მთავარი პროგნოზი ანუ დასრულდება თუ არა პოლიტიკური კრიზისი 2026 წელს?!
რა მოლოდინით ვხვდებით მომავალ წელს, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოსებს, ირაკლი მელაშვილს, გია ხუხაშვილსა და დავით ზურაბიშვილს ვესაუბრებით.
როდის დაიწყება დიდი შემობრუნება ქართულ პოლიტიკაში?!
ირაკლი მელაშვილი: - 2008 წლის ომის შემდეგ 2025 წელი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი გამოდგა - საქართველომ მოახერხა და გაიფუჭა საგარეო ურთიერთობები ყველა პარტნიორ ქვეყანასთან. დაძაბულობა შეიმჩნევა ჩვენს უახლოეს მეზობლებთან, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთთან ურთიერთობაში ბოლო დროს გამოიკვეთა.
მეორე და დიდი უბედურება ის არის, რომ ეს წელი დაახლოებით 150 პოლიტპატიმრის გაჩენის წელია. საქართველოს დამოუკიდებლობიდან მოყოლებული არასოდეს გვყოლია ამდენი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანი. იმ დღეს ვკითხულობდი პრეზიდენტად მომუშავე მიხეილ ყაველაშვილის არა მარტო უცნაურ, უსინდისო განცხადებებს პოლიტპატიმრებზე. ადამიანი, რომელიც სრულიად შემთხვევით მოხვდა ძალაუფლებაში და ახლა ამით ტკბება, რაღაც ისეთი ზემდგომი ტონით ამბობს, ჯერ აღიარონ და მერე ვიფიქრებ, შევიწყალო თუ არაო, თითქოს მართლა თვითონ შეეძლოს რამის გადაწყვეტა.
მესამე, რა თქმა უნდა, არის ის შეუპოვრობა, რომლითაც მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს ხელისუფლების პოლიტიკას. არც ხელისუფლება, არც ჩვენი მეგობრები ქვეყნის გარეთ, არავინ ელოდა, რომ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდებოდა აქციები. ხელისუფლებამ ვერანაირი რეპრესიული კანონებით ვერ შეძლო მისი შეჩერება.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ხელისუფლების პრიორიტეტი, რაც ბოლო დღეებში მათი განცხადებებით დასტურდება, ყოფილა "დიფ სთეითთან" ბრძოლა. ამას ამბობენ დეპუტატები, პოლიტიკური თანამდებობის პირები. ჩემი აზრით, ეს ფსიქიატრიული მიმართულების განცხადებებია - პოლიტიკური თანამდებობის პირები თუ ფიქრობენ, რომ მთავრობის ამოცანა წარმოსახვით "დიფ სთეითთან" ბრძოლაა და არა ის, რომ ამ ქვეყანას მეტი მეგობარი, მხარდამჭერი ჰყავდეს, მართლაც შავ დღეში ვყოფილვართ. ქვეყანას მართავენ ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არა აქვთ, რა არის მთავრობის დანიშნულება.მიუხედავად ამისა, არ მაქვს იმედი, რომ მომავალ წელს სიტუაცია გამოსწორდება. პოზიტიური მოლოდინი უფრო იმას უკავშირდება, რომ ბევრად დასუსტდება რუსეთი, უკრაინაში ომი დასრულდება ისე, რომ რუსეთი ვერ მიაღწევს თავის მიზნებს და ამან შეიძლება გამოიწვიოს შემობრუნება ქართულ პოლიტიკაში. ამ საგარეო ფაქტორების ერთობლიობამ უფრო შეიძლება შეცვალოს საქართველოში პროცესები, ვიდრე იმან, რომ ხელისუფლება ჭკუაზე მოვა და გონივრული პოლიტიკის გატარებას დაიწყებს.
საქართველო ახლა ამოვარდნილია დასავლური სამყაროს დღის წესრიგიდან. ჯერ მიშვებული ჰყავთ საქართველოს მთავრობა. მნიშვნელოვანია, დაიწყება თუ არა გამოძიება იმ ფაქტზე, რაც BBჩ-ის ფილმში ვნახეთ. ეს ხელისუფლების პრობლემაა, მიუხედავად იმისა, რომ თქვეს, გამოძიება დასრულებულია, სუს-მა გამოიძია ყველაფერი და არაფერიც არ მომხდარაო. თუმცა ყველაფერი იმდენად თეთრი ძაფით იყო ნაკერი, რომ მათი მომხრეებიც კი გააოცა სუს-ის გამოძიებამ. რას გადაწყვეტს ამაზე ევროკავშირი, შესაძლოა მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდეს ქვეყნისთვის და უპირველესად მთავრობისთვის. სამწუხაროდ, მომავალი წლისთვის კარგს ვერაფერს ვხედავ საქართველოსთვის. არ მჯერა, რომ ხელისუფლებას გონება გაუნათდება და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს. რომც დანიშნოს, ოპოზიცია ისეთ მდგომარეობაშია, მაინცდამაინც დიდი შედეგის მიღწევის შესაძლებლობასაც ვერ ვხედავ.
- ოპოზიციური პარტიების გაუქმებისთვის სარჩელი უკვე შეტანილია. ფიქრობთ, რომ მართლაც აკრძალავენ? თუ ასეა, რა მოხდება ოპოზიციურ ველზე?
- თუ გააქტიურდება ეს საკითხი, შეიძლება ეს უარესიც იყოს ხელისუფლებისთვის, რადგან 13 წლის განმავლობაში საფრთხობელად ჰყავდათ "ნაცმოძრაობა". თუ გააუქმებენ, მაშინ ეს საფრთხობელა აღარ იარსებებს. მთავარი პრობლემა ის კი არ არის, ხელისუფლება რას იზამს, არამედ ის, რომ საქართველოში შეიქმნას ალტერნატივა, გაჩნდეს პოლიტიკური ძალები, რომლებიც რეალურად ისაუბრებენ მოსახლეობის პრობლემებზე და არ ექნებათ ასეთი დამოკიდებულება, რა დროს მოსახლეობის პრობლემებია, აგერ, ევროინტეგრაცია შეჩერებულია, ვიზალიბერალიზაციას ვკარგავთო და ა.შ. თუ ოპოზიცია არ შემოტრიალდა საზოგადოებისკენ და არ დაიწყო საუბარი მის პრობლემებზე და არ აჩვენა ხალხს, რომ ხელისუფლების შეცვლა მდგომარეობის გაუარესებას კი არა, გაუმჯობესებას მოიტანს, და არ გაითვალისწინა ამ წლების განმავლობაში დაშვებული შეცდომები, მაშინ არაფერი შეიცვლება.
გაჩნდება თუ არა ახალი ოპოზიციური ძალა?!
- გაქვთ მოლოდინი, რომ ოპოზიცია შეძლებს ალტერნატივის გამონახვას?
- ვიცი, ბევრი ფიქრობს, რომ ცვლილებებია საჭირო. ოპოზიციაში ბევრი ცდილობს რაღაცები დაალაგოს და შეკრიბოს ხალხი, რომელიც უპირველესად ჩამოაყალიბებს იმ ალტერნატიულ ხედვებს, რაც საჭიროა იმისათვის, რომ საზოგადოებაში იმედი გაჩნდეს. მაგრამ ვიმეორებ - ეს ძალიან რთული პროცესია, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში მოუწევს ყველას ბრძოლა ხელისუფლების წნეხის გამო. მართლა ხომ არ გვჯერა, რომ ხელისუფლება მხოლოდ "ნაცებს" ებრძვის, ის ებრძვის ნებისმიერ ოპოზიციურ აზრს, რომელმაც შეიძლება ხელისუფლება შეცვალოს და ცდილობს დაასუსტოს ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ექნება პრეტენზია და შანსი ხელისუფლების შეცვლისა.
ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საგარეო ფაქტორზე, იმაზეც, თუ როგორი ეკონომიკური მდგომარეობა იქნება. ბოლო თვეებში ჩანს ნიშნები, რომ ეკონომიკაში არის გარკვეული სტაგნაცია და შემოსავლების შემცირება. მაგრამ შეუძლებელია ამ ტიპის ხელისუფლების პირობებში რაიმეს პროგნოზირება. უბრალოდ, გადაწყვეტილებები შეიძლება იქნეს მიღებული იმის გამო, რომ დღეს ვიღაც კარგ ხასიათზე ადგა, ან ვიღაცამ ცუდ ხასიათზე გაიღვიძა, ან ვიღაცამ ცუდი თუ კარგი სიზმარი ნახა. არანაირი ლოგიკა არ არის იმაში, რომ საქართველო მთელ ცივილიზებულ სამყაროს წაეჩხუბა, გაიფუჭა ურთიერთობა ყველა მეზობელთან ამა თუ იმ ფორმით. ამის არანაირი ობიექტური რეალობა არ არსებობდა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის აღდგენისთვის ჩვენ გამოვსულიყავით ხელის შემშლელი ფაქტორი და ამითი დაგეძაბა ურთიერთობა ერთთანაც და მეორესთან, მაგრამ ეს მაინც გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ. ამიტომ ახლა რაიმე სერიოზული ანალიზი, თუ რას იზამს ეს ხალხი, სრულიად წარმოუდგენელია.

"პოლიტიკური ლოგიკით, არჩევნები მომავალ წელს უნდა ჩატარდეს, თუმცა..."
გია ხუხაშვილი: - ეს წელი, შეიძლება ითქვას, ძალიან მძიმე იყო. ფაქტობრივად, ხელისუფლება მთელი წლის განმავლობაში პერმანენტული სახელმწიფო გადატრიალების რეჟიმშია - ის თვითონ სდებს ბრალს საზოგადოების კრიტიკულად განწყობილ ნაწილს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში და სინამდვილეში თვითონ უწყობს ერთგვარ პერმანენტულ გადატრიალებას იმით, რომ ყოველდღიურად არღვევს კონსტიტუციას, რომელიც ხელისუფლებისგან ითხოვს მაქსიმალურ ძალისხმევას ევროპულ სტრუქტურებსა და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრების დასაჩქარებლად, ხელისუფლება კი უკვე შეუქცევად ხასიათს აძლევს ქვეყნის იზოლაციის პროცესს.
ეს წელი აღსანიშნავი იყო იმითაც, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად, ავტორიტარიზმიდან დიქტატურის ფაზაში გადავიდა, პოლიტიკურმა დევნამ ლეგალური ხასიათი მიიღო. კანონმდებლობით მყარდება ერთპარტიული სისტემა, რომელიც გამორიცხავს ალტერნატიულ პოლიტიკურ თუ სამოქალაქო აქტივობას.
- რა პირობებს ქმნის ეს ყველაფერი მომავლისთვის?
- მე პროგნოზებისგან თავს შევიკავებდი, რადგან დღეს სერიოზული პოლიტიკური ალტერნატივა არ ჩანს. ამასთან, ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს მოვლენების შემდგომ განვითარებაზე გავლენას. ეს არა მხოლოდ შიდა პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკასაც უკავშირდება. უნდა გვესმოდეს, რომ ამ დიდ გლობალურ პროცესში, როდესაც ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება, ჯერ ბევრი რამ ბუნდოვანია და ვფიქრობ, ეს საქართველოზეც დიდ გავლენას ახდენს. როგორც დალაგდება ყველაფერი იქ, ალბათ, სინქრონულად დალაგდება საქართველოშიც. თუმცა, ბუნებრივია, შიდაპოლიტიკური პროცესის გამოცოცხლებაც საჭიროა, აქ კი უფრო სერიოზული პრობლემები გვაქვს. რეალური ძალა, რომ ამ პოლიტიკურ ომში დაუპირისპირდეს ხელისუფლებას, არ ჩანს. ომი ხომ მაინც რესურსებით იზომება?
- რისი ბრალია, რომ არ ჩანს? რაც დრო გადის, ეს პრობლემა უფრო მეტად იკვეთება. თითქოს გვყავს აქტიური საზოგადოება, ოპოზიციაც, ასე თუ ისე, არსებობს, მაგრამ ეს ძალა რატომ ვერ ჩნდება?
- ძალიან მარტივი მიზეზით - ეს პროტესტი, რომელიც ძალიან მასშტაბურია, ძალიან დაქსაქსულია სხვადასხვა სოციალურ და პროფესიულ ჯგუფში. ბევრჯერ მითქვამს, ნებისმიერ ომში არმიას გამარჯვებისთვის სარდლობა სჭირდება. ვიღაცამ უნდა გააერთიანოს ეს დაქსაქსული ჯგუფები, უნდა მოახდინოს ამის კაპიტალიზაცია და აი, ეს მხარე არ ჩანს. არ ჩანს ლიდერი ან ლიდერთა ჯგუფი, რომელსაც შეუძლია ეს დიდი ენერგია კალაპოტში მოაქციოს. ხელისუფლების ამოცანაა, პირიქით, რაც შეიძლება მეტად დააქუცმაცოს ეს ყველაფერი და სამზარეულოებში შერეკოს.

"შესაძლოა "ნაცმოძრაობა" და "ახალი" აკრძალონ, "ლელო" კი არა..."
- "ოცნება", ფაქტობრივად, მთელი ოპოზიციის გაუქმებას აპირებს და მომავალ წელს რას უნდა ველოდოთ?
- პარტიების აკრძალვის საკითხი ჯერ გამოკიდებულია ერთგვარ სავაჭრო თემად. თუმცა გამორიცხული არ არის, იმიტომ, რომ ხელისუფლების ამოცანაა ე.წ. სუვერენული დემოკრატიის, რუსული ტიპის სუვერენული დემოკრატიის დამკვიდრება, რომელიც არ გულისხმობს რეალურ პოლიტიკურ ალტერნატივას, რომელიც გულისხმობს მხოლოდ დომინანტურ პარტიას და მის სატელიტ ოპოზიციას ანუ ხელის ოპოზიციას. ხელისუფლებას ბუნებრივია, არ აწყობს ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ არიან მართულები. არ არის აუცილებელი მხოლოდ პარტიების გაუქმება, ვიღაცას მოისყიდიან, ვიღაცას დააშანტაჟებენ და ა.შ. ალბათობა იმისა, რომ "ნაცმოძრაობას" და "ახალს" გააუქმებენ, საკმაოდ დიდია. რაც შეეხება "ლელოს", შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს შეუნარჩუნონ სახე და ამ პარტიასთან დაკავშირებით რაღაც სხვა გადაწყვეტილება მიიღონ, ან სულაც არ მიიღონ. ყველაფერი თანდათან გამოჩნდება, თანაც პარალელურად, როგორც გითხარით, საგარეო პროცესი მიდის და შესაბამისად, ეს ყველაფერი შეიძლება ვაჭრობის საგანიც გახდეს, იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება ეს დიდი გლობალური პროცესი.
- საგარეო ფაქტორი ახსენეთ და, ბოლო დღეებში თითქოს რიტორიკა კიდევ უფრო გამკაცრდა ტრამპის მიმართ, რადგან ის "დიფ სთეითს" ვერ ამარცხებს"...
- ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ეს, ასე ვთქვათ, თავის დაზღვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს რაღაცნაირად გამოასწოროს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, რათა ტრამპმა, ბოლოს და ბოლოს თქვას, კი ბატონო, ესენი მამაძაღლები არიან, მაგრამ იყვნენ, ჯანდაბას, ჩემი მამაძაღლები არიანო. მაგრამ, როგორც ჩანს, იქ არ მიდის საქმე იმდენად ოპტიმისტურად ამათთვის და თავს იზღვევენ, აი, ტრამპიც დაამარცხა "დიფ სთეითმაო".
- ვადამდელი არჩევნების შანსს თუ ხედავთ მომავალ წელს?
- პოლიტიკური ლოგიკით აუცილებლად უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები ორივე შემთხვევაში. რა არის ეს ორივე შემთხვევა? - ჩვენ ვბრუნდებით რუსეთის იმპერიაში, ან ქვეყანა უბრუნდება ევროპული განვითარების გზას. ორივე შემთხვევაში არჩევნები გარდაუვალია, იმიტომ, რომ თუ რუსეთის იმპერიაში ვბრუნდებით, მაშინ 78-ე მუხლი კონსტიტუციიდან ამოსაღებია და დღევანდელ კოჭლ პარლამენტს ამის შესაძლებლობა არა აქვს. შესაბამისად, იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, ხელისუფლებას სჭირდება აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება პარლამენტში და ამას თავისთავად სჭირდება არჩევნები. მეორე მხრივ, თუ ვუბრუნდებით ევროპულ გზას, ევროპული გაგებით ეს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური და შესაბამისად, ლეგიტიმაციის დასაბრუნებლად სჭირდება არჩევნები. ასე რომ, ორივე ამ პოლიტიკური ლოგიკით არჩევნები მომავალ წელს უნდა ჩატარდეს. თუმცა საქართველოში ყველაფერი არ ხდება პოლიტიკური ლოგიკით და ანომალიები საკმაოდ ხშირია.
- დავუშვათ, ჩატარდა. ოპოზიცია ან საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ხელისუფლების მოწინააღმდეგეა, მზად არის ამ არჩევნებისთვის?
- მზად რომ არ არის, ვიცით. ჩვენ გვჭირდება ოპოზიციის არათუ განახლება, ჩვენ გვჭირდება საერთო აფგრეიდი, ანუ სისტემური გადატვირთვა ოპოზიციაში. ვფიქრობ, უნდა გაიხსნას სივრცე ახალი თაობის პოლიტიკოსებისთვის. ახლებურად მოაზროვნე ახალი ლიდერები გვჭირდება და რაც მთავარია, ნაკლებად კომპრომეტირებული.

"მე უფრო "დაუსრულებელ საშინელებას" ველოდები"
დავით ზურაბიშვილი: - ერთი წლის განმავლობაში ასეთი უწყვეტი პროტესტი ნიშნავს, რომ ხალხში საპროტესტო განწყობა ძალიან ძლიერია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ოპოზიციური სპექტრი ამ უკმაყოფილებას ვერ პასუხობს. შედეგად მივიღეთ ის, რომ ხელისუფლება დღეს იმაზე მეტად კონსოლიდირებულია, ვიდრე ოდესმე.
- საგარეო კურსზე რას იტყვით?
- ხელისუფლებამ მკაფიო უარი თქვა ევროკავშირზე, მაგრამ რა სივრცეში მოიაზრებენ თავს, ამასაც ჯერ ვერ გვეუბნებიან. თუმცა, თუ აშხაბადში და იმ ლიდერების გარემოცვაში წყდება ჩვენი ბედი, როგორც ბატონმა ვოლსკიმ გვითხრა, პრინციპში გასაგებიცაა, რა სივრცეზეც არის ლაპარაკი - თუ ევროპაში არა ვართ, ესე იგი, ვართ რუსეთის, გლობალური სამხრეთის, ცენტრალური აზიისა და ირანის სივრცეში. როგორც ჩანს, ხელისუფლება ცდილობს ევროინტეგრაციაზე უარი ამ ქვეყნებით დააკომპენსიროს. იმედი აქვთ, რომ ფულს აღმოსავლეთში იშოვიან. რადგან დასავლეთი მათ გზას უკეტავს, ფიქრობენ, რომ დასავლეთს ჩვენი ტრანზიტი იმდენად სჭირდება, \ადრე თუ გვიან, მოუწევთ ივანიშვილთან გარიგება... საუკეთესო შემთხვევაში, ხელისუფლებისთვის ეს იქნება გაფორმებული დიქტატურა, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას პატრონი და მყვარებელი აღარ ეყოლება და ხელისუფლება რასაც მოინდომებს, იმას გააკეთებს...
ეს ერთი ვარიანტი, მეორე - და მე უფრო ამ მეორე ვარიანტისკენ ვიხრები - არა მგონია, პროტესტი ჩაწყნარდეს და გველოდებოდეს რაღაც სტაბილური, თუნდაც აზერბაიჯანული ტიპის ავტორიტარიზმი. უფრო ველოდები ხანგრძლივ კრიზისს. არის ასეთი რუსული გამოთქმა - "უმჯობესია საშინელი დასასრული, ვიდრე დაუსრულებელი საშინელება" და მე უფრო "დაუსრულებელ საშინელებას" ველოდები. არა აქვს ხელისუფლებას პროტესტის შეჩერების რესურსი. შეუძლებელია ეს ძალიან სასტიკი რეპრესიების გარეშე ჩაახშო, ამას სჭირდება სტალინური მეთოდები - მასობრივი დაპატიმრებები და საშინელი სისასტიკე, ამაზე წამსვლელი კი ხელისუფლება ვერ არის და არა იმიტომ, რომ სინდისი შეაწუხებს, ეშინია, რადგან იმდენად არასასურველი გახდება დასავლეთისთვის, ვეღარც ტრანზიტის ფუნქციას შეასრულებს და პლუს, ეშინია საკუთარი ამომრჩევლის დაკარგვისაც, მით უმეტეს, "ოცნების" მომხრეთა დიდი ნაწილი თანახმაა, გაათავისუფლონ დაკავებულები. "ოცნების" ამომრჩევლის დიდ ნაწილს სინამდვილეში სიმშვიდე და სტაბილურობა უნდა და ჰგონია, რომ ბიძინა ამას უზრუნველყოფს. თუ ეს ხალხი დარწმუნდება, რომ რაც ახლა გვჭირს, სწორედ ხელისუფლებისგან მოდის და არა იქიდან, რომ ოპოზიციაა ცუდი, რაც თავისთავად დიდი პრობლემაა, მათი განწყობა შეიცვლება... ჩვენ ერთი არჩევნები უკვე ჩავაგდეთ. არ მესმის იმ ხალხის ლოგიკა, ვინც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. კამათიც აღარ მინდა, რადგან არგუმენტები რომ არა აქვთ, ცდილობენ შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ. გვეუბნებიან, საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდა და აზრი არა აქვს, მაგრამ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში მოგებისთვის ვიბრძვითო. თუ რეჟიმი ყველაფერს აყალბებს, ადვოკატთა ასოციაციაში დაგიტოვებს სამართლიანობას? სასამართლო არა გვაქვსო, გავიძახით, მაგრამ საჩივრებს ვწერთ, დავდივართ... ანუ ლეგალურ სტრუქტურებს მაინც ვიყენებთ საბრძოლველად და მაინცდამაინც არჩევნებზე ვთქვით უარი?!
რუსთაველის აქციები დღეს ერთადერთი ქმედითი გამოვლინებაა, მაგრამ ამასთან ერთად თუ სხვა ღონისძიებებიც არ არის, არა მგონია, ეს გზა წარმატებული იყოს. ხელისუფლებასთან დაპირისპირება შედეგიანი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროტესტის მონაწილეთა რიცხვი გაფართოვდება. პლუს, გარკვეული პოლიტიკოსებიც ჩამოეკიდნენ ამ განწყობას... თუმცა შეიძლება ეს პროტესტი სტაბილურად არსებობდეს, მაგრამ ხელისუფლებაც სტაბილურად გააგრძელებს თავისას... სიმართლე გითხრათ, ამ სიტუაციიდან კარგ გამოსავალს ვერ ვხედავ. არა ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი საპროტესტო ტალღის სათავეში ჯანსაღი ძალა მოექცევა, მაგრამ, თუ ხელისუფლება არ შედრკა, ეს კიდევ უარესია...
- რა შანსია იმისი, რომ შედრკეს?
- ძალიან მცირე, თითქმის არანაირი. შიგნით ხელისუფლებას საფრთხე არ ემუქრება, ერთადერთი გარე საფრთხე შეიძლება იყოს. ოპოზიციის მთავარი მესიჯი უნდა გახდეს ის, რომ სწორედ ბიძინაა "ომის პარტია", მაგრამ ამის სათქმელად ოპოზიცია თავად არ უნდა ასხივებდეს აგრესიას. როცა ხელისუფლებას "პუტინის მონას" ეძახი და თან რადიკალური რიტორიკით ლაპარაკობ, ხალხისთვის მშვიდობის გარანტი ვეღარ იქნები. ოპოზიცია უნდა ჩანდეს უფრო სოლიდური, დინჯი და კონსტრუქციული, ვიდრე ხელისუფლება. თუ ოპოზიცია ამ რიტორიკას არ შეცვლის, ახალი ლიდერიც ვერ გამოიკვეთება...
რუსა მაჩაიძე