინოთ რეგიონული პოლიტიკისა და ეკონომიკის კონტექსტში.
- რა უნდა ქნას საქართველომ, რომ "თამაშგარე მდგომარეობაში" არ აღმოჩნდეს?
- ჩვენ ისეთი მოცემულობა გვაქვს განსაკუთრებით სატრანზიტო თვალსაზრისით, რომც გვინდოდეს, თამაშგარე ვერ აღმოვჩნდებით. სამხრეთ კავკასიაში შავ ზღვაზე გასასვლელი მარტო საქართველოს აქვს. ეს ფაქტორი უნდა გამოვიყენოთ. უნდა გავიაზროთ და გავიაროთ ის გზა, რაც თავის დროზე გაიარა ისრაელმა. მან სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო მაშინ, როცა მილიონსაც კი არ აღწევდა მოსახლეობის სახელმწიფოს მშენებლობაზე ორიენტირებული ნაწილი, ანუ ებრაელები. ჩვენ შეგვიძლია მაქსიმალურად გამოვიყენოთ საკუთარი, თუნდაც ინტელექტუალური რესურსი იმისთვის, რომ ბევრად საინტერესო სახელმწიფო შევქმნათ. ჩვენ გვაქვს დიპლომატიური, ინტელექტუალური და ბევრი სხვა სახის რესურსი, რომელთაც უაზრო პოლიტიკანობაში ვფლანგავთ.
"დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკა ბინძური და "ცინიკურია"
- რა გავლენას მოახდენს საქართველოზე რუსეთ-უკრაინის ომის დაპაუზება ან შეჩერება?
- გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ომი არ შეჩერდება. თუ დაპაუზდა, საქართველოსთვის ვითარება მაინც არ იცვლება. ბოლო პერიოდში უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ რამდენიმე მომგებიანი სვლა გააკეთა, რითაც საკუთარი იმიჯი ბევრად გაიმყარა და მოწინააღმდეგეს ძალიან დიდი რეპუტაციული დარტყმა მიაყენა: ეს არის კუპიანსკის შემთხვევა, როცა ზელენსკი ჩავიდა ქალაქში, რომელიც, წესით, რუსებს აღებული უნდა ჰქონოდათ. ის ასევე დათანხმდა არჩევნების ჩატარებას და მოითხოვა 90 დღე. უკრაინის პრეზიდენტმა ამით მტერს მანევრირების საშუალება აღარ დაუტოვა. ახლა ბევრია იმაზე დამოკიდებული, რა შედეგები დადგება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ომი არ შეწყდება, ომი შეჩერდება. შეჩერებასა და შეწყვეტას შორის დიდი განსხვავებაა. საქართველოს მდგომარეობა არ შეიცვლება, მაგრამ თუ საქართველო არ გააქტიურდა, არა აქვს მნიშვნელობა, შეჩერდება თუ არა ეს ომი. სამწუხაროა ის, რასაც ვამბობ, მაგრამ ხშირად დიდი პოლიტიკა სხვის უბედურებაზე კეთდება. ეს ომი გვაძლევს შანსებს ისევე, როგორც მოგვცა ყარაბაღის ომმა, რადგან რომ არა ყარაბაღის ომი, ენერგომატარებლები საქართველოზე არ გაივლიდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შექმნილი ვითარება უნდა გამოვიყენოთ და პოლიტიკანობაში კი არ დავხარჯოთ დრო, არამედ საქმის კეთებასა და ქვეყნის მშენებლობაში. დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკა ბინძური და ცინიკურია. ჩვენ სხვა გზა არ გვრჩება, რომ ამ პოლიტიკას სწორი შეფასება მივცეთ და საქმე ვაკეთოთ.
- ხედავთ საქართველოში შიდაპოლიტიკური კრიზისის დაძლევის რეალურ გზებს?
- გზა ყოველთვის არსებობს და ეს არის კომპრომისი, თუმცა ამაზე ორივე მხარემ უარი თქვა. ვითარება ძალზე კრიტიკულია. საჭიროა საზოგადოების გააქტიურება, რათა პოლიტიკურ მხარეებს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვოს. საქართველოში არსებობენ ადამიანები, ვისაც არანაკლები პოლიტიკური გამოცდილება აქვს და ბევრად უფრო საღად ხედავენ მოვლენათა განვითარებას.
- როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება, რომ აშშ-თან დაათბოს ურთიერთობა?
- ამერიკის ინტერესი საქართველოდან არსად წასულა. ხელისუფლება მუშაობს ლობისტურ ჯგუფებთან, რომლებიც აშშ-ის პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან მუშაობენ. გაგიკვირდებათ და, ამერიკიდან მოსული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო უნდა გააქტიურდეს კონკრეტულ ეკონომიკურ მიმართულებებში. მხარი უნდა დაუჭიროს ტექნოლოგიურ განვითარებას, უნდა შეიქმნას ტექნოლოგიური განვითარების ცენტრი. უნდა გააქტიურდეს ტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებაშიც. სწორედ ამაზე მუშაობენ ახლა ჩვენი მეზობლები: სომხები და აზერბაიჯანელები. ორივე ქვეყანას, განსაკუთრებით სომხეთს, ამერიკული დაფინანსება ეძლევა სწორედ იმისთვის, რომ მაქსიმალურად განავითაროს ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტაცია სახელმწიფოს მართვის სისტემაში...
დღეს საქართველო ტრანსნაციონალური თვალსაზრისით მხოლოდ ერთი ქვეყანა არ არის, ის სამხრეთი კავკასიაა და დიდ პოლიტიკაში მარტივად არაფერი ხდება.
შორენა ბიწაძე